ქეთი პატარაია.  რეზო გაბრიაძის „სიცოცხლის წყალი“

  ანიმაციური ფილმის, „ჰარი-ჰარალე, დედაოს“ სცენარს საფუძვლად რეზო გაბრიაძის ნაწამოებები: „თეთრი ხიდი“ და „ქუთაისი ქალაქია“ დაედო, თუმცა, როგორც მისი ვაჟი, რეჟისორი ლევან გაბრიაძე ამბობს, როდესაც ფილმის გადაღება დაიწყეს, მოთხრობები მხოლოდ ზეპირი სახით არსებობდა. 

   ფილმის გადაღების იდეა ლევან გაბრიაძეს ეკუთვნის:  „ამ ფილმის გაკეთება მინდოდა, უკვე 25 წელია. 1994 წელს ამერიკაში ვცხოვრობდი, რეზო ჩამოვიდა სტუმრად ჩემთან,  დავათვალიერებინე ყველაფერი, მაგრამ შემდეგ მითხრა, მომწყინდა, იქნებ გავაკეთოთ რამე, მაშინ გამახსენდა, რომ მას ბავშვობის მოთხრობები ჰქონდა, რომელიც არ ჰქონდა ჩაწერილი, ისე გვიამბობდა... მაშინ ვიფიქრე, რომ ეს უნდა გადამეღო, რომ როგორმე შემენარჩუნებინა ეს მოთხრობები... და გადავიღე, მაგრამ ანიმაციის გაკეთება მაშინ არ გამომივიდა,  რადგან მარტო ვიყავი, ანიმაცია კი შრომატევადი სამუშაოა, შემდეგ რეზომ ეს მოთხრობები წიგნადაც გამოსცა.  დაახლოებით, 6 წლის წინ მოსკოვში გადავიღეთ თავიდან, ყველა ნახატი დაგვიხატა, ყველა გმირი, ყველა ადგილი, სახლი... შემდეგ ეს ყველაფერი სტუდიაში უკვე ფილმად ვაქციეთ“. 

   რეზო გაბრიაძემ ამ ფილმისთვის 500-ზე მეტი ნახატი თავად შეასრულა. ეს მისი ჩვეული საქმიანობა იყო. 

   „ვიდრე წერას დავიწყებდე და წერის დროსაც, ჩვეულებრივ, ვიწყებ ხატვას. ეს მეხმარება მუშაობაში. განსაკუთრებით, რომ არ ვწერო და მეტი დრო გავატარო ჩემს ნავსაყუდელში - სახვით ხელოვნებაში. 

    ისედაც ყოფილა, პატარა, უმნიშვნელო ნახატს სიუჟეტი სულ სხვა გზაზე წაუყვანია.

   ასე და ამგვარად, უამრავი ნახატი დამიგროვდა ბნელ კუთხეში, ნავთის ლამპასთან.

   წლები კი მიდიან... მირბიან.

   ამ ნახატებს ხანდახან ვხვდები: კოლოფი დაიშლება, ან ჩემოდანი რომ პირს დააღებს, ან ძირი რომ გავარდება, საბჭოთა ჩემოდნის ნაზი ძირი, ძალიან“. 

    „ჰარი-ჰარალე, დედაო“ მისი, როგორც მხატვრის, პირველი ნამუშევარი არ ყოფილა. ამას მარიონეტების თეატრშიც აკეთებდა.

   მარიონეტების თეატრის გარეშე შეუძლებელია რეზო გაბრიაძის შემოქმედებაზე საუბარი.  „ჩემი ოცნება ასრულდა - მე დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას, უკვე სამუდამოდ. მადლობელი ვარ ბედის, თოჯინების და იმ პატარა კოლექტივის, რომელიც დაშარიშურობს ძველი შენობის კუნჭულებში!“ - წერია გაბრიაძის სიტყვები მისივე თეატრის ოფიციალურ გვერდზე . 

    თეატრის რეპერტუარში ოთხი სპექტაკლია: „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადის ბრძოლა“, „რამონა“ და „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ - ოთხივე პიესის ავტორი რეზო გაბრიაძეა, ამასთან, ის არის რეჟისორი, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი, თოჯინების შემქმნელი, დიზაინერი.  

    „ის ნამდვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება მიეღწია დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ კრეგი. მისი ხელოვნება, თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით, ამდიდრებს ევროპულ თეატრს, თან ისეთ დროს, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება,“ - ამბობს რეზო გაბრიაძეზე ინგლისელი რეჟისორი პიტერ ბრუკი .

   და მაინც, ყველაფერი, რასაც გაბრიაძე წერს (რომანი, მოთხრობა, ნოველა, სცენარი, პიესა) და ხელით ქმნის (ნახატი, სკულპტურა, თოჯინა) მის ბავშვობაში, მის წარსულში, მის ქუთაისსა და მშობლიურ ძუყნურში იღებს სათავეს. ისტორიები ფილმიდან „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ ყველა უკვე სხვადასხვა ფორმით რეალიზებული ამბის დასრულებაა ან მათი დამატება. ყველგან სიყვარულია: ადამიანის, სულიერი თუ უსულო არსებების, მშობლიური კუთხის, ქალაქის, ზოგადად სამშობლოს, თავისუფლების... ეს ერთსა და იმავეზე საუბარია სხვადასხვა ფორმით. უბრალოდ, რეზო გაბრიაძე ამაზე ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებით ლაპარაკობს. თითქოს ერთხელ დაწერა არ ჰყოფნის, ვერ ჩერდება და ერთგვარი ლიტერატურული გაუმაძღრობით, კვლავ და კვლავ თავიდან წერს იმაზე, რაც მისთვის ასეთი ახლობელი და მნიშვნელოვანია.

      თეატრის კრიტიკოსი, მარინა დმიტრიევსკაია ამბობს:  „გაბრიაძე ყოველთვის ემიგრანტი იყო. ის ემიგრაციაში ჟურნალისტიკიდან კინოში¬ წავიდა, კინოდან - ლიტერატურაში, იქიდან - თეატრში; მოსკოვიდან - თბილისში,¬ თბილისიდან - ლენინგრადში; ცხოვრებიდან - თხრობაში, სინამდვილიდან - სიზ-მარში.¬ მას მართავდა არა მხოლოდ თავისუფლების იდეა, რომელიც სამოციან-ელებმა გააკერპეს, არამედ უნიკალური, თითქმის რენესანსული, მრავალმხრივი ნიჭიერებაც“.  

   სადაც უნდა წავიდეს რეზო გაბრიაძე, ყველგან თავისი სამყარო დააქვს. ეს სამყარო მხოლოდ მისია და ამავე დროს, უნივერსალური, თვითკმარი და  ყოვლისმომცველია. იგი ახერხებს, რომ პატარა თეატრის კიდევ უფრო პატარა სცენამ მთელი სამყარო დაიტიოს. 

   ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური წერს: „ამ სპექტაკლებში (აშკარად მინიშნებული დროის მიუხედავად) მნიშვნელობა არ აქვს, სად და როდის  ხდება მოქმედება, თუმცა რეზო გაბრიაძისთვის მნიშვნელოვანი, უმთავრესად, ის ეპოქაა, ის ისტორიაა, რომელიც მან თვითონ განვლო ქვეყანასთან ერთად, ომამდელი, ომისდროინდელი თუ ომისშემდგომი საბჭოთა კავშირიდან.

   ისინი იმ ქალაქების, იმ სოფლების, იმ ქვეყნებისა თუ ადგილების, იმ დროების მოგონებებია, რომლებიც აღარ არიან და ან აღარ არიან ისეთი, როგორიც გვინდა იყვნენ ან როგორებიც გვახსოვს. და მათი ეს გარდასახვა, მათთან განშორება გვენანება.

რეზო გაბრიაძის სპექტაკლები იმ ქართველების, თუ სხვა ეროვნების თბილისელ-ქუთაისელების, წყალტუბოელების, პარიზელებისა და სხვების სევდიანი მოგონებებია. ოდესღაც მათაც ისევე უყვარდათ, ისევე განიცდიდნენ, ისევე ხვდებოდნენ და შორდებოდნენ ერთმანეთს, ისევე იბადებოდნენ და კვდებოდნენ, როგორც დღეს“. 

    1983 წელს კინომსახიობთა თეატრის სცენაზე მიხეილ თუმანიშვილმა დადგა სპექტაკლი „ჩვენი პატარა ქალაქი“. პიესის ავტორია ამერიკელი რომანისტი და დრამატურგი თორნთონ უაილდერი. მისი თხზულებები რამდენიმეჯერ აღინიშნა პულიცერის პრემიით. მათ შორისაა პიესა - „ჩვენი ქალაქი“, რომელიც 1938 წელს დაწერა. პიესის გადმოქართულებული ვერსიის ავტორია რევაზ გაბრიაძე. დიდი პოპულარობის გამო, ეს სპექტაკლი ორჯერ აღადგინეს - 2014 და 2019 წლებში.

    რეზო გაბრიაძემ თორნთონ უალდერის ბავშვობისდროინდელი ამერიკული ქალაქი მედისონი თავისი ბავშვობისდროინდელ ქუთაისად აქცია და იმ ყოველდღიურისა და მარადიულის შერწყმის, ერთი ადამიანის ტკივილისა და კაცობრიობის კოსმიური განცდების შესახებ გვესაუბრა, რაც უაილდერის შემოქმედებაშია წარმოჩენილი.  

      „ეს ჩვენი პატარა ქალაქი მდებარეობს, აგერ ა ლიხს იქეთ, მდინარე რიონის პირას. მისი პოეტური ეპითეტია სავარდო, სამაისო. ეგერ ე ბაღის კიდეა, ასე უწოდებდნენ ოდითგან ტროტუარს, ხოლო თვით ბაღს კი ბულვარს. გაღმელი, დახავსებული ხალხი კი გულვარდს. ამ ბაღის საუკეთესო დრომ უკვე დიდი ხნის წინათ განვლო. რა არ ახსოვთ ჭადრების ხეივნებს. ახსოვთ პოეტი, ახსოვთ პოეტის ეტლში შებმული სტუდენტები, სუნამოთი დანამული მარაოები, სიმფონიური და აზიური ორკესტრებიც კი ახსოვთ, ქველმოქმედებითი ლატარეები, ღარიბი ბავშვებისათვის ნაძვისხის ფულის შესაგროვებლად, ახლა ხანდახან თუ ჩაივლის ერთობ სევდიანი ქალბატონი იანგაროზა, კრასნაია მასკვათი მკრთალად დანამული ბარხატის კაბაში გამოწყობილი, მშვენიერი, უდროოდ და იოლად წასული საკომისიოს დირექტორის ქვრივი. ეჰ, ნათელი დაადგეს რაფიელს, რა სალამი იცოდა, რა ტკბილი სიტყვა“...  

   დრამატურგისთვის მასალას თითქოს არა აქვს დიდი მნიშვნელობა - იტალიური სოფელი, ფრანგული პროვინციული ქალაქი, რუსული თუ ამერიკული ქალაქი, მისი კალმის გავლით, გაბრიაძის სამყაროდ იქცევა, რომელიც გამოიხატება სცენარში, პიესაში, სპექტაკლში, მარიონეტში, ნახატში, სკულპტურაში, ლიტერატურაში.

    „ყველაფერი, რასაც რეზო გაბრიაძე აკეთებს - ამბობს, წერს, დგამს, იღებს და ფიქრობს (ალბათ)  - ცოცხალი და  „მატერიალიზებულია“. მისი უსულო საგნები, ორთქლმავლები, მწერები, ფრინველები, ცხოველები - „გაადამიანურებულია“. ყველაფერი სულიერდება და ადამიანურ გრძნობებს - სითბოს, სიკეთეს, სევდას, განცდას, სიყვარულს ატარებს - ზოგჯერ სულიერისაზე მეტსა და დიდსაც, ღრმას“. 

    „გასულიერება“, პირდაპირი თარგმანით, სწორედ ანიმაციას ნიშნავს. ამგვარი ანიმაციით ყვება რეზო გაბრიაძე თავის ისტორიებს. ასეთია პატარა თავკომბალა არსების ამბავი, რომელიც ექსკავატორის  ამოთხრილ გუბეში მოჭყუმპალავე ვარლამს შეუძვრა ყურში და დაუმეგობრდა, ერთი წლის შემდეგ კი, უკვე გომბეშოდ ქცეულმა, თავი გაახსენა ბიჭს და თამბაქო გააბოლა მასთან საუბრისას; ან, ვარლამის მეგობრობა ვირთხა იპოლიტესთან და მათი საერთო სიყვარული კლასიკური ლიტერატურის მიმართ; ან, ჭიანჭველებისა და ცხენების ბედი სტალინგრადის დიდ ბრძოლაში... 

     ეს ისტორიები არაფრითაა ნაკლები ადამიანთა ისტორიებზე, ზოგჯერ კი პირიქით, თავისი მნიშვნელობით აღემატება მათ. ზოგჯერ ისინი კლასიკური ნაწარმოებების ალუზიებსაც იწვევენ ღიმილით. მაგალითად, ორი ძველი, საბჭოთა ორთქმავლის - ერმონისა და რამონას შექსპირისეული სიყვარული; ან რუსთაველისეული სამი გმირის ერთად შეყრა - როგორ მიიმღერიან კაკაურიძის ცხენზე შემომხტარი ერმონია, ვარლამი „სამაკატკაზე“ და გერმანელი შულცი ველოსიპედით: „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო“. 

     „... მღეროდა სამი რაინდი: ერმონია, შულცი და ვარლამი. სათაფლიის ტყიდან ბანოჯამდე, წყარომდე, თითქმის „გვირაბმშენამდე“, ყველა სულიერი გამოეფინა: გარეული ლომები, გაველურებული ვეფხვები, ბალანჩივაძეები, გურეშიძეები, ბრეგვაძეები, ფარშავანგები, ალავიძის თხა. ყველა მოსდევდა მათ და ტკბებოდა მათი სიმღერით“.  

   კიდევ ერთი ჰეროიკული სცენა: „ბაბუამ ნიფხავ-პერანგის ამარა მიაღწია ჩეჩმას. სულ გალუმპული იყო. ქარი წუოდა ჩეჩმის ნაფოტებში, დროშასავით ფრიალებდა გეოლოგის პლაშის ნაფლეთები, რაც ჩეჩმას სიდიადეს მატებდა. ეზოს თავზე მაღალი ძაბვის მავთულები ერთმანეთს ედებოდნენ, ნაპერწკლებს ყრიდნენ, შხამიანი მწვანე შუქით ანათებდნენ ეზოს. ო, რა მრისხანედ გამოიყურებოდა დღისით ასეთი უბრალო და საწყალი ჩეჩმა“. 

   რეზო  გაბრიაძესთან ბეღურები ხან მარჯვენა თვალით ათვალიერებენ ადამიანებს, ხან - მარცხენათი, შუა ეზოში პალმა კვდება, უკვე ოცი წელია და კინოთეატრ „კომუნას“ ჩიხში იასამნის ბუჩქი დგას განუვითარებლად... არა მარტო ცხოველები და მცენარეები, არამედ ქარიც სულიერია ამ სამყაროში: „არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა: აღარც ქარია უკვე და არც ნიავია ჯერ. გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი.  ჩემი ნება რომ იყოს, მე მას ლიზიკო გაბუნიას დავარქმევდი და ქუთაისის პედინსიტუტში ჩავრიცხავდი ფრანგული ენის ფაკულტეტზე უგამოცდოდ“. 

    ფილმში „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ - ეს პატარა, თითქოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბები  ერთ წერტილში იკვრებიან. ერთი შეხედვით, ანიმაციაში ბევრი დეტალია აქცენტირებული (მოლოტოვის სტვენა, ბალეტის დეკორაციის მსგავსი გზა, ლენინის და სტალინის „გაბაასება“...) და ძირითადი ამბავიც თავიდანვე გამოკვეთილი არაა, მაგრამ, თანდათანობით, ისტორია იკვრება და ვხვდებით, რომ ყველაფერი საჭირო იყო, ყველაფერი სწორედ იმ ერთ წერტილში, ფინალში, იკრიბება. 

     გერმანელი ტყვეს მიერ ერთი სოფლის ქოხში გაკეთებული ტუალეტის ამბავი მოსისხლე მტრების ურთიერთშემწყნარებლობის, პატიების, გაგებისა და შერიგების ისტორიად იქცევა, იძენს გეოგრაფიულ და ისტორიულ მასშტაბს. 

    ამგვარი დრამატურგიული წყობა, როდესაც სხვადასხვა ამბავი ერთმანეთს თანდათან უახლოვდება და ბოლოს ერთდება, რეზო გაბრიაძის სხვა ნაწარმოებებსაც ახასიათებს - პიესებს მარიონეტების თეატრისთვის და ლიტერატურულ შემოქმედებას. რაც ეხება კინოსცენარებს, აქ  ავტორი უფრო ტრადიციულ დრამატურგიულ სქემას მიმართავს: ამბავს ჰყავს ერთი მთავარი გმირი, რომელსაც აქვს თავისი სამოქმედო მოტივაცია; იკვრება დრამატურგიული კვანძი; ვლინდება დაბრკოლებები; მოქმედება მიდის კულიმინაციამდე;  ბოლოს იხსნება კვანძი და დგება ფინალი.

   ერთი, რაც ტრადიციული დრამატურგიული მოდელისგან განსხვავდება, გმირის ანტაგონისტის ფუნქციაა. სცენარში ის არის და არც არის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ანტაგონისტი ის პერსონაჟია, რომელიც წინ ეღობება მთავარ გმირს მიზნის მიღწევაში, მისი მოძებნა გაბრიაძის სცენარებში არც ისე იოლია. „შერეკილებში“ ერთაოზსა და ქრისტეფორეს ცათმფრენის აგებაში ერთდროულად ორნი - ციხის უფროსი და ექიმი-ფსიქიატრი უშლიან ხელს,  კახელ გოგიას კი ქვევრში გაჭედილი აბესალომი ევლინება წინაღობად. მართალია, „სერენადაში“ რამაზ გიორგობიანის გმირს სრულიად გარკვეული ანტაგონისტი ჰყავს - ზოზო ავთანდილოვიჩი, მაგრამ ბენჟამენს ფილმიდან „არ იდარდო“ გამოკვეთილი მოწინააღმდეგე არ გააჩნია, ვერც კი იტყვი - ასეთი არსებობს თუ არა, რადგანაც თავად ბენჟამენს არა აქვს გამოკვეთილი სურვილი, მიზანი, თუმცა, ამის გამო მაყურებელი ოდნავაც არ კარგავს ინტერესს ფილმის მიმართ.. 

    რეზო გაბრიაძე ისე წერს, რომ არა მთლიანად ამბავი, არამედ სიტუაციები ხდება მთავარი, მნიშვნელოვანი, ნაცნობი და საინტერესო.

    ამგვარადვე ჰყვება ამბებს ანიმაციურ ფილმშიც, რომლის დოკუმენტური ნაწილია თავად ავტორის თხრობა. ავტორი სერიოზული, დამაჯერებელი სახით გვიამბობს ბავშვობის დაუჯერებელ ამბებს. მათი მთელი მომხიბვლელობა კი ისაა, რომ მაყურებელსაც სჯერა, რასაც ხედავს და ესმის ეკრანიდან. 

     ის, რაც ისმის, განსაკუთრებულად ბუნებრივი და მომხიბვლელია. ეს არის გაბრიაძის გმირების სამეტყველო ენა. ავტორი იყენებს დიალექტს, ბარბარიზმებს, სლენგს, მაგრამ არასოდეს გადადის უხამსობასა და უგემოვნობაში.

 „ბილიკს რომ დაადგნენ, მთვრალმა კანვოიმ შულცს უთხრა: ისთე რამე რო იყვეს, არ შემიძლია ამ ჯაგნარში მიგახვრიტო ზაკონით? მარა სტალინის ზეპირსიტყვიერი ბრძანება რო არი? იარონ პლენებმა თავისუფლათო, ეგების რამე ხელობა ასწავლონ ამ შტერ ჩვენ ხალხსო” - ვკითხულობთ რომანში „ქუთაისი ქალაქია“.

    გაბრიაძის პერსონაჟები ქართველები არიან, თუმცა,  სხვადასხვა კუთხიდან.

    „საქართველოს სხვა კუთხეზეც დამიწერია რამე, ვთქვათ, კახეთზე, თბილისზე. მაგრამ ყოველთვის ვუბრუნდები ჩემს ქუთაისს. იქ, ქუთაისსა, ბანოჯასა და გუმბრინს შორის მონაკვეთი დაახლოებით, პეტრიაშვილის ქუჩასა და უნივერსიტეტს შორის მანძილს უდრის.

ამ მონაკვეთში მოქცეული იყო მთელი ჩემი სამყარო. აი, ამ სამკუთხედში დაფრინავდა ჩიტი ბორია", - ამბობს ერთგან რეზო გაბრიაძე“.   

   ჩიტი ბორია ცნობილი პერსონაჟია მარიონეტების თეატრის სპექტაკლიდან „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“. დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაის ისტორია, რომელიც ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება, ისევე, როგორც გაბრიაძის სხვა ნაწარმოებები, იუმორით, სითბოთი, სიფაქიზითაა სავსე.

      „ – კარგი, მიხედე ახლა თავს, არ გაცივდე, ბიჭო, ფანჯარასთან არ დაჯდე, ბორია, გოუცვალე ვინმეს ადგილი, ავად ვართქვა უთხარი, ჩიტი ვართქვა, ობოლი და ნატიფარითქვა“...

    აქ თითქოს განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ საბოლოოდ ვგრძნობთ, რომ ასეთი ჩიტი ალბათ სხვა ადამიანებსაც უფრთხიალებთ სულში და სასაცილო ჩიტი ბორია სულ სხვა ჩიტებსაც გვახსენებს. რომელიც, შესაძლოა, ეს იყოს: ტერენტი გრანელის „ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“, ან ნიკო სამადაშვილის „შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი“, თუნდაც აკაკის „გაბმულხარ, ჩიტო, მახეში“, ანდა თავად გაბრიაძის „უცხო ჩიტი“ ან „ჩიტო-გვრიტო, მარგალიტო“... 

    და ეს პოეზია ჩვენში იბადება სრულიად პროზაული და ამავე დროს, ფანტასტიკური, იუმორით მოთხრობილი ამბებიდან. 

    რეზო გაბრიაძე ხატავდა, ძერწავდა, წერდა მოთხრობებს, სცენარებს, პიესებს, მაგრამ არ წერდა ლექსებს. ამის მიუხედავად,მთელი მისი შემოქმედება სწორედ პოეზიაა. 

   ასეთი პოეტური და ამავე დროს, „პროზაული“ პერსონაჟია ერმონია - ქალაქის მფარველი ანგელოზი, რომანიდან „ქუთაისი ქალაქია“. ის საშუალო ასაკის კაცია, მელოტი, შლიაპით, აბრეშუმის თეთრი კაშნეთი, დალამბული პალტოთი და კოსტუმით, პაპიროზით ხელში.    

        ერმონია იქ ჩნდება ხოლმე, სადაც მისი დახმარებაა საჭირო. შეუძლია გადაიქცეს თვითმფრინავად ან ჩიტად. ის კეთილია და იუმორის გრძნობა აქვს.

    რეზო გაბრიაძის პერსონაჟები ხშირად ენამოსწრებულები არიან, თუმცა, თავად არ იცინიან, არც საკუთარ თავს დასცინიან. ისინი ცხოვრობენ, უყვართ, იღწვიან, განიცდიან, ტირიან.... ეს ჩვენ გვეცინება მათზე, შესაძლოა, სევდიანად, მაგრამ გვეცინება. ესაა გაბრიაძის იუმორი.

  „რეზო გაბრიაძის ქუთაისი - ესაა ქალაქი, სადაც უმწეოებზე ძალადობენ, მაგრამ ეს ძალადობა სულს არ გიხუთავთ; მისი ასახვა შავი იუმორითა და ისეთი დეტალებით, რომელთა პოვნა მხოლოდ რეზო გაბრიაძეს შეუძლია, აჩენს არა თანაგრძნობას, არამედ ღიმილიან ნაღველს. ეს თვითკმარი რეაქციაა, ეგებ თვითკმარი ემოციაც, რადგან კითხვას, ადეკვატურია თუ არა მკითხველის ასეთი დამოკიდებულება, პასუხი არა აქვს“. 

        „ქვეყანაში ომი ახალი დამთავრებული იყო, ხალხს გართობა და სიხარული არ ჰქონდა და თითქმის ყოველი გამვლელი თავს ვალდებულად თვლიდა, პანღური ეთავაზებინა დიდთავა „დედიკოს ბიჭისათვის“. სახლიდან გამოსული პატარა ვარლამისათვის მთავარი იყო მშვიდობიანად მიეღწია დანიშნულების ადგილამდე, რადგანაც პანღური და ქეჩოში წამორტყმა სიტყვების გაგრძელებად ითვლებოდაო, - ამბობს რეზო გაბრიაძე ფილმში „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე. დადებითი დამოკიდებულების გამოხატვაც უცნაურია აქ: საცემი ხარო - ეუბნება ადრახნია ვარლამს, „მერე იმას, ვინც შენ გცემს, ფეხებს, ხელებს დავაძრობ და მოგიყვან სკოლაში, თავის ფეხით“. 

    თუ რეზო გაბრიაძის ნაწარმოებებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ გარშემო უმძიმესი სოციალური ფონია, ადამიანები დაუნდობლები არიან ერთმანეთის მიმართ, და თითქოს, სასაცილოც არაფერია, მაგრამ გვხდება სინაზისა და სიყვარულის ისეთი გამოვლინებები, რომლებიც მთელ გარემოს ანათებს და მკითხველი თუ მაყურებელი იყვარებს მას.  მართალია, ერთაოზს მამის ვალების გადასახდელად, მეზობლებმა მთელი სახლ-კარი უკანმოუხედავად დაანაწილებინეს, მაგრამ მაინც გამოჩნდა ერთი, რომელმაც ოდესღაც მიზანასაგან ნასესხები თაფლი დაუბრუნა ერთაოზს;  ექიმის ქალიშვილის მიერ უარყოფილმა ბენჟამენმა მისი შვილი წამოიყვანა გასაზრდელად; ქვევრში გაჭედილ აბესალომს მეზობლებმა საჭმელ-სასმელით მიაკითხეს - მოგშვდებოდაო; ბაბუასნაირად ნაზად ვერავინ უსხამს თავზე წყალს ბებიას... გაბრიაძესთან ვერავის იმეტებენ საბოლოოდ. თვით სტალინსაც კი ეხვეწება ერმონია: „თქვენ ხომ პროფესიით მღვდელი ბრძანდებით? ერთ მოკრძალებულ ეკლესიაში ჩაგვიტარებდით პატარა წირვას! ეს ხალხიც მოინანიებდა, თქვენც“... 

   მწერალი აკა მორჩილაძე იხსენებს, თუ როგორ თქვა რეზო გაბრიაძემ, ქუთაისის შესახებ:  „ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი. ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო. კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო". 

     იქნებ ასეც არ იყო და ეს თვითონ რეზო გაბრიაძე ამჩნევდა ყველგან სიყვარულს. იქნებ ამიტომაც ვუყურებთ გაბრიაძის ფილმებსა თუ სპექტაკლებს დაუსრულებლად, ვკითხულობთ მის ნაწარმოებებს, ძვირს არ ვამბობთ უსაქმურ მიზანა ბრეგვაძეზე, რომელმაც ვალები დაუტოვა შვილს, მოგვწონს ქმრის მოღალატე მარგალიტა, გვესიმპატიურება ძუნწი და ბუზღუნა გოგია, რაღაცით მაინც საყვარელია მოძალადე ზოზო ავთანდილოვიჩი... იქნებ ეს ისაა, რასაც ჩვენ ველოდებით ან პირიქით, არ ველოდებით?

     მარიონეტების თეატრის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ რეზო გაბრიაძის წანამძღვარს სპექტაკლისთვის: „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ არის ამბავი ბებიაჩემზე, ომისშემდგომი წლების დაცარიელებულ და გაღატაკებულ ქუთაისზე.

        იგივე ხდებოდა ალბათ ნიჟნი ნოვგოროდსა და სამარაში: სიცივე, შიმშილი, ნავთქურები და ხალხის გასაოცარი კეთილშობილება.

         იყო სურვილი სიცოცხლისა, სიყვარულისა – ის, რაც, ჩემი აზრით, განასხვავებს ჩვენს მძიმე წლებს სხვა მძიმე წლებისაგან. მაშინდელ ხალხს გააჩნდა „სიცოცხლის წყალი“, რაც მათ „გახმობის“ საშუალებას არ აძლევდა, ეხმარებოდა და ცხოვრების ხალისს აძლევდა. თუ ამან აგაღელვათ, მაშინ ჩემი ამოცანა შესრულებულია“. 

  მაყურებელს, რა თქმა უნდა, აღელვებს. როგორ ახერხებს ამას გაბრიაძე, როგორც დრამატურგი? პირველ რიგში, გმირთან იდენტიფიკაციის მიღწევით. საინტერესოა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ მთავარ გმირებს, არამედ ყველას. ავტორს შეუძლია ყველა პერსონაჟის მდგომარეობაში შევიდეს და ჩვენც იგივე გვაიძულოს, მათი რაკურსით შეგვახედოს მოვლენებისთვის და გაგვაგებინოს მათი სიმართლეც. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მას არ ჰყავს უარყოფითი პერსონაჟები, მთავარი გმირის მკვეთრად გამოხატული ანტაგონისტები. მეტიც, მის ნაწარმოებებში ზოგადად დიდი ბოროტებაც არ არსებობს - ომი, შიმშილი, გაჭირვება, სიკვდილი ნაჩვენებია, როგორც არსებობის ფორმა, რეალობა, რომელშიც ყველამ უნდა იპოვოს თავისი ტკივილიც და სიხარულიც, თავისი „სიცოცხლის წყალი“.

 

 

  1. მაკარიძე ი. „თეთრ ხიდზე“ რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა.  http://www.newpress.ge/tetr-xidze-rezo-gabriazis-bavshvobis-mogonebebi-gacocxlda,  2018-05-04, უკანასკნელად გადამოწმდა: 20.04.22.

  2.   გაბრიაძე რ. კილე შერები. თბ., „MAGTI“, 2014, გვ.99.

  3. „GABRIADZE THEATRE“, http://gabriadze.com/ge/o-teatre/, უკანასკნელად გადამოწმდა: 20.04.22.

  4. ფაცია ლ. რეზო გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა. „ამბები გე“, 07-06-2021, https://www.ambebi.ge/article/260868-rezo-gabriazis-samqaro-es-sakartveloa-mario/ , უკანასკნელად გადამოწმდა:  20.04.22.

  5. ტურიაშვილი მ. „ცხოვრებიდან - თხრობაში, სინამდვილიდან - სიზმარში“. Sputnik საქართველო,10/9/2015, https://tbilisiinternational.com/ge/press-office/press/127/tskhovrebidan-tkhrobashi_-sinamdvilidan-sizmarshi%E2%80%9D_-rotsa-rusi-qartvelze-tsers, უკანასკნელად გადამოწმდა: 20.04.22.

  6. ოჩიაური ლ. ყველაზე კეთილი და უკარება ადამიანის ხმა და მისი ანგელოზების გამოცხადება“, theatrelife.ge,  https://www.theatrelife.ge/rezogabriadze, უკანასკნელად გადამოწმდა: 20.06.21; 

  7. გაბრიაძე რ. ჩვენი პატარა ქალაქი. https://old.digest.ge/post/252014-rezo-gabriaze-cveni-patara-qalaqi-, უკანასკნელად გადამოწმდა: 20.04.22.

  8. ოჩიაური ლ. ყველაზე კეთილი და უკარება ადამიანის ხმა და მისი ანგელოზების გამოცხადება“, theatrelife.ge,  https://www.theatrelife.ge/rezogabriadze, უკანასკნელად გადამოწმდა: 20.06.21; 

  9.  გაბრიაძე რ. კილე შერები. თბ., „MAGTI“, 2014

  10. იქვე.

  11. გაბრიაძე რ. თეთრი ხიდი. https://ermonia.blogspot.com/2009/09/blog-post.html, უკანასკნელად გადამოწმდა: 20.04.22.

  12. ხოჯანაშვილი რ. გაბრიაძის ქუთაისში - ჩიტი ბორიას ფრთებით. „გზა“, 14.06.2021, http://gza.kvirispalitra.ge/qveyana/8763-qgabriadzis-quthaisshiq-chiti-borias-frthebith.html, უკანასკნელად გადამოწმდა: 20.04.22.

  13. პაიჭაძე დ. არიან ავტორები, რომელთაც ქართველი მკითხველის წინაშე წარდგენა არ სჭირდებათ. „რადიო თავისუფლება“, 20.08.2006,  https://www.radiotavisupleba.ge/a/1548305.html, უკანასკნელად გადამოწმდა: 20.04.22.

  14. გაბრიაძე რ. თეთრი ხიდი. https://ermonia.blogspot.com/2009/09/blog-post.html, უკანასკნელად გადამოწმდა: 20.04.22.

  15. გაბრიაძე რ. ქუთაისი ქალაქია. https://ermonia.blogspot.com/2013/12/blog-post.html, უკანასკნელად გადამოწმდა:  20.04.22.

  16. მორჩილაძე ა. ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო... „რეპორტიორი“, 18.12.2015,  https://reportiori.ge/old/?menuid=48&id=84339, უკანასკნელად გადამოწმდა: 20.04.22.

  17. გაბრიაძე რ. „რეზო გაბრიაძის თეატრი“. http://gabriadze.com/ge/performance/osen-moej-vesny/, უკანასკნელად გადამოწმდა:  20.04.22.