ვიქტორ დიომინი
იგავი ტყეზე
„მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა“
ჯერ ყველაფერი უბრალოა და გასაგები. პეტერბურგელი სტუდენტი, ნიკო ბერნაძე, მშობლიურ სოფელში გამოიხმეს - ადგილობრივ გლეხობას გარემომდებარე ტყის წართმევას უპირებენ და ვინღა უნდა გამოსარჩლებოდა წერა-კითხვის უცოდინარ თანასოფლელებს, თუ არა მომავალი იურისტი? დედა გადასცემს შვილს შემორჩენილ ძვირფასეულობას, სოფლის მასწავლებელი - ძველისძველ, გაცრეცილ საბუთებს. მდუმარე თანასოფლელთა წინაშე ემთხვია ნიკო წმინდა დროშას, შეტრიალდა და გასწია უსამართლობასთან შესარკინებლად, საგმირო საქმისთვის, იქნებ, თავის გასაწირადაც, ისე წავიდა, თითქოს სასეირნოდ მიდისო - სიტყვაძუნწად, მსუბუქად ჩაცმული, უბარგიბარხანოდ, უქუდოდ, საგზალიც კი არ წაუღია, ყველა ზღაპრისა და თქმულების გმირს რომ მიაქვს ხოლმე თან.
აქ კი, გონს მოსულნი, ვხვდებით, რომ იმთავითვე არც თუ სადა და მარტივი იყო ყოველივე. რაღაც უცნაური, უჩრდილო, თითქოს მოჩვენებითი სინათლე ეფინება და მოიცავს კინოკადრის სივრცეს, ისე, რომ ვერც გარკვეულხარ, დილაა თუ საღამო, ან იქნებ შუადღე. უცნაურია ეს ოდესღაც მდიდრული, ახლა კი შემთხვევით შემორჩენილი ნივთებით გატენილი სახლიც; მოჭრიალე, მოგუგუნე, სულს რომ ღაფავს და მზადაა ჩამოინგრეს და დაიქცეს, ვით ქოხმახი ყრუ შესახვევში. და ავბედითად, შიშის მომგვრელად გაშეშებულან ბუჩქთა რტოები - თითქოს, მალული მტერი შემოპარულა ღობე-ღობე და იპყრობს ნიადაგ ამ მწირ ეზო-კარს. ო, რა გულსაკლავ ტრაგიკულ ჰანგად აჟღერდა უცებ ამ არისტოკრატულ სავარძელს მიჯაჭვული დავრდომილი მოხუცი დედის მიმქრალი, ნაზი, უღონო მშვენიერება! ან თვით ჭაბუკი? ან მისი სიარული - თითქოს ვიღაც სხვა ადგმევინებსო ფეხებს; დაუვიწყარი გამოხედვა სევდიან თვალთა, მზერა თვინიერიც და ჩამწვდომიც. ოდნავ მოხრილია, ან რა უცნაური პალტო აცვია, გრძელი, თითქმის მიწას რომ წვდება, არც არსად მოიშორებს მას, არც სახლში, არც დაწესებულებაში, არც სასტუმროში, სანამ ძალად არ ჩამომგლეჯენ ბოროტმზრახველნიო... ძველმანთ რომელ ხულაში შეიძინა ნეტავ ეს სამოსი, მისთვის აშკარად მოურგებელი? ან იქნებ - ფანტასტიკური ვარაუდის გაელვება! - იგი მას რადიონ რასკოლნიკოვმა გადმოულოცა? გახსოვთ, „დანაშაულსა და სასჯელში“ იგი ასეთსავე ბალახონში გამოწყობილი აჯახირებდა მარყუჟს იდუმალ ნაჯახზე...
ასე იწყება „მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა“ - იმ სურათთაგანი, სადაც პირველი, ზედაპირული ფენა არცთუ ბევრ რამეს გვიმხელს და გვამცნობს. ფაბულა აქ საოცრად მოკლეა და მკვეთრი პუნქტირით გადმოცემული, ოდეს თავისთავად ცხადი რგოლები თხრობის ჯაჭვისა უმტკივნეულოდაა გამოტოვებული. ოღონდ განა იმიტომ, რომ ფილმი აჩქარებით ვითარდება, პირიქით, ამბის ლაკონურობა და სიმკვეთრე მას იმისთვის სჭირდება, რომ ყურადღება გამახვილდეს შთაგონებული გულმოდგინებით გამოძერწილ დეტალებზე, ძველ მინიატურებს რომ მოგვაგონებენ. თხრობის მუსიკალურ მდინარებაში მეტად მნიშვნელოვანია ხშირი, ჩინებულად გაგრძელებული პაუზები, ოდეს წამყვან დრამატულ თემას ასრულებს ორი შეჯვარებული მზერა, ან უცნაური ნატურმორტი ჩინოვნიკის მაგიდაზე, ანდა მშვიდად მოსაუბრე პერსონაჟების ზურგს უკან ბაღის თვალბედითი გეომეტრიული სისწორე თუ წესრიგიანობა, ოდეს მსხვილი პლანი, გაუზვიადებლად, სრულფასოვან ვიზუალურ მონოლოგად იქცევა და მას არც თუ იოლად მოეძებნება სიტყვიერი ადექვატი.
ამის შედეგად თვით ამბავი კი არ შეადგენს სურათის არსს, არამედ თ ხ რ ო ბ ა, გადმოცემა ამ ამბისა და ეს დაწვრილებითი ჩვენება, თანახმად პოეზიის კანონებისა, შინაგან მასშტაბსა სძენს მომხდარ ამბავს, ანიჭებს მას გააზრების, განჭვრეტის ხარისხს, რაღაც ახალი, უცნობი მხრიდანაც წარმოგვიდგენს მას.
„ქრონიკა“ სინამდვილეში გვევლინება არა ქრონიკად, არამედ ლეგენდად, საგად, ან იქნებ იგავადაც კი, სადაც მთავარ ხერხად იგავ-ქარაგმულობა წარმოგვიდგება. ფილმის ფოტოგრაფია ფხიზელია და მკაცრი, იგი გამორიცხავს მიკიბ-მოკიბულ აღქმასა და მითქმა-მოთქმას, მისთვის უცხოა ნისლი და ბურუსი, ბუნდოვანება. მაგრამ, სამაგიეროდ, კადრში მოხვედრილი საგნები, თავიანთი ერთობლიობით, დაძაბულობის სიმბოლურ არესა ქმნიან და მაშინ მცირე იზრდება და დიდდება. აი, ნიკოს ეტლიდან ჩემოდანი გადაუვარდა და დაეკარგა, ანცმა მდინარემ კი ნადავლი დაუბრუნა პატრონს. ჩემოდანი წიგნებით იყო გაჭედილი. მინერალებით მდიდარმა მთის წყარომ შეჭამა ნაბეჭდი, მაგრამ დაინდო მხოლოდ ერთი, იქნებ ყველაზე სანიკვარი, ბაწრით ჯვარედინად შეკრული ტომი. ეს გერცენია, მისი კრებული „იმ ნაპირიდან“, ემიგრანტ-რევოლუციონერის, დესპოტიზმის შეურიგებელი მტრის ცენზურაგაუვლელი თხზულება. თითქოს ქვეყნის სხვა სიბრძნემ ვერ გაუძლო გამოცდას ამ არც თუ პეიზანურ სამყაროში.
ფილმი მოგვიწოდებს და მოგვიხმობს მისი, თითქმის ყოველი კადრის გულისხმიერი და ყურადღებიანი განხილვა-გაგებისაკენ. განა არ შეიძლებოდა ამ ძველი მოთხრობის, ამბის წლების ცეკვა-სიმღერის ჩართვა, ანდა, პირუკუ, ფაქტებისა და ციფრების მომარჯვებით გლეხთა აჯანყებების ჩამოთვლა, უზარმაზარ იმპერიებს რომ ძრავდნენ, მიწისა თუ ტყის, თევზის ჭერისა თუ თვით ჰაერით სუნთქვის უფლების გამო. სცენარისტებმა და რეჟისორმა სულ სხვა გზა აირჩიეს. საქართველოს ეს წარსული მათ წარმოსახეს არა ყოფითს, არა ეგზოტიკურ რომანტიულ ჭრილში, არამედ თითქოს დაანაწევრეს იგი შემადგენელ პოეტურ მამრავლებად, გააშუქეს, განჭვრიტეს მისი პირველადი ზნეობრივი საწყისები.
განმანათლებლური ჰუმანიზმის მწიგნობრული მოდელის ნორმები - იქ დარჩა, იმ შორეულ ჩრდილოეთის ქალაქში, უნივერსიტეტის წიგნთსაცავში. აქ კი, ამ გახურებულ ბედისტრიალში მათ ისევე ვერ დაეყრდნობი, როგორც ციტატას ვერ შეამოწმებ ჩამორეცხილი, წაშლილი ფურცლის მიხედვით. სოფელი სულ სხვა კატეგორიებით ცხოვრობს. აქ საკუთარ თავზეც კი უნდა თქვა უარი, ამ ხალხის ნაწილი უნდა გახდე, ხოლო რამეთუ შენ მეტი მოგეთხოვება, სხვისი ჭირის მოამაგეც უნდა იყო. ამიტომ ხომ არ მიაბიჯებს ნიკო ისე, თითქოსდა მართლაც გარეშე ძალა ატარებს მას - სიკეთის მსახურებაში ულმობელი და შეურიგალი?
მესამე ზნეობრივი ნორმა, ან უფრო ზუსტად, რაღა თქმა უნდა, უზნეო - ჩასაფრდა და გაიტრუნა პატარა ჩინოვნიკურ ქალაქში. სწორედ აქედან ჩამოაწვა განუკითხავი საფრთხე ბურუსიან წყვდიადად და ჯადოდ - ტყეს, მთა-ველს, ყოველ ბინადარს და მკვიდრს ამ გარემოსი. თავის თავსაც აღარ ინდობს ეს თითქოს მონუსხული ქალაქი. მისი ქუჩები ცარიელია, სახლები - რუხი და უღიმღამო. გამვლელი თუ გაიელვებს - ისისც მსტოვარი თუ ჯაშუში აღმოჩნდება ადრე თუ გვიან. აი, სახაზინო დაწესებულებაც, საზიზღარი, აყროლებული დერეფნით, პატარ-პატარა ოტახებით, რომლებიც საქაღალდეებითა და დავთრებითაა გატენილი, არქივით, საწყობს რომ მოგაგნებთ, და აქვე - სარეცხი ტაშტში, ქალიშვილის მშვიდი გამოხედვა, ოჯახური მყუდროების მცირე უჯრედი.
აქ თურმე ცხოვრობენ! აი, რა არის ყველაზე შემაძრწუნებელი. ფილმი, ისევე როგორც ნიკო, გაოგნებული და გაოცებულია ამ გარემოებით.
ანდაზა ან გამოთქმა „ქაღალდის სულთა“ ანუ „ქაღალდის არსებათა“ შესახებ ნამდვილადაა უარსაყოფი. იგი იმიტომაც გამოიგონეს, რომ გვერდი ავუაროთ საკითხავს. ასეთი სული თუ არსება ქაღალდისაა თავისი საქმიანობით, შიგნით, სიღრმეში კი მაინც ადამიანურია. მაშ, როგორღა შეთავსებულა მასში შეუთავსებელი, რით არსებობს იგი ისეთ პირობებში, რომელშიც არსებობა შეუძლებელია?
შეეთვისნენ, შეეგუენ, შეეჩვივნენ, შეიფერეს. რწყავენ კაკტუსებს, საუზმობენ სახაზინო მაგიდაზე - ზედ საქმიან ქარალდებზე გადაუშლიათ ხელსახოცი, მალულად გაურბით მზერა სანუკვარი სურათისაკენ - უბადრუკი ეროტიკა არ გეგონოთ, თითქმის მაგრიტის აბსურდისტული ნახატია: კრუხი ფიქრს მისცემია - საკუთარი კვერცხით ხომ არ ვისაუზმოო... კარადის უკნიდან კი მოჩანს რკინის საწოლის თეთრი თავი. ზედა თაროზე დაწყობილი წიგნები კი თითქმის ფარავენ ვიღაცის პორტრეტს, საეჭვოა, რომ ოფიციალური პირისა, ალბათ, ასე ვთქვათ, ლირიკულს, სენტიმენტალურ რაკურსში...
მეფის ბიუროკრატიის ჩინოვნიკობა არაერთგზის დაუხატავთ, როგორც უხეში, ქედმაღალი, გულზვიადი, თავნება და უჯიათი არსებანი. რეჟისორმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა ამ ცხოვრებისეულ მოდელში რაღაც ბევრად უფრო საშიში და ამაზრზენი რამ განჭვრიტა. უტიფარი და ხეპრე ისაა, რაცაა. ამ დარბაისელ, აუჩქარებელ, კეთილმოსურნე კაცისაგან კი ჭკვიანური და წყნარი თვალებით - ღმერთმა იცის, რა გამოვიდოდა! განა არ წააგავს კიდეც გარეგნობით წარმოსადეგ საოპერო მომღერალს. იგი კი აბსურდისტული მონდომებით ნომრავს და ნუსხავს „საქმეთა“ ფურცლებს, ფურცლავს დაფლეთილ საბუთებს, მთხოვნელებს ეუბნება - ხვალ ან ზეგ, ანდა მაზეგ შემოიარეთო, კვლავ მოითმინეთ ერთხანსო... რომელიღაც უხილავმა დირექტორმა, მუდამ რომ სადღაც სხვაგანაა და რომლის ნახვა ზღაპარია, ასეთი რეზოლუცია შეთხზა თურმე: „თუ მონაცემებს დავეყრდნობით, მომჩივანის თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს,... მაგრამ თხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.“ კანტორას კი თურმე დირექტორის ხელწერიდ ამოკითხვის სპეციალისტიც კი გააჩნია. მაგრამ მასაც კი არ ძალუძს სახაზინო სიბრძნის ამ შედევრის სიტყვიერი განმარტება. თუმცა, თუ კი ეს საჭიროა, მას შეუძლია წერილობით გადმოსცეს ყოველივე და ქაღალდზე ყველაფერი მოგვარდება.
თუ როგორ მოგვარდა ყოველივე ცხადში, ჩვენს შეგნებაში და არა ქაღალდზე - აი, რა აინტერესებს ჩვენს მთხრობელს. მისივე დახმარებით თუ კარნახით ჩვენთვის გასაგებია: ისინი ცხოვრების თუ არსებობის სულ სხვა რეჟიმს ემორჩილებიან, თითქოს ღრმა ძილს მისცემიან. გულწრფელობა, გულახდილობა - ერთი გოჯიღა გააჩნიათ, ასევე გულკეთილება და გონიერება - თითო-თითო გოჯი, ღმერთმა დაიფაროს მეტისაგან, რადგან თუ გაჭირდა, ისინი იქვე შემოტრიალდებიან და დაადგებიან სწორ, ანუ უფროსთა მიერ მითითებულ გზას.
მაგრამ ამ არაბუნებრივი ცხოვრების ყალიბს აქვს კიდევ თავისი სარჩული თუ კულისები. იქ კი არავითარ ბურუსსა და შეუთავსებლის აბსურდისტულ შეთავსებას აღარა აქვს ადგილი. იქ ყველაფერი უხეშია, ცხადი და იმდენად ნათელი, რომ სათქმელის ბოლომდე მიყვანაც კი არ არის საჭირო - ვინც ჯერარს ყველაფერს მიხვდა, მან უკვე იცის, ვინაა საშიში პიროვნება, როგორ უნდა მოვიცილოთ იგი თავიდან და ვინ უნდა დავიქირაოთ ამ ავაზაკური აქციის შესასრულებლად. უცხოური კონცესიის მესვეურნიც, ამ სარფიანი ტყის მიტაცებას რომ ცდილობენ, მზად არიან იმჭერმეტყველონ დიდის ამბით და საზეიმოდ, თან სავსებით გაუგებრად ( ეს ეპიზოდი გროტესკულად, თითქმის კარიკატურულადაა გადაწყვეტილმი). მაგრამ აი, ისინი უკვე თავიანთ თვისტომ გარემოცვაში არიან, ვახშმობენ ქალაქგარეთ, სადაც სუფრა თვალუწვდენელ ბუჩქნარშია გაშლილი... ფილმში მანამდეც არ იყო მკაცრად დაცული ჩაცმულობის ისტორიული სიზუსტე, აქ კი შეგნებულადაა დაშვებული ამ მხრივ სარკასტული და ხაზგასმული ანაქრონიზმი. კონცესიონერები დღევანდელი მოდის მიხედვით არიან ჩაცმულ-დახურულნი. ეს ვიწრო შარვლები და პიჯაკები ხომ დღესაა შეკერილი - შვედური, იტალიური, ფრანგული ჟურნალების მიხედვით. თვით საუბრის ტონიც - იმ საუკუნის როდია, ახლანდელია, იმის ვარაუდიც, რომ საქმოსნისთვის დრო - ფულია.
ნაცნობი და ჩვეული - გაუცხოვების უკიდურეს მიჯნას აღწევს და ჩვეულებრივში ჭეშმარიტად აღვირახსნილი მასკარადი წარმოგვიდგება.
ეფექტური სვლაა, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ დარტყმა აქ მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდა. იგავმა ასეთ ეპიზოდებში დაკარგა მრავალნიშნიანობა, შევიწროვდა და დავიდა ერთფეროვანი, მკვეთრი პლაკატის დონემდე. მაშ ის ბურუსიც, სახაზინო ქალაქის ის მომაკვდინებელი ჯადოც - მხოლოდ თვალის ასახვევად იყო დაშვებული?
სამაგიეროდ, გაორკეცებული ეპიური ძალითაა გადაჭრილი ნიკოს დაჭერისა და უშიშარი, დაუოკებელი, თითქოს სკანდინავიური საგებიდან გადმოსული უდანაშაულოდ დაჩაგრული ქალიშვილის მიერ მისი ძებნის ეპიზოდები.
შენ ყველას ჭირდები, ნიკო - მოამაგევ, დამწყებო, მარცხიანო მესიავ, ყველა შენ დაგეძებს, ნამდვილად თუ თვალის ასახვევად, ყველა ან შენზე, ან თავისთავზე, ანდა საქმეზე წუხს. ამხედრებული, განრისხებული მასწავლებელიც, გულშემოყრილი დედაც, დაბნეული ჩინოვნიკიც... და კვლავ ქალიშვილი, ეკრანიდან რომ იყურება უჩუმარი ყვედრებით, მის თვალებში კი - ქვეყნის ტკივილი, ყველა ტანჯულთა, ყველა ჩაგრულთა, ყველა ერთმანეთს განშორებულთა ცრემლი და კაეშანი სუფევს.
კაცმა რომ თქვას, სწორედ ამ გულმწარე და შემაძრწუნებელ მრავალწერტილზე წყდება ფილმი. შემდგომი მონტაჟი კი, როდესაც მთელი სოფელი, თოხებითა და ბერდანკებით შეიარაღებული, უღრან ტყეს მოედება, უკვე სხვა ფიმიდანაა, სამართლიანი, თუმცა უიმედო ჯანყის ისტორიიდან. ჩვენ კი წარმოგვიდგინეს სულ სხვა ამბავი - ამბავი ტყისა, რომელიც ვერ გაიყვეს ჭეშმარიტმა მფლობელებმა და კანონს ამოფარებულმა მტაცებლებმა, ამბავი მოამაგისა, რომლის ნამუსიანობა და თავდადება უძლური აღმოჩნდა მკვდარ სულთა გამაბრიყვებელი და მომაკვდინებელი სამყაროს წინაშე.
აი, ასეთმა ფიქრებმა გაგვიტაცა ალექსანდრე რეხვიაშვილის სარეჟისორო დებიუტის გაცნობისას. თვით ეს ნაწარმოები კი წარმოგვიდგა უკანასკნელი წლების საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე თვითმყოფად ქმნილებად, სადაც კალიგრაფიული ვირტუოზობა გადაიქცა უკიდურესად ორიგინალური შემოქმედებითი ჩანაფიქრის გადმოცემის ბუნებრივ საშუალებად.
რუსულიდან თარგმნა გ.მარგველაშვილმა
კინო. 1980
კინომასალების კრებული.
საქართველოს სსრ კინემატოგრაფიის სახ. კომიტეტი, საქართველოს სსრ კინემატოგრაფისტთა კავშირი
რედაქტორი აკაკი ძიძიგური. გვ. 67-71