ლანა ღოღობერიძე. დღეს ღამე უთენებია. 1981 წელი. ჩანაწერები
1981 წლიდან ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეპოპეა – მუშაობა ფილმზე დღეს ღამე უთენებია, რომლის სცენარის მიღების პროცესი უკიდურესად დრამატულად წარიმართა. მოსკოვში, სახკინოში, განხილვაზე გამოგვიძახეს საქართველოს კინოკომიტეტის თავმჯდომარე, ჩვენი თანამოაზრე და მეგობარი, კაკო დვალიშვილი და მე. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს კარგს არაფერს მოასწავებდა. განხილვა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მისი მთავარი აზრი ასეთი იყო: თქვენი სცენარის მიხედვით გამოდის, რომ ყველაფერი, რაც იყო, ფუჭია – რევოლუციაც, კოლექტივიზაციაც და, საერთოდ, მთელი ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის. შედეგი მიტოვებული სოფელი და ადამიანის მუდმივი მარტოობაა... მე თავგადაკლული ვიბრძოდი, ბატონი კაკოც მიბამდა მხარს, მაგრამ ჩვენი მცდელობა ამაო იყო. ბოლოს თავმჯდომარის მოადგილემ – პავლიონოკმა – ასეთი განაჩენი გამოგვიტანა: სახკინოს დახმარებით ეს სცენარი არ დაიდგმება.
ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი დრამა. ისევ უნდა გადაყრილიყო წყალში ზაირა არსენიშვილისა და ჩემი ორი წლის თავდაუზოგავი შრომა, ისევ განუხორციელებელი უნდა დარჩენილიყო ფილმთან დაკავშირებული ყველა მიზანი! უჩვეულო ის იყო, რომ ჩვენი მუდმივი ცენზორები შესწორებებს კი არ მოითხოვდნენ, არამედ მათ კატეგორიულად უარყვეს სცენარი, როგორც ანტისაბჭოთა. იმედდაკარგული დავბრუნდი თბილისში. კინემატოგრაფისტთა პლენუმზე შევხვდი შევარდნაძეს, მან წვრილად გამომკითხა სიტუაცია, მითხრა, სცენარი გადმომეციო. ნუთუ წაიკითხავთ-მეთქი? მე იმისთვის კი არ წავიკითხავ, რომ აზრი გამოვთქვა: უამისოდაც ვფიქრობ, რომ, თუ ფილმის გადაღება გინდა, უნდა გადაიღო; წაკითხვა იმათთან დასალაპარაკებლად მჭირდებაო (ეს იყო ცეკას მდივნის მხრიდან პოლიტიკური ცენზურის პრინციპული უარყოფა – სრულიად არნახული რამ საბჭოთა კავშირში!).
368
ცხადია, სცენარი გადავეცი. გავიდა დაახლოებით ათი დღე. სრულიად გამოფიტულად ვგრძნობდი თავს, უაზროდ დავდიოდი კინოსტუდიაში, ვერავითარ საქმეს ვერ ვუდებდი გულს.
იმ დღეს ადრე წამოვედი სტუდიიდან, მდივანს ვუთხარი, ზაირა არსენიშვილთან მივდივარ-მეთქი და რატომღაც ტელეფონის ნომერი დავუტოვე. მივედი ზაირასთან და მაშინვე გაისმა ტელეფონის ზარი – ტატანომ მითხრა, შენ გეძახიანო. შევარდნაძის მუდმივი მდივანი ცისანა რეკავდა, ბატონ ედუარდს უნდა თქვენთან საუბარიო (ეს საკმაოდ უჩვეულო რამ იყო იმ დროს და იმ სისტემაში, თუმცა, ალბათ არც სხვა დროისა და სისტემისთვის არის მაინცდამაინც დამახასიათებელი – ქვეყნის პირველი პირი კინორეჟისორს ურეკავდეს მეგობრის ბინაზე). სცენარზე დამიწყო საუბარი. მე ისევ გავიკვირვე, ნუთუ მართლა წაიკითხეთ-მეთქი? გაეცინა, ვითომ რატომ არ უნდა წამეკითხაო. ამ საუბრიდან განსაკუთრებით ასეთი დეტალი დამახსომდა: მე ვუთხარი, მათ (ანუ რუსებს) არ ესმით, რომ ჩვენთვის მთის ერთი სოფლის დაცარიელება პრობლემაა-მეთქი. აი, ეს რომ არ ესმით და კიდევ ბევრი სხვა რამ, მიპასუხა ბატონმა ედუარდმა, იმიტომ აქვთ ასე კარგად საქმე ყველაფერშიო! – ვფიქრობ, საინტერესოა ის, რომ ეს 1980 წელს ხდებოდა.
ბოლოს მითხრა: ჩემი აზრით, პრობლემა არ იქნება, ოღონდ თქვენც ცოტა რამე შეცვალეთ, რომ ლაპარაკი შეიძლებოდესო. რა და როგორ მოხდა კულისებს მიღმა, აღარ ვიცი, ფაქტი ისაა, რომ ფილმი წარმოებაში ჩაუშვეს. ცოტა ხნის მერე კიევში, კინემატოგრაფისტთა რომელიღაც შეკრებაზე, პავლიონოკი შემხვდა და გულღია ღიმილით შემომეგება: А ведь сценарий получился! Вот сценарий! – და ცერი ასწია. მე ვერაფერი ვუპასუხე იმის შიშით, რომ ფილმი არ დაეხურათ. ვიღიმოდი და თავს ვინუგეშებდი იმით, რომ უსიტყვოდ ვეუბნებოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობდი პირადად მასზე და ადამიანის გამანადგურებელ მთელ ამ სისტემაზე. ის კი, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, ეჭვს და სინანულს მიუჩვეველი კაცის ხალისით, სუფრასთან მეპატიჟებოდა.
370
ბოლოს და ბოლოს, დავიწყეთ ფილმის გადაღება და დღეს მინდა მკითხველს შევთავაზო ზოგი რამ იმ დროის ჩანაწერებიდან:
დღეს ღამე უთენებია ზაირას ბავშვობის და ახალგაზრდობის შთაბეჭდილებათა ანარეკლია: ევა მისი ბებიის მეგობარი იყო, მისი ცხოვრების ტრაგიკულმა ისტორიამ ზაირას თვალწინ გაიარა. ზაირას კი ყველაფერი, რაც უნახავს და განუცდია, იშვიათი სიცხადით აქვს ჩაბეჭდილი მეხსიერებაში.
ვფიქრობ სცენარზე:
სულ სხვადასხვა ტიპისა და ეროვნების ადამიანები უფიქრდებიან ერთსა და იმავეს: როგორ გადაარჩინონ სული ჩვენს ტექნოკრატიულ, დინამიურ, გიჟურად მალემსრბოლ საუკუნეში; და ყოველი მათგანი – ყირგიზი ჩინგიზ აიტმატოვი, ციმბირელი რასპუტინი თუ სომეხი გრანტ მატევოსიანი და მათთან ერთად ჩვენც – ზაირა და მე – ხსნას ვხედავთ ფესვებთან დაბრუნებაში, იმ ზნეობრივი საწყისების გაცოცხლებაში, რომლებიც შემოინახა ერმა და რომლებმაც ათასწლეულებს გაუძლო. გამაოცა კონცეფციის მსგავსებამ, როდესაც სცენარის დამთავრების მერე წავიკითხე რასპუტინი, და მერე აიტმატოვის და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე. კონცეფციის მსგავსებამ გამოიწვია მსგავსება ადგილისა, სადაც მოქმედება მიმდინარეობს, – პატარა, მთაში დაკარგული სოფელი, ან ქვეყნისგან მოწყვეტილი სარკინიგზო სადგური, – და, ასევე, აპელირება სიბერეზე, რომელმაც შეიწოვა ხალხის მეხსიერება, ერის ზნეობრივი იდეალები.
ჩვენი სცენარის მთავარი გმირის მთელ ცხოვრებას თან სდევს ტრაგიზმი. ეს ტრაგიზმი ევას ადრეულ ახალგაზრდობაში იწყება, მაშინ, როცა ვიღაცა კლავს მის ერთადერთ სიყვარულს, ის სწორედ ამ ვიღაცას მიჰყვება ცოლად და მხოლოდ მრავალი წლის მერე აღმოაჩენს, რომ მთელი სიცოცხლე თავისი სიყვარულის მკვლელთან იცხოვრა.
და მაინც, რა არის ტრაგედია? განცდილისა და გადატანილის შედეგი, აწმყოს უარყოფა წარსულის გამო, რომელსაც მაინც ვეღარასოდეს დაიბრუნებ, ან იქნებ ის არის მომავლის, ანუ სიკვდილის, არყოფნის მარადი
371
მოლოდინი. ბედისწერა, გარემოებათა – პირადისა და სოციალურის – საბედისწერო თუ შემთხვევითი გადახლართვა თუ კანონზომიერება, აუცილებლობა. მაგრამ ტრაგიკული შეიძლება იყოს მხოლოდ მაღალი სულის ადამიანი, პიროვნება, რომელსაც ძალუძს წინ აღუდგეს გარემოებას, თვით ბედისწერასაც კი. ასეთები არიან ბერძნული ტრაგედიის გმირები. ჩვენმა სკეპტიკურმა საუკუნემ ტრაგიზმის განცდას ჰერმან ჰესეს (თუ თომას მანის) ნათქვამი დაუპირისპირა: იქ, სადაც იმარჯვებს გონება, კვდება ტრაგედია.
ლიტერატურას ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება მითისადმი. მითი ემყარება ადამიანის თანდაყოლილ მოთხოვნილებას ეზიაროს მისტიკურს, მას ბიოლოგიური საფუძველი აქვს. რწმენა დემონებისა ეხმარება ადამიანს როგორღაც მაინც დაძლიოს გარე სამყაროს ქრონიკული შიში. როგორც ამბობდა სვეტლოვი, და მასზე ადრე ძმები გონკურები, ადამიანს შეუძლია შეელიოს აუცილებელს, მაგრამ ის ვერ ძლებს იმის გარეშე, რაც თითქოს ზედმეტია. არის მომენტები, როდესაც ლიტერატურას ეს რაღაც ზედმეტი (მითი) სჭირდება უფრო მეტად, ვიდრე ის, რაც აუცილებელია (არსებითია).
ირონიის შესახებ. ჯერჯერობით ეს ინტონაცია არ იგრძნობა სცენარში, ჩემთვის კი ის ძალიან მნიშვნელოვანია. სცენარი შეიძენს ირონიულ ინტონაციას მაშინ, როცა გაჩნდება კიდევ ერთი თვალთახედვა – გასხვისებული. ამ ეტაპზე არ მაინტერესებს უბრალოდ ამბის თხრობა, მინდა, რომ იყოს კიდევ ერთი პოზიცია, პოზიცია ღმერთის თუ ავტორის, რომელმაც ყველაფერი იცის წინასწარ და, რაც მთავარია, იცის, რომ არის ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა, ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა, ჟამი თესვისა და ჟამი მოსავლის აღებისა... ამ ფუნქციას ჩვენთან შეასრულებენ მოხეტიალე მსახიობები, რომლებიც ასახიერე-ბენ სიყვარულისა და სიკვდილის სცენებს და მღერიან ხალხურ კუპლეტებს. მე ვფიქრობ, ეს ზუსტად ემთხვევა როგორც მანანა, ისე თინა მენაბდის პიროვნებას – მე მათში ვხედავ ერთგვარ ქართველ არლეკინსა
372
და პიეროს. მანანაში არის გააფთრება, ნერვიულობა... და კიდევ, უნდა იყოს სიბრძნე.
ვფიქრობ ფერებზე და არა-ფერებზე.
მომავალში უსათუოდ უნდა გადავიღო შავ-თეთრი ფილმი.
თეთრი – უსასრულობის ფერი. როცა თეთრ სივრცეს ვხედავ, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს არ ვარსებობ.
შავი, რომელიც ბუნების ფერი არ არის: შეუძლებელია წარმოიდგინო ბუნებაში შავი ბალახი ან შავი ყვავილი. სწორედ ამის გამოა ის ასეთი პირობითი.
მე მხიბლავს შავის ტრაგიზმი.
თეთრი, ანუ არა-ფერი.
თეთრი და შავი ეჯახებიან და ავსებენ ერთმანეთს, როგორც სინათლე და სიბნელე.
მათთან მიმართებით ყველა სხვა ფერი დაუნდობლად აგრესიულია.
მთავარი პრობლემა – ვინ შეიძლება ითამაშოს ევა? პრეტენდენტი ორია – ლიკა ქავჟარაძე და დარეჯან ხარშილაძე. ორი სულ სხვადასხვა ტიპი, რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო გააზრებისკენ გიბიძგებენ. ლიკა – ხორცშესხმული სილამაზე, სილამაზე როგორც დროის ნიშანი, რომელიც მოვლენაშია გადაზრდილი. სილამაზე როგორც უფსკრული, რომელშიც ვარდები, სილამაზე როგორც შურისძიება. ის მახსენებს ანატოლ ფრანსის სიტყვებს: მე ვბედავ ვთქვა, რომ არ არსებობს ქვეყნად არაფერი უფრო ნამდვილი, ვიდრე სილამაზე. სილამაზე ყველაფერზე მეტად გვაახლოებს ღვთაებრივთან.
მაგრამ არის კი ასეთი ჩვენი სცენარის გმირი? – ლიკას რომ უყურებ, გგონია, რომ ის დაპროგრამებულია ბედნიერებისთვის, სიხარულისთვის; დარეჯანი – პირიქით, განწირულია ტკივილისა და ტანჯვისთვის. რა არის უფრო საინტერესო? რაშია მეტი სიმდიდრე? მაინც ჩემთვის მთავარია გადავიღო ფილმი ადამიანზე, რომელიც მუდამ ძიებაშია, ადამიანზე, რომლის სინდისიც ვერასდროს ვერ ისვენებს, რომელმაც
372
უსათუოდ უნდა გაიგოს, რაშია არსებობის აზრი, რომელიც წვალობს, რომელშიც ფეთქავს ჩვენი გიჟური საუკუნის ნერვი. და ასეთად კი უფრო მეტად დარეჯანი მესახება. საბოლოოდ, ეს ყველაფერი უნდა განსახიერდეს მოხუც ევაში, ანუ თამარა სხირტლაძეში. მასში ბევრი რამ უნდა იყოს შეთავსებული: ფანატიზმი და სინაზე, გულჩვილობა და შეუპოვრობა, იუმორი და სიმტკიცე, და მაინც ყველაზე მეტად – სიბრძნე და თანაგრძნობა ადამიანის მიმართ.
არაფერი არ არის დროზე ძვირფასი, ვინაიდან ის მარადიულობის საჩუქარია.
მოხუცი ევა მთლიანად განმსჭვალულია მარადიულობის შეგრძნებით; ის იმ ტირიფის ნაწილია, რომელიც მისი სახლის წინ დგას, ის შეზრდილია რიყის ქვებთან, ხეების ფესვებთან. მასში უნდა იგრძნობოდეს მინდიას თემა, თემა ბუნებასთან მისტიკური შერწყმისა. აქედან მოდის მზერის სიღრმე, გაშლილი ჟესტი, შინაგანი სიმშვიდის განცდა. მისი გერი – დარეჯანი, პირიქით, მომენტისა და წუთიერის ტყვეობაშია. მას ეჩქარება ცხოვრება, მარტო ცხოვრება კი არა, წაგლეჯა ყველაფრისა, რასაც მოიხელთებს; ამავე დროს, აუცილებლად უნდა გაიჟღეროს დარეჯანის მარტოობის თემამაც. ვფიქრობ, გურანდა გაბუნია ის მსახიობია, რომელსაც შეუძლია თავი გაართვას ამ სირთულეს.
ერთი კვირაა, რაც ვერტმფრენით ჩამოვფრინდით თბილისიდან დართლოში და მაშინვე დამეუფლა სასწაულის შეგრძნება! ჯერ ქვემოთ – ნისლში ჩაძირული, თითქოს პირდაპირ შუა საუკუნეებიდან ჩვენთან გადმოსროლილი და ლილისფერ მთებზე შეფენილი ეს რუხი, არქაული, ულამაზესი სოფელი; და მერე, ყველაფერი ის, რაც აქ ჩამოსვლისას უეცრად დაგვატყდა თავს! უცებ ყველაფერი შეიცვალა: სადღაც გაქრა ცივილიზაციითა და კომფორტით გამომუშავებული ჩვევები და ზედაპირზე პირველყოფილი ადამიანის მიდრეკილებები ამოტივტივდა, და მე ერთბაშად დამავიწყდა ის, რითიც ვცხოვრობდი აქამდე: ჩემი მყუდრო, კეთილმოწყობილი, ელექტრობით განათებული ბინა, ცხელი წყალი, ტელევიზორი, გარეთ – მოასფალტებული ქუჩები, ჩემი ლურჯი მოსკვიჩი...
373
და დღეს უკვე ეჭვი არ მეპარება, რომ ნამდვილი ცხოვრება მართლაც მხოლოდ ეს არის: ადგე განთიადისას, ჩაირბინო მთელი სოფელი და, სააბაზანოში პირის დაბანის ნაცვლად, გადაეშვა მთის უსწრაფეს, ყინულივით ცივ მდინარეში, თან ამაოდ ცდილობდე დაემალო ჯგუფის წევრებსა და გამვლელ მწყემსებს, და კიდევ – კავკასიურ ნაგაზებს, რომლებიც მთელი დღე ფეხდაფეხ დაგვყვებიან, ხოლო როცა ჩვენ მდინარეში ვყვინთავთ, თხემზე სხედან და დაკვირვებით თვალს გვადევნებენ; გადაღების მოედნისკენ უფსკრულზე გადმოკიდებული კლდეებით მიდიოდე თუ მიფოფხავდე; კაცები ისროდნენ ბადეს აბობოქრებულ მორევში და მერე, საღამოს, კოცონზე ერთად ვწვავდეთ კალმახს; თავისუფალ დროს ვხეტიალობდეთ მთებში სოკოს მოსაკრეფად და იმასაც ვწვავდეთ კეცზე; ღამით შევყურებდეთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, რომელიც აქ ბევრად ახლოა ჩვენთან, ვიდრე თბილისში, და, როგორც ადრეულ ახალგაზრდობაში, ვეძებდეთ და ვპოულობდეთ დიდ დათვს, პატარა დათვს, ირმის ნახტომს და ყოველი აღმოჩენისას გული გვიფანცქალებდეს სიხარულით; დილით კი ისევ ვუყურებდეთ წყაროთა დაბადებას და ხეობებში ჩარჩენილ შარშანდელ ზვავებს – ზვავის ერთი ასეთი ნარჩენი ჩვენი ჩანჩქერის გვერდითაა ჩაწოლილი. აქ არ არის სინათლე და, შესაბამისად, ტელევიზორი, არ არის ტუალეტი. ერთადერთი კავშირი გარე სამყაროსთან ვერტმფრენია. და მიუხედავად ამ მოწყვეტილობისა, თუ სწორედ ამის გამო, აქ ვსუნთქავ ისე, როგორც, მგონი, არასოდეს მისუნთქავს და ეს, ალბათ იმიტომ ხდება, რომ გენეტიკურად ამ მთებისა და ხეობების შვილი ვარ და არა ასფალტის! ბუნებასთან ერთიანობის განცდას აძლიერებს გურამ ფირცხალავას პიროვნება. გურამი – მთის ჩანჩქერივით მჩქეფარე. ის ისე დადის – დადის კი არა – დაფრინავს მთებსა და კლდეებზე, ისე დააჭენებს ცხენს ამ კლდე-ღრეში, ისე თევზაობს ანკესით ამ უსწრაფეს მდინარეში, ისე ანთებს ცეცხლს, ისე წვავს ნაკვერცხალზე თევზს, თითქოს ზღვის დონეზე დაბლა მდებარე ფოთში კი არა, ამ ცადაზიდული მთების შუაგულში დაბადებულიყოს და
375
არც არასდროს გაევლოს მოასფალტებულ ქუჩაზე და მანქანის საჭესაც არასოდეს მისჯდომოდეს.
აქ, მთათუშეთში, თავისთავად გებადება აზრი, რომ პეიზაჟი – ადამიანის სულის მდგომარეობის გამოძახილია.
ვმუშაობთ, ვმუშაობთ შეუწყვეტლივ, თავდაუზოგავად. როცა ასეთი ძნელია გადაღება, მაშინ განსაკუთრებით ჩანს ჩვენი ოპერატორის, ნუგზარ ერქომაიშვილის ვაჟკაცური ხასიათი – ვიცი, რომ მასთან ერთად ყველანაირ გაჭირვებას გავუძლებთ. ვმუშაობთ და სულ არ ვფიქრობ იმაზე, როგორი იქნება შედეგი. ახლა ეს ისეთი უმნიშვნელო ჩანს. მაგრამ მე ვიცი, რომ მალე დადგება ის შემაძრწუნებელი და მშვენიერი წამი, როცა ჩაქრება სინათლე ფილმის პირველი ჩვენების წინ, შენ ჩაიძირები სიბნელესა და მარტოობაში და გული გაგიჩერდება მღელვარებისა და შიშისგან... მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მერე, ახლა კი ვმუშაობთ, ვმუშაობთ ხალისით და სიხარულითაც კი. გადავიღეთ ევას გარბენები, სპირიდონას ცხენის ჭენება თვითმკვლელობის წინ – ძირითადად, საერთო ხედები. ვფიქრობ, რომ მთათუშეთში სწორედ საერთო ხედები უნდა გადაიღო: უზარმაზარი მთები და მათ ფერდებზე შეფენილი პატარა სოფლები, თივის პატარა ზვინები და პატარა მხედრები... – აი, ეს არის მთათუშეთი; ეს მასშტაბი ძალიან ზუსტად დაიჭირა თენგიზ მირზაშვილმა, ანუ, როგორც მას ყველა ვეძახით, ჩუბჩიკამ. მეც ყოველ კადრში ვეძებ ამ თანაფარდობებს.
დილით მოფრინდა ვერტმფრენი. უცებ ავიყარეთ და გავფრინდით ალაზნის სათავეებთან, სადაც ერთი ეპიზოდი უნდა გადაგვეღო. მოულოდნელად მფრინავმა გამოგვიცხადა, რომ აუცილებლად სხვაგან უნდა გაფრინდეს და საღამოსთვის უსათუოდ დაბრუნდება. იძულებული ვიყავი დავთანხმებულიყავი – სხვა გზა არ მქონდა. თუმცა მერე მთელი დღე არ მშორდებოდა შიში, რა იქნება, აქ ღამის გათევა რომ დაგვჭირდეს ღია ცის ქვეშ, საძილე ტომრებისა და თბილი ტანსაცმლის გარეშე-მეთქი! ალაზნის სათავეები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე დართლო, და ღამით აქ ნამდვილი სიცივეა. მაგრამ ახლა არ ღირს ამაზე ფიქრი,
376
ახლა უნდა მოვასწროთ, გადავიღოთ ყველაფერი, რაც ასეთ მღელვარებას იწვევს. ნატურა მართლაც საოცარია! დართლოსგან განსხვავებით, ხეობა ძალიან განიერია, მთების პერსპექტივა – უსასრულო. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ასეთი მთები არსად მინახავს – ასეთი მკაცრი და რბილი, ასეთი ცივი და შინაურული, ერთდროულად; რაღაც უცნაური, სხვადასხვა ფერის ხავერდოვანი საბურველით, ყველა ფერდზე შეფენილი ცხვრის ფარებით, ცხენებით, მწყემსებით... თითქოს საგანგებოდ ჩვენთვის გამოგონილი პეიზაჟია! ვიღებთ სულმოუთქმელად, გატაცებით, ჩვენი ენთუზიაზმი მწყემსებსაც გადაედოთ – ყველა ჩაერთო მუშაობაში, ზოგი გვეხმარება, როგორც ნამდვილი ასისტენტი, – მოათრევენ ნაბდებს, ხურჯინებს, ერეკებიან გადაღების მოედანზე ცხვარს, სხვები არანაკლები ხალისით მოქმედებენ კადრში, როგორც მსახიობები. ზედიზედ გადავიღეთ რამდენიმე ეპიზოდი: ცხვრის უზარმაზარი ფარის გავლა. – ძნელი იყო მთელი ამ ქარავნის აწყობა – ცხვრები, ცხენები, ძაღლები, მწყემსები. სცენა ცხენზე – ევა და პატარა დარეჯანი. მათ უკან დავაყენე ორი წლის წინათ აქ მოგზაურობისას გაცნობილი მწყემსი, რომელსაც მაშინ ჩემმა ფრანგმა რძალმა – ფრანსუაზამ – პოლ ნიუმენი დაარქვა. ეს თუში მეცხვარე, რომელიც მართლაც საოცრად ჰგავდა სახელგანთქმულ ამერიკელ მსახიობს, ამ ორ წელიწადში საკმაოდ მოტეხილიყო, თუმცა ისევე იპყრობდა ყურადღებას ბუნებრივად მედიდური იერით; საინტერესო გამოვიდა: გრძელი გავლა, გადაღებული გრძელ-ფოკუსიანი ოპტიკით. პოლ ნიუმენი ხან ჩნდება კადრში, ხან იკარგება, წინა პლანზე კი ცხენზე ამხედრებულ ევასა და პატარა დარეჯანს შორის მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ცხოვრებაზე. აქ, ალაზნის სათავეებთან, საერთო ხედი კიდევ უფრო მიმზიდველია, მასშტაბი კიდევ უფრო საგრძნობი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ გრანდიოზული ბუნების ფონზე ადამიანი არ ხდება პატარა და უმნიშვნელო, ის უბრალოდ ერწყმის პეიზაჟს. სულ სხვაა – ადამიანის პატარა ფიგურა ცათამბჯენებისა და, საერთოდ, ქალაქური პეიზაჟის ფონზე. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ქალაქთან ადამიანის შერწყმა შეუძლებელია,
377
ხოლო მიწასთან, ბალახთან, მთებთან, ხეობასთან – ბუნებრივი და კანონზომიერი.
მოგვიანებით მეცხვარეებმა სადილად მიგვიწვიეს, იქვე დაკლეს ცხვარი და მშვენიერი მწვადით გაგვიმასპინძლდნენ. მერე ვისხედით ერთად – გადამღები ჯგუფი, მსახიობები და თუში მეცხვარეები, ვსაუბრობდით ყველაფერზე – აქაურზე, იქაურზე. პოლ ნიუმენმა ფრანსუაზა და ჩემი შვილები გაიხსენა, – იქამდე ვერც კი შევატყვე, რომ საერთოდ მიცნო, – თან ფრანგი ქალის გახსენებაზე მოულოდნელად ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. ვჭამდით შიშხინა მწვადს, გავცქეროდით ოდნავ შებინდებულ ლილისფერ მთებს, უსიტყვოდაც ყველაფერი გვესმოდა ერთმანეთის, – და მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის, ასფალტის მკვიდრთათვის, ეს იყო ჭეშმარიტი ამაღლებისა და განწმენდის წამი.
მერე დაიწყო მოლოდინი. საღამოვდებოდა. უცებ გადავწყვიტე კიდევ ერთი პლანის გადაღება და გადავიღეთ კიდეც: გრძელი პანორამა მთებზე, რომელთაც ჩვენ თვალწინ იცვალეს სახე, – ხეობებში ჩაწოლილი ნისლის ანარეკლისგან მთის ფერდობები მუქი იასამნისფერი გახდა, – დაბოლოს, კამერა ჩერდება ევაზე, რომელიც შეისუნთქავს ამ ჰაერს, ამ სურნელებას, რომელიც აღიქვამს ამ წამს, როგორც სიცოცხლესთან დაბრუნებას; და აი, მაშინ, როცა ვიღებდით ამ უკანასკნელ პლანს, და ფირიც გათავდა... და სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა მღელვარება, განსაკუთრებით ბავშვების გამო, გაისმა ასეთი ნაცნობი და მშობლიური ხმა ვერტმფრენისა! გამოირკვა, რომ ის შიში სავსებით გამართლებული იყო, ვინაიდან ვერტმფრენს რაღაც დაზიანება აღმოაჩნდა და ჩვენ განწირულები ვიყავით აქ დასარჩენად. მაგრამ მფრინავმა შეუძლებელი მოიმოქმედა, დაუკავშირდა თავის კოლეგას, რომელიც ყაზბეგში სხვა დავალებით იმყოფებოდა, და ისე აუწერა ჩვენი სავალალო მდგომარეობა, რომ ამ ჩვენთვის უცნობმა ადამიანმა ყველა საქმე გადადო და სასწრაფოდ, რადგანაც დაბნელებულზე მთაში ფრენა შეუძლებელი ხდება, გამოფრინდა ჩვენ საშველად! აი, ეს იყო სიხარული! უკან მივფრინავდით ძალიან დაბლა ხეობის გასწვრივ და ისეთი შეგრძნება
378
გვქონდა, რომ ხელს თუ გაიწვდი, შეეხები ამ მთებს და მათ ფერდობებზე გაფანტულ სოფლებსა და ცხვრის ფარას...
დავბრუნდით დართლოში, ჩვენს მყუდრო სახლებში, ხის მოჩუქურთმებული საწოლებით, გაფუმფულებული საძილე ტომრებით, წყლით სავსე კასრებით, ნავთის ლამფებითა და სანთლებით; და თავი ჰილტონის საუკეთესო ნომერში გვეგონა!
ისევ ვიღებთ ნატურას, ძნელი სცენა – სპირიდონას თვითმკვლელობა. გურამმა უნდა შეაჭენოს ცხენი მდინარეში – მდინარე კი ძალიან სწრაფია, იოლად იტაცებს ცხენსაც და ადამიანსაც, – ისროლოს საფეთქელში, ჩავარდეს წყალში და, უკვე მკვდარი გაჰყვეს დინებას. ვფიქრობდი კასკადიორის ჩამოყვანას. გურამი აღშფოთდა – დარწმუნებულია, რომ ყველა კასკადიორზე უკეთ შეასრულებს ტრიუკს. ის მართლაც მშვენიერი ცხენოსანია და კარგად ცურავს, მაგრამ მაინც რჩება შიში, დინებამ არ დაანარცხოს ქვებზე. იწყება გადაღება. გურამმა შეაგდო გაჭენებული ცხენი წყალში, ცხენი უძალიანდება, მან მაინც მოახერხა მდინარეში შევარდნა, ისროლა, ჩავარდა მბორგავ მორევში, გაჰყვა დინებას... თითქოს ყველაფერი იყო, და მაინც არ არის შეგრძნება სრული სიზუსტისა. ვიღებთ კიდევ ერთ დუბლს, და კიდევ, და კიდევ... არ ვიცი, რა გამოვიდა. მხოლოდ უფრო გვიან მოვიფიქრე, რომ უნდა გადავიღო პლანი: ცხენი, მარტო დარჩენილი შუა მდინარეში, გამოდის ნაპირზე. კამერა პანორამით იღებს მდინარეს: ადამიანი აღარ არის. ეს გადაიკვეთება ბავშვის პლანებით, ბავშვისა, რომელიც მორბის, მორბის და ეძახის მამას. ასე ალბათ დამონტაჟდება.
საღამოობით ვსხედვართ ცეცხლის პირას, სახელდახელოდ გადახურულ ქოხში – ეს არის ჩვენი რესტორანი. კედელზე მიხატული გვაქვს ტელევიზორი, რომელსაც დროდადრო ვუყურებთ. აქ, მთათუშეთში ქალების და კაცების სრული თანასწორობა გვაქვს გამოცხადებული – საჭმელს ვამზადებთ და ჭურჭელს ვრეცხავთ თანაბრად, წყალი კი მხოლოდ კაცებს მოაქვთ. ვცხოვრობთ მხიარულად. დიდი ხანია არ მიგრძნია ასეთი სიმსუბუქე. ალბათ მთის ჰაერიც გვეხმარება. ხვალ ველოდებით ვერტმფრენს.
379
თუ არ მოფრინდა, ცუდი დღე დაგვადგება: თითქმის შემოგველია სანოვაგეც და ფირიც. და საერთოდ, უკვე სექტემბერია – არის დიდი ხნით ჩარჩენის საშიშროება.
ხვალ ველოდებით ვერტმფრენს და უნდა გავფრინდეთ თელავში.
გუშინ მთელი დღე წვიმდა. ვისხედით კოცონთან, ვიგონებდით სხვადასხვა თამაშს; ბოლოს, ბავშვობა გაგვახსენდა და დიდი გატაცებით დავიწყეთ ფანტის თამაში. მე და პატარა გურამს (გურამ ფალავანდიშვილი) ამოგვივიდა ჟოლოს მოსაკრეფად წასვლა. დილიდან შევუდექით გზას. ორი საათი ავდიოდით მთაში, წინ მიგვიძღოდა 75 წლის ქალი, რომელიც ტოპ-მოდელის მიხრა-მოხრით დაქროდა მთის ფერდებზე. ჟოლო გზაზეც ბევრი შეგვხვდა, მაგრამ იქ, თხემზე, ტყეში, მოულოდნელ მინდორზე... ეს იყო ნამდვილი პლანტაცია! თანაც ჟოლო აქ მსხვილია, მუქი წითელი და ძალიან გემრიელი. გურამ ფირცხალავამ, რომელიც წამოვიდა ჩვენთან ერთად, იპოვა რაღაც საკვირველი ხე და მე მაჩუქა. ვიჯექი ამ ხეზე, წამოწოლილი, როგორც ჰამაკში, და ვტკბებოდი საოცარი ხედით: სულ ქვემოთ – ალაზანი, უფრო მაღლა, მთის ვიწრო მდინარის პირას – ჩვენი დართლო, ერთ მხარეს, მთის წვერზე – მიტოვებული სოფელი, ყვავლო, თავისი კოშკით, მეორე მხარეს – კიდევ ერთი სოფელი, დანო, ციხესიმაგრით, რომელიც შორიდან ხარის თავს წააგავს. ეს ყველაფერი თან გამშვიდებს, თან ცხოვრების ამაოებაზე დაგაფიქრებს, მაგრამ იქვე ადამიანის სიდიადის განცდაც გეუფლება. გურამი ხვდება ჩემს განწყობას და კიდევ უფრო მეტი ხელგაშლილობით ახლა უკვე სჩუქრად მთელ ხეობას მიძღვნის თავისი სოფლებით, ციხესიმაგრეებითა და მთებით. და მეც სიხარულით ვიღებ ამ არაჩვეულებრივ ძღვენს!
და უცებ, სამი საათისთვის გამოვიდა მზე! ჩვენ კი არ ჩავდიოდით, არამედ გიჟებივით ჩავრბოდით ქვემოთ ძალიან საშიში ქვის ფერდობით, ბილიკსაც კი არ ვეძებდით, ოღონდ მოგვესწრო!
და მოვასწარით! გადავიღეთ უკანასკნელი კადრი და დავხარჯეთ უკანასკნელი მეტრი ფირი.
ახლა აღარაფერი გვრჩება, ლოდინის გარდა.
380
დღეს დილიდან მშვიდი, უღრუბლო, მზიანი დღეა. უცებ მომეძალა მარტოობის სურვილი, მინდა ავიდე სულ ზემოთ, მთის წვერზე, სოფელში, რომელსაც ვხედავდი გადაღმიდან და რომელსაც ყვავლო ჰქვია. მივდივარ ადრე დილით. არავის არ ესმის, რატომ არ მინდა ვინმეს წამოყოლა, მე კი სწორედ ეს სურვილი მაქვს, ვიყო სულ მარტო ამ ხეობასთან, ამ მდინარესთან, ამ ცასთან, ამ მთებთან, და ზემოდან დავხედო ჩემთვის უკვე ასე საყვარელ დართლოს. მივდივარ და მეუფლება განცდა, რომელიც ძალიან ზუსტად გამოხატა ბაირონმა: მარტოობა, რომელშიც ჩვენ ყველაზე ნაკლებად ვართ მარტო.
მივყვები ვიწრო ბილიკს, მივდივარ დიდხანს, თავს იჩენს ჩემი ახალგაზრდული გატაცება ალპინიზმით: ერთ ადგილას მომეჩვენა, რომ ბილიკი მარცხნივ უხვევს, სხვა ხეობაში, და კიდევ ერთი საათის სიარულის, უფრო ზუსტად, კლდეებზე ფოფხვის შემდეგ აღმოვაჩინე ჩემი შეცდომა, დავბრუნდი უკან და ჯიუტად განვაგრძე გზა. ასე ავედი მთის წვერზე და მივადექი ყვავლოს! ეს კიდევ უფრო არქაული სოფელი აღმოჩნდა, ვიდრე დართლო. გვერდით – პიტალო კლდეები და თოვლიანი მწვერვალები, ქვემოთ – უფსკრულივით ღრმა ხეობა და ხეობის ძირში – დართლო. ასე ვიდექი მთის წვერზე, მარტო, და ვცდილობდი შემესუნთქა ეს ყველაფერი ღრმად, ძალიან ღრმად, რომ დარჩენილიყო ჩემში რაც შეიძლება დიდხანს და არ გათქვეფილიყო ქალაქურ თუ კინემატოგრაფიულ ფუსფუსში. ეს იყო იშვიათი წამი განწმენდისა და სიმშვიდისა, სწორედ ისეთი, რომელსაც გინდა შესძახო: შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ! და აქვე მოხდა კიდევ ერთი საოცრება: უცებ ვიგრძენი, რომ მდინარისა და ჩანჩქერის ჩვეულ ხმაურს შეეპარა სხვა ხმაური, ოდნავ შესამჩნევი და მექანიკური და მე მაშინვე მივხვდი, რომ მოფრინავს ვერტმფრენი.
სულმოუთქმელად დავეშვი ქვემოთ.
მივფრინავთ სახლში. ბედნიერი ვარ, რომ ასე, ჩემებურად, თვალთახედვის, ანუ რაკურსის შეცვლით, დავემშვიდობე დართლოს, მთათუშეთს, ჩვენს მასპინძლებს, მეცხვარეებს... ამ ხატს ნამდვილად სამუდამოდ შევინახავ.
381
ვემზადებით ახალი ექსპედიციისთვის, ყოველდღე ვმუშაობ მსახიობებთან. მსახიობში რაღაც ამოუცნობი საიდუმლოა ჩამალული. მე მიყვარს ეს უძველესი და ადამიანისთვის უბუნებრივესი პროფესია, რომელიც მოითხოვს ყველა სასიცოცხლო ძალის დაძაბვას, თავგანწირვას... მიყვარს მასხარები, სევდიანი თვალებით და მხიარული ტრაგიკოსები, ყოველთვის მაოცებს და აღმაფრთოვანებს მათი უნარი – იცხოვრონ მრავალი ადამიანის ცხოვრებით, როცა ჩვენ, სხვებს, არამსახიობებს, ასე გვიჭირს ჩვენი ერთადერთი ცხოვრების გავლა. რაღაც განსაკუთრებული სიხარული მეუფლება, როცა ვხედავ განუმეორებელ და ჭეშმარიტად აქტიორულ ჟესტს, ან მესმის ასეთივე ჭეშმარიტად განუმეორებელი აქტიორული ინტონაცია. ამავე დროს, ვრწმუნდები, რომ ისინი ცოტანი არიან, ეს ნამდვილი მსახიობები, რადგანაც ეს მართლაც რომ ღვთით მომადლებული ნიჭია.
აქვე ალბათ ჩემი, ერთი შეხედვით გულუბრყვილო ენთუზიაზმის გასაქარწყლებლად, მახსენდება, რომ გოდარი მსახიობებს უწოდებს ჭირვეულ ბავშვებს, რომელთაც ყოველ წუთს სჭირდებათ წახალისება. და კიდევ – ის უწოდებს მათ ურჩხულებს და ბავშვებს, ერთდროულად!
ჩვენი ახალი ნატურა მანგლისის მიდამოებში გვაქვს შერჩეული. მთელი ოქტომბერი ვიღებთ ყოველდღე შეუჩერებლად. მთავარი გან-ცდა: ნამდვილად ამართლებს თამარა. ეტყობა, სინჯების დროს შევ-ცდით გრიმში. ვცდილობდით დაგვებერებინა, რის გამოც მან დაკარგა ქალური მომხიბვლელობა, გაქრა თვალები, როგორც ჩანს იმიტომ, რომ წამწამებს პუდრს ვაყრიდით. მოგვიანებით, და განსაკუთრებით მას მე-რე, რაც დართლოში შევხვდი 80 წლის მზექალას, რომელსაც ჩემზე უფ-რო გადატკეცილი სახე ჰქონდა და ნიავივით დაქროდა მთის ბილიკებ-ზე, მივხვდი, რომ ძალად დაბერება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გრიმით და ჩვენი შესაძლებლობებით, მხოლოდ არაბუნებრიობის შეგრძნებას იწვევს.
ყველა ახალ ეპიზოდში – მიზანსცენის ძებნა. ხანდახან ის ჩნდება უცებ, თითქოს თავისთავად იბადება ეპიზოდის არსიდან და მაშინ მეც
382
და მსახიობებსაც გვიჩნდება სიმსუბუქისა და ბუნებრიობის გამაბრუებელი განცდა. ასე მოხდა ევასა და არჩილის ტყის ეპიზოდში. რეპეტიციის დროს გაგვიჩნდა სურვილი გაგვეთამაშებინა სცენა არა სტატიკურ პლანებზე, როგორც იყო სცენარში, – ევა ზის, არჩილი მოდის, ჯდება გვერდით, – არამედ სწრაფი გავლის, თითქმის გარბენის დროს: ევა გარბის, თითქოს ამ გზით უნდა თავი დააღწიოს სპირიდონას, მის სახლს, მთელ ამ გაუსაძლის ცხოვრებას და არჩილი მისდევს ისეთივე გაშმაგებით, რადგანაც გრძნობს მის სასოწარკვეთას და უნდა უშველოს, იქნებ თავიც შესთავაზოს მშველელად. ასეთი გადაწყვეტის დროს სიტყვებს აღარა აქვს მნიშვნელობა, პერსონაჟების სულიერი მდგომარეობა გამოხატულია მიზანსცენით. და იგივე განმეორდება კიდევ ერთხელ, მოგვიანებით, კიდევ უფრო მწვავე სიტუაციაში – ახალი დროის კაცებმა მოკლეს უწყინარი, ფრინველივით მოჭიკჭიკე მნათე. ევა გარბის, მაგრამ ამჯერად გაურბის არჩილს, არ უნდა გაიგონოს მისი სიტყვები, მისი თავის მართლება. ის მაინც მისდევს, ეწევა და, ვფიქრობ, აქაც ყველაფერი ნათქვამია ამ მიზანდასახული გარბენით. მეორე ეპიზოდი გადავიღეთ ათი დღის მერე. პეიზაჟი უკვე სულ სხვაა, უფრო გრაფიკული, ცივი, ჩამქრალი ფერებით, – ყველაფერში იგრძნობა ზამთრის სიახლოვე.
ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან აღქმის სიმძაფრით. ერთისთვის რომელიმე ქლიავის ტოტი არის ქლიავის ტოტი, რომელსაც შეიძლება მოსწყვიტო ქლიავი, მეორისთვის ის კიდევ ლამაზიც არის, მესამე შეიძლება უცებ გაოგნდეს მისი ფოთლის იასამნისფერი ციმციმით და კიდევ ვიღაცის აღქმაში ქლიავის ტოტი უამრავ ასოციაციას იწვევს და მაშინ იბადება პოეტური სახე:
У сливовых цветов все тот-же аромат,
Прикосновенье чьих-то рукавов,
Совсем, как та весна...(ქლიავის ყვავილს დღეს იგივე ასდით სურნელი,ვიღაცის ხელის ფრთხილი შეხება,ისევე, როგორც იმ გაზაფხულზე...)
383
აი ეს, ვიღაცის სახელოს უეცარი შეხება, არის ის აღქმის სიმძაფრე, რომელსაც კიდევ შიძლება დაარქვა ტალანტი. ნიჭიერი, ანუ მწვავედ მგრძნობიარე.
ვიღებთ გაბმით ევასა და დარეჯანის სცენებს. მათი დიალოგი უნდა აღიქმებოდეს როგორც შედეგი, შედეგი მთელი ცხოვრების, ყველა უბედურების და ქარტეხილის. თან მნიშვნელოვანია, რომ გამომჟღავნდეს დარეჯანის მარტოობა. მანაც ბევრი იწვალა და ახლა ერთადერთი კომპენსაცია მისთვის – ეს მისი შვილი გიორგია. მას სჭირდება, მისთვის აუცილებელია წაიყვანოს გიორგი ქალაქში, სხვაგვარად საბოლოოდ წაგებული იქნება მისი უსასრულო ომი ევასთან, მეტიც, წაგებული იქნება ცხოვრება. ჩემთვის არსებითი იყო, რას გააკეთებდნენ ისინი ამ დიალოგის დროს, და ეს უკვე სარეჟისორო სცენარის დონეზე მქონდა მოფიქრებული: ისინი ჯერ წეწავენ მატყლს, მერე დღვებენ კარაქს, აბრტყელებენ ცომს და ბოლოს, სხედან სუფრასთან და ჭამენ ხინკალს, დიალოგი კი გრძელდება და გრძელდება.
გავდივართ რეპეტიციებს დიდხანს, ძალიან დიდხანს; მიყვარს თეატრის მსახიობებთან მუშაობა. ისინი მიჩვეულები არიან ყველა სცენისა და რეპლიკის გააზრებას, მათაც უნდათ, ჩემსავით, იცოდნენ ყოველი სიტყვისა და საქციელის ხილული თუ ფარული მოტივი, ეძებენ პასუხს ყველა კითხვაზე (მათგან განსხვავებით, კინომსახიობებს პირდაპირ გადაღების მოედანზე იმპროვიზება ურჩევნიათ). ჩნდება არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტები, მაგალითად, გურანდას ფრაზა: მე მეშინოდა. თავიდან ის ამბობდა ამას, როგორც გამოწვევას, როგორც ომის გამოცხადებას ევასთვის, მერე უეცრად დაიბადა სხვა ინტონაცია – სინანულის, სევდის ინტონაცია, გურანდას ცრემლები მოადგა და ეპიზოდმა მიიღო ახალი განზომილება. და შენ, მაყურებელი, ხვდები, რომ ის ამ დროს იხსენებს თავის ტკივილიან ბავშვობას, თავის სიყვარულს მამისადმი და სიყვარულით დამძიმებულ მუდმივ შეუთავსებლობას დედასთან, ეს ყველაფერი კი გამოხატულია ერთი პატარა რეპლიკით: არა, მე მეშინოდა, და კიდევ უფრო მეტად – თვალებით, გამომეტყველებით.
384
გადავიღეთ სპირიდონას მოხუცთან და ბიჭთან შეტაკების სცენა. ვიპოვეთ მშვენიერი ადგილი: წინა პლანზე – ნახევრად მრგვალი მინდორი, შემოფარგლული პატარა, გრაფიკული ხეებით, სიღრმეში – უძირო ხეობა, ფონზე – ნაცრისფერი მთები. პეიზაჟი მოითხოვს საერთო პლანებს და ასეც ვიღებთ: მოხუცი და ბიჭი, ქოთნებით დატვირთული ურემი და მათ შესახვედრად გამოჭენებული სპირიდონა. პირველი დღე სრული მარცხით დამთავრდა: როცა სპირიდონა გადმოხტა ცხენიდან და ჯოხი მოუქნია ქოთნებს, ცხენი დაფრთხა და გაიქცა ტყეში. ჯერ ადრე იყო – ვისხედით ცეცხლთან და ველოდით. ცხენი თითქოს მიწამ ჩაყლაპა – ველოდეთ საღამომდე უშედეგოდ. ყველა ვღელავდით, პატრონის გარდა. და მართლაც, საღამოს ცხენი მშვიდობიანად დაბრუნდა თავის თავლაში. მეორე დღეს სხვაგვარი სირთულეები დაგვატყდა თავს: გურამი გაეკიდა ურემს, დამფრთხალი ხარები გაცვივდნენ წინ, გურამი ხარებსა და ურემს შორის მოექცა და იყო მომენტი, როცა ყველამ დავხუჭეთ თვალები... და მართლაც, არავინ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა გურამის განსაკუთრებული სიმარჯვე. ჰო, ესეც კინოა!
ვიღებთ მოხეტიალე მსახიობების ეპიზოდებს, ძალიან მნიშვნელოვანს ჩემთვის, რადგანაც მათ ფილმში შემოაქვთ სხვა, გასხივოსნებული ინტონაცია – უცხო თვალის, ჟამთააღმწერლის თუ ბერიკების ინტონაცია. საინტერესოა მანანა მენაბდე, თავისი უცნაური, ჩაბნელებულთვალებიანი, ნიღბის მსგავსი სახით და ასეთივე უცნაური მიხრა-მოხრით. მომწონს მისი სიმღერის მანერაც, მკვეთრი, ტემპერამენტიანი. ჩემთვის მოულოდნელად მანანამ დაწერა სიმღერები ფილმისთვის, ხალხურ ლექსებსა და მოტივებზე დამყარებული სიმღერები. განსაკუთრებით გულში ჩამწვდომია საგონებრისა სახლ მიდგა და წუხელის სიზმარი ვნახე, ნეტავ დედავ რააო (მოგვიანებით არაერთხელ მინახავს, როგორი აღფრთოვანებით აღიქვამდა ამ სიმღერებს თუ მოთქმას უცხოელი მაყურებელი).
ეპიზოდი ლოგინში – ერთადერთი სასიყვარულო ეპიზოდი ევასა და სპირიდონას შორის. ეს ბედის დაცინვაა, რომ ევა, რომელმაც გაუძლო
385
ყველა განსაცდელს, გაიარა გზა სიძულვილიდან ზიზღამდე და უარყოფამდე, უკანასკნელ წუთს, საბოლოო განშორების წინ, აღიქვამს სპირიდონას, როგორც მამაკაცს, და, პირველად წლების მანძილზე, არა უბრალოდ იტანს მის ალერსს, არამედ ეძლევა სიყვარულს თავისი ფარული ტემპერამენტის მთელი სიმძაფრით. ჩვენს მსახიობებს უჭირთ ლოგინის სცენების თამაში, ისევე როგორც ჩვენ გვიჭირს მათი გადაღება, ამას ეწინააღმდეგება ჩვენი თანდაყოლილი თუ შეძენილი პურიტანიზმი. სასაცილოა, მაგრამ ყველა უხერხულად გრძნობს თავს. ვიღებთ, ყველა თავისებურად ვცდილობთ გადავლახოთ შეგრძნებები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ხელოვნებასთან. და, ბოლოს და ბოლოს, მგონი, გამოვიდა ვნება! ხა-ხა-ხა!
[...]
386
სამონტაჟოში!
ნეტარებით შევისუნთქავ ამ სპეციფიკურ სუნს – ფირისას და ყავისას, ერთდროულად (ჩემს მემონტაჟეებს – სოფას და ჯულიას – არსებობა არ შეუძლიათ ყავის გარეშე, ჩვენს ოთახებში განუწყვეტლივ იხარშება ყავა და ამიტომაც მისი სუნი სამონტაჟოების აუცილებელ ატრიბუტად იქცა). მიყვარს ეს განუმეორებელი შეგრძნება მასალის ფლობისა; გადაღების დროს ყველაფერი გეწინააღმდეგება – მსახიობებიც, რომლებიც ვერასდროს ვერ იქნებიან ზუსტად ისეთები, როგორც შენ გქონდა ჩაფიქრებული, თვითონ სცენარიც, ტექნიკაც, ამინდიც, ყველაფერი მომართულია შენ წინააღმდეგ და ყველაფერი უნდა დაძლიო, რომ ცოტათი მაინც მიუახლოვდე პირვანდელ ჩანაფიქრს. სამაგიეროდ, აქ, სამონტაჟოში, შენ მბრძანებელი ხარ. შენ ხელში გაქვს მასალა, რომელიც მთლიანად გემორჩილება. აქ შენ შეგიძლია მიჰყვე შენს ჩანაფიქრს, შენ ქმნი რიტმს, პაუზებს, და ხანდახან, უცებ, შენ თვალწინ იბადება ის მხატვრული ქსოვილი, რომელიც სამუდამოდ დაკარგული გეგონა. და რაც მე ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, შენ შეგიძლია თვით დროც დაიმორჩილო! ის შენს ხელთ არის, შენ შეგიძლია ის ხელოვნურად გაწელო ან, პირიქით, შეკუმშო, შენ შეგიძლია წაშალო ზღვარი წარსულსა და აწმყოს შორის, რაც ასე აუცილებლად მეჩვენება ამ ფილმისთვის, ვინაიდან ევა არასდროს მოსწყვეტია თავის წარსულს, ის ერთდროულად არსებობს დღესაც და მაშინაც, თავის ახალგაზრდობაში, და აი, ამ ერთიანობის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ მონტაჟით შეიძლება.
[...]
ვნახე ანტონიონის ახალი ფილმი ქალის იდენტიფიკაცია – დახვეწილი, ფორმის, კამერის მოძრაობის, სუბიექტისა და ფონის შეთანხმების თვალსაზრისით. მაგრამ არ არის სიღრმე, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი ანტონიონის ფილმებში, ყველაფერი ნაძალადევია და ხელოვნური. ერთი მშვენიერი სცენა ბურუსში! საკვირველია, დიდი ხანია ვფიქრობდი, სცენა სასაფლაოზე გადამეღო ბურუსში და უცებ ჩემი ჩანაფიქრი ანტონიონისთან ვნახე ხორცშესხმული. ალბათ ცუდია, მაგრამ
388
მაინც გადავიღებ ისე, როგორც მქონდა წარმოდგენილი – სხვაგვარად სცენას ვერ ვხედავ: ნისლითა და ბურუსით დაბინდულ სივრცეში ისმის ხმები, გამოკრთება იმ ორის სილუეტი, ვინც თხრის საფლავს. ბურუსშივე ჩნდება მსახიობების სახეები, სახეები, რომლებიც ბინდში კიდევ უფრო ემსგავსებიან ნიღბებს. ისინი მღერიან სიმღერას სისხლის მორევის შესახებ. მაწია დაძრწის, ეძებს ევას – ის ხან გამოიკვეთება ბინდში, ხან ისევ იმალება. სადღაც გაიელვებს ევას სილუეტი, სპირიდონა კი დგას საფლავთან და ტირის...
[...]
ფრაგმენტები წიგნიდან "რაც მაგონდება და როგორც მაგონდება". გამომცემლობა ,,ფავორიტი პრინტი’’ 2018