კირა ანდრონიკაშვილი: „ისევ ცისფერი ოცნების მჯერა“

შეუძლებელია ქალბატონ კირა ანდრონიკაშვილზე საუბრობდე, ან მასზე რაიმეს დაწერას აპირებდე, და პოეტის ეს სიტყვები არ გაგახსენდეს: „სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზი ქალების ეშხი დაგვიფარავდა“. სამწუხაროდ, ქართულმა კინემატოგრაფმა სრულად ვერ გამოიყენა ქალბატონ კირას შინაგანი ხიბლი, გარეგნული სილამაზე და ნიჭიერება, თუმცა თავად მსახიობს ამის გამო არანაირი პრეტენზია არა აქვს და თავს ამქვეყნად უფრო დედობისთვის მოსულად თვლის.

ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ კირა ადრონიკაშვილის მიერ განსახიერებული როლები (ფილმებში „ერთი ცის ქვეშ“ - ნოველა „მტრედები“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მთვარის მოტაცება“, „მოლანდება“, „სინემა“, „თამუნია“, „ჩვენი ჯერია, ბიჭებო!“...) ისეთივე ორიგინალური, განსხვავებული და თავისთავადია, როგორც თავად მსახიობი. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგად საკუთარი თავის რეალიზებას იგი ტრაგიკომიკურ როლებში მოახერხებდა. შეიძლება ვცდებით, მაგრამ რეჟისორები ამ მომენტს მომავლისთვის მაინც რომ გაითვალისწინებდნენ, ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა.

მართალია, პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია, მაგრამ კინომ მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ყველაფერი კი 12 წლის ასაკიდან დაიწყო, როცა პირველად გადაიღეს ფილმში. უფრო კონკრეტულად, ქალბატონი კირა თავის კინომოღვაწეობაზე თავადვე მოგვიყვება. ჩვენ კი ის დაგვრჩენია, რომ ყურადღებით მოვუსმინოთ.

 

- თორმეტი წლის ვიყავი, პირველად კინოში რომ გადამირეს. ეს იყო რეჟისორ ნიკოლოზ პიპინაშვილის [შეცდომაა, უნდა იყოს კონსტანტინე პიპინაშვილი] ფილმი „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“, სადაც ნინო ალექსი-მესხიშვილის როლს ვთამაშობ. მიუხედავად იმისა, რომ მამიდებს (ნატა ვაჩნაძე, კირა ანდრონიკაშვილი) ხშირად დავყვებოდი კინოსტუდიაში, ჩემი კინოში მოხვედრა არანაირად არ ყოფილა მათთან დაკავშირებული. სკოლაში მოვიდნენ გადამღები ჯგუფის წევრები და მათ ამირჩიეს უამრავ ბავშვს შორის. მახსოვს, ქალბატონი ნანა მჭედლიძე იყო რეჟისორის ასისტენტი და სინჯებზე მან წამიყვანა. მამა წინააღმდეგი იყო, მაგრამ... გადაღებები ბაღდათში გვქონდა. უდიდეს მსახიობების გვერდით მიწევდა ყოფნა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არასოდეს დამავიწყდება, როგორ მეფერებოდა და მპატრონობდა ბატონი აკაკი ხორავა. ბუტერბროდს მომიტანდა ხოლმე (დედა გადაღებაზე გვიან ჩამოვიდა) და მეტყოდა: შენ ახლა უკვე გშია და უნდა შეჭამოო. საოცრად თავმდაბალი პიროვნება იყო ეს ბუმბერაზი მსახიობი: ბავშვთან - ბავშვი, დიდთან - დიდი, გლეხთან - ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანი... ასეთ ხალხთან ურთიერთობა უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას გძენს ადამიანს... 

სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ სანამ ნიკოლოზ პიპინაშვილი [შეცდომაა, უნდა იყოს კონსტანტინე პიპინაშვილი] ამ ფილმში გადამიღებდა, ბატონმა თენგიზ აბულაძემ მიმიწვია სინჯებზე „მაგდანას ლურჯაში“ - ერთ-ერთი გოგონას როლზე გამსინჯეს, მაგრამ დამიწუნეს - გლეხის გოგოს არ გავხარო. კი ჩამაცვეს რაღაც ძონძები, მაგრამ რა ვქნათ, ვერ გადაგიღებთო, - თქვეს. მერე იყო, როგორც აღვნიშნე, „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“, მის შემდეგ კოტე ციციშვილმა გადამიღო ფილმში „ბავშვის ეჭვი“, რომელიც თავად მე ერთადერთხელ მაქვს ნანახი ხელოვნების მუშაკთა სახლში და მას მერე ვეძებ ამ ფილმს. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ კოტე ციციშვილი საქართველოდან წავიდა - პოლონეთში ცხოვრობდა, თუ არ ვცდები, ფილმს კი ჯერჯერობით ვერსად მივაგენი...

- მართალი გითხრათ, თქვენი პირველი როლი ნანა მეგონა რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმში „ერთი ცის ქვეშ“, ნოველაში „მტრედები“.

- ფილმში სამი ნოველა შედიოდა: „თავადის ქალი მაია“, „მტრედები“ და „ფრესკა“. თხუთმეტი წლის, სწორედ ჩემი გმირის ასაკის ვიყავი, ქალბატონმა ლანამ „მტრედებში“ რომ გადამიღო. ახლა რომ ვუყურებ, ალბათ შეიძლებოდა უფრო უკეთესად გამეკეთებინა რაღაც-რაღაცეები, ვთქვათ, სხვანაირად გამევლო, და ა.შ. მაგრამ მთლიანობაშ, ვფიქრობ, ძალიან ალალი ფილმია - ისეთი, გულზე რომ მოგხვდება. ჩემთვის განსაკუთრებით იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ვგრძნობ, სულ მცირე რაღაც მაინც გავაკეთე ქართულ კინოში...

- მნიშვნელოვანია, ალბათ, იმითაც, რომ ამ ფილმში თქვენი პარტნიორი თქვენი მეუღლეა - გივი ყიასაშვილი...

-  ამიტომ არა... ჩემთვის უფრო მთავარი თვითონ ეს ფილმია, რომელშიც, შეიძლება ითქვას, კარგად „ჩავჯექი“... ლევანი (ასე ჰქვია ფილმის გმირს) გადაღებისას გავიცანი, მაგრამ, რომ გითხრათ, მაშინ ჩვენს შორის რამე ხდებოდა-მეთქი, ასე არ იყო, ფილმის პრემიერაზე გაჩნდა რაღაც მოწონების გრძნობა, შემდეგ სიყვარული... ძალიან ლაღი ვიყავი და ამ სილაღეს მოჰყვა ბევრი რამ. სკოლა რომ დავამთავრე, დავქორწინდით, მაგრამ ჩვენი ქორწინება არ აღმოჩნდა წარმატებული - თერთმეტი თვის იყო ჩვენი ქალიშვილი ქეთი, როდესაც ერთმანეთს დავშორდით. ოჯახის დანგრევა ჩემთვის საშინელება იყო, მაგრამ, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო... მეორე ქორწინებიდანაც მყავს ქალიშვილი - ნინო კალანდაძე... საერთოდ, როგორც ქალმა, ძალიან ბევრი ტრავმა მივიღე ცხოვრებაში, მაგრამ  არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მირჩევნია კინოზე ვისაუბროთ...

- მაშინ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ გავიხსენოთ - ცირას როლზე როგორ აღმოჩნდით?

- მეათე კლასს ვამთავრებდი, როდესაც ბატონმა თენგიზ აბულაძემ კვლავ დამიბარა სინჯებზე და მითხრა: მაშინ („მაგდანას ლურჯაზე“) სოფლელ გოგოდ არ გამომადექი და ახლა ქალაქელი გოგოს როლში უნდა გადაგიღოო (იცინის). გამიკეთეს სინჯები და დამამტკიცეს ცირას როლზე. ფილმში კი ყველაფერს ვერ ჩატევ და ვერც ცირას დაუთმობ დიდ ყურადღებას, როცა ისეთი მსახიობები გყავს გადასაღები, როგორებიც იყვნენ ქალბატონი სესილია თაყაიშვილი, ბატონები: გრიშა ტყაბლაძე და სანდრო ჟორჟოლიანი... ცხადია,  უკმარისობის გრძნობა მქონდა, მაგრამ ვცდილობდი, რაღაც სხვანაირი, ჩემებური დატვირთვა მიმეცა ამ როლისათვის. ვფიქრობ, გამომივიდა, რადგან არც ბატონი თენგიზი გვზღუდავდა - მსახიობებს დიდ თავისუფლებას გვაძლევდა. სხვათა შორის, ფილმში რომ კოსტიუმი მაცვია, ჩემია, დედამ პალტოდან გადამიკეთა, ზედ საყელოები დამიქსოვა და ა.შ. საერთოდ, მაშინ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით ტანსაცმელს და მსგავს რაღაცებს. მთავარი იყო, რამდენ წიგნს წაიკითხავდი, ან რამდენ სპექტაკლს ნახავდი... ახლა თითქოს სულ გაჭირვებაზეა ლაპარაკი, მაგრამ იმდენ რაღაცას ჩუქნიან ბავშვებს და ისეთ ტანსაცმელს აცმევენ, ვეღარ იგებს, ვთქვათ, მისი დაბადების დღე ან ახალი წელი... მამიდაჩემი თავის კაბას რომ მაჩქებდა, ისე მიხაროდა, ვერ წარმოიდგენთ. ამ დროს ჩვენ არ გვიჭირდა - მშიერი ოჯახი არ გვქონდა. მამა წყალთა მეურნეობის მთავარი ინჟინერი იყო. პარტიაში არასოდეს შესულა, ამიტომ დიდი თანამდებობა არ ჰქონია, მაგრამ პატიოსანი შრომით იმდენს შოულობდა, რომ ოჯახს ჰყოფნიდა. დღეს განა არ უჭირთ, მაგრამ რატომღაც ცხოვრების ისეთი სტილი შემოვიდა, რომ მაგიდაზე აუცილებლად დახვავებული უნდა იყოს საჭმელი, არადა, ზოგჯერ ჩაი მურაბით ან ერთი კარგი წნილი და პური უფრო დიდ სიხარულს განიჭებს, ვიდრე ეს დახვავებული პურ-მარილი, ხშირად მინდა ავდგე ასეთი სუფრიდან და წამოვიდე. იმიტომ კი არა, რომ მათზე მაღლა ვდგავარ (ასე არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ), უბრალოდ, მარტო საჭმელად ხომ არ მიდიხარ ვინმესთან სტუმრად, ან იგივე „კურიერისა“ და „მოამბის“ მოსასმენად?... ახლა, მგონი, თვითონ გადავუხვიე საუბრის თემას, მაგრამ არ შემეძლო, ეს არ მეთქვა.

„მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ შემდეგ რამდენიმე ფილმში ეპიზოდურ როლებში ვითამაშე, რომლებიც ისე შეუმჩნეველი დარჩა, რომ მე თვითონაც არ მახსოვს კარგად...

 - სამაგიეროდ, ალბათ, არც თქვენ და არც მაყურებელს არასოდეს დაავიწყდება თქვენი ძაბული „მთვარის მოტაცებაში“...

- თამაზ მელიავას ჩემი მამიდაშვილებისგან ვიცნობდი, როგორც კოლორიტულ, საოცარი განათლების მქონე, არაჩვეულებრივ პიროვნებას. იშვიათად ვხედავდი ხოლმე, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა და მითხრა: ჩვენს საერთო საქმეზე გირეკავ და კინოსტუდიაში უნდა მოხვიდეო. არ ვიცოდი, რა ხდებოდა, მაგრამ გავიკითხე და მითხრეს, „მთვარის მოტაცებას“ იღებსო. ვიფიქრე, ალბათ კაროლინას როლზე მეძახის-თქო, და როცა კინოსტუდიაში მივედი, სიცილით ვკითხე, „კაროლინას როლში მიღებ-მეთქი?“ რა კაროლინა, ძაბული უნდა ითამაშოო. გავგიჟდი. წარმოიდგინეთ, ძაბულის როლი უნდა შემესრულებინა - მეგრული კოლორიტის, თანაც ოთარ მეღვინეთუხუცესთან და სპარტაკ ბაღაშვილთან ერთად უნდა მეთამაშა. მე რა ძაბული ვარ-მეთქი კი ვთქვი, მაგრამ... შენ რა გგონია, ლუჩია ბოზე და ჯინა ლოლობრიჯიდა რომ გლეხის ქალებს თამაშობენ, იტალიელი გლეხი ზუსტად ისეთიაო? - მითხრა ბატონმა თამაზმა და როლზე დამამტკიცა. ახალგაზრდა ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვეუბნებოდი რეჟისორს, რისი გაკეთებაც მინდოდა, ამიტომ დღემდე მაქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, რომ საბოლოო ჯამში არაჩვეულებრივი სურათი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი თამაზი გადაღების დროს ავად იყო და, სამწუხაროდ, ფილმის დამთავრებამდე გარდაიცვალა კიდეც.

ძალიან საინტერესო გადაღებები გვქონდა. ერთი სასაცილო ეპიზოდი მახსენდება და, თუ გინდათ, მოგიყვებით...

- რა თქმა უნდა... გისმენთ...

- გადაღებები დავამთავრეთ ზემო აფხაზეთის სოფლებში და სოხუმიდან თბილისში გამოვფრინდით. ყველანი იქ ვართ, თენგიზ არჩვაძე, გეიდარ ფალავანდიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ზურაბ ქაფიანიძე, ეროსი მანჯგალაძე - ვგიჟდებოდი ბატონ ეროსიზე, ისეთი საყვარელი და მოწესრიგებული პიროვნება იყო, გარდა იმისა, რომ უდიდესი მსახიობი გახლდათ... ზურასთან ვმეგობრობდი, ძალიან განათლებული პიროვნებაა, მაგრამ, მოგეხსენებათ, შინაგანად როგორი ხმაურიანია. ლაპარაკის დროს ხშირად მეუბნებოდა-ხოლმე - კირილე, როგორ ხარო? ვთხოვე, კირილეს ხალხში ნუ დამიძახებ, ყველა მე მიყურებს-მეთქი. ცხადია, არაა სასიამოვნო მომენტი. ერთ დღესაც მასიურ სცენას ირებენ და უცებ მთელ გადასაღებ მოედანზე ისმის ყვირილი: კირილე! ყურადღებას არ ვაქცევ, ვითომ არ მესმის, ის მაინც აგრძელებს ყვირილს, ბოლოს გავებუტე და საერთოდ აღარ ველაპარაკებოდი. ჰოდა, მოკლედ, ის დღეა, თბილისში რომ უნდა გამოვფრინდეთ. ჩავსხედით თვითმფრინავში, მახსოვს, „იაკ 40“ იყო, და ავფრინდით. შუა ფრენის დროს გამოგვიცხადეს, თვითმფრინავი გამართული არ არისო. თან საშინელი ქარი იყო. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, მით უმეტეს, რომ მამიდაჩემი (ნატა ვაჩნაძე) თვითმფრინავის კატასტროფაში დაიღუპა და ბავშვობიდან მქონდა ამის შიში. უცებ ვხედავ, რომ ყველა ჩემი ნივთი იატაკზე ყრია და მეც ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ დავეცე. ვაიმე, ზურა, რაც გინდა ის დამიძახე, ოღონდ ხელი მომკიდე, არ წავიქცე-მეთქი, იმხელა ვიკივლე, რომ თვითონაც გამიკვირდა. ჩვენი თვითმფრინავი ფოთში დასვეს. არ ვიცი, რა გველოდა, მაგრამ იქაურობა სასწრაფო და სახანძრო მანქანებით იყო სავსე... ეს კიდევ არაფერი, ჩამოვედით თვითმფრინავიდან, მაგრამ კაპიკი ფული არ გვაქვს არც ერთს, რაც გვქონდა, დავხარჯეთ, ხელფასი კი ჯერ არ აგვიღია. რა ვქათ? ზურამ თქვა, აქ ერთი ახლობელი მყავს, რესტორანი აქვს, წავალ, ვიპოვიო. იმ კაცმა დაგვაპურა ყველა - ისეთი სუფრა გაგვიშალა, ჩიტის რძე არ აკლდა, და რაც მტავარია, ბილეთებიც აგვიღო მატარებელზე... ერთი სიტყვით, ასეთი ამბებიც ხდებოდა...

- თუ არ ვცდები, ერთ-ერთ სატელევიზიო ფილმშიც თამაშობთ... თანაც თავადი ქალის როლს...

- მართალი  ხართ... იყო ასეთი სატელევიზიო ფილმი „მოლანდება“, რომლის რეჟისორიც ბატონი გოგი-ლევაშოვ-თუმანიშვილია, უფრო სწორად, ვინმე ნატროშვილმა დაიწყო გადაღება და ბატონმა გოგიმ დაასრულა. ფილმს ძველი აპარატურით იღებდნენ, მაგრამ საოცრად კარგი გრიმიორები გვყავდა - არაჩვეულებრივი მაკიაჟჳ მაქვს გაკეთებული. მახსოვს, მე და ჩემს პარტნიორს, რომელიც ჩემი ქმრის როლს თამაშობს ფილმში, ერთ ქუდი გვქონდა, ხან მე მიღებდნენ იმ ქუდში, ხან - იმას. „მოლანდება“ ერთადერთი ფილმია, სადაც გარეგნულად მომწონს ჩემი თავი და ამით კმაყოფილი ვარ...

- გიხდებათ თავადის ქალობა...

- (იცინის) ... სხვათა შორის, თავადის ქალის როლს ვთამაშობ რეჟისორ ლიანა ელიავას ფილმშიც „სინემა“. იქ ჩემი ქალიშვილი ნინოცაა გადაღებული. ფილმშიც ჩემი შვილია. აქვე მინდა გითხრათ ჩემი უსაყვარლესი ფილმის „თამუნიას“ შესახებ, რომელიც ამჟამად პატარა სამების მოძღვრის, მამა როსტომის (ლორთქიფანიძე) სადიპლომო ნაშრომია. მთავარ როლებს მე და ნანი ჩიქვინიძე ვთამაშობთ. გადაღებები ჯაფარიძის  ქუჩაზე, მამა როსტომის ერთ-ერთი ნათესავის სახლში გვქონდა. რაღაც საოცარი გრძნობა დამიტოვა ამ ნამუშევარმა. რეჟისორმა ფიქრის საშუალება მომცა და სადღაც, ფსიქოლოგიურ ფილმში მეგონა თავი. ძალიან საინტერესო გამოვიდა - ჩემმა ახლობელმა კინომცოდნემ წაიღო ლენინგრადში, სადიპლომო ფილმების ფესტივალზე და მახსოვს, როგორი დიდი ინტერესით უყურებდა ხალხი (ფესტივალზე მეც ვიყავი წასული)... გადაღებული ვარ, აგრეთვე, ბაადურ წულაძის "ჩვენი ჯერია, ბიჭებო!“, სადაც დედის როლს ვთამაშობ. ჩემი შვილი (ამ როლს ბაჩო ჩხეიძე თამაშობდა) მიდიოდა ჯარში, აქ, საქართველოში, მაგრამ რუსული ყაიდის ჯარში. და თითქოს მისი პოპულარიზაცია გამოდიოდა, ამიტომ ეკრანზეც ნაკლებად უშვებენ, არადა, ნორმალური ფილმია... იცით, მსახობს, ნიჭთან ერთად იღბალიც უნდა ჰქონდეს, ბედმა უნდა გაუღიმოს, კარგ ფილმში კარგი როლი რომ შეასრულოს. მე რა პრეტენზია უნდა მქონდეს, თუკი იყო დრო ნატო ვაჩაძესა და ლეილა აბაშიძესაც არ ჰქონდათ სამუშაო, მაგრამ, ალბათ,  მეც შემეძლო უფრო მეტი რაღაცის გაკეთება...

- თქვენი ასეთი დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ის ფაქტიც ხომ არ განსაზღვრავს, რომ თეატრალური ინსტიტუტი არ დაგიმთავრებიათ?

- არა, რა თქმა უნდა,თავადაც მოგეხსენებათ, რამდენმა მსახიობმა დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი და იგივე მდგომარეობაშია?

 - ისე, თუ არ ვცდები, ქალბატონო კირა, ერთი პერიოდი თქვე მოდელიორობაზეც ოცნებობდით...

- მოდელიორობაზეც... და შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ჩემგან კარგი ექიმიც გამოვიდოდა. დღესაც მირეკავს ხალხი და მეკითხება, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთო? ერთი პერიოდი „მანეკენშიცადაც“ ვმუშაობდი და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (ისტორიული დავამთავრე, ხელოვნებათმცოდნეობის განხრით) ცოტა ხანს დიქტორადაც ვიყავი მოდების სახლში - მოდების ჩვენება მიმყავდა... მაშინ ეს მაინცდამაინც კარგ ტონად არ ითვლებოდა, ბევრმა ახლობელმა მიტხრა: იქ რა გინდაო?... მახსოვს, ერთხელ მოდების ჩვენება იყო უცხოეთში. იმ წელს მთელი ზაფხული ჭურჭელს ცივ წყალში ვრეცხავდი. სოფელში ვიყავი პატარა ბავშვებთან ერთად (ქეთი 4 წლის იყო, ნინო - ერთის), ნახევრად ტყეში გვქონდა სახლი ნაქირავები და ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი. ჩვენებაზე პირდაპირ ამ სოფლიდან წავედი, ისე რომ, თავიც ვერ მოვიწესრიგე წესიერად. სცენაზე რომ გამოვედი, ყველა აღფრთოვანდა, მაგრამ ერთმა ქალმა თქვა: ამას მრეცხავის ხელები აქვსო. გულზე მომხვდა, მაგრამ გამეცინა, რადგან ნამდვილად ასე იყო. თანაც, სად იყო მაშინ ხელთათმანები? ახლა იგივე პირობები რომ მქონდეს, არაფრით არ გავრეცხავ ხელთათმანების გარეშე და წყალსაც გავათბობ... მოკლედ, არც ექიმი გავხდი და არც მოდელიორი - კინომ „ამირია“ გზა-კვალი, მაგრამ მე ამას არ ვნანობ...

- „გზაკვალარეული“ საკუთარმა მამიდაშვილმა - სანდრო ანდრონიკაშვილმაც გადაგიღოთ ფილმში „წინაპრები“... თქვემ ნამდვილად ღირსეული წინაპრების შთამომავალი ბრძანდებით და ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. უბრალოდ საინტერესოა, რითი ამაყობს სილამაზითა და გვარიშვილობით განთქმული, ღირსეული წინაპრების ღირსეული წარმომადგენელი?

- ამ ხალხის სილამაზესა და გვარიშვილობაზე მეტად მე მათი დიდსულოვნება და თავმდაბლობა მეამაყება. რაც შეეხება ფილმს, ფსიქოლოგიური ნამუშევარია, სურათებით გაფორმებული. ერთხელ ტელევიზიაში მივიტანე, ერთ კასეტაზე მინდოდა გადამეტანა რაღაც-რაღაცები და გაოგნდნენ, ისე მოეწონათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ტელევიზიით ერთი და იგივე ფილმებს ატრიალებენ გაუთავებლად, თანაც უცხოურს. ამ ბოლო დროს დაიწყეს ქართული ფილმების ჩვენება, მაგრამ ბევრი ძალიან საინტერესო ფილმი არც კი ახსოვთ, თუ არსებობს... სხვათა შორის, ბოლო ფილმი, რომელშიც რეჟისორმა დათო ცინცაძემ გადამიღო, ჯერ არც კი გამოსულა, რადგან სპონსორი ვერ ვიშოვეთ.

- ფილმს რა ჰქვია?

- „მოთხრობა პირველ სიყვარულზე“... ფილმში ერთ-ერთ როლს ჩემი კლასის დამრიგებელი მზია სიდამონ-ერისთავი თამაშობს, რომელიც მე ვურჩიე დათოს, რომ არისტოკრატი ქალის როლზე აეყვანა. მერე, გადაღებისას, გიჟდებოდა დათო, როგორ გაგახსენდაო. მეორე ფილმს რომ გადავიღებ, ჩემს ასისტენტად დაგნიშნავო (იცინის).... მინდა როგორმე ხმა მივაწვდინო მამუკა ხაზარაძე, იქნებ ფილმმა მისი გულისხმიერების შედეგად მაინც იხილოს დღის სინათლე. შეიძლება მათ არც სჭირდებათ, მაგრამ, იცით, ფილმში როგორი არაჩვეულებრივი რეკლამაა ბორჯომის?...

- თითქმის ყველა ფილმი ჩამოთვალეთ, სადაც კი გადაღებული ხართ. რომელ რეჟისორთან უფრო გიადვილდებოდათ მუშაობა?

- გამიჭირდება ვინმეს გამოყოფა, მაგრამ თუ მაინც უნდა გამოვყო, მამა როსტომს დავაყენებ წინა პლანზე - როგორც უკვე გითხარით, მან ბევრი ფიქრის უფლება მომცა ფილმში.

- მამა როსტომი თქვენი მოძღვარი ხომ არ არის?

- დიახ, ჩემი მოძღვარია. ადრე მამა პავლე იყო ჩემი მოძღვარი, მაგრამ ავად გახდა და უფლება მომცა აღსარება მამა როსტომისთვის ჩამებარებინა. მას შემდეგ მამა როსტომია ჩემი მოძღვარი. შეიძლება ძნელია ასეთი ურთიერთობა, რადგან, როგორც მეგობრები ისე ვართ ერთმანეთთან, მაგრამ ალბათ კარგიცაა, ახალგაზრდობიდან მიცნობს, იცის, რა შემიძლია გავაკეთო და არა.

- ქალბატონო კირა, ბედიც რეჟისორიაო - ამბობენ, თქვენი ბედის რეჟისორზე რას იტყვით?

- ყველაფერი უფლის ნებაა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ადამიანი თავის ბედს ნაწილობრივ მაინც თვითონ წარმართავს. მე არ ვეჭიდავები ჩემს ბედს, არადა, როგორც ჩანს, ბრძოლაც საჭიროა. თუკი ოდესმე ძალით გამიკეთებია რაიმე, არასოდეს შემრგებია.

- როგორც ვიცი, მამიდის სახელი გქვიათ - ვინ დაგარქვათ კირა და რითი ჰგავხართ მამიდას?

- კირა ბერძნული ქრისტიანული სახელია. კირა და მარინა დები იყვნენ, ღირსი დედები - 13 მარტს აღინიშნება მათი დღე. მე მათი ხატიც მაქვს - ზაგორსკიდან ჩამომიტანა მეუფე შიომ. მამიდას ვინ დაარქვა, არ ვიცი, მაგრამ მე დედამ დამარქვა მის პატივსაცემად. სამშობიაროდ რომ მიჰყავდათ, ბებიაჩემი, მამის დედა, ეკატერინე, თურმე შეეხვეწა: გოგო გააჩინეო (მოგეხსენებათ მაშინ ექოსკოპია არ იყო).  ბიძაშვილ-მამიდაშვილები სულ ბიჭები მყავდა და ყველას უნდოდა, რომ დედას გოგო ჰყოლოდა. მართლაც, გოგო დავიბადე და დედას ისე უყვარდა კირა მამიდა, რომ მეც კირა დამარქვა. მერე ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ისეთივე კარგი უნდა ვყოფილიყავი, როგორიც კირა მამიდა იყო. ადამიანი კერპად არ უნდა გყავდეს, მაგრამ, იცით, მეც სულ მინდოდა, მას დავმსგავსებოდი. სხვათა შორის, მერაბ ბერძენიშვილის მეუღლეს კირა მიქელაძესაც მამიდის პატივისცემის ნიშნად დაარქვა დედამისმა ეს სახელი. მისი დედა და მამიდაჩემი ერთად იყვნენ გადასახლებაში (ოცდავიდმეტიან წლებში კირა ანდრონიკაშვილს ქმარი დაუხვრიტეს, თვითონ კი გადასახლებაში გაატარა მთელი ახალგაზრდობა. ფილმში „ელისო“ ქალბატონი კირა ელისოს როლს თამაშობდა- თ.ო).

- ახლა უკვე თქვენს პატივსაცემად ხომ არ გრძელდება ამ სახელის ტრადიცია შვილიშვილებში?  

 (დაუსრულებელი) 

 

 

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

გაზეთი „TV პროგრამა“ 

№ 12 (543)  27 მარტი-2 აპრილი, 2006