ლანა ღოღობერიძე.რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე. სან-რემოს საავტორო ფილმების ფესტივალი.
თუ მიზანსცენა – მზერაა,
მონტაჟი არის გულისცემა.
ჟან-ლიუკ გოდარი
დაიწყო ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი, მღელვარებით, ტკივილებით, წვალებითა და სიხარულით სავსე პერიოდი. ეს იყო მუშაობა ფილმზე რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, რომელიც ასე დრამატულად დაემთხვა ლადოს ავადმყოფობასა და გარდაცვალებას.
ერლომ ახვლედიანი, ზაირა და მე ვსხედვართ ჩემი სახლის დიდ, მზიან შუშაბანდში და ვმუშაობთ, ხშირად თავდავიწყებით ვჩხუბობთ; გარეგნულად თვინიერი და ჭეშმარიტად რელიგიური ერლომი მუშაობის პროცესში კარგავს ქრისტიანის ყველაზე დამახასიათებელ თვისებას – შემწყნარებლობას და გააფთრებულ მოჩხუბრად გადაიქცევა ხოლმე! არც მე და ზაირა ვაკლებთ და გარედან ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს სამი ადამიანი ჩხუბის მეტს არაფერს აკეთებს. ლადო შემოყოფს ხოლმე ოთახში თავს და ჩვენი გაშმაგებული სახეების დანახვაზე გულიანად იცინის.
სცენარი კი თანდათან იძენს ფორმას, ივსება სისხლით და ხორცით. ერთი ადამიანის ისტორია, გადაკვეთილი სხვათა ისტორიებით... ეს იყო ჩემი მთავარი ჩანაფიქრი. მაინტერესებდა სამი სხვადასხვა პლასტის ერთმანეთზე გადახლართვა: მთავარი გმირის წარსული, ქალთა ინტერვიუები, თვითონ კონკრეტული ისტორია. ეს მიდრეკილება სულ ადრიდანვე აღმოვაჩინე ჩემში, მაგრამ განხორციელება მხოლოდ ამ ფილმში მოვახერხეთ. ქალი თავისი პირადი დრამით, თავისი ტკივილიანი წარსულის ტვირთით, და სხვები, სასოწარკვეთილნი, ვისაც არ გაუღიმა ბედმა და ისინიც, ვინც კმაყოფილია თავისი არსებობით. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, ქალი და ეპოქა, ქალი და დრო.
346
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის წარსულის თემას. დედის დაბრუნება ათწლიანი გადასახლებიდან – ეს ჩემი პირადი ტრაგედიაც იყო და მთელი ქვეყნის სატკივარიც. ამ ეპიზოდებს საფუძვლად დაედო ჩემი განცდების ყველაზე ინტიმური სფერო, ყველაზე დრამატული მოგონებები. ამავე დროს, ეს იყო თემა, რომელსაც საბჭოთა კინოში იმ დრომდე ტაბუ ჰქონდა დადებული. სწორედ ამის გამო ჯერ სცენარს და შემდეგ ფილმს დიდი დაბრკოლებები შეხვდა.
დღე და ღამე ვფიქრობდი, ვინ გადამეღო სოფიკოს დედის როლზე. ბუნებრივად სულ დედაჩემი მედგა თვალწინ და ვერც ერთ მსახიობში ვერ ვხედავდი იმ რაღაცას, რაც ფილმის პერსონაჟს ჩემს განცდილთან დააახლოებდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც რაღაცით მაგონებდა დედაჩემს, იქნებ იმიტომ, რომ მანაც მთელი ახალგაზრდობა ციხესა და გადასახლებაში გაატარა, თანაც რაღაც ხანი დედაჩემთან ერთად, იყო ქეთუსია ორახელაშვილი. მაგრამ ქეთუსიას ხომ არაფერი საერთო არ ჰქონდა მსახიობობასთან. მოუნდებოდა, ან გაბედავდა კი თამაშს? ამ ეჭვებით შეპყრობილი და აღელვებული ისე, თითქოს ამ აქტით უნდა მივახლოებოდი ან დავშორებოდი დედას, მივედი ქეთუსიასთან. და მოხდა საოცარი რამ – ქეთუსიას არც უყოყმანია, ისე დათანხმდა სინჯზე! ვცადოთო, მითხრა სულ უბრალოდ, – თუკი შევძელი, ნუცასთვის ამას როგორ არ გავაკეთებო.
იმ დროის ჩანაწერი: დღეს ვნახე ეკრანზე ქეთუსია ორახელაშვილი და მაშინვე გამიჩნდა ჩანაფიქრთან დამთხვევის იშვიათი გრძნობა: საოცარია, როგორ იკითხება ყველა მის ჟესტსა თუ გამოხედვაში მისი წარსული, დღევანდელი ტკივილი ახალგაზრდობაშივე ჩაკლული სურვილებისა და ოცნებების გამო, ბედისწერის გარდაუვალობის შეგრძნება და გადატანილის მთელი ტრაგიზმი. ერთი სიტყვით, მას თან მოაქვს თავისი სიმწრითა და ვნებებით დახუნძლული ბიოგრაფია, დიდი დირიჟორის – ევგენი მიქელაძის ცოლობა, 23 წლის ასაკში შეწყვეტილი ბრწყინვალე ცხოვრება, ტრაგიკული შეუთავსებლობა შვილთან და უძლურება ბედთან ჭიდილში...
347
არავითარი ეჭვი აღარა მაქვს, ქეთუსია ითამაშებს სოფიკოს დედას. ბედნიერი ვარ: დედა თითქოს ისევ აქვე არის, ჩემ გვერდით. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფილმის საკვანძო სცენა ჩემთვის დედის გადასახლებიდან დაბრუნებაა, სადაც მე შევეცდები კინოს ენით გადმოვცე ჩემი ძალიან ინტიმური განცდები, ჩემი მაშინდელი, თითქოს აუხსნელი, უსიხარულო მოლოდინი, ჩემი უგრძნობლობამდე მისული პროსტრაცია.
სცენარის მთავარ გმირად თავიდანვე სოფიკო ჭიაურელი გვესახებოდა. ის ზუსტად ემთხვეოდა ჩემს წარმოდგენას ფილმის გმირზე და ეს წინასწარი გრძნობა კიდევ უფრო გამიძლიერდა გადაღების პროცესში. სოფიკოსთან მუშაობა იყო ინტენსიური, დაძაბული და იმ მშვენიერი მოულოდნელობებით სავსე, რომელიც ასე განუმეორებელს ხდის თვით გადაღების პროცესს. დამახსომდა ასეთი ეპიზოდი: სოფიკოს ძალიან უჭირდა იმ სცენის თამაში, როდესაც გმირი მისდევს ქუჩაში თავის მეტოქეს, ამბობდა, რომ თვითონ ასე არ მოიქცეოდა, რომ მასში ყველაფერი ეწინააღმდეგება ამგვარ გამოვლინებას, რომ ის დამამცირებელია პერსონაჟისთვის და ა.შ. მე კი მთელი ჩემი არსებით ვიყავი დარწმუნებული, რომ გმირმა უნდა გაიაროს დამცირების ეტაპი იმისათვის, რომ საბოლოოდ კათარსისს მიაღწიოს. კარგა ხანი დამჭირდა, სანამ დავარწმუნებდი სოფიკოს ამ სცენის აუცილებლობაში, თუმცა მან სცენა მაინც ეჭვებით სავსემ ითამაშა და ჩემი სიმართლე დაიჯერა მხოლოდ მაშინ, როცა ვნახეთ გადაღებული მასალა, მე კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმ აურაცხელ შესაძლებლობებში, რომლებიც ჭეშმარიტ მსახიობში იმალება – ეს ხომ სოფიკოს იმწუთიერი მიგნება იყო, ეს ტკივილიანი და, ამავე დროს, ირონიული ღიმილი ეპიზოდის ბოლოს, ღიმილი, რომელმაც განუმეორებელი ფერი შესძინა პერსონაჟს.
ასევე რთული იყო მსახიობის შერჩევა სოფიკოს ქმრის როლზე: მას უსათუოდ უნდა ჰქონოდა ის პიროვნული ხიბლი, რომლის გამოც მისი ურთიერთობა სოფიკოსთან რთული და მრავალგანზომილებიანი უნდა გამხდარიყო. ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე არჩილის როლზე გია
349
ბადრიძის აყვანა. გია – ჭეშმარიტი მწიგნობარი, მრავალმხრივ განათლებული, ყველას და ყველაფრის მიმართ ირონიული და დამცინავი, რომლის საუბრის ყველაზე დამახასიათებელი შტრიხი ქირქილი იყო, ზუსტად შეესატყვისებოდა არჩილის იმ სახეს, როგორიც მე მქონდა წარმოდგენილი. და რომ ჩემი ჩანაფიქრი სწორი აღმოჩნდა, ამაში ასეთი ეპიზოდიც მარწმუნებს: ქალთა ფილმების ფესტივალზე, პარიზში, ერთმა გამომსვლელმა – მამაკაცმა – ასეთი სიტყვებით მომმართა: მე მინდა მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ეს ერთადერთი ფილმია ამ ფესტივალზე, რომლის მერეც მე არ ვგრძნობ თავს ერთადერთ დამნაშავედ ყველაფერში, რაც ქვეყნად ხდება.
დიდი სიამოვნება მომანიჭა ჟანრი ლოლაშვილთან მუშაობამაც. ჟანრი ძალიან საინტერესო და თავისებური მსახიობია, ის მუდმივად ეძებს მოულოდნელ და უცნაურ სვლებს, ჟესტის სიმკვეთრეს... მან უცებ, გადაღების პროცესში მოიგონა ასეთი მიზანსცენა – სახელოსნოდან სოფიკოს წასვლის მერე კედელს მიყრდნობილმა, უეცრად მძაფრი მოძრაობით ჩამოგლიჯა შპალერი და სახეზე ჩამოიფარა... ვფიქრობ, რომ ეს ჟესტი სასოწარკვეთის უკიდურესად ინდივიდუალური გამოხატულება იყო.
[...]
ფილმზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპიდან მონტაჟი ყოველთვის განსაკუთრებით მაინტერესებდა, რამდენიმე ინტერვიუზე მუშაობისას კი ის ჩემთვის სურათის შექმნის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. ფილმი, ისეთი, როგორიც ის არის, ნამდვილად სამონტაჟო მაგიდაზე დაიბადა. თავიდან ავაწყვე სურათი სცენარის მიხედვით, სადაც ყველა ინტერვიუ თავმოყრილი იყო ექსპოზიციაში, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი არ მაკმაყოფილებდა. არ იყო შეგრძნება იმისა, რომ ყველა ამ ქალის ბედი სოფიკოს ბედთან არის დაკავშირებული. ინტუიციით ვხვდებოდი, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ მონტაჟით შეიძლებოდა. და აი, მაგიდაზე გაშლილი მაქვს კადრები ეპიზოდისა, როცა ფოტოგრაფი მოდის სოფიკოსთან რედაქციაში და ცდილობს, მიიპყროს მისი ყურადღება, სოფიკო კი ერთ წერტილს მისჩერებია და არაფერი ესმის. ვუყურებ სოფიკოს გაყინულ სახეს და უცებ ნათლად ჩამესმის მძიმე კარის ჭრიალი და სასოწარკვეთილი ქალის ხმა: თავი დამანებეთ, თავი დამანებეთ! – და მე მივხვდი, რომ კარის ჭრიალიც და ეს ხმაც მე კი არა, სოფიკოს ესმის. მაშინვე ამოვიღე ბერტა ხაფავას ეპიზოდი ექსპოზიციიდან და კარის გაღებისა და ქალის ყვირილის კადრი მივაწებე სოფიკოს პლანს და
350
უცებ ვიგრძენი, რომ ეს აღმოჩენა იყო! ახალი მონტაჟის შედეგად გამოვიდა ასეთი სცენა: ზის გაოგნებული სოფიკო, ირაკლი რაღაცას ელაპარაკება, სოფიკო არ უსმენს, მას ესმის სულ სხვა კარის ჭრიალი, რომელიც სულ სხვა დროს და სულ სხვაგან იღებოდა მის წინ და ხედავს კარის მიღმა გააფთრებულ ქალს, რომელიც ყვირის, – დამანებეთ თავი, ყვე-ლამ დამანებეთ თავი! – ეჭვი არ იყო, გამოვიდა ზუსტად ის, რაც მინდოდა: ერთი ადამიანის სიცოცხლე ორგანულად გადაეჯაჭვა მეორეს, ერთის სასოწარკვეთილებამ ხაზი გაუსვა მეორის დრამას... ეპიზოდი კი ასე გაგრძელდა: ქალმა სოფიკოს ცხვირწინ მიუჯახუნა კარი, იმ სოფიკომ კი, რომელიც იჯდა რედაქციაში, მოიძრო პარიკი, მძიმედ წამოდგა და გავიდა ოთახიდან.
ასე მოულოდნელად მივაგენი პრინციპს, რომლის მიხედვითაც დავამონტაჟე მთელი ფილმი. ამრიგად, სურათმა შეიცვალა ფორმა, გაქრა არაფრის მთქმელი ექსპოზიცია. უცხო ქალების ბედი, ხან კონტრაპუნქტულად და ხან იმავე განწყობის ხაზგასმით, თითქოს თვითნებურად დაუკავშირდა სოფიკოს ცხოვრების მდინარებას და ამან გმირის სახეს დამატებითი ფერები შესძინა. მგონია, რომ ამგვარი მონტაჟის საშუალებით გულმა გაიმარჯვა გონებაზე, გაჩნდა ვნება სიუჟეტის მიღმა და სივრცის ცნება დროის ცნებას დაემორჩილა.
და კიდევ, ვფიქრობ, ამ ხერხით ხორცი შეისხა აზრმა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის: სოფიკო უბრალოდ ინტერვიუს კი არ იღებს ამ ქალებისგან, არამედ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თავს აიგივებს მათთან: ის თავს გრძნობს იმ მოხუცად, რომელსაც უნდა თავშესაფარში წასვლა, იმ იმედდაკარგულ ქალად, რომელსაც არავის დანახვა აღარ შეუძლია, ქარხნის მუშად, ბიბლიოთეკის გამგედ... ვინ იცის, იქნებ ამ უსასრულო მონოლოგებს ის თვითონ წარმოთქვამს, თავის თავთან მარტო დარჩენილი. სწორედ ეს არის საკუთარი თავის გაიგივება სხვებთან, ყველა სხვასთან. მე ვარ ის დევნილი მონა, როგორც ამბობდა უიტმენი.
ფილმის კომპოზიტორი იყო გია ყანჩელი, ჩვენი ის გამორჩეული თანამედროვე, რომლის სიმფონიურმა მუსიკამაც ბოლო წლებში ჭეშმარიტი
352
აღიარება მოიპოვა ევროპასა თუ ამერიკაში. გია უაღრესად საინტერესო პიროვნებაა, იშვიათად პირდაპირი, მკვეთრი განსჯასა თუ საქციელში, იუმორით სავსე. მან ჩემი ოთხი ფილმისთვის დაწერა მუსიკა და ჩემთვის ყოველ ახალ სურათზე მუშაობა ურთიერთგაგების სიხარულის მომგვრელი იყო. გიას კომპოზიტორისთვის უჩვეულოდ ღრმა აღქმა აქვს კინომონტაჟისა, ეს მე სწორედ რამდენიმე ინტერვიუზე მუშაობისას აღმოვაჩინე: მისი რეაქციები იმდენად საინტერესო იყო, რომ ხშირად ახალი გადაწყვეტილებებისკენ მიბიძგებდა და ხანდახან გამოსახულებას მისი მუსიკის მიხედვით ვამონტაჟებდი.
[...]
ფილმი დავამთავრე. მოსკოვში მისი ჩაბარების პროცესი ძალიან რთული იყო. სახკინოში გამოთქვამდნენ ასეთ აზრებს: რად გინდათ ეს წარსული ან ეს ინტერვიუები, ისინი არაფერს არ მატებენ ფილმს, ბევრად უფრო საინტერესო იქნება, თუ დატოვებთ ერთი სიყვარულისა და დაშორების ისტორიას. ჩემთვის ეს იმდენად მიუღებელი იყო, რომ მერ-ჩივნა ფილმი თაროზე შემოედოთ. უიმედობისგან ყველა შესწორებაზე უარი ვთქვი, აქტიურად დამეხმარა გერასიმოვი, რომელსაც ძალიან მოეწონა
353
ფილმი, მაგრამ მთავარი როლი ფილმის ბედის გადაწყვეტაში მაინც ედუარდ შევარდნაძის უშუალო ჩარევამ ითამაშა.მას არავითარი ეჭ-ვი არ გასჩენია ფილმთან დაკავშირებით (ჩვენს კინოში დამკვიდრებული ტრადიციით, ის ყველა ახალი ფილმის სანახავად პირდაპირ სტუდიაში მოდიოდა), თავისი აზრი გამოთქვა სახკინოს თავმჯდომარესთან – ფილიპ ერმაშთან – სატელეფონო საუბარში და ეს საკმარისი აღმოჩ-ნდა, რომ ფილმი ყოველგვარი კუპიურის გარეშე მიეღოთ.
მერე იყო სრულიად მოულოდნელი ზარი ბერლინიდან: ულრიხ და ერიკა გრეგორები, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ყველა-ზე საინტერსო და ინტელექტუალური ნაწილის – ფორუმის – შემქმნელები, მიწვევდნენ ფესტივალზე! მე, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებით შევხვდი ამ ცნობას, მაგრამ სახკინო თავისი თავის ერთგული აღმოჩნდა და, როგორც მოგვიანებით გავიგე, მოწვევას მისთვის ჩვეული პასუხი გასცა: რეჟისორი გადაღებაზეა დაკავებული და ვერ ჩამოვა, ფილმს კი გამოგიგზავნითო. ასე აღმოჩნდა ჩემი ფილმი ფესტივალის მონაწილე, მაგრამ მისი ბედიც საბჭოთა სინამდვილისთვის სტერეოტიპული გა-მოდგა: ეს ის წელი იყო, 1981, როდესაც საბჭოთა დელეგაციამ კატეგო-რიული პროტესტი განაცხადა ამერიკული ფილმის – ირმებზე ნადირობის – ჩვენებასთან დაკავშირებით იმ იმედით, რომ დირექცია მოხსნიდა სურათს ჩვენებიდან. ეს ასე არ მოხდა და ჩვენი დელეგაციის საპასუხო დემარშიც ტიპური იყო: ყველა საბჭოთა მონაწილემ დატოვა ფესტივალი და ყველა საბჭოთა ფილმი გამოწვეულ იქნა!
ასე დაიწყო, მაგრამ, საბედნიეროდ, სხვაგვარად დამთავრდა ჩემი ფილმის საფესტივალო თავგადასავალი. ერთი თვის მერე სურათი სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს და ამჯერად, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, მეც დამრთეს წასვლის ნება!
ეს იყო ჩემი პირველი მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალში.
სან-რემო – მთაზე შეფენილი, ფეშენებელური კურორტი ადრიატიკის სანაპიროზე. პირველი მძაფრი განცდა: ავიაკომპანია ალიტალიის გაფიცვის გამო დაიკარგა ჩემი ფილმი. მოსკოვიდან გამოგზავნეს 1-ლ მარტს,
354
დღეს 18-ია და ფილმი ჯერ არ ჩანს. ეძებენ იტალიის ყველა აეროპორტში, ჯერჯერობით უშედეგოდ. ფესტივალის დირექტორი ნინო ძუკელი, იშვიათად პატარა ტანისა და იტალიელის კვალობაზეც კი გამორჩეული ტემპერამენტის კაცი, სასოწარკვეთით ასავსავებს ხელებს: ფესტივალის წარმომადგენლებმა მოიარეს რომის აეროპორტის ყველა კუნჭული, სადაც კი გაფიცვის გამო უპატრონოდ ყრია სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ბარგი და ფილმის კვალს მაინც ვერ მიაგნეს. მე ცოტათი მშველის იუმორის გრძნობა, თორემ მდგომარეობა მართლაც სავალალოა: ფორმალურად ხარ საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე... და, ამავე დროს, არცა ხარ. თუ ფილმი არ გამოჩნდა ...
მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ფილმი იპოვეს და მაყურებლით გაჭედილ დარბაზში გაიმართა მისი ჩვენება. ჩაქრა სინათლე, აინთო ეკრანი, გაიელვა ფილმის პირველმა კადრებმა და მე მარტოობის უმწვავესი განცდა დამეუფლა: არც ერთი ახლობელი, ჩემი ქვეყნის არც ერთი წარმომადგენელი, არც ერთი ნაცნობიც კი. უცებ მომეჩვენა, რომ რაღაც ძალამ შუა ზღვაში გადამაგო და მე ისიც კი არ ვიცოდი, საით იყო ნაპირი. მაგრამ დაიწყო ფილმი, დარბაზი გაინაბა... და მე რაღაც მეშვიდე გრძნო-ბით ვიგრძენი, როგორ გაიბა უხილავი ძაფები მაყურებელსა და ეკრანს შორის და ერთბაშად დამავიწყდა, რომ ვიყავი უცხო ქვეყანაში, სადაც არც ერთი გულშემატკივარი არ მყავდა. ვიჯექი და ამ უცხო მაყურებელთან ერთად მეც თითქოს პირველად ვუყურებდი ფილმს. მერე იყო ოვაციები, მოლოცვები, პრესკონფერენცია ძალიან დაინტერესებული კითხვებით... გაზეთებში დაიბეჭდა სტატიები. მინდა მოვიყვანო ნაწყვეტი ერთი წერილიდან, რომელიც განსაკუთრებით მომხვდა გულზე: ფილმში ქრის ისტორიის პათეტიკური ქარი. წარსული იკრიბება ჩვენს თავზე ღრუბლების სახით. ამ ღრუბლებქვეშ შეიძლება იცხოვრო, გიყვარდეს, გააკეთო სხვადასხვა საქმე, შეიძლება წვიმამ არც კი დასცხოს, მაგრამ ღრუბელი მუდამ იქ არის, ჩვენს თავზე.
355
მაშინ პირველად გავუგე გემო ფესტივალში მონაწილეობას: გამიჩნდა ბევრი ახალი ნაცნობი რეჟისორი, რომლებთანაც გაუთავებლად ვლაპარაკობდით კინოს პრობლემებზე, ერთად ვსეირნობდით სანაპიროზე და ვესწრებოდით ფილმების ჩვენებას.
დასრულდა ფესტივალი. იმ დღეს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი უნდა გამართულიყო. დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ეს ძალიან უცნაური იყო. წამოვხტი, ავიღე ყურმილი და გავიგონე ხმა ნინო ძუკელისა, რომელიც საშინელი აღელვებით, სხაპასხუპით, ფრანგულ-იტალიურად მეუბნებოდა რაღაცას. კარგა ხანს არაფერი მესმოდა, ბოლოს გამოიკვეთა სიტყვები – გრან-პრი, გრან-პრი... სიტყვები კი გავიგონე, მაგრამ არსს კიდევ კარგა ხანს ვერ ჩავწვდი; ბოლოს და ბოლოს, ჩემზე უფრო აღელვებულმა ძუკელიმ შედარებით დალაგებით მითხრა, რომ მივიღე ფესტივალის მთავარი პრიზი, თან დაბეჯითებით მთხოვა, არავისთვის არაფერი მეთქვა, რადგანაც პრიზების გამოცხადებამდე, ანუ საღამომდე, ეს ღრმა საიდუმლო იყო. მე ფიცი მივეცი, რომ ხმას არ ამოვიღებდი და გაოგნებული წავედი სასტუმროს რესტორანში, სადაც ვსაუზმობდით ფესტივალის მონაწილენი. ჩუმად დავჯექი ჩემს ადგილზე და უცებ დავინახე, რომ მეზობელი მაგიდიდან პოლონელი კინემატოგრაფისტები აღფრთოვანებით მიქნევენ ხელებს და აშკარად მილოცავენ რაღაცას. მე ჯერ კიდევ ვცდილობდი, არ გამეტეხა ძუკელისთვის მიცემული სიტყვა და გულგრილი იერი მიმეღო, მაგრამ ეს უკვე სასაცილო ხდებოდა, ვინაიდან ახლა ფრანგებმა მომილოცეს – ჯერ შორიდან, მერე ვიღაც წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი მთელი რესტორანი სვამდა ჩემს სადღეგრძელოს და მილოცავდა ფილმის გამარჯვებას! მე ვიცინოდი და თან ვფიქრობდი, რომ ამ მთელ ეპიზოდს, იტალიური ფილმების მიბაძვით, შეიძლება დაერქვას საიდუმლო იტალიურად.
ამ პრიზის მერე ფილმით ვიყავი მიწვეული პარიზში, შვეიცარიაში – ლოკარნოს ფესტივალზე, იაპონიაში... მივიღე მოწვევა ნიუ-იორკიდან, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან, სადაც არ გამიშვეს, ამერიკასთან
356
გართულებული ურთიერთობის გამო (ეს ის დრო იყო, როცა საბჭო-თა ჯარები შევიდნენ ავღანეთში). აქაც ჩემთვის უკვე ცნობილი მექანიზ-მი ამოქმედდა: სახკინოდან ფესტივალის დირექციას მისწერეს, რომ მე ახალი ფილმის გადაღებით ვიყავი დაკავებული, სურათი კი მაინც აჩვენეს და ნიუ-იორკ ტაიმსში საქებარი რეცენზიაც დაიბეჭდა, რაც საბჭოთა კინოსთვის იმ დროს დიდი იშვიათობა იყო. მერე სურათმა მიიღო პრიზი საუკეთესო ფილმისთვის აშხაბადის საკავშირო ფესტივალზე, დაბოლოს, რაც ყველაზე გასაკვირია, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრე-მია! და დღესაც მახსოვს, რა ენთუზიაზმით მილოცავდნენ ამ პრემიას ისინი, ვინც ცოტა ხნის წინ ფილმის აკრძალვას ლამობდა.
ფრაგმენტები წიგნიდან "რაც მაგონდება და როგორც მაგონდება". გამომცემლობა ,,ფავორიტი პრინტი’’ 2018