ლევან უჩანეიშვილი: ქართველი „ნათლია“ჰოლივუდში

ამ დღეებში საქართველოს ტელევიზიით რამდენიმე არხმა უჩვენა ფილმი „კუკარაჩა“ - ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით ქეთი დოლიძის მიერ გადაღებული ეს თბილი, ადამიანური სურათი განსაკუთრებით უყვარს ქართველ მაყურებელს. თავის დროზე მან მართლაც ვარსკვლავური დიდება მოუტანა ახალგაზრდა მსახიობს ლევან უჩანეიშვილს, რომელიც, ერთი შეხედვით, ძნელი წარმოსადგენი იყო შავტუხა მილიციელის როლში, სწორედ ფერის გამო რომ შეარქვეს „კუკარაჩა“ (სხვათა შორის, „ტარაკანას“ ნიშნავს). თვითონ ბატონ ლევანსაც აღუნიშნავს, რომ დღემდე გამორჩეულად სცემს პატივს ამ ფილმის რეჟისორს და თვითონ გმირსაც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრმა წყალმა ჩაიარა და გაცილებით რთული - პროფესიული თვალსაზრისით - როლების შესრულებაც ბევრჯერ მოუხდა.

ლევან უჩანეიშვილი უკვე კარგა ხანია ჰოლივუდში მოღვაწეობს და არცთუ მთლად შეუმჩნეველი ფიგურა გახლავთ. მას არაერთხელ მოუწია ცნობილ ვარსკვლავებთან მუშაობა მხატვრულ თუ სატელევიზიო ფილმებში. ჩვენ სხვა დროსაც გვქონია ბედნიერი შემთხვევა შევხვედროდით საკუთარ ქალაქში „სტუმრად“ ჩამოსულ მსახიობ და გვესაუბრა მასთან, პირველ ყოვლისა, იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობს თავს სამსობლოს მოშორებული „კუკარაჩა“ ოკეანის გადაღმა. ჩვენ საერთოდაც დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს თანამემამულეებს, რომლებიც არცთუ სახუმარო წარმატებებს აღწევენ საზღვარგარეთ. მერაბ ნინიძე ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა ევროპაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავარი როლი ითამაშა კაროლინ ლინკეს ბრწყინვალე სურათში „არსად აფრიკაში“, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“ დაიმსახურა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. ამერიკაში იმყოფება ამჟამად კიდევ ერთი ქართველი მსახიობი ირაკლი ხიზანიშვილი. ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში საქმიანობს რეზო ჩხიკვიშვილი, რომელმაც თეატრალურ წრეებში გაითქვა სახელი. იმედი ვიქონიოთ, რომ ოდესმე, როცა ქართული კინო წარსულ დიდებას დაიბრუნებს, ისინი კვლავ დაიკავებებენ ჩვეულ ადგილს, რომელიც თავის დროზე ღირსეულად დაიმსახურეს. მანამდე  კი, სხვა რა გზა გვაქვს, იძულებულები ვართ მარტო ინტერვიუებით დავკმაყოფილდეთ, რომელთაც საყვარელი მსახიობები დაუმადლებლად იძლევიან. დღეს, მაგალითად, თავის ცხოვრებაზე ოკეანის გაღმა ლევან უჩანეიშვილი გვესაუბრება.

***

- ბატონო ლევან, როგორ „მოეწყეთ“, როგორ ცხოვრობთ ამერიკაში?

- ვფიქრობ, არცთუ ურიგოდ. სახლი სწორედ იმ რაიონში მაქვს, სადაც დგას ვეებერთელა წარწერა “HOLLYWOOD”...

- ვარსკვლავურ მეზობლებთან საერთო ენის გამონახვა, მათ გვერდით ცხოვრება ხომ არ გიჭირთ?

- არა მგონია. თუმცა ეს კითხვა უთუოდ ჩემი „ვარსკვლავური მეზობლებისთვისაა“ განკუთვნილი. ისე კი, მადონა, მაგალითად, საშინლად ხმაურიანი გახლდათ. მეზობლები სთხოვდნენ, თორმეტი საათის მერე ნუღარ იმღერებო, და იძულებული გახდა სხვაგან გადასულიყო. ამ ცოტა ხნის წინ კი ჩვენს მეზობლად დი კაპრიო დასახლდა - ჯერჯერობით არ მღერის! იქვე, ახლოს, ბრიტნი სპირსი სახლობს. ადრე მუსიკოსი-მეზობლები უფრო ჭარბად იყვნენ, ახლა კი მსახიობების დრო დადგა. ისინი სიამოვნებით დარბიან ყოველ დილას წყალსაცავის გასწვრივ, რომელიც იქვე,  მახლობლად მდებარეობს. უნდა გითხრათ, რომ ბოლო ხანებში მეც სიამოვნებით დავრბივარ მათთან ერთად. ასაკი მემატება და ვცდილობ არ შემეტყოს. კიდევ, ბოლო დროს აღმოსავლურმა ორთაბრძოლებმა გამიტაცა.

- თქვენი პირველი შთაბეჭდილება, ამერიკაში ჩასვლისას რომ მიიღეთ.

- ნიუ-იორკი, მისი ცათამბრჯენები - ამის ენით გადმოცემა შეუძლებელია! ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ ძალიან პატარა ხარ და სადაცაა აფრინდები. მახსოვს, რომელიღაც რესტორანში შევედით. სადილობა რომ დავამთავრეთ და წასასვლელად ავიშალეთ, სუფრაზე დარჩენილი საჭმლის თან გამოტანება მოინდომეს, მაგრამ მე, როგორც ქართველი, აღვშფოთდი, როგორ გაბედეთ ნასუფრალის შემოთავაზება-მეთქი, და ბატონკაცურად დავუმატე: „ხურდა არ არის საჭირო!“ მენეჯერმა კი გადაწყვიტა, რომ ხელუხლებელ, ახალ კერძებს ვითხოვდით. მე, რა თქმა უნდა, საკუთარი ღირსების სრული შეგნებით დავტოვე რესტორანი და მთელი ეს დელიკატესები მაწანწალებს დავურიგე. ისინი ისეთი თვალებით მიყურებდნენ, რომ მივხვდი, ამერიკაში უკვე მყვანან ერთგული მეგობრები.

- საერთოდ, როგორ მოხვდით ამერიკაში?

- ჯერ კიდევ საბჭოურ პერიოდში, როცა პატარა ბიჭი ვიყავი, ბევრი რამ გვსმენოდა „ამერიკული ოცნების“ შესახებ. იმხანად მოზარდებს წესად გვქონდა ამერიკელი მსახიოებების, განსაკუთრებით ლამაზი ქალების, მუსიკოსების, სპორტსმენების ფოტოსურათების შეგროვება... წლების შემდეგ სიეტლის ტელევიზია ჩვენში ფილმს იღებდა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მეც შევასრულე. ის წარმატებით გავიდა ეკრანებზე და კეთილი ნების თამაშების ჩატარებისას მეც მიმიწვიეს სიეტლში, ამ სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად, სწორედ მაშინ გამიჩნდა რაღაც კონტაქტები იქაურებთან და აი, როდესაც ტელეკომპანია HBO-მ დაიწყო გადაღებები ფილმისა „სტალინი მოსკოვში“, ნაცნობმა პროდიუსერებმა კაგანოვიჩის  როლი შემომთავაზეს. ამასთან, მთხოვეს, რომ მთავარი როლის შემსრულებელი ამერიკელი კინოვარსკვლავის რობერტ დიუვალისთვის ამეხსნა ქართული ხასიათის თავისებურებანი, და დავხმარებოდი მათ ასე თუ ისე შეთვისებაში. „ხასიათის გახსნა“, რა თქმა უნდა, „ხვანჭკარის“ დაგემოვნებით დავიწყეთ... საინტერესოა, რომ ჩვენი გადაღებების ბოლო დღე საბჭოთა კავშირის დაშლის დღეს დაემთხვა, და ეს ორივე ახალი ამბავი პროდიუსერმა სტალინის აგარაკზე გამოგვიცხადა მთელ გადამღებ ჯგუფს.

1992 წელს, ფილმის პრემიერის შემდეგ “Los Angeles Times”-ში დაიბეჭდა სტატია სათაურით ჰოლივუდი გეძახის! ჩამოდი, ლევან!“ ამერიკაში სულ ორიოდე კვირით გავემგზავრე (ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა) და მრავალი წლით შემოვრჩი. ძნელბედობის ხანა მაშინ დამიდგა, როცა ფული შემომელია ( საბაჟოზე მის გადატანაში ჩემი მეგობარი საშა სტრიჟენოვი დამეხმარა). შეერთებულ შტატებში, იმისათვის, რომ ფილმში გადაგიღონ, ამერიკის მსახიობთა გილდიის წევრი უნდა იყო, ხოლო წევრობის მისაღებად აუცილებელია... ამერიკულ ფილმში გადაღება. მოკლედ, რაღაც ჯადოსნური, ჩაკეტილი წრე გამოდის. გარდა ამისა, ამერიკაში ტურისტად ვიყავი ჩასული, ამიტომ საჭირო გახდა სპეციალური ნებართვის აღება, რაც მუშაობის ნებართვას მომცემდა. კიდევ კარგი, „მწვანე ბარათში“ მაინც გამიმართლა. საქმე ის გახლავთ, რომ მათ აქვთ ასეთი კატეგორია „ექსტრაორდინალური პიროვნება“...

- „ტვინთა გადინების“ დასაჩქარებლად და ამ პროცესის დასაკანონებლად?

- ჰო, ალბათ (იცინის). მოკლედ, „საძვრომს“ მივაგენი: ერთი-ორი მცირებიუჯეტიანი ფილმი გავაკეთე და, სტუდიის რეკომენდაციით, გილდიაშიც მიმიღეს. მერე უკვე აგენტიც ავიყვანე.  და კიდევ, საჭირო გახდა მხოლოდ სახელით დავკმაყოფილებულიყავი და უბრალოდ ლევანი გავხდი. (როდესაც აგენტს ჩემი ვინაობა სრულად მოვახსენე, თურმე, იფიქრა, რომ დედას ვაგინებდი). კარგად მახსოვს ჩემი პირველი სინჯები... პრეტენდენტები როლზე მრავლად ვიყავით - ალბათ, ასზე მეტი კაცი, და იცით, მაშინ მივხვდი, რა ძნელი იყო აქ თუნდაც სულ უმნიშვნელო სამუშაოს მიღება. დადებით პასუხს სულ რომ აღარ ველოდი, სწორედ მაშინ დამირეკა ჩემმა აგენტმა და ყურმილში ჩამძახა, როლი შენ მოგცესო.  ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს თბილისის „დინამოს“ უეფას თასი მოეგოს!

უკვე შემდეგი ეტაპი იყო „პრეზიდენტის თვითმფრინავი“ ჰარისონ ფორდის გმირულ-ვარსკვლავური როლით. ჩემს პერსონაჟს, რაღა თქმა უნდა, ბოროტმოქმედსა და ნაძირალას, სცენარის მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტი ძირს უნდა ეთრია, და როდესაც საკუთარი თვალით ვნახე, როგორი რუდუნებით ვარცხნიდნენ თმას ბატონ ფორდს გრიმის ოსტატები, აზრად მომივიდა ერთი ჩვენებურად, ქართულად „მომექოჩრა“. მერე იმაზეც დავფიქრდი, თუ მთლიანად მსახიობი 20 მილიონი ღირს, მისი თმა, სულ ცოტა, 250 ათასი მაინც დაჯდება, ხელში რომ მომყვეს მთელი ბღუჯა, რა მეშველება-მეთქი, მაგრამ ჰარისონს ჩემი იდეა მოეწონა, თან დამაიმედა, რომ თმა ნამდვილად თავისი ჰქონდა, ნატურალური, და მისი ამოგლეჯა არც ისე ადვილი იყო.

ფილმ „Virus” -ის ეკრანებზე გასვლის შემდეგ, სადაც ჩემი გმირი რობოტად იქცევა, თოჯინა „კაპიტანი ნიკოლაი“ ყველაზე დიდი მოთხოვნილების საგნად იქცა სათამაშოების მაღაზიაში. ჩემი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია სპაიკ ლის „25-ე საათი“, სადაც ისევ მაფიის ნათლია ვითამაშე, ნახევრად უკრაინელი და ნახევრად რუსი.

საკმაოდ ხშირად მსაყვედურობენ, რომ თითქმის მუდამ ისეთ პერსონაჟებს განვასახიერებ, რომელთაც თავისებური „გაგება“ აქვთ. მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: თუ ჩექმებიან გაბურძგნულ და წვირიან ადამიანებად, ბალალაიკით ხელში, აბოლებულ „სამოვარს“ რომ მისხდომიან, ამაში, სხვათა შორის, ჩემი დამსახურებაც არის, რადგან 90-იან წლებში ამერიკელებს სწორედ ასე ჰყავდათ წარმოდგენილი ეს ხალხი. ერთხელ, კანადაში, უარის თქმაც კი დავაპირე როლზე. პროდიუსერებს გამოვუცხადე, რომ რუს ბანდიტებს გაცილებით უკეთესად, უფრო მდიდრულად და გემოვნებით აცვიათ, ვიდრე იტალიელ მსახიობებს, რომლებიც მაფიოზებს თამაშობენ-მეთქი. ჩემმა ნათქვამმა ისინი უზომოდ განაცვიფრა, მაგრამ მაინც მივაღწიე ჩემსას და შევძელი შემეცვალა სახე პერსონაჟისა, რომლის თამაშიც მევალებოდა.

- ჩვენში კრიტიკულად აფასებენ თანამემამულეთა წარმატებებს ჰოლივუდში...

- ვისურვებდი, რომ ყველა კრიტიკოსი ცოტა უფრო კეთილგანწყობილი ყოფილიყო, რადგან, თუნდაც იმავე ვლადიმირ მაშკოვმა ხანმოკლე პერიოდში რამდენიმე სურათში მოასწრო მონაწილეობის მიღება. ეს კი, დამერწმუნეთ, როგორც საქმეში ჩახედულს, სულაც არ გახლავთ ადვილი. იქ ისეთი საშინელი კონკურენციაა! კინოწარმოებაში მოხვედრა, თუნდაც ორი-სამი წამით კადრში გამოჩენა - უკვე გამარჯვებაა. საერთოდ კი მაშკოვი ნამდვილი ვარსკვლავია, დაე, ყველა კრიტიკოსმა უნდა შეიგნოს ეს. დროთა ვითარებაში ის ყველაფერს შეძლებს და მწვერვალებსაც დაიპყრობს ჰოლივუდში. სხვათა შორის, „ოლიგარქის“ გადაღებებზეც მხოლოდ ვალოდიას წყალობით მოვხვდი. ჩვენ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს ლოს-ანჯელესის ქუჩაში და წასაკითხად მომცა სცენარი, თან მითხრა, რომ ძალიან გაეხარდებოდა, თუ ფილმში მეც ვითამაშებდი. აი, ასე ჩანს ჩვენი მეგობრობა ეკრანზე და ასეთივეა რეალურ ცხოვრებაში.

- ამერიკაში თუ არის რუსულენოვანი მსახიობების სათემო, ანდა საზოგადოება?

- კი, არის დიდი კომპანია, და ყველა დღესასწაულზე ვცდილობთ შევიკრიბოთ. პირადად მე მილა იოვოვიჩის ოჯახთან ვმეგობრობ, საკმაოდ თბილი ურთიერთობა მაქვს ოლეგ ვიდოვთან, ნატალია ანდრეიჩენკოსთან, რაღა თქმა უნდა ვალოდია მენშიკოვთან, კატია რედნიკოვასთან. პერიოდულად ჩვენს წრეში ჩნდება ოლეგ ტაქტაროვი. მოკლედ, კონტაქტების დეფიციტს არ განვიცდი.

- თუ შეიძლება გაგვიმხილეთ, ამჟამად რას აკეთებთ?

- სტივენ სიგალთან ერთად ახლახანს გადამიღეს ფილმში “Shadows On The Sun”. სიგალი ამ რამდენიმე წლის წინ გავიცანი, დავმეგობრდით კიდეც. მაგრამ ცემთვის მაინც მოულოდნელი იყო (თუმცა კი მეტად სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა), რომ როცა სცენარს მაძლევდა გასაცნობად, თან დაუმატა: „წაიკითხე და თვითონ შეარჩიე როლი, რომლის თამაშსაც ისურვებდი. მინდა ამ პროექტში შენც მიიღო მონაწილეობა.“

სტივენი ფილმში კეთილ საწყისს განასახიერებს. მე - მის საპირისპიროდ - ბოროტს. მართლაც, უცნაურად დამებედა, მე ხომ უკვე ვითამაშე რუსი, უკრაინელი და კავკასიელი „ნათლია“. ჰოდა, აი, გადავწყვიტე, რომ დროა რუმინელი „დონ კარლეონეც“ გავხდე (იცინის).

გაზეთი „TV პროგრამა“

 

№ 20 (551), 22-28 მაისი, 2006