მანანა ლეკბორაშვილი
ნეილონის ნაძვის ხის ჩრდილქვეშ
სიტყვა „კომუნიკაბელურობა“, უფრო ზუსტად „არაკომუნკაბელურობა“ ალბათ ყველაზე პოპულარული სიტყვაა მე -20 საუკუნის მეორე ნახევრის ლექსიკონში. ამ სიტყვით აღნიშნული მოვლენა უკვე დიდი ხანია შეშფოთებას იწვევს მსოფლიოს მეცნიერებსა და ხელოვნების მუშაკებში.
ჩვენი საზოგადოება, ღრმად დარწმუნებული ქართველი ერის ტრადიციულ გულითადობაში, უშუალობასა და სითბოს უხვად გაცემის ნიჭში, ბოლო ხანებამდე როგორღაც შემწყნარებლური თავდაჯერებით შესცქეროდა სხვათა მღელვარებას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავდაჯერებულობას არცთუ მყარი ნიადაგი ჰქონია და დაავადებას აქაც მოუკიდია ფეხი.
ეს იგრძნო კინემატოგრაფმაც და არ დააყოვნა თავისი შეშფოთება მაყურებლისთვისაც გაეზიარებინა. მაგალითად სულ რამდენიმე ფილმის დასახელებაც კმარა: ოთარ იოსელიანის „პასტორალი“, ოთარ ლითანიშვილის „ტერანგი“, ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები“ და ბოლოს, რეზო ესაძის „ნეილონის ნაძვის ხე“, რომელზეც ამ წერილში გვექნება საუბარი.
ფილმის სიუჟეტი (სცენარის ავტორი ამირან დოლიძე) სულ ორიოდე სიტყვით შეიძლება გადმოიცეს: ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათიღა რჩება. თბილისის ავტოსადგურიდან დასავლეთ საქართველოში მიმავალი ავტობუსი გასვლას აგვიანებს. მგზიქნა, ავტობუსი გზას მგზავრები შფოთავენ, ყველას სურს, ახალ წელს საკუთარ ჭერქვეშ შეხვდეს. ბოლოს, როგორც იქნა, ავტობუსი გზას დაადგა, მაგრამ თითქმის უკვე მგზავრობის დასასრულს უკან მობრუნება უხდება, რათა მოძებნოს ერთ-ერთი მგზავრი, რომელმაც თავისი საქციელით დანარჩენების გულისწყრომა გამოიწვია, ისდაუფიქრებლად ჩააგდეს ავტობუსიდან და შუაღამისას გზაზე მიატოვეს.
მაგრამ ფილმში მთავარია არა სიუჟეტური ხაზი, არამედ ის, რაც მასზეა აკინძული. მნიშვნელობას იძენს თითოეული სახე, ჟესტი, ფრაზა, თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც მათშია რაიმე არაჩვეულებრივი, უცნაური. საათნახევრის განმავლობაში ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სავსებით რეალურ, ყოფით სიტუაციებს, რომლებიც თითოეულისათვის ნაცნობია, თუ რამდენჯერმე მაინც უმგზავრია საგარეუბნო ავტობუსით. მხოლოდ ეს არის - ამ ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ ეპიზოდებს, ხელოვნების მიერ კონცენტრირებულთ, გამადიდებელი შუშის ქვეშ მოქცეულთ, უფრო სასაცილო იერი შეუძენიათ, სასაცილო, მაგრამ ამავე დროს შემაშფოთებელიც.
სიცილთან ერთად იბადება კითხვა: რა მოსდით ამ ადამიანებს? რა სენი შეპარვია მათ არსებას? კითხვა მით უფრო ზოგადდება, რომ ფილმში ვერ ვხედავთ ვერც პირწავარდნილ ბოროტმოქმედს და ვერც სიკეთის განსახიერებას, გაგვიჭირდება რომელიმე მათგანს ვუწოდოთ დადებითი ან უარყოფითი გმირი. არა, ესენი ჩეულებრივი ადამიანები არიან, არც განსაკუთრებით კეთილები და არც ბოროტები. თითოეულს თავისი სახე, ხასიათი აქვს, მაგრამ არის რაღაც საერთო მათში, რაც ავტობუსის მიკროკლიმატს ქმნის, მაყურებელს სიმშვიდეს ურღვევს.
საერთოა გაღიზიანება, საკუთარი ცხადი თუ მიჩქმალული საზრუნავით გამიჯვნა დანარჩენი სამყაროსაგან, საკუთარ „მე“ში ჩაკეტვა. ფილმში განუწყვეტლივ ლაპარაკობენ. საუბარი კი კონტაქტის ძირითადი ნიშანია თითქოს, მაგრამ თუ დავუკვირდებით, შევამჩნევთ, რომ აქ სიტყვა ხშირად აზრს მოკლებულია, ფრაზები ჰაერში ეკიდება, დანიშნულებას ვერ აღწევს, ან თუ აღწევს, პასუხი ზერელე ან არაადეკვატურია. ხშირად კილოც თბილია, თითქოს სიტყვებიც გულითადმ მაგრამ არც იმის შემჩნევაა ძნელი, რომ ეს მხოლოდ გარსია, რომელსაც საფუძველი მორღვეული აქვს. სიტყვებს მხოლოდ სიცარიელის შევსების, მოჩვენებითი ურთიერთობის შექმნის ფუნქციაღა შერჩენია.
ამრიგად, საერთოა ერთობის უქონლობა. საქმეს არ შველის არც ახალი წელი, საქართველოში ყველაზე თბილი და საყვარელი დღესასწაული. თუ იგრძნობა საახალწლო განწყობილება, მხოლოდ მგზავრთა მოუსვენრობასა და განუწყვეტილ წამოძახილებში, რომლებიც სხვადასხვა სიტყვებით ერთსა და იმავე აზრს გამოხატავენ: „ახალ წელს საკუთარ ოჯახში უნდა შეხვდე!“ ეს ფორმულაღა შემორჩენია ამ ხალხს ძველთაძველი, ლამაზი ტრადიციიდან და მის დაცვას ცდილობს თავგადაკლული; მხოლოდ ფორმულა, რადგან ნათელია, ოჯახიც ნეილონის ნაძვის ხის ირგვლივ ხელოვნურად თავშეყრილი ადამიანების ყალბი გრძნობების სადგურად ქცეულა.
მგზავრები თავადაც ვერ გრძნობენ თავს მყუდროს ამ სულიერი სიცივის ატმოსფეროში, ესწრაფვიან სითბოს, სინათლეს, ჰარმონიას, მაგრამ მისკენ გზა დაჰკარგვიათ. ისინი ფარვანებივით აწყდებიან ოცნების ავტობუსის კარებს, მაგრამ მისი ბინადარნი ყრუ არიან ვედრების მიმართ, რადგან ლამაზი სამყარო თვითონ, საკუთარი ხელებით უნდა შექმნა, მზამზარეულზე არავინ მიგიპატიჟებს.
ფინალისაკენ გმირთა შეგნებაში გარკვეული ძვრა შეიმჩნევა. ავტობუსის შემობრნებასთან ერთად თითქოს მათშიც ხდება სასიკეთო შემობრუნება: ღამეში მარტო დარჩენილ კაცზე ფიქრი აერთიანებს ადამიანებს, ატმოსფერო თითქოს თბება, ჟღერს სიმღერა.
ჩვენ მოხარული ვართ ამ შემობრუნების, მაგრამ გვიჭირს დაჯერება, რომ ის მყარია, საბოლოოა; რჩება შთაბეჭდილება, რომ არც რეჟისორს სჯერა ბედნიერი ფინალის და ომახიანად აჟღერებული შეუპოვარი „ჩაკრულო“ უფრო მისი ფილმი მაინც შემაშფოთებელი კითხვა-ძახილის ნიშნით მთავრდება და ის ჩვენსკენ, მაყურებლისაკენ არის მომართული.
მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ადამიანების თავის თავში ჩაკეტვა, დაქსასულობა მოკლებულია სულიერ წონასწორობას, შინაგან თვითკმაყოფილებას. მგზავრები თავადაც გრძნობენ რაღაც სენის არსებობას, გაუცნობიერებლად აწუხებთ იგი, ისწრაფვიან უკეთესისაკენ და ეს სწრაფვა ცვლილების იმედს იძლევა. თუმცა ისიც ნათელია, რომ გადამწყვეტი შემობრუნება ერთი ხელის დაკვრით არ მოხდება და ამისთვის სურვილთან ერთად დიდი სულიერი ენერგიის დახარჯვაა აუცილებელი.
როდესაც ფილმი ასეთ მტკივნეულ ფიქრებს აღძრავს, ნაკლებად რჩება სურვილი, ისაუბრო იმაზე, თუ როგორ არის ის გადაღებული. მით უფრო, რომ რეჟისორი არ ცდილობს გაგვაოცოს განსაკუთრებული პროფესიული ხერხებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება აღინიშნოს რამდენიმე მომენტი.
ფილმი, რომლის მოქმედების უდიდესი ნაწილი ჩაკეტილ სივრცეში - ავტობუსში მიმდინარეობს, მოკლებულია მონოტონურობას; კამერა განუწყვეტლივ მოძრაობს. იგი აკვირდება სახეებს, იძიებს მათ რაობას და იყოლიებს მაყურებლის თვალსაც. ფილმში ალბათ ორმოცზე მეტი მსახიობი მონაწილეობს და ავტორები (რეჟისორთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, ოპერატორი ლევან პაატაშვილი, მხატვარი თემურ არჯევანიძე) ახერხებენ, რა თქმა უნდა, მსახიობების დახმარებით, თუ თითოეული მათგანისგან არა, უმეტესობისგან მაინც, შექმნან დასამახსოვრებელი ხასიათი ან სახე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმს გააჩნია მკვეთრად გამოატული განწყობა და მაყურებელი პირველი კადრებიდანვე ხვდება ამ განწყობის გავლენის ქვეშ. დაუმთავრებელი, აჩოჩქოლებული ავტოსადგურის ფონზე მიმდინარე სცენებიდანვე იქმნება მოუწყობლობის, გაღიზიანების, სულიერი დისკომფორტის ატმოსფერო, რომელიც შემდგომ ეპიზოდებში უფრო და უფრო მძაფრდებ; ფილმის დამთავრების შემდეგ კი რჩება შეშფოთების გრძნობა და ვფიქრობ, ეს სწორედ ის გრძნობაა, რომლის გამოწვევაც დაისახა მიზნად რეჟისორმა.
ჟ. „ახალი ფილმები“, 1987, N2