მიხეილ (მიკა) ოძელი

კომპოზიტორი

 

დაიბადა თბილისში 1945 წლის 9 აპრილს.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი კომპოზიციის განხრით (პროფ. ალექსი მაჭავარიანის კლასი).

1963-1972 წლებში მუშაობდა პლეხანოვის სახ. კლუბთან არსებულ სტუდიაში პედაგოგად, ხოლო 1972 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის მეტეხის სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრის მუსიკალურ განყოფილებას.

1976 წლიდან საქართველოს და საკავშირო კომპოზიტორთა კავშირის წევრია. 1979-1985 წლებში არჩეულ იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრად.

1991 წელს კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილთან ერთად დაარსა გაზეთი ”მუსიკა”, რომლის მთავარი რედაქტორიცაა დღემდე.

მისი შემოქმედება ფართო ჟანრული დიაპაზონისაა: ოპერა ”შეშლილთა ხომალდი”, მიუზიკლი ”შეხვედრა ჯოჯოხეთში”, ბალეტი ”პორგი და ბესი” (მ.ლავროვსკის ლიბრეტოზე გერშვინის ამავე სახელწოდების ოპერის მიხედვით), საფორტეპიანო კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1967), ”ხმა კატამონთან” (ი.აბაშიძე, ორატორია სოლისტის, გუნდის და სიმფონიური ორკესტრისათვის, 1968), ”ექსერსისი” დასარტყამი საკრავების და სიმფონიური ორკესტრისათვის (1971), ”მუსიკა სიმფონიური ორკესტრისათვის” (1973), ”ვითარცა მტკვარი” (მ.მაჭავარიანი, კანტატა სოლისტების, გუნდის და სიმფონიური ორკესტრისათვის), ”მრავალჟამიერ” (გ.ტაბიძე, ოდა სოლისტის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის) და სხვა. ავტორია მრავალი საესტრადო სიმღერის, მუშაობს დრამატული სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაზე, დაწერილი აქვს მუსიკა მეტეხის თეატრის სპექტაკლებისთვის: ”როგორ იწრთობოდა ფოლადი”, ”უბედურება”, ”დიდრო”, ”კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა”, ”კარს მიღმა”, ”მაკბეტი” და სხვა. დაწერილი აქვს მუსიკა ფილმებისთვის: ”ბეღურების გადაფრენა”, ”კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის”, ”გრანტუსი” და სხვა.

ფილმოგრაფია

1. წარმატება (1980) - კომპოზიტორი

2. კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის (1981) - კომპოზიტორი

3. ჩვენი ჯერია, ბიჭებო! (1986) - კომპოზიტორი

4 . გრანტუსი (1994) - კომპოზიტორი

5 . საბალეტო პა (1996) - კომპოზიტორი

6 . ნისლა (1996) - კომპოზიტორი