ნანა მჭედლიძე: „რაღაც სათქმელი ყველა ფილმში ვთქვი“
ქალბატონო ნანა, დამეთანხმებით, როცა ადამიანი პროფესიას ირჩევს, ამით გარკვეულ მიზანს ისახავს ცხოვრებაში. საინტერესოა, ოთხმოცი წლის გადასახედიდან, რას ფიქრობთ, რამდენად აისრულეთ ეს მიზანი, რამდენად შეძელით თქვენი შესაძლებლობების სრულად რეალიზება?
- გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, საერთოდ,როცა ადამიანი პროფესიას ირჩევს, ეს ერთგვარად გათხოვებისა და ცოლის თხოვნის მსგავსი პროცესია. ვინც გიყვარს, იმაზე ქორწინდები, ძალიან უნდა გიყვარდეს ის საქმე, რის გაკეთებასაც მთელი ცხოვრების მანძილზე აპირებ, სხვანაირად გაგიჭირდება. ასეა ყველა პროფესიაში და მითუმეტეს, ჩვენთან... რა შევძელი და როგორ, ეს მაყურებლის გადასაწყვეტია, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბავშვობიდან ვფიქრობდი მსახიობობაზე, რეჟისორობაზე... „იმერულ ესკიზებში“ მთელი ჩემი ბავშვობა მაქვს გადმოცემული: სპექტაკლებს რომ ვთამაშობდით, ბილეთებს რომ ვყიდდით მეზობლებში - ზოგი ათ კაპიკს გვაძლევდა, ზოგი - ხუთს... ახლა ხშირად ატრიალებენ ფრაზას ამ ფილმიდან: „ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეთი“ (იმ დროს კაპიკები და მანეთები იყო)... მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რა რთული იყო ეს ყველაფერი, ძალიან მიყვარდა, რასაცა ვაკეთებდი, სიძნელეებზე არც კი ვფიქრობდი და არც მაინტერესებდა. მაშინ კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ კინომსახიობთა სკოლა არსებობდა და ამ სკოლაში დავდიოდი. ბევრი გამოჩენილი და ხალხის საყვარელი მსახიობი აღიზარდა კინომსახიობთა სკოლაში, მათ შორის, დოდო ჭიჭინაძე, ჟუჟუნა დუგლაძე, ედიშერ მაღალაშვილი... ძნელია ყველა მათგანის ჩამოთვლა... პირველი ჩემი მასწავლებელი ბატონი დიმიტრი ალექსიძე გახლდათ. სასწაული იყო მისი რეპეტიციები, სპექტაკლებზე რომ აღარაფერი ვთქვა. როცა უკვე რეჟისორი გავხდი, იცით, რამდენჯერ მინატრია, რა იქნებოდა მაშინ ვყოფილიყავი რეჟისორი, აპარატი მქონოდა და ეს რეპეტიციები გადამეღო-მეთქი?.. მერე ეს სკოლა სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტს შეუერთეს, სადაც კინოგანყოფილება არსებობდა, და მე ეს კინოგანყოფილება დავამთავრე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მე და ჩემი რამდენიმე ჯგუფელი (ჟუჟუნა დუგლაძე, ნათელა ფალიაშვილი, ნატა კანდელაკი) რუსთაველის თეატრში მიგვიღეს, სადაც დაგვხვდნენ: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ალექსანდრა თოიძე, მედეა ჩახავა... თავი სიზმარში მეგონა, ვერ წარმომედგინა, რომ მათ გვერდით უნდა მეთამაშა... სამი წელი დავყავი რუსთაველის თეატრში. შემდეგ გადავწყვიტე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაებარებინა. ისეთი ახტაჯანა და ემოციური ვიყავი, არავის სჯეროდა, ჩემგან რეჟისორის მსგავსი თუ ვინმე გამოვიდოდა. ღმერთინება და ინსტიტუტში ჩავირიცხე - მესამე კურსზე დამსვეს (მაშინ ყოველ წელს არ იყო მიღება სარეჟისოროზე). ძალიან საინტერესო ჯგუფში მოვხვდი. ჩემი კურსელები იყვნენ ცნობილი რეჟისორები: ალეკო ნინუა, კარლო ღლონტი (ტელევიზიაში), ნუგზარ ღაჭავა, შალვა გაწერელია, გიზო ჟორდანია...
- სულ მამაკაცები ჩამოთვალეთ, ჯგუფში ქალი მარტო თქვენ იყავით?
- კი, მარტო მე ვიყავი (იცინის)... ამიტომ, ქალებს ვერ ჩამოგითვლიდით... საკურსოდ მე და გიზო ჟორდანიამ ერთობლივად დავდგით ანატოლ ფრანსის „მუნჯი ცოლი“, რომელშიც ბრწყინვალედ თამაშობდნენ გივი ჭიჭინაძე და ზაზა ლებანიძე. სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად და ეს სწორედ ამ ორი მსახიობი დამსახურება იყო. სამწუხაროდ, არ შემორჩა ამ სპექტაკლის კადრები. მიუხედავად ამისა, სადიპლომოდ მაინც კინო ავირჩიე, და გავაკეთე ოტია იოსელიანის ნოველა „ჩქარი მატარებელი“. ფილმს „მოდის მატარებელი“ დავარქვით - ზეინაბ ბოცვაძე და ერთი ახალგაზრდა ბიჭი - სოსო დავარაშვილი თამაშობდნენ მთავარ როლებს...
- ანუ, ფაქტობრივად, აქედან ირებს სათავეს თქვენი კინოკარიერა... მანამდე, როგორც მსახიობს, რომელიმე რეჟისორის ფილმში ხომ არ გქონდათ ნათამაშევი რაიმე როლი?
- არა, ფილმში როგორც მსახიობი მოგვიანებით გადამიღეს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემი დებიუტი კინოში „არმენფილმში“ შედგა. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ხშირად მეპატიჟებოდნენ საკავშირო ტელევიზიაში. ჩემს ფილმებს უჩვენებდნენ და პარალელურად ინტერვიუს იწედნენ. ერთ-ერთი ეს გადაცემა უნახავს ახალგაზრდა სომეხ რეჟისორს, რომელმაც მაშინვე დამირეკა და თავის ფილმში გადაღება შემომთავაზა.ცხადია, უარი არ მითქვამს. ამას მოჰყვა სხვა როლები, ახლა უკვე საქართველოში. გადაღებული ვარ ფილმებში: „ბერნარდა ალბას სახლი“ (რეჟ. ბიძინა ჩხეიძე), „დონ-კიხოტი“(რ.ჩხეიძე), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (ლ.ღოღობერიძე), „სანამ წვიმა გადაივლიდეს“ (ქ.დოლიძე) და ასე შემდეგ...
- განსაკუთრებით ლამაზ მოგონებად რომელი ფილმის გადაღებები მოგყვებათ?
- ჩემთვის განსაკუთრებული არაფერი არ არსებობს... ყველაფერს თავისი სიძნელე თუ სიხალისე, თავისი ხიბლი აქვს... ამიტომ, რაც უნდა გითხრათ, ჩემი მხრიდან არაგულწრფელი იქნება...
- უფრო გულწრფელად თქვენი რეჟისორობით გადაღებულ ფილმებზე ვისაუბროთ...
- „მოდის მატარებლის“ შემდეგ გავაკეთე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „აეროპორტი“, რომელიც მხოლოდ ერთ კინოდარბაზში - „ამირანში“ აჩვენეს, სხვაგან მისი ჩვენება არ მომხდარა. ამის შემდეგ ახალგაზრდა რეჟისორებმა გადავიღეთ „ზაფხულის მოთხრობები“. სამი ნოველიდან ერთ-ერთი - „გზაში“ - მე გავაკეთე. მთავარ როლს ფილმში ბატონი კარლო საკანდელიძე თამაშობს. ამის შემდეგ რეზო ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით გადავიღე „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, მერე - „დიდედები და შვილიშვილები“, სადაც პატარა მიშა მესხი და რეზო ბოჭორიშვილი თამაშობენ - ძალიან კარგები არიან... ტელევიზიაში რევაზ ჯაფარიძის მოთხრობის („მიუსაფარი“) მიხედვით სატელევიზიო ფილმიც გადავიღე „გელა“, სადაც ასევე პატარა მიშიკო მესხი თამაშობს მთავარ როლს. ამას მოჰყვა „პირველი მერცხალი“ 1975 წელს, მერე „ნამდვილი თბილისელი და სხვები“. შემდეგ გავაკეთე ყველაზე მეტად ცნობილი „იმერული ესკიზები“, მერე კი საბავშვო ფილმი „უკვდავების თეთრი ვარდი“. მახსოვს, როცა ამ ფილმის პრემიერა კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა, ბავშვები შემომეხვივნენ და მეხვეწებოდნენ, კიდევ გადაგვიღე ასეთი ფილმიო... გარდა ამისა, მოსკოვის დაკვეთით, სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით გადაღებული მაქვს „პლაჟის ავაზაკი“ (1987წ.), ჩემი ბოლო ნამუშევარი კინოში კი არის „დანაშაული მოხდა“, სადაც მთავარ როლს მსახიობი ლევან უჩანეიშვილი თამაშობს. მერე უკვე, მოგეხსენებათ, როგორი არეულობები დაიწყო საქართველოში, და ჩანაფიქრი, უნგრელებთან ერთად გაგვეკეთებინა მხატვრული ფილმი მხატვარ ზიჩზე, ჩანაფიქრად დარჩა. ახლა მე და ჩემს მამიდაშვილს - დამანა მელიქიშვილს გვინდა ფილმის გადაღება ახალმოწამეებზე. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი ბაბუაა - სიმონ მჭედლიძე, რომელიც 1924 წელს დახვრიტეს, რადგან როდინაულის ეკლესია აკურთხა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ჩვენთან ფილმის გადარების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, კინოსტუდია არ ფინანსდება და ...
- მსახიობებს როგორ ირჩევთ თქვენს ფილმებზე, რაიმე განსაკუთრებული პრინციპი ხომ არ გაქვთ, როგორც რეჟისორს?
- არანაირი პრინციპი არ მაქვს, ერთი ეგ არის, რომ სასინჯი გადაღებები არ მიყვარს. მსახიობს რომ შევხედავ, უკვე ვიცი, გამომადგება თუ არა როლისთვის, მერე შემიყვარდება ხოლმე ეს ადამიანი ამ როლში... ასე იყო თითქმის ყველა ჩემს ფილმში...
- მათ შორის, ალბათ, „პირველ მერცხალშიც“, რომლის ეკრანზე გამოსვლასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა... სპორტული ფილმის გადაღება ფეხბურთისადმი თქვენმა გასაკუთრებულმა სიყვარულმა განაპირობა?
- კი, ძალიან მიყვარდა და მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ აქ მარტო სპორტის სიყვარული არ არის, წინა პლანზე საქართველოს სიყვარული დგას. ყოველ შემთხვევაში, მე მინდოდა, რომ ძალიან პატრიოტული ფილმი გამეკეთებინა... არ ვიცი, რამდენად შევძელი, მაგრამ... სხვათა შორის „პირველმა მერცხალმა“ ობერჰაუზენში მოიპოვა განსაკუთრებული პრიზი (საერთოდ, უამრავი ჯილდო აქვს მიღებული) და აღინიშნა, რომ ფილმი წარმოადგენს „სპორტისა და იუმორის იშვიათ და ბედნიერ შეხამებას“.
- როგორც ვიცი, იასონის როლი, რომელსაც ფილმში გენიალური დოდო აბაშიძე ასრულებს, სხვა მსახიობს უნდა ეთამაშა...
- კი, სხვა მსახიობს უნდა ეთამაშა... სხვათა შორის, როცა სცენარი წავიკითხე და ამ ფილმის გადაღება გადავწყვიტე, მინდოდა იასონის როლზე რეზო ჩხეიძე მომეწვია...
- ვინ?
- გიკვირთ არა?.. თვითონაც გაუკვირდა და ბევრი იცინა, თუმცა, მე ვფიქრობდი, რომ ამ როლში ძალიან საინტერესო იქნებოდა... რეზო სწორედ ამ პერიოდში კინოსტუდიის დირექტორად დანიშნეს. დიდი ამბით მივედი მასთან, რომ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა. როცა გაიგო, იასონი უნდა ითამაშო-მეთქი - ცრემლებამდე იცინა. მეწყინა, რა არის-მეთქი აქ სასაცილო? ის მაინც სიცილით კვდებოდა: რას ლაპარაკობ, ჭკუიდან არ შემშალო... გაწბილებული გამოვედი მისი კაბინეტიდან და ამის შემდეგ შეჩერდა ჩემი არჩევანი დოდო აბაშიძეზე, თუმცა, აღმოჩნდა, რომ დოდო სხვა ფილმში იყო დაკავებული. რას ვიზამდით? იასონის როლი კიდევ ერთ მსახიობს - ბატონ კახი კავსაძეს შევთავაზეთ, ისიც ნამდვილად კარგი იქნებოდა ამ როლში, მაგრამ ბატონ კახისაც რაღაც პრობლემები ჰქონდა და ... მოკლედ, მოხდა ისე, რომ დოდო აბაშიძე რატომღაც წამოვიდა იმ ფილმიდან და „პირველ მერცხალში“ ითამაშა... როგორც ჩანს, ღმერთმა აკურთხა დოდო ამ როლზე... იგი საოცარ სპორტულ ფორმაში იყო... ახლა ქალი და კაცი, ყველა ტრუსებით დადის, მაშინ კი... მახსოვს, გადაღებაზე ერთ ოთახში ვიყავით შეკრებილები. ამ დროს გამოჩნდა სასტუმროს დირექტორი, ცოტა უცნაური პიროვნება. ამდენ ტრუსებიან კაცში ერთი ქალი რომ დამინახა, კინაღამ გადაირია (იცინის)...
მართალი გითხრათ, გადაღებისას ცოტა მეშინოდა, განსაკუთრებით მაშინ, ჩხუბის სცენას რომ ვდგამით. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა... თავდაპირველად, როცა ვთქვი, კომედიას ვიღებ-მეთქი, ეს ჩხუბი პამპულობას უფრო წააგავდა და სასაცილოც არაფერი იყო. გამოსავალი სწრაფად ვიპოვე - გადავიფიქრე, კომედიას კი არა, დრამას ვიღებ და შესაბამისად იმოქმედეთ-მეთქი - გამოვაცხადე. ერთი კი გაუკვირდათ, მაგრამ ირწმუნეს და ისე თავგამოდებით ჩხუბობდნენ, რამდენჯერმე ლამის სასწრაფო გამოვიძახეთ, რომ ვერ ვაშველებდით (იცინის)...
როცა პირველად უჩვენეს ფილმი კინოსტუდიის საპროექციო დარბაზში (ხალხით იყო გადაჭედილი) მთელი ჩვენების მანძილზე მაყურებელი სიცილით კვდებოდა. მახსოვს, ერთმა ახალგაზრდა მონაწილემ - ზურა შილაკაძემ გაკვირვებულმა მკითხა: ქალბატონო ნანა, ჩვენ როცა ვთამაშობდით, ვტიროდით, ეს ხალხი კი იცინის და, სწორიაო?.. მართლაც საოცარი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მუშაობდა ყველა...
- „იმერული ესკიზების“ გადაღების დროსაც დიდი პასუხისმგებლობის აღება მოგიხდათ საკუთარ თავზე, როგორც ვიცი, ფილმის სცენარიც თავად დაწერეთ, თავადვე გადაიღეთ და მთავარი როლიც თავად შეასრულეთ - არ გაგიძნელდათ მუშაობა?
- დოდო ალექსიძე რაღაც ამოცანას რომ მოგვცემდა სტუდენტებს და ვთქვათ, ვიტყოდით, ძნელიაო, მართალია, ძალიან ძნელია. საერთოდ, არტისტობაა ძნელიო, გვეუბნებოდა... რა თქმა უნდა, ძნელი იყო, მაგრამ ... სხვათა შორის, მე თვითონ არ ვაპირებდი ფილმში თამაშს...
- ვიცი, ბებიას როლზე განუმეორებელი სესილია თაყაიშვილი გყავდათ მიწვეული ...
- სიმართლე გითხრათ, სესილია გურული ბებია უფრო იყო, მე კი იმერელი ბებია უფრო მჭირდებოდა, მაგრამ ამ როლში სხვას ვერავირს ვხედავდი. ლამის გავგიჟდი, როცა ექსპედიციაში წასვლის წინ შევიტყვე, რომ სესილია ავადმყოფობის გამო ჩვენთან ვერ წამოვიდოდა და, ცხადია, ვერც ამ როლს ითამაშებდა. დიდი ფიქრის შემდეგ ყურადღება ქეთო ბოჭორიშვილზე შევაჩერე, რომელიც ჩემს ფილმში „დიდედებსა და შვილიშვილებში“ თამაშობს ბებიას როლს. მართალია, ქეთო ქართლელია, მაგრამ ჩემი თავის იმედი მონდა - ვფიქრობდი, რომ ერთობლივად შევქმნიდით იმერელი ბებიის სახეს. ქეთო გორის თეატრის მსახიობი იყო. ქუთაისისკენ მიმავლებმა გზად გორში შევიარეთ - ვიფიქრეთ, თან წავიყვანთ-მეთქი. მაგრამ, ვხედავ ქეთო ყავარჯნებით არ მოდის? - საწყალს, ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მართალი გითხრათ, არაფერი მითქვამს მისთვის, გული რომ არ დასწყვეტოდა... ერთი სიტყვით, ლამის მთელი იმერეთი მოვიარე, მაგრამ როგორი ბებიაც მინდოდა ვერ ვიპოვე. ის იყო უკან გამობრუნებას ვაპირებდით, რომ რეზო ესაძემ (დროის უქონლობის გამო ფილმში ვერ ითამაშა), შენ თვითონ ითამაშეო. გავგიჟდი, რას ამბობ-მეთქი? მაგრამ შემდეგ ჯგუფის წევრები შემომიჩნდნენ, განსაკუთრებით კი ჩემი ახალგაზრდა რეჟისორი ნუგზარ ლორია გადამეკიდა - გინდა თუ არა, შენ უნდა ითამაშოო... ერთი სიტყვით, საშველი არ მომცეს და ის ეპიზოდი გადავიღეთ „ოტელოს“ წარმოდგენას რომ ვუყურებ. ყველას ძალიან მოეწონდა და იქვე გადაწყდა, რომ ეს როლი მე მეთამაშა...
სხვათა შორის, ძალიან გაგვიჭირდა იმ პატარა, საოცარი გოგონას მოძებნაც, ჩემს ბავშვობას რომ თამაშობს. მთელი საქართველო მოვიარეთ, უამრავი ლამაზი და ნიჭიერი ბავშვი ვნახეთ, მაგრამ იმ ხასიათის ვერ, რაც მე მინდოდა. ერთ დღესაც მორიგ შერჩევაზე ვიყავით მისული ხონის ერთ-ერთ სკოლაში. იქიდანაც გაწბილებულები მოვდიოდით, მაგრამ მოხდა სასწაული: ჩვენი ჯგუფის დირექტორმა რეზო ნიკოლეიშვილმა და ოპერატორმა გიორგი ჭელიძემ მომახარეს, შენ რომ გინდა, ზუსტად ისეთი ბავშვი ვიპოვეთო. მართლა საოცარი შესახედავი იყო, ზურგზე ჩანთა ეკიდა, ფეხსაცმელებიდან თითები უჩანდა, პალტო იდაყვებამდე სწვდებოდა... დანახვისთანავე მომეწონა. აპარატთან რომ დავაყენეთ, ისე იქცეოდა, თითქოს მთელი ცხოვრება ამ გარემოცვაში ჰქონდა გატარებული. პატარას სახელი კი ნანა (ნანა ქავთარაძე) ერქვა, რომელიც ფილმში ანად გადავაკეთეთ. სხვათა შორის, იგი „უკვდავების თეთრ ვარდშიც“ მოვიწვიე და მეფის ქალიშვილის როლი ვათამაშე. მსახიობი უნდოდა გამხდარიყო, მაგრამ მე არ ვურჩიე, რადგან ძალიან რთული პროფესიაა. საერთოდ, აბსოლუტურად არავის არ ვურჩევ არც მსახიობობას და არც რეჟისორობას, თვითონ უნდა ჰქონდეს ამის უდიდესი სურვილი...
- „იმერულ ესკიზებში“ ერთ-ერთ როლს თქვენი ქალიშვილი - მაგდაც თამაშობს, რომელიც, როგორც ვიცი, სპეციალობით ფილოლოგია... არც მას ურჩიეთ მსახიობობა,თუ თვითონ არ მოინდომა?
- მსახიობობა არ უნდოდა, მაგრამ ერთხელ თქვა: რეჟისორი უნდა გამოვიდეო. ისეთი თვალებით შევხედე, რომ მეორედ არ გაუმეორებია (იცინის)... ურთულესი პროფესიაა რეჟისურა - მოლიპულ გზაზე უნდა იარო, შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაგიცდეს ფეხი. ბედიც უნდა გქონდეს და საერთოდ, უამრავი კომპონენტი, ურომლისოდაც არაფერი გამოგივა...
- ქალბატონო ნანა, თქვენი ფილმების სატაურებიდან გამომდინარე („გზაში“, „აეროპორტში“, „მიდის მატარებელი“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“) ჩემდაუნებურად მიჩნდება შეკითხვა - რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება ხომ არ გაქვთ ტრანსპორტის მიმართ?
- სხვათა შორის, იმის გამო, რომ თავიდან სულ ტრანსპორტზე ვიღებდი ფილმებს, „ტრანსპორტის რეჟისორს“ მეძახდნენ, თუმცა, არანაირი განსაკუთრებული დამოკიდებულება ტრანსპორტის მიმართ არც მაქვს და არც მქონია.
- რომელი ფილმით თქვით თქვენი, როგორც ხელოვანის, სათქმელი?
- რაღაც სათქმელი ყველა ფილმით ვთქვი, თუ როგორ, ეს უკვე მაყურებლის გადასაწყვეტია...
- გარდა „იმერული ესკიზების“ სცენარისა, რომელი სხვა ფილმის სცენარია თქვენი დაწერილი?
- მე და ლევან ჭელიძემ გავაკეთეთ „ნამდვილი თბილისელი და სხვების“ სცენარი, ჩემი სცენარის მიხედვით გადავიღე „დანაშაული მოხდა“ და აგრეთვე, „პირველი მერცხალის“ სცრნარის ერთ-ერთი ავტორიც მე ვარ...
- თუ არ ვცდები, რუსულ სერიალშიც ხართ გადაღებული - სტალინის დედის როლი გაქვთ შესრულებული...
- არ ცდებით, მქონდა ასეთი მოწვევა მოსკოვში...
- ქართულ სერიალებში არსად მინახიხართ - თქვენ არ სწყალობთ მათ თუ პირიქით?
- როგორ გითხრათ? - კარგად ვთანხმდებით ერთმანეთში. ერთხელ დამირეკეს და რაღაც როლის თამაში შემომთავაზეს. ჯერ სცენარი უნდა ვნახო-მეთქი, - ვუთხარი, .. მას შემდეგ აღარ დაურეკავთ...
- ქალბატონო ნანა, წლეულს, 20 მარტს დაბადებიდან ოთხმოცი წელი შეგისრულდათ... იუბილე როგორ აღნიშნეთ?
- არ მიყვარს იუბილეები... ვერ ვიტან! ...75 წელის რომ შემისრულდა რეზო ჩხეიძემ შემომთავაზა იუბილეს გადახდა, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ-მეთქი, - ვუთხარი. წელსაც შემომთავაზა და ასევე კატეგორიული უარი ვთქვი - საერთოდ არ მიყვარს დაბადების დღის აღნიშვნა. რთული ბავშვობა მქონდა, დაბადების დღეც ცუდ მოგონებებთან ასოცირდება და ამიტომ არ მიყვარს. სხვა დროს მოდით-მეთქი, ხალხს ვეუბნები, მაგრამ... მაინც მოდიან (იცინის).
- ადამიანში ყველაზე მეტად რას აფასებთ?
- ალბათ, ძალიან ტრაფარეტული სიტყვებია, მაგრამ, პირველ რიგში, პატიოსნებასა და კეთილსინდისიერებად ვაფასებ...
- დაბოლოს, ქალბატონო ნანა, ოთხმოცი წლის გადასახედიდან, წარსულის რომელი მონაკვეთის განმეორებას ინატრებდით?
- ტკივილთან ერთად ჩემს ცხოვრებაში ბევრი სასიხარულო დღეც ყოფილა (თუნდაც შვილთან დაკავშირებული, ან თუნდაც ფილმები, ფესტივალები), მაგრამ ყველაზე ლამაზი მაინც ბავშვობის წლები იყო - დაბადებიდან თორმეტი წლის ასაკამდე ხონში გატარებული ულამაზესი წლები... ეს წლები მენატრება...
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
გაზეთი „TV პროგრამა“
მაისი, 2006