გენრიხ მიტინი
კეთილი პლატონი
ე.შენგელაიას ფილმს „სამანიშვილის დედინაცვალი“ და დ.კლდიაშვილის მოთხრობას შორის დავა იმართება, სადაც თანამედროვე კინემატოგრაფისტები უფრო ლმობიერნი ჩანან, ვიდრე ქართული ლიტერატურის კლასიკოსი. ისტორიულად ეს სავსებით ლოგიკურია: დღევანდელი ქართული სოფლისთვის უცხოა ის სიდუხჭირე, რომელშიც კლდიაშვილის გმირებს უხდებათ ცხოვრება. პლატონი - პლატონური ბუნების ადამიანი სულაც არ გახლავთ. პირიქით, იგი მთელი არსებით მორჩილებს მატერიალური კეთილდღეობის კანონს და რაც უფრო ძლიერია ეს მიდრეკილება, მით უფრო გააფთრებულია ამ კანონს დამორჩილებული ადამიანი. მოთხრობაში გადმოცემულია, თუ როგორ აჩვევს ადამიანს ცხოვრება ულმობლობასა და ისიც ჩინებულად ითვისებს ცხოვრების გაკვეთილს. ჩვენს თვალწინ ადამიანური ღირსებით აღსავსე პლატონი, უკეთურ კაცად იქცევა, ადამიანი გამხეცდება. მან ჯაფის, შრომის ძნელი, მაგრამ პატიოსანი გზა აირჩია. კაცთმოძულეობა არც აკვნიდან დაჰყოლია და არც სოციალური საფუძველი ჰქონია გულაღრენილი ყოფილიყო კაცთა მოდგმაზე; პლატონი არც „მომაკვდავი, განწირული კლასის“ წარმომადგენელია, იგი მეტისმეტად რეალისტია. პლატონი ხედავს, რომ ხალხი უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე სოფლის საწარმოო ძალები ვითარდება. უგუნურებაა ამგვარი გამრავლება - ასეთია „სსაღად მოაზროვნე“ ადამიანის თვალსაზრისი, რომელიც მხოლოდ პირად ცხოვრებაზე ფიქრობს და სხვას ვერაფერს ხედავს. სიღატაკიდან ხსნას პლატონი მუხლჩაუხრელ შრომაში ეძიებს. თავიც მოაქვს ამით. მასში თავადაზნაურული კუდაბზიკობის ნატამალიც არ არის, რომელიც უფრო შეძლებულ აზნაურს, კირილეს ახასიათებს. საყურადღებოა, რომ შრომისმოყვარე პლატონს ქართული კრიტიკა (ამ ოციოდე წლის წინათ) „გადაგვარების გზაზე მდგომი“, ე.ი. სოფლის აზნაურობის სიმბოლოდ სახავდა, კუდაბზიკა აზნაურს, კირილეს კი „ლაზღანდარა მოქეიფედ“ ნათლავდა, რაც, ცხადია, ვულგარული სოციოლოგიის, უსამართლობისა და უგულისყურობის საოცარი ნიმუშია!
თანამედროვე კინოჰუმანისტებმა გადაწყვიტეს, საქმით გამოეხატათ შრომისმოყვარე პლატონის თანაგრძნობა. ამასთან, ხელმძღვანელობდნენ ცნობილი და საყოველთაოდ მიღებული მორალით, რომ შრომა აკეთილშობილებს ადამიანს. და თუ ეს ასეა, ცხადია, პლატონს არ შეეძლო ფეხმძიმე დედინაცვლის უმოწყალოდ ცემა, არ დაესიზმრებოდა კოშმარული სიზმარი ქონების გაყოფაზე. არ შეეძლო მამა სიკვდილის პირას მიეყვანა, გაემწარებინა და შეევიწროებინა უბედური ქვრივი და მისი უდანაშაულო ვაჟი. არც შეიძლებოდა ასეთი დაუნდობელი ყოფილიყო პლატონი, რადგანაც შრომა აკეთილშობილებს ადამიანს.
აი, რატომ არ აძლევენ ფილმის ავტორები პლატონს ელენეს ცემის ნებას - მოხუცი მამისა და მეუღლის სუსტი ხელები შეაჩერებენ უკანასკნელ წუთს. ფილმში არც პლატონის კოშმარული სიზმარია ნაჩვენები. მართალია, ფილმის ავტორები სიზმრის ამოღებას იმით ამართლებენ, რომ სურდათ ნაწარმოების სტილისტური მთლიანობის დაცვა. ამასთან, ცხადია, მწერლისთვის გაცილებით იოლია ფანტასმაგორიის აღწერა, ვიდრე კინორეჟისორისთვის. ფილმიდან სიზმრის ამოღება შეიძლება აიხსნას აგრეთვე პროზის ენიდან კინოდრამატურგიის ენაზე ნაწარმოების გადატანასთან დაკავშირებული სირთულით.
დიახ, ამგვარი განმარტებაც შეიძლება მოიძებნოს, ყველაფრის ახსნა შეიძლება! მაგრამ ჭეშმარიტება ისაა, რომ ფილმის ავტორებს სჭირდებოდათ ცხოვრებით განაწამები კეთილშობილი, პატიოსანი პლატონის ჩვენება; ჭეშმარიტად პლატონური პლატონისა და არა ისეთი რეალისტისა, რომელიც ჯაფამ და გაჭირვებამ გააბოროტა.
თუმცა, მოთხრობის გმირი არა მარტო გაჭირვებამ, არამედ ადამიანთა უსამართლობამაც გააბოროტა. ბედი უღიმის და ცხოვრებას უიოლებს დარდიმან კირილეს, და არა შრომისმოყვარე პლატონს. საგულისხმოა, რომ მოთხრობაში სწორედ კირილეა „მომაკვდავი კლასის“ წარმომადგენელი. კირილეს ქცევა, ცხოვრების წესი, მისი ზნეობრივი სახე ერთობ დამამცირებელია პლატონისთვის. და რაც უფრო შეურაცხმყოფელის, მით უფრო უხეშად ეპყრობა პლატონი კირილეს. მაგრამ პლატონი ცხოვრებაში კარგს არაფერს ელის - არა აქვს ბედის უსამართლობასთან ბრძოლის თავი, - არც იუმორის გრძნობა შერჩა, არც დაკარგული ცხენის პოვნა ახარებს. (საგულისხმოა, რომ ეს ეპიზოდი უაღრესად ნიჭიერად მოუფიქრებია ფილმის სცენარის ავტორს, მწერალ რეზო ჭეიშვილს). მოთხრობაში პლატონი არაფერს აპატიებს კირილეს და თანდათან უფრო სასტიკი ხდება.
მაგრამ პლატონს ყველაზე ძლიერ დარტყმას ზურგში აგემებს ყველაზე ახლობელი ადამიანი - მამამისი. აქ ბედისწერა არაფერ შუაშია, ყოველივე ეს მამამისმა მოიფიქრა და გადაწყვიტა კიდეც. მოხუცმა ცოლის შერთვა განიზრახა. აღარ უწევს ანგარიშს იმ ამბავს, რომ მოსალოდნელ შვილის გაჩენას ისედაც მცირე ქონების გაყოფა მოჰყვება. მოსალოდნელმა გაღატაკებამ შეაშფოთა შვილი, მაგრამ მამას განზრახვა ვერ შეაცვლევინა. პლატონის გარშემო ყველა კეთილი, ალალ-მართალი, უცოდველი ადამიანია. მამა - ჯერაც მაგარი ბერიკაცი, სათნო დედინაცვალი (რატომ უნდა თქვას უარი პირად ბედნიერებაზე?!) და სულ უდანაშაული პაწია ძმა... ყველა უაღრესად კეთილია. მაშ ამ კეთილ, სასაცილო, სასიამოვნო ადამიანებს შორის ასე რამ გააბოროტა შრომისმოყვარე პლატონი? ალბათ, დუხჭირმა ცხოვრებამ, ანდა იმან, რომ მის გარშემო ყველა მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობს და ვერც კი ამჩნევენ, რომ მათი ბედნიერება მძიმე ტვირთად აწვება სხვა ადამიანს, პლატონს. ამასთან, გულუბრყვილო თვალებით შესცქერიან და აყვედრიან კიდეც: „რა იქნა, ღმერთმანი, რა გაქვთ ამდენი სადავიდარაბო, რომ კაცმა თქვენგან ერთი ტკბილი სიტყვა ვეღარ გეიგონა ამ ბოლო დროს?! სულ მობღუშვა, სულ უსიამოვნება! მტრისას იქნას ასე, მტრისას!“. ამ სიტყვებს ფეხმძიმე ელენე წარმოსთქვამს. მართალია, ამას იგი მოთხტორისა და რობაში ამბობს, ფილმში კი ეს ფრაზა შემოკლებული და ძალზე შერბილებულია. ფილმში ყველა კარგი ადამიანია, თვითონ პლატონი კეთილია და ნაწამები. ფილმიც ლამაზად მთავრდება და არაა ისე უმოწყალო, როგორც მოთხრობა. მამა გრძნობს თავის დანაშაულს. შვილს, რომელსაც წნული ღობე ამოჰყავს, იგი შესჩივის: „ბიჭო, შებრალება აღარ იციან თქვენში?“ ფილმში პლატონი მამას იმავე სიტყვებით მიუგებს, როგორც მოთხრობაშია: „მე შემიბრალა ვინმემ?
თუმცა, მთავარი ეს სიტყვები არაა, ეკრანზე ვხედავთ პლატონის კეთილსა და სევდიან თვალებს, რომელშიც ადვილად ამოიკითხება მისი ლმობიერი გულისა და მამის დიდი სიყვარულის ამბავი. მართალია, პლატონი გაეყარა მამას, მაგრამ ამას ძალზე მტკივნეულად განიცდის. ასე მთავრდება ფილმი. ჩვენ გვიყვარს პლატონი, თანავუგრძნობთ მას, მოთხრობა კი სულ სხვაგვარად მთავრდება. დ.კლდიაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ: „პლატონი ნამდვილად მხეცად იქცა“. ამგვარ პლატონს, ცხადია, ვერ თანავუგრძნობთ! ამგვარი პლატონი არ გვინდა...
ცხადია, შეიძლება გავიზიაროთ ფილმის დამდგმელი კოლექტივის კეთილი განზრახვა. ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ოპერატორისა და რეჟისორის ოსტატური ნამუშევარი, მსახიობების მართალი თამაში მოეწონება მაყურებელს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც არ იცნობს მოთხრობისეულ პლატონს, ვისაც არ შეუძლია კინოვარიანტი ლიტერატურულ ორიგინალს შეუფარდოს. ამგვარი მაყურებელი გაცილებით მეტი ეყოლება ფილმს, რადგან მას ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში და შესაძლოა, საზღვარგარეთაც უჩვენებენ და უდავო წარმატებითაც! შესაძლოა, კეთილმა და უიღბლო პლატონმა, ლოთმა, დარდიმანდმა კირილემ, კოლორიტულმა და წინდაუხედავმა მოხუცმა მამამ, სათნო დედინაცვალმა - კინოგმირებმა ააღელვონ გრძნობიერი მაყურებელი. დაე, კლდიაშვილის ტრაგედია ეკრანზე კომიკურ მელოდრამად აჟღერდეს, ნაწარმოების მასშტაბი შემცირდეს, ცხოვრებაზე შეხედულება შერბილდეს, სასტიკი ცხოვრებისეული სინამდვილე ლმობიერი გახდეს - ყოველივე ეს ალბათ, დღევანდელ ზნეობრივ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. რაღა თქმა უნდა, კლდიაშვილის მოთხრობა მკაცრი და დაუნდობელია, კინოვარიანტი კი ღიმილნარევი გამოვიდა. და, განა ეს ცუდია?
კინო. 1980. კინომასალების კრებული.
საქართველოს სსრ კინემატოგრაფიის სახ. კომიტეტი, საქართველოს სსრ კინემატოგრაფისტთა კავშირი. რედაქტორი აკაკი ძიძიგური.
გვ.92-95