გიორგი (გოგი) ხარაბაძე 

მსახიობი 

     დაიბადა 12.07.1942

    საქართველოს დამსახურებული არტისტი (1976), საქართველოს სახალხო არტისტი (1986), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1976). დავით კლდიაშვილის სახელობის (1987) და “ხუთწლედის მატიანის” (1983) პრემიების ლაურეატი. თეატრალური საზოგადოების წევრი (1968). საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1988).

    დაამთავრა საქართველოს შ. რუსთაველის სახ.  თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1963). მუშაობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო  თეატრში (1963_1993). 

     მისი თეატრალური დებიუტი ახალგაზრდულ ექსპერიმეტულ სპექტაკლში შედგა. რ.სტურუასა და გ.ქავთარაძის აქტუალურ, მწვავე სპექტაკლში “ბრალდება” ახალგაზრდა მსახიობმა ბრალმდებელის როლი ითამაშა _ მისი გმირი, ოთარი გამოირჩეოდა მამხილებელი პათოსით, უხეში პირდაპირობით. ამის შემდეგ მსახიობს ძირითადად თავისი თანატოლების და ძირითადად უარყოფითი  ხასიათების განსახიერება უწევს, “უარყოფითი მომხიბვლელობით” მკვიდრდება რეპერტუარში: ავთო (ნ.დუმბაძის “მზიანი ღამე”), დიტო (ო.იოსელიანის ”სანამ ურემი გადაბრუნდება”), ჯიბო (შ.დადიანის “გუშინდელნი”), გაიოზი (თ.ჭილაძის “მოულოდნელი სტუმარი”) და სხვა.

     მოულოდნელი გმირი აღმოჩნდა ჩეშკოვი (ს.დვორეცკის “უცხო კაცი”) _ უკომპრომისო პიროვნება, მოაზროვნე, მიზანდასახული, ნიჭიერი ხელმძღვანელი (საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია წლის საუკეთესო როლისათვის ¿??)

     ამას მოსდევს კლასიკური სახეები _ ოქტავიოს კეისარი (უ.შექსპირის (იულიუს კეისარი”), მეფე იოანე (ალ.ტოლსტოის “მეფე ივანე მრისხანეს სიკვდილი”), ოიდიპოსი (სოფოკლეს “ოიდიპოსი” _ მეტეხის თეატრ-სტუდიის სცენაზე)

     კინოში მისი დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა: მისი ოთარი ფილმში ,,გიორგობისთვე” (1966) სწორი, მაგრამ არა დადებითი გმირია.   უარყოფითი გმირის ამპლუა მას კინემატოგრაფშიც გადმოჰყვა: მომხიბვლელი, მაგრამ ეგოისტი ნოდარი  (“ჩემი მეგობარი ნოდარი”, 1967), კაზა ჩხეტია (,,დათა თუთაშხია”, 1978), “ყოვლისშემძლე” და გავლენიანი სეთურიძე, რომელიც “ზემოდან” მხარდაჭერის იმედით მთელი რაიონის ცხოვრებას განსაზღვრავს (,,მშობლიურო ჩემო მიწავ”, 1981),    გიორგი ლეჟავა (“ერთ პატარა ქალაქში”, 1985), მირიან ტაბიძე (,,გამოცხადება’’, 1989), ჰერცოგი (“ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი”, 1989) ,,ბესამე’’ (ჩიტუნელა, 1990).), თენგიზი (“გასეირნება ყარაბაღში” (2005) და სხვა.   მონაწილეობდა  ტელეფილმებში: დ. კლდიაშვილის “ირინეს ბედნიერება” (აბესალო, 1974) და ლეო ქიაჩელის “გვადი ბიგვა” (არჩილ ფორია, 1977)

     ხარაბაძე მრავალმხრივი შემოქმედია. გამოირჩევა მაღალი პროფესიულობით.          შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: “პოეზიის 30 წუთი” (1974), “ბედი ქართლისა” (1975), “აკაკი წერეთლის მონოლოგი” (1979), “ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი” (1983), “დავით კლდიაშვილის ნაამბობი” (1985) და სხვა. ტელევიზიაშივე დადგმული აქვს 29 ნაწილიანი  “წმინდა ოთხთავი’’ (მათე, მარკოზ, ლუკა, იოანე), სადაც თვითონ არის როგორც ოთხივე მახარებლის როლების განმასახიერებელი, ასევე რეჟისორიც (1996). 

     გამოცემული აქვს    ბიბლიის, ,,ვეფხისტყაოსნის’’, ილია ჭავჭავაძის ლექსების,  აკაკი წერეთლის ლექსებისა და პოემა “თორნიკე ერისთავის”, ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და პოემების “ალუდა ქეთელაურის”, “სტუმარ-მასპინძლის”, გალაკტიონ ტაბიძის და სხვა ცნობილი პოეტების ლექსების, ქართული ზღაპრების აუდიო ვერსიები.

      გამოცემული აქვს წიგნები: “თქვენ მომაგონდით” (1989), “შატალო. მსახიობის ჩანაწერები” (2004), “კოქსართროზი” (2004), “მოთხრობები და მიძღვნები” (2004), “წყნარად, წარსულო, წყნარად” (2004), ისტორიული დრამა “სისხლიანი მეოცე” (2005), რომანი “პირველის უკანასკნელი ღამე” (2007), “თამადა” (2009).

 

 ფილმოგრაფია:  

გიორგობისთვე   (1966) - მსახიობი (ოთარი)

ჩემი მეგობარი ნოდარი  (1967) – მსახიობი  (ნოდარი)

ფერისცვალება (1968) – მსახიობი

ჩამავალი მზე (ალმანახი “ბურთი, ხელთათმანი და ... კაპიტანი”, 1970) – მსახიობი

დათა თუთაშხია  (1978) – მსახიობი (კაზა ჩხეტია)

მშობლიურო ჩემო მიწავ (1980) - მსახიობი (მერაბ სეთურიძე)

ერთ პატარა ქალაქში  (1985) – მსახიობი (გიორგი ლეჟავა)

გამოცხადება  (1988) –  მსახიობი (მირიან ტაბიძე) 

ეტლი შარაგზაზე (1989) - მსახიობი

ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989) – მსახიობი (ჰერცოგი)  

ბესამე  (1989) – მსახიობი, (რექსაჩი)

ელზა (1991)  – მსახიობი, (გიორგი) 

მოკვეთილი  (1992)  – მსახიობი, (ბიცანტური) 

ოქროს ობობა (1992) –  მსახიობი (ექიმი) 

წმინდა ოთხთავი   (1996), სატელევიზიო – მსახიობი, რეჟისორი

მარტოობის ორდენის კავალერი (1999) – მსახიობი (გალაკტიონი)

გასეირნება ყარაბაღში  (2005) – მსახიობი (თენგიზი) 

  

იხ. დოდო ოკუჯავა. აქტიორი. 1998

     ნინო ნატროშვილი. სიხარულის ერთი წამი – ჟ. "საბჭოთა ხელოვნება", 1985, 10