ლანა ღოღობერიძე.60-70-იანი წლები – ქართული ხელოვნების აღმავლობის ხანა. ფესტივალები ფრენსის ფორდ კოპოლა, რომელიც არ გამოუშვეს საქართველოში
60-70-იანი წლები ქართული ლიტერატურისა და ხელოვნებისთვის ნამდვილი აღმავლობის წლები იყო. წიგნები, სპექტაკლები, ფილმები, გამოფენები... მიხეილ თუმანიშვილის ჭინჭრაქა, ნანა ხატისკაცის და თენგიზ მაღალაშვილის სიბრძნე-სიცრუისა, ელდარ შენგელაიას არაჩვეულებრივი გამოფენა, ოთარ იოსელიანის გიორგობისთვე, დაბოლოს, როგორც ამ აღმავლობის გვირგვინი – რობერტ სტურუას ცარცის წრე.
1966 წელს ოთარ იოსელიანმა დადგა გიორგობისთვე. დღეს ყველასთვის ნათელია ოთარ იოსელიანის, როგორც შემოქმედის, მნიშვნელობა არა მარტო ქართული, არამედ ფრანგული და მთლიანად ევროპული კინოსთვის, მაგრამ მაშინ ამ სულ ახალგაზრდა რეჟისორის ფილმმა საზოგადოებაში უდიდესი შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება გამოიწვია. ბევრი ვერ ეგუებოდა თვით ამ ტიპის გმირის (რამაზ გიორგობიანის), ანუ ანტიგმირის, არსებობას. სხვები ფიქრობდნენ, რომ ფილმში გაყალბებულია ქართული სინამდვილე. ეს დამოკიდებულება არც იყო გასაკვირი, ვინაიდან ასეთია ყველა ჭეშმარიტად ნოვატორული, სტერეოტიპებთან მებრძოლი ნაწარმოების ბედი. ჩვენ, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები, აღფრთოვანებულები ვიყავით სურათით და ძალიან ვღელავდით მისი ბედის გამო, რადგანაც კარგად გვესმოდა, რომ იმ დროს სასწორზე იდო მთელი ქართული კინოს მომავალი. ვიცოდით, რომ ფილმით განსაკუთრებით აღშფოთებული ხელისუფლება იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ სურათს აკრძალვა ემუქრებოდა. ერთ დღეს ახალგაზრდა რეჟისორები დაგვიბარეს ცეკაში – ასეთი რამ პირველად მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. შეხვედრის მიზანსცენაც და მიმდინარეობაც ვიღაც უხილავი რეჟისორის მიერ იყო გააზრებული და დადგმული: შესასვლელში
265
შეგვხვდნენ უცნობი უჟმური ტიპები, შეგვიყვანეს კინოდარბაზში და სრულ სიჩუმეში, როგორც ბრალდებულები, დაგვსხეს ერთ რიგში; პატარა პაუზის მერე ერთიმეორის მიყოლებით შემოვიდნენ ბრალმდებლე-ბი – ცეკას ბიურო, მთელი შემადგენლობით და მჟავანაძის მეთაურობით, ჩვენ წინა რიგში მოთავსდა. დასრულდა ფილმის ჩვენება, დარბაზში სინათლე აინთო, ბიუროს წევრები კი ისევ გაუნძრევლად ისხდნენ, ზურგით ჩვენკენ. საგანგებოდ შექმნილი დაძაბულობა თანდათან მატულობდა, ბოლოს, როცა რეჟისორის ჩანაფიქრით მან კულმინაციას მიაღწია, წამოდგა ბიუროს ჯერ ერთი წევრი, მერე – მეორე, მესამე... სასაცილო ის იყო, რომ ისინი ლაპარაკის დროსაც კი არ ტრიალდებოდნენ ჩვენკენ და მათ რიგშივე მჯდომ მჟავანაძეს მიმართავდნენ, თან ყველანი ერთგვარად, ერთნაირი ლექსიკით გამოხატავდნენ თავიანთი კოლექტიური ორგანოს – ბიუროს – აზრს: ფილმი მიუღებელია საბჭოთა საქართველოსთვის, შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის, მასში არ არის არაფერი დადებითი, ადამიანები უშნოები არიან, საბჭოთა ცხოვრების წესი განგებ არის დამახინჯებული და ა.შ. ერთი სიტყვით, ითქვა ყველა სტერეოტიპული ფრაზა, რომლებითაც საბჭოთა ხელ-მძღვანელები ჩვეულებრივ აფასებდნენ ხოლმე ხელოვნების ნაწარმოებს. გამოსვლები დასრულდა. ბრალმდებლებმა გამოიტანეს მსჯავრი და მოემზადნენ წასასვლელად. მე წამოვდექი – აღშფოთებისა და აღელვებისგან დამავიწყდა, სად ვიყავი – და გამომწვევად ვთქვი: რისთვის მოგვიწვიეთ, თუ ჩვენი აზრი არც კი გაინტერესებდათ! გაოცებულებმა შემომხედეს, მაგრამ მაინც შეჩერდნენ. რა ვთქვი იმ დღეს, არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ ეს იყო გულწრფელი და აღელვებული სიტყვა ფილმის შესახებ, რომელიც ჩვენი კინოსთვის პრინციპულ და ეტაპურ მოვლენად მიმაჩნდა. მერე სხვებმაც ილაპარაკეს. ჩვენი ხელისუფალნი ამგვარ წინააღმდეგობას არ მოელოდნენ და, ცოტა არ იყოს, დაიბნენ, ვერავითარი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და ის დღე მოულოდნელად უშედეგოდ დასრულდა. ფილმმა კი, საბოლოოდ, თავისი გზა გაიკვლია და დღეს გაუგებარიც არის, რის გამო დატრიალდა მაშინ ასეთი
266
ვნებათაღელვა. ოთარმა კი რამდენიმე წლის მერე ქართული კინო ნამდვილი შედევრით გაამდიდრა – ეს იყო ნაზი, ღრმა, მსუბუქი და სულ ახლებური კინოს ენით ამეტყველებული იყო შაშვი მგალობელი.
სწორედ იმ პერიოდში რამდენიმე ახალგაზრდა კინემატოგრაფისტი – ელდარ შენგელაია, დიმა თაყაიშვილი, ტიტო კალატოზიშვილი და მე – დაგვიბარა თავისთან გურამ ენუქიძემ, რომელიც მაშინ კინოსტუდიის პარტკომი იყო და ვისთანაც კარგი პირადი ურთიერთობა გვქონდა. მისი მიზანი იყო დავერწმუნებინეთ, რომ საბჭოთა სინამდვილეში დასრულდა ე.წ. ლღვობის ხანა, რომ ახალი ქართული კინოს თავზე ბნელი ღრუბლები იკრიბებოდა, რომ მზადდებოდა დადგენილება ამ კინოს არასაბჭოთა სულისკვეთების შესახებ და ერთადერთი გზა მისი გადარჩენისა იყო ჩვენი პარტიაში შესვლა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მას და ჩვენს სხვა კეთილისმსურველებს შესაძლებლობა მიეცემოდათ, დაეცვათ ჩვენი პოზიციები... ჩვენ ნამდვილი დილემის წინაშე აღმოვჩნდით: ერთი მხრივ, გვჯეროდა გურამის გულწრფელი შეშფოთების, მეორე მხრივ, ძალიან გვიჭირდა ასეთ კომპრომისზე წასვლა. რაღაც ხანი ფიქრსა და ჭოჭმანში გავატარეთ და ბოლოს, კოლეგებთან მოლაპარაკების შედეგად, გადავწყვიტეთ ამ ნაბიჯის გადადგმა. მიგვიწვიეს პირველი მაისის რაიკომში გასაუბრებაზე. რაიკომის მდივანს, – თუ არ ვცდები, ეს ვარვარა გრიგალაშვილი იყო – უნდოდა ჩვენი მიღება ყოველგვარი გასაუბრების გარეშე, მაგრამ ერთმა ვეტერანმა კომუნისტმა, გვარად ცინცაძემ, თავი გამოიდო, შეკითხვა მინდა დავუსვაო.
ამ კანონიერ სურვილს ვერავინ შეეწინააღმდეგა. პატარა, წვრილ-თვალებიანმა კაცმა ჩვენ შორის დიმა ამოირჩია, ალბათ ყველაზე რესპექტაბელურად ეჩვენა – დიმა ყველაზე უფროსი იყო ჩვენში – და ჯიქურ ჰკითხა: რით უნდა ხელმძღვანელობდეს ცხოვრებაში პარტიის წევრი? დიმა დაიბნა, უმწეოდ გამოგვხედა და რაკი ჩვენ ვდუმდით, წინ გადაიხარა და შესძახა: სინდისით და ნამუსით! – ფუი, შენს სინდისს და ნამუსს! – აღშფოთებით დაიძახა ცინცაძემ, – მარქსიზმ-ლენინიზმი არ გაგიგონია?! – ასე შევირცხვინეთ თავი ძველი ბოლშევიკის წინაშე და წამოვედით
267
რაიკომიდან იმ ფარული იმედით, რომ არავინ არასოდეს აღარ შე-მოგვთავაზებდა პარტიაში შესვლას. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რამდენიმე დღის მერე ჩვენ ისევ იმავე შემადგენლობით დაგვიბარეს რაიკომში და ჩქარ-ჩქარა, რომ არავითარ ძველ ბოლშევიკს აღარ შეეშალა ხელი, დაგვირიგეს პარტბილეთები. მე დღესაც არ ვიცი, შეიცვალა თუ არა ქართულ კინოში რამე ჩვენი გადაწყვეტილების შედეგად, ჩემს ცხოვრებაში კი ერთი მუდმივად სანანებელი საქციელი გაჩნდა.
სიბრძნე-სიცრუისა... ტემპერამენტით და იუმორით გაჟღენთილი, მხიარული და ბრძნული სპექტაკლი! ამ სპექტაკლში ყველაფერი მოულოდნელი იყო და ახლებური, და განსაკუთრებით მისი ფორმა, პანტონიმებით, ცეკვით, რიტმული სვლებით დახუნძლული თვალწარმტაცი სანახაობა. პირველი შოკი მაყურებელმა მიიღო მაშინ, როცა უფლის-წული გაემართა სამოგზაუროდ და უეცრად მის წინაშე რაღაც საკვირველება გადაიშალა – ზემოდან ჩამოეშვა კოკა იგნატოვის შექმნილი უზარმაზარი ფერადი ფარდა, რომელიც ნამდვილად იწვევდა უსასრულო და მშვენიერი სამყაროს ასოციაციას! ხოლო როცა ნოდარ მამისაშვილის მუსიკის რიტმში ვეზირები ცეკვა-ცეკვით დაიძრნენ უფლისწულისთვის ამ უკიდეგანო ქვეყნიერების საჩვენებლად, ეს ისეთი მომხიბვლელი იყო და მოულოდნელი, რომ დაუდგრომელი ლადო ბრავოს ძახილით წამო-იჭრა ფეხზე, მას მთელი დარბაზი მიჰყვა და ასე, მაყურებლის შეუნელე-ბელი ენთუზიაზმის თანხლებით, ჩაიარა მთელმა სპექტაკლმა.
სიბრძნე-სიცრუისა ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა – ნანა ხატისკაცმა და თენგიზ მაღალაშვილმა დადგეს. თენგიზი – მშვიდი, მყარი, ოპტი-მიზმით სავსე, უაღრესად კომუნიკაბელური, და ნანა – ნერვიული, მარადმბორგავი, სივრცისა და წვიმის შიშით შეპყრობილი, მარტოობისკენ მიდრეკილი... ეს ამდენად განსხვავებული ადამიანები თითქოს იმისთვის იყვნენ გაჩენილნი, რომ ერთმანეთი შეევსოთ და ჩვენს სინამდვილეში საკმაოდ იშვიათი მოვლენა – ნამდვილი ჰარმონიული წყვილი შეექმნათ, წყვილი, რომელსაც დამცინავმა და გონებამახვილმა იურა ზარეცკიმ რომეო და ჯულიეტა პენსიაზე შეარქვა. ეს ბიჭვინთაში მოხდა,
268
პლაჟზე. ნანა და თენგიზი, როგორც ყოველთვის, ხელიხელჩაკიდებულნი შედიოდნენ ზღვაში, – ნანას ზღვისაც ეშინოდა და ქვებზე სიარულიც უჭირდა, ამიტომ ორივე ხელით ჩააფრინდებოდა ხოლმე თენგიზს და ისიც, რა თქმა უნდა, ერთი წუთით არ ტოვებდა მარტოს. აი, მაშინ დაიძახა იურამ: Ромео и Джульета на пенсии!
ყველა ვხარხარებდით, ლადო ქვებზე გაგორდა სიცილით, თენგიზი იურას დაედევნა საცემრად. ის კი გარბოდა და თან ყვიროდა: თუ ასე გეწყინათ რომეო და ჯულიეტობა, მარტო პენსიაზე გასულებს დაგიძახებთო! ეს სურათი, თავისი სისადავითა და უბრალოებით, რატომღაც ხშირად მიდგება თვალწინ და ყოველთვის ერთნაირად მეკუმშება გული: ეს ხომ სულ ახლახან იყო – ზღვა, ბიჭვინთა, ქართველ კინემატოგრაფისტთა სახლი, ე.წ. დომ ტვორჩესტვა, რომელიც სამუდამოდ ჩვენი საკუთრება გვეგონა, და ჩვენ ყველა – ცოცხლები და ერთად!
იმ წლებში ელდარ შენგელაიამ გადაიღო არაჩვეულებრივი გამოფენა, ეს იუმორით სავსე, მსუბუქი და სევდიანი არაკი ჩვენი ცხოვრების შესახებ, ფილმი, რომელსაც იშვიათი ბედი ხვდა წილად – ის ქართველი ხალხის საყვარელ, ჭეშმარიტად სახალხო ნაწარმოებად იქცა. და ეს არამარტო ამ ფილმის ხვედრი იყო. არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, ცისფერი მთები... ამ სურათებით ელდარმა და რეზო გაბრიაძემ შემოიტანეს ქართულ კინოში თბილი ირონიის განუმეორებელი ინტონაცია და ეკრანი იმ უცნაური ადამიანებით, ანუ შერეკილებით დაასახლეს, რომლებიც ასე ამდიდრებენ ცხოვრებას და რომელთა გამონათქვამებიც ჩვენს თანამემამულეთა ყოველდღიურობაში დამკვიდრდა.
მერე იყო გიორგი შენგელაიას ფიროსმანი. დღეს მე მინდა მოვიყვანო ნაწყვეტი იმ დროს ლიტერატურულ საქართველოში დაბეჭდილი ჩემი წერილიდან:
ავტორების წინაშე იდგა ურთულესი ამოცანა – შეექმნათ ეკრანზე ფიროსმანის სახე, გაეცოცხლებინათ მისი სამყარო, დასახლებული ორთაჭალის ფაშფაშა ტურფებით, გაბღენძილი თავადებით, გულუბრყვილო მეთევზეებით, მწუხარე მეეზოვით, ამაყი შავი და ყვითელი ლომებით,
269
სათუთი ირმებით, გაოცებული ჟირაფებით. ფიროსმანის სახე შექმნილია. მე დავუჯერე ავტორებს, რომ ეს სწორედ ის კაცია, რომელმაც საოცარი ტილოები დაწერა; აი, ეს დიდი და გულუბრყვილო კაცი, რომელიც მძიმე და უხერხული ნაბიჯებით დადის ეკრანზე და დააქვს ტვირთი თავისი ტალანტისა, ტრაგიზმი თავისი შეუსატყვისობისა იმ ცივ და გათიშულ საზოგადოებასთან; კაცი თავისი სულის უსაზღვრობით – საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი იზომება, სადაც თერმოსებში ინახავენ შთაგონებას (როგორც ამბობდა მარინა ცვეტაევა)... სურათი ფიროსმანისეული ხედვით არის გადაღებული: ბევრია საერთო პლანები, სადაც არაფერი არ არის წინა პლანზე წამოწეული, არის მხოლოდ სიღრმე, რამდენიმე ფენა ამ სიღრმისა, და კოლორიტი. რუხი კედლის ფონზე – ფიროსმანი, წითელი ბროწეულებით ხელში. მოდიან ძროხები, მათ შორის ერთი – თეთრი ძროხა. ფიროსმანმა შეხედა, ხელი შეახო... და წავიდა. წავიდა და თან წაიღო ეს სურათი, ეს ხატი, რომ შემდეგ თავის ფერწერაში აღებეჭდა... ვფიქრობ, ფილმი ფიროსმანი თავის განსაკუთრე-ბულ ადგილს დაიჭერს ქართული კინოს ისტორიაში.
მე მიხარია, რომ ეს სიტყვები დავწერე მაშინ, როცა მხოლოდ იწყებოდა ფილმის საეკრანო ცხოვრება და მისი აღქმაც მაყურებლის და კრიტიკის მიერ არ იყო ერთგვაროვანი.
იმავე პერიოდში რეზო ჩხეიძემ გადაიღო ჯარისკაცის მამა, სადაც სერგო ზაქარიაძესთან ერთად შექმნა ჯარისკაცის მამის ნამდვილად სახალხო ხასიათი. რეზო, საერთო საქმისადმი თავდადებული, ფანატიკურად მიმწოლი, მასშტაბური, ავტორიტარული და სენტიმენტალური ერთდროულად, ახალი ქართული კინოს ერთ-ერთი ბურჯი. ჩვენი აზრები ზოგად პრობლემებზე ხშირად არ ემთხვეოდა ერთმანეთს, ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდა ამ ბოლო დროს, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი ჩვენი ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული მეგობრობისთვის.
60-70-იან წლებში მიშა კობახიძემ გადაიღო თავისი პატარა შედევრები, რომლებშიც ადამიანის უნატიფესი გრძნობები ჟესტითა და პლასტიკით
270
არის გამოხატული, რეზო ესაძემ – ერთი ნახვით შეყვარება, თავისი დაუდგრომელი ტემპერამენტის ანარეკლი, მერაბ კოკოჩაშვილმა – მძაფრი ვნებებით დატვირთული დიდი მწვანე ველი, ნანა მჭედლიძემ – ირონიული და ძარღვიანი პირველი მერცხალი, ისეთივე ხალასი, როგორიც თვითონაა, საშა რეხვიაშვილმა – დახვეწილი, ძუნწი გამომსახველობითი საშუალებებით გამორჩეული, თანამედროვე მსოფლაღქმით აღბეჭდილი ფილმები...
(სულ ცოტა ხნის წინათ გავიგე, რომ რეზო ესაძემ გულის ურთულესი ოპერაცია გაიკეთა და, ფაქტობრივად, სიკვდილს გადაურჩა. ამ ამბავმა გამიმძაფრა გრძნობა ამ კაცის მიმართ, რომელსაც ბოლო ხანს განსაკუთრებით დავუახლოვდი და მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, როგორი მიმნდობია და გულუბრყვილო, ეს მუდამ მბორგავი, მუდამ რაღაც იდეით დამუხტული კინემატოგრაფისტი, მხატვარი და პოეტი...)
იმ დროს კინოსახლის დირექტორი იყო ლეო ბაქრაძე, გამორჩეულად დინამიური, ენერგიული, ინიციატივიანი ადამიანი. მან თავისი დაუცხრომელი ენთუზიაზმით მოახერხა ის, რომ კინოსახლში ცხოვრება დუღდა და გადმოდიოდა, შეუწყვეტლივ ჩამოდიოდნენ სტუმრები, მუდმივად იმართებოდა ახალი ფილმების ხალხმრავალი პრემიერები და განხილვები. შემდგომში ლეო მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, გადაიღო ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმები. მისი და ნათელა თოხაძის (ნიკო მუსხელიშვილის დისშვილი, სილამაზითა და ელეგანტურობით განთქმული) მშვენიერი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო ჩემთვის.
ახალგაზრდა ქართული კინო სუნთქავდა, მიუხედავად ცენზურისა, მიუხედავად ყველა აკრძალვისა, თუ იქნებ სწორედ ამის გამო. ის თავისებურად, ყველა თავისი შესაძლებლობით უპირისპირდებოდა ტოტალიტარიზმს, დიქტატურას; თვით მისი არსებობის ფაქტიც კი უცნაური იყო იმ დროში, ვინაიდან ის არც ერთი ასპექტით არ ასახავდა საბჭოთა სინამდვილეს, არ ლაპარაკობდა პარტიაზე, კომკავშირზე, არც კლასთა ბრძოლასა და პროლეტარიატის დიქტატურაზე, ის თავის არსში დისიდენტური
271
იყო. მახსოვს, როგორ გვეხვეწებოდა ელდარს და მე დევი სტურუა, იმ დროს ცეკას მდივანი იდეოლოგიის დარგში და ჩვენი მეგობარი, სადმე მაინც ახსენეთ კომუნისტური პარტიაო. ჩვენ გვეცინებოდა და ამაყად ვეუბნებოდით უარს.
სამოციანელების ქართული კინო 20-იანი წლების დიდი ქართული კინოს ტრადიციებს ემყარებოდა – ელისოს, საბას, დაკარგული სამოთხის ტრადიციებს. უფრო მეტიც, ის მთელი ქართული ხელოვნების წიაღიდან იყო ამოზრდილი და, ვფიქრობ, ამან განაპირობა მისი რენესანსული, სიცოცხლის დამამკვიდრებელი სული.
რამდენიმე ნაწყვეტი ჩემი იმდროინდელი ჩანაწერებიდან და გამოსვლებიდან კინოს შესახებ:
ადამიანის თვალი ხედავს სინამდვილეს თავისი ნოსტალგიის, თავისი მეხსიერების, თავისი წინათგრძნობებისა და წარმოსახვის პრიზმით. როდესაც ფილმს იღებ, ცდილობ კამერის ობიექტივი, რომელიც თავისთავად გულგრილია და მიუკერძოებელი, დაუახლოო ადამიანის თვალს, ანუ ადამიანის თვალისთვის დამახასიათებელი სუბიექტურობით აღჭურვო – აქედან მომდინარეობს რაკურსებისა და ობიექტივების ცვლა.
მხატვრული ნაწარმოები საკუთარი კანონებით ცხოვრობს. მისთვის დამღუპველია ჩვენს კინოცხოვრებაში გაბატონებული კონდიციამდე მიყვანის ტენდენცია, რომლის მიზანია მხატვრული ქსოვილი სქემამდე დაიყვანოს. სქემით ყველაფერი ნათელია, ცხოვრებაში – ყველაფერი რთული. კარგი ადამიანების საქციელიც ხანდახან მოულოდნელია და წინასწარ განუსაზღვრელი. აქედან მოდის უცნაური ადამიანების, შერეკილების მიმზიდველობა, ნოდარ დუმბაძის, რეზო გაბრიაძის გმირების მომხიბლაობა.
მხატვრის მისწრაფება – ცხოვრების ჭეშმარიტი რიტმების დაჭერაა. აუცილებელია დაკვირვება იმისთვის, რომ მივხვდეთ, საიდან მოდის ახალი იმპულსები. ჩვენი მიზანია – მხატვრულად გამოვიკვლიოთ ურთულესი და უფაქიზესი რამ – ადამიანის არსება და არანაკლებ რთული ორგანიზმი – ადამიანთა ერთობლიობა, საზოგადოება...
მხატვრული ანალიზის მეოხებით ხელოვნებამ და, კერძოდ, კინომ პასუხი უნდა გასცეს ძირითად კითხვას: როგორია ის სამყარო, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ – აბსურდი, ქაოსი, უაზრობა, სადაც ასევე უაზროდ მოძრაობს ბნელი ინსტინქტებით დატვირთული, უიმედოდ განწირული არსება – ადამიანი, თუ – ჰარმონია, სილამაზე, კანონზომიერება, რომელიც სამყაროს უმაღლესი არსების გონიერებას ემორჩილება?
რწმენა ყოველთვის უფრო გულუბრყვილოა, ვიდრე სკეფსისი, ვიდრე სასოწარკვეთა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რა გულუბრყვილო და მიამიტი იყო სევდიანი სახის რაინდი. და, მიუხედავად ამისა, ოთხი საუკუნის მანძილზე კაცობრიობა თაყვანს სცემს დონ-კიხოტს, მის გულუბრყვილობას და ადამიანისადმი, სიკეთისადმი მის რწმენას, როგორც სულის უმაღლეს გამოვლინებას და, მე ვიტყოდი, როგორც უმაღლეს სიბრძნეს. დღეს ისეთი ძველთაძველი და მარტივი ცნება, როგორიც არის სიკეთე, იღებს სრულიად ახალ, ჭეშმარიტად თანამედროვე აზრს და იქცევა პიროვნების მნიშვნელობის უმაღლეს ზნეობრივ კრიტერიუმად. მე მჯერა, რომ ქართული კინო, თავისი მრავალფეროვნებით, სწორედ ამ მაღალი, რენესანსული იდეალების დამკვიდრებას ემსახურება...
1967 წელი იყო. საბჭოთა მონოლითურ და შიშის მომგვრელ დიქტატურას თითქოს ოდნავ შესამჩნევი ბზარი გაუჩნდა, თუმცა კომუნიზმის შენობა ჯერ კიდევ არ იყო შერყეული.
საზეიმოდ გაიხსნა სასტუმრო ივერია. ლადო და მე სამთავრობო სუფრაზე მიგვიწვიეს. ეს პირველად მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ ყველაფერი გვაკვირვებდა და გვაცინებდა. უზარმაზარ მაგიდასთან ე.წ. ნომენკლატურის წარმომადგენლები ისხდნენ, ერთნაირ მუქ კოსტიუმებში გამოწყობილები, ერთნაირი უფერული ჰალსტუხებით, ერთგვარი გაზომილ-აწონილი გამომეტყველებით, დარბაისლურ ღიმილშიც კი საკუთარი ღირსების გრძნობა რომ ჭარბობს. გულწრფელად მაინტერესებდა ეს კასტა – სულ ახლახან დავბრუნდი კინოექსპედიციიდან და იმ ბოჰემური ცხოვრების ფონზე აქ ყველაფერი ისეთი უცხო იყო და უჩვეულო.
სუფრასთან, ჩვენ პირდაპირ, ახალგაზრდა კაცი იჯდა, სულ არ ჰგავდა სხვებს – უკან გადავარცხნილი ქერა თმა ჰქონდა, ნათელი ცისფერი თუ ნაცრისფერი თვალები, განსაკუთრებით კი მისი ოცდათორმეტკბილიანი ღიმილი მომხვდა თვალში. მე ვიფიქრე, რა უცნაურია, ასე ლაღად მხოლოდ ამერიკელი მსახიობები და პრეზიდენტები იღიმებიან-მეთქი. სუფრა მონოტონურად, პარტიული შტამპებით მიმდინარეობდა: კომუნისტური პარტიის სადღეგრძელო, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის – ვასილ პავლეს-ძე მჟავანაძის სადღეგრძელო... მოწყენილობის გასაქარწყლებლად თამაში მოვიგონეთ – ვცდილობდით ამოგვეცნო ქერა კაცის ვინაობა. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ თანამდებობის პირი არ იყო, სხვადასხვა არტისტულ პროფესიას ვუსადაგებდით... ჩემმა მეზობელმა – შავკოსტიუმიანმა ფუნქციონერმა – ყური მოჰკრა ჩვენს საუბარს და შიშნარევი ხმით ჩამჩურჩულა, ეგ ხომ ედუარდ შევარდნაძეაო! გავოცდი: შევარდნაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი, ირგვლივ ყველას შიშის ზარს რომ სცემდა! უცებ ამ ფაქტმა საშინლად გამამხიარულა: – თქვენ ის შევარდნაძე ხართ? ის შევარდნაძე? – ვეუბნებოდი და სიცილს ვერ ვიკავებდი, – მე ისეთ შავ, ჯმუხ, მუდამ შუბლშეჭმუხნილ კაცად წარმომედგინა! – გარშემო მსხდომნი, ცოტა არ იყოს, შეცბნენ, შევარდნაძეს კი გულიანად გაეცინა. სუფრის წევრებიც გახალისდნენ და მერე კარგა ხანს ყველა ერთად, აშკარად და დაუფარავად ვიცინოდით. ახლა, როცა იმ დროს ვიხსენებ, ვფიქრობ იმაზე, რომ სიცილი, ისევე როგორც ტირი-ლი, ადამიანის ყველაზე უფრო ადამიანური თვისებაა და რომ სწორედ მას ხელეწიფება დაძაბულობისა და შეურიგებლობის დამარცხება.
თანდათან ხორცს ისხამდა ახალი ფილმის კონტურები. ნანა ხატისკაცთან ერთად ვმუშაობდი სცენარზე, რომელსაც თავიდან მიწა, რომელზეც ვდგავართ ერქვა, საბოლოოდ კი ფერისცვალება ვუწოდეთ. თბილისი, ჩვენი ქალაქის ხალხმრავალი ქუჩები და სახლები, სადაც ჩვენ დავდივართ და ვცხოვრობთ, ადამიანები, რომლებიც ჩვენი მეგობრები და ახლობლები არიან, ჩვენ თვითონ; პიროვნება და საზოგადოება, პიროვნების პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ; მხატვარი,
274
საკუთარი თავისა და სხვებისადმი მისი მოვალეობა; სხვადასხვა ადამიანის ბედის შემთხვევითი თუ კანონზომიერი გადაკვეთები, მიწისქვეშა გადასასვლელში უეცარი მკვლელობა, რომელიც მეგობართა ჯგუფის თვალწინ ხდება, სოციალური ინდიფერენტიზმი და სინდისის გამოღვიძება... და საბოლოო აკორდი, ვარძია, როგორც მაშინ ვწერდი, ვარძია, კლდეში ჩამჯდარი და ბუმბერაზ პეიზაჟთან შერწყმული თეთრი ქალაქი, კლდეში გამოკვეთილი ეკლესიითა და თამარ მეფის ფრესკით – ეს ჩვენი ფესვებია, ის, რაც დღეს გაძლევს ძალას. ვარძია – ეს არის ჰარმო-ნია, რომლისკენაც ასე მიისწრაფვის დღევანდელი ადამიანი, თავისი გახლეჩილი, აწეწილი, აფორიაქებული ფსიქიკით. ანუ ვარძია არის ის, რაც ასე სჭირდებოდა ფილმის მთავარ, ეჭვებში ჩაფლულ გმირს. ამ გმირს გეიდარ ფალავანდიშვილი თამაშობდა. მის შერჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. გეიდარი, თავისი არისტოკრატიული გარეგნობით, სისადავითა და კეთილშობილებით, რომელიც ასე აშკარად იკითხებოდა მის მზერაში, ზუსტად ესადაგებოდა ჩემს წარმოსახვაში შექმნილი რეჟისორის პერსონაჟს. მთავარ ობიექტს – სოფიკოს ბინას – ვიღებდით ლადოს ულამაზეს სახელოსნოში, რომელიც მის მიერ იყო დაპროექტებული და თავისი უზარმაზარი, იმ დროისთვის სრულიად უჩვეულო ფანჯრებით მთელ ქალაქს გადასცქეროდა. ის სავსებით შეესაბამებოდა ფილმის სტილისტიკას, ამას ლადოც გრძნობდა და ამიტომ დაგვითმო თავისი უსაყვარლესი, მუშაობისა და განმარტოებისთვის განკუთვნილი ადგილი, ოღონდ კატეგორიულად – მხოლოდ ერთი თვით. მაგრამ კინოს თავისი კანონები აქვს, რომელთა ძალითაც წინასწარ დაგეგმილი ერთი თვე თავისთავად უნდა გადაიქცეს სამ თვედ და ლადოს მოწესრიგებული და დალაგებული სახელოსნო – არეულ-დარეულობის, ალიაქოთისა და მუდმივი აყალმაყალის კერად. და ყველაზე საოცარი ის არის, რომ ამას თვითონ ლადოც ეგუება, ლადო, ცნობილი თავისი თავკერძობითა და შეუპოვრობით საკუთარი სურვილების განხორციელებაში.
ფილმს უდიდესი წინააღმდეგობები შეხვდა ჯერ სცენარის დამტკიცების, მერე მისი გადაღების პროცესში. ორჯერ გამომიძახეს მოსკოვში
275
მასალის საჩვენებლად – ეს საბჭოთა ცენზურისთვისაც კი არ იყო ჩვეულებრივი ამბავი. სახკინოს თავმჯდომარის მოადგილემ – ბასკაკოვმა – ასე ჩამოაყალიბა დამოკიდებულება გადაღებული მასალის მიმართ: ჩვენ შეიძლება გადავიღოთ ფილმი გულგრილ ადამიანზე, მაგრამ გულგრილ საზოგადოებაზე – არავითარ შემთხვევაში!
ჩემგან მოითხოვდნენ ცვლილებებს, მოითხოვდნენ ტექსტის შეცვლას უკვე გადაღებულ სცენებში. ეს ყველაფერი საშინლად მტკივნეული იყო. ერთ-ერთ ჩვენებაზე ცნობილი საბჭოთა რეჟისორი – იული რაიზმანი მოიწვიეს, მან ნახა მასალა, ოფიციალურად რაღაც გაურკვეველი თქვა, მერე განზე გამიხმო და მითხრა: თქვენ უნდა გაიგოთ, რომ სხვა გამოსავალი არა გაქვთ, ჩვენი მთელი მუშაობა კინოში ამგვარი კომპრომისებისგან შედგება. ისეთ ფილმს, როგორიც თქვენ გინდათ, ნამდვილად არ გადაგაღებინებენ. ამიტომ უნდა გადაწყვიტოთ, რა გირჩევნიათ: შეიტანოთ ცვლილებები და გააგრძელოთ ფილმზე მუშაობა, თუ გაჩერდეთ. მე გადავწყვიტე მუშაობის გაგრძელება.
როცა დამთავრებული ფილმი ჩავიტანე მოსკოვში, სახკინოს თავმჯდომარემ – რომანოვმა – მითხრა: ადამიანი გაფრინდა კოსმოსში, თქვენ კი გაინტერესებთ მიწისქვეშა გადასასვლელები, მკვლელობა და ადამიანის განცდები! – მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობდა სხვა დამოკიდებულებაც. სურათის აქტიური დამცველი კინოსტუდიის მაშინდელი დირექტორი, ჩემი ყოფილი პროფესორი, მიშა კვესელავა იყო, ეს ყოველმხრივ გამორჩეული პიროვნება, რომელმაც, თავისი უშუალო სპეციალობის გარდა, ახალი ქართული კინოს განვითარებასაც დაასვა თავისი დაღი. სამუდამოდ დამამახსოვრდა სერგო ზაქარიაძის სიტყვები, ნათქვამი სამხატვრო საბჭოზე: მე ვერ ავხსნი, რა კავშირია თოვლიან მთებში დაღუპულ ბიჭსა, მარად მოფუსფუსე სოფიკოსა და მთავარი გმირის ძიებებს შორის, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს კავშირი არსებობს. იმ წუთში ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, ვინაიდან ეს იყო ის მთავარი, რისთვისაც ვაკეთებდი ფილმს: უხილავი თუ ხილული კავშირები ადამიანებს შო-რის, მათი ბედის კანონზომიერი და შემთხვევითი გადახლართვები...
მიუხედავად ცვლილებებისა, ფილმი მაინც ვერ გახდა მისაღები ცენზურისთვის: გაუთავებელი განხილვების მერე მთელი საბჭოთა კავშირისთვის დაიბეჭდა 19 ასლი, რაც, ფაქტობრივად, სურათის აკრძალვას ნიშნავდა.
არ მახსოვს ზუსტად რომელ წელს, მოსკოვის ერთ-ერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე შევხვდით ფრენსის ფორდ კოპოლას – ის მაშინ უკვე მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი იყო. მთელი საღამო ვისხედით რესტორანში ელდარ შენგელაია, კოპოლა და მე. კოპოლას ერთი ქართული ფილმი ჰქონდა ნანახი, ზუსტად არც კი ახსოვდა, რომელი, ის კი ახსოვდა, რომ ფილმი ძალიან მოეწონა; გარდა ამისა, თავისი ნაცნობებისგან, რომლებიც იყვნენ საქართველოში, იცოდა, რომ საქართველო მხიარული და მიმზიდველი ქვეყანაა და დიდი სურვილი ჰქონდა ფესტივალის მერე ჩვენთან ჩამოსულიყო. – სამწუხაროდ, ეს მისი სურვილი ვერ განხორციელდა, ვინაიდან სახკინოს თუ უფრო მაღალ ინსტანციებს საკუთარი მოსაზრება ჰქონდათ, ვისთვის უნდა მიეცათ ვიზა რომელიმე რესპუბლიკაში წასასვლელად და ვისთვის – არა. კოპოლა საქართველოში არ გამოუშვეს, მაგრამ მაშინ ჩვენ ეს ჯერ არ ვიცოდით და გულუბრყვილოდ ვაწყობდით გეგმებს, სად წავიყვანდით ჩვენს სტუმარს და რას ვაჩვენებდით. ელდარი უფრო სვანეთზე იყო ორიენტირებული, მე – ხევსურეთზე. იმ საღამოს ჩვენსა და ამ სულ სხვა სამყაროდან მოსულ ამერიკელ რეჟისორს შორის გაიბა ის, რასაც შეიძლება კინემატოგრაფიული მეგობრობა ეწოდოს. – მე არაერთხელ დავრწმუნებულვარ იქამდეც და მას მერეც, რომ სულ სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფისტები ძალიან ადვილად ქმნიან ერთობას, რადგანაც თვითონ პროფესიაა თავისი არსით ინტერნაციონალური. – მას მერე კიდევ ერთხელ შევხვდი კოპოლას ამერიკაში, ნიუ-იორკის ფესტივალზე – ეს უკვე პერესტროიკის ხანა იყო – და მე გამიკვირდა, როგორ აინტერესებდა მას ყველაფერი, რაც ჩვენ-თან ხდებოდა. ბოლოს სიცილით მითხრა: მე თქვენი პერესტროიკის დიდად არ მჯერა, მაგრამ იქნებ მას ის შედეგი მაინც მოჰყვეს, რომ მე საქართველოში გამომიშვანო.
ფრაგმენტები წიგნიდან "რაც მაგონდება და როგორც მაგონდება". გამომცემლობა ,,ფავორიტი პრინტი’’ 2018