ზვიად დოლიძე. ვესტერნის გავლენა ქართულ კინოზე

ამერიკული კინემატოგრაფის პოპულარული ჟანრი ვესტერნი კინოში ამერიკული მხატვრული ლიტერატურიდან და სახვითი ხელოვნებიდან მივიდა და იმთავითვე მოიპოვა უსაზღვრო ავტორიტეტი. როგორც ცნობილი ისტორიკოსი ჰენრი სთილ ქომეიჯე-რი წერდა, ამით „ამერიკელებმა მოიმარაგეს ბრწყინვალე, მდიდარი, რომანტიკული და თითქმის უმწიკვლო წარსული, რომელშიც იყვნენ მხოლოდ გმირები და გამარჯვებები, წარსული, რომელიც ამერიკის ამომავალ დიდებას პროლოგის მაგივრობას უწევდა“ (1). მცირე ხანში ვესტერნი მსოფლიოს მოედო და არაერთი თაყვანისმცემელი გაიჩინა. ამასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყეს ვესტერნების გადაღებაც, მაგრამ ისინი ვერაფრით სჯობდნენ ამერიკულ ნამუშევრებს და მხოლოდ განწირულნი აღმოჩნდნენ მათთან საპაექროდ. ამის თვალსაჩინო მაგალითებია იტალიური „სპაგეტი-ვესტერნები“ თუ მექსიკური „ვესტერნ-ტორტილიები“. ვესტერნის ესთეტიკა და ელემენტები: ჯირითი, დევნა, ურთიერთსროლა, ფინალური დუელი და ა. შ. გადაედო სხვა კინოჟანრებსაც. ამ მხრივ, განსაკუთრებით იხეირა სათავგადასავლო კინომ, რომლის ნიმუშები მრავლად კეთდებოდა ამა თუ იმ ქვეყნის კინოსტუდიებში. 

თავისთავად, ვესტერნის სტილისტიკა და ელემენტები შემოვიდა ჩვენს, ქართულ კინემატოგრაფშიც, მას შემდეგ, რაც საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შედეგად, შესაძლებელი გახდა, საფუძველი ჩაყროდა სისტემურ კინოწარმოებას. იმხანად, საბჭოთა კინოში გაჩნდა ახალი მიმართულება – ისტორიულ-რევოლუციური ფილმი, რომელიც თანდათანობით ჟანრად „აკურთხეს“. მის მიზანს შეადგენდა, ეჩვენებინა რევოლუციისა და სამოქალაქო ომის მსვლელობისას ადამიანების მიერ გამოჩენილი გმირობა, რათა მაყურებლისათვის დაენახვებინა, როგორ სწირავდნენ ისინი თავს მაღალი იდეალებისათვის. 

აქედან მოყოლებული, ქართულ კინომცოდნეობაში (და კინომაყურებელშიც) წარმოიშვა ტენდენცია, რომ ასეთ ფილმებს ზოგჯერ მოიხსენებენ ქართულ ვესტერნებად, რაც არასწორია, რამეთუ თავად ვესტერნს აქვს თავისი მკვეთრად გამიჯნული ნორმები და კანონები, ისტორიული და გეოგრაფიული ჩარჩოები. ამდენად, რომელიმე ქართული ისტორიული (ან ისტორიულ-რევოლუციური) კინოსურათი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს საქართველოს (ან, როგორც ადრე იყო, საბჭოთა კავშირის) რომელიმე კუთხეში არამც და არამც არ შეიძლება იწოდებოდეს ვესტერნად, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, თვით ამ ჟანრის სახელწოდება მიუთითებს, რომ მასში იგულისხმება ამერიკული ე. წ. „ველური დასავლეთი“ (ან მისი მიმდებარე ტერიტორია) თავისი კოვბოებით, შერიფებითა თუ ინდიელებით.  

არა მარტო ქართული, არამედ, ზოგადად, საბჭოთა კინემატოგრაფის პირველ ვესტერნად მოიხსენიებენ ივან პერესტიანის ფილმს, „წითელი ეშმაკუნები“, რომელიც 1923 წელს გადაიღეს საქართველოს სახკინმრეწვში (2). თავისთავად ეს ნამუშევარი არ იყო ვესტერნი, ვინაიდან მისი მოქმედება მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთის იმპერიის დაშლისა და ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შედეგად გაჩაღდა სამოქალაქო ომი. კინოსურათის გმირები, ეტელ ლილიენ ვოინიჩისა და ჯეიმზ ფენიმორ კუპერის რომანტიკულ-სათავგადასავლო რომანების კითხვით გატაცებული ახალგაზრდები, შავკანიან მეგობართან ერთად, მზვერავებად ჩაეწერებიან სახელისუფლებო ცხენოსან არმიაში და მედგრად ებრძვიან მტერს. რასაკვირველია, ვესტერნის გავლენა აქვს ამ ფილმს საკმაოდ ბევრ ნიუანსში. თუნდაც იმაში, რომ რეჟისორმა, როგორც კინემატოგრაფისტები იტყვიან ხოლმე – „ქუჩიდან აიყვანა“ მსახიობები, ანუ მთავარ როლებზე მიიწვია ცირკის მსახიობები – აკრობატები და მოკრივე, რომლებიც შესანიშნავად ასრულებდნენ ვესტერნის ჟანრისათვის სახასიათო, ურთულეს ტრიუკებს – საუცხოოდ აჯირითებდნენ ცხენებს, გადიოდნენ ბაგირზე, დარბოდნენ მატარებლის სახურავზე და სხვ. ამასთან ერთად, ფილმი აგებულია ვესტერნის ერთ-ერთ პოპულარულ თემაზე – ესაა პერსონაჟის (ან პერსონაჟების) პირადი შურისძიების ამბავი, რომელიც სწორედაც რომ „ჰოლივუდურ სტილში“, „ჰეფი ენდით“ („ბედნიერი დასასრული“) მთავრდება. 

„წითელ ეშმაკუნებს“ მაყურებლის აღტაცება და საოცარი კომერციული მოგება მოჰყვა, ხოლო იმდროინდელმა პრესამ იგი ცაში აიყვანა ხოტბით. „პირველი მერცხალი“, „საბჭოთა კინემატოგრაფის სასწაული“, „დიდებული საწყისი“, „პირველი საბჭოთა კინოშუქურა“ – ასეთი სათაურებით იწერებოდა მასზე სტატიები (3). ფილმმა ერთგვარი და-საბამი დაუდო ვესტერნის სტილისტიკის ფართო გამოყენებას საბჭოთა, და მათ შორის, ქართულ კინოწარმოებაში.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამერიკული ვესტერნის ე. წ. „ოქროს ხანის“, რომელიც მოიცავდა XX საუკუნის 40-60-იან წლებს, საუკეთესო ნაწარმოებები საქართველოში, როგორც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკაში, თითქმის არ შემოდიოდა. ამაში, უპირველეს ყოვლისა, „დამნაშავე“ იყო „ცივი ომის“ პოლიტიკა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაციზმის წინააღმდეგ ერთად მებრძოლი ორი ბანაკის წარმომადგენლები – საბჭოთა კავშირი და მისი მოკავშირეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვესტერნი ხომ ამერიკანიზმის იდეოლოგიას ემსახურებოდა). ამასთანავე, ცალკეულ შემთხვევებში, საბჭოთა კინოს მესვეურებს გულზე არ ეხატებოდათ ამა თუ იმ ამერიკული ვესტერნის შემქმნელი კინემატოგრაფისტებიც (მაგალითად, ჯონ ფორდი, ჯონ უეინი, ჰაუარდ ჰოქსი, სესილ დემილი და ა.შ.), რომლებიც აშკარა ანტისოვეტიზმით გამოირჩეოდნენ, კომუნიზმისა თუ კომუნისტების წინააღმდეგ მებრძოლებად მოიაზრებოდნენ (4) და მათ ნამუშევრებს – ჟანრის შედევრებს საბჭოთა კინოეკრანებს არც აკარებდნენ (თუ ამაში არ ჩავთვლით ჯონ ფორდის შედევრს „დილიჟანსს“, რომელიც ომის მერე გაუშვეს როგორც „ნაალაფარი ფილმი“ გადაკეთებული სათაურით). მიუხედავად ამისა, ქართულ კინემატოგრაფში მოღვაწე იმჟამინდელი რეჟისორები მაინც სარგებლობდნენ ვესტერნის ელემენტებით და თავიანთ ფილმებში მცირე ან დიდი დოზებით სვამდნენ მათ.

ამის შესანიშნავი ნიმუშია გიორგი შენგელაიას კინოსურათი „მაცი ხვიტია“ (1966), რომლის მთავარი პერსონაჟი არაფრით ჩამოუვარდება ვესტერნის გახმაურებულ გმირებს. ფილმს საფუძვლად დაედო ანტონ ფურცელაძის, XIX საუკუნის 60-იან წლებში დაწერილი, ამავე სახელწოდების რომანი, რომელშიც აღწერილია წინა საუკუნეში, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები, ერთი, თავისუფლებისმოყვარე ვაჟკაცის ტრაგიკული თავგადასავალი. იგი უზადოდ ფლობს იარაღსა და ცხენს, გამეტებით ებრძვის ტყვეთა სყიდვის ყოვლად უზნეო პრაქტიკას, რაც გამეფებული იყო სამეგრელოს მაშინდელ სამთავროში (და არა მარტო იქ), ილტვის საკუთარი დებისა და შეყვარებულის გადასარჩენად, რისთვისაც ყაჩაღებთან გარიგებაზეც კი მიდის და ა. შ. მოკლედ რომ ითქვას, ის ყველანაირი ღირსებით შემკული, დადებითი და მისაბაძი კინოგმირია, მართლაც ისეთი, როგორებიც იყვნენ ტრადიციულ ამერიკულ ვესტერნებში, სიკეთისათვის და მოყვასის კეთილდღეობისათვის თავს რომ არ ზოგავდნენ. 

მაცი ხვიტიას“ გადამღები ჯგუფის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მისი რეჟისორის დამსახურებაა არა მხოლოდ უზადოდ და ამაღელვებლად მოთხრობილი ამბავი, არამედ ჩინებულად დადგმული ბატალური ან დუელანტური სცენებიც, რაშიც ვესტერნის გავლენა ნათლად იგრძნობა. და ეს დიდად მისასალმებელი ფაქტია, რომ ქართველმა კინემატოგრაფისტებმა პოპულარული კინოჟანრიდან აიღეს და ქართულ კინოში გადმოიტანეს მისი საფირმო ელემენტები, მიუსადაგეს ისინი ქართულ თემატიკას და მშვენიერი შედეგი მიიღეს. იგივე გაიმეორა გიორგი შენგელაიამ მორიგ ისტორიულსა-თავგადასავლო ნამუშევარში – „ხარება და გოგია“. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივეგან, მთავარ როლებში რეჟისორმა არაპროფესიონალი მსახიობები ათამაშა. 

დღეს, როდესაც ინფორმაციის მოძიების მთავარ წყაროდ ინტერნეტი გადაიქცა, აქა-იქ მაინც ვხვდებით „მაცი ხვიტიას“ ქართულ ვესტერნად მოხსენების მაგალითებს (5), რაც იმთავითვე არასწორია და ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას მაყუ-რებელში. აღნიშნული კინოსურათი ვესტერნი იქნებოდა მაშინ, თუკი მის სიუჟეტურ ქარგას გადაიტანდნენ XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ამერიკულ „ველურ დასავლეთში“, მისი გმირები იქნებოდნენ ამერიკელები და ა. შ. ერთი სიტყვით ისე, როგორც ეს გააკეთეს დაახლოებით 50 წლის წინ, როდესაც გამოჩენილი იაპონელი კინორეჟისორის – აკირა კუროსავას პოპულარული ფილმის – „შვიდი სამუ-რაის“ ამერიკული ე. წ. „რიმეიქი“, ვესტერნი – „შესანიშნავი შვიდეული“ გადაიღეს. 

ცალკე უნდა გამოიყოს ყარამან (გუგული) მგელაძის ისტორიულ-რევოლუციური კინოსურათი „გათენების წინ“ (1971), რომელიც დიდი ხანია არც კინო და არც ტელეეკრანებზე არ გასულა, არადა, ვესტერნის გავლენა ქართულ კინოში ყველაზე მეტად მას ეტყობა. ფილმის სიუჟეტი დამოუკიდებელი საქართველოს (1918-1921 წწ.) ბოლო პერიოდს აღწერს და მოგვითხრობს, თუ როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს სახელისუფლებო დანაყოფები და მათ წინააღმდეგ აჯანყებული, ბოლშევიკების მიერ მართული გლეხები. მთავარი პერსონაჟი – ფარნაოზ მორჩაძე, რომლის როლს ასრულებს ცნობილი ქართველი მსახიობი, გურამ ფირცხალავა, მართლაც რომ კლასიკური ვესტერნისათვის სახასიათო პეროიკული ფიგურაა – მამაცი ლიდერი, ერთგული მეგობარი და იდეისათვის თავდადებული მებრძოლი. გურამ ფირცხალავა თავისი ორიგინალური ტიპაჟითა და სამსახიობო მონაცემებით ფრიად დაამშვენებდა ნებისმიერ ვესტერნს. კინოსურათის პირველივე ეპიზოდებში ისეთი სცენები და სიტუაციებია წარმოდგენილი, ისეთი მარჯვე და ოსტატური დევნისა თუ ურთიერთსროლის ფრაგმენტებია ნაჩვენები, რომ შთაბეჭდილება გრჩება – ისინი ან ჯონ სტერჯესმა, ან სერჯო ლეონემ დადგესო ჩვეულ სტილში. სრულებითაც არაა გასაკვირი, რომ გუგული მგელაძემ, ამ ფილმზე მუშაობისას, ალბათ, ბევრ რამეში მათი ვესტერნებით იხელმძღვანელა. ესეც ხომ ფაქტია, რომ რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ იტალიური ნეორეალიზმის გავლენით გადაიღეს „მაგდანას ლურჯა“, რომელსაც, ლიტერატურული პირველწყაროსაგან განსხვავებით, ფინალი შეუცვალეს. 

„კოლხური ბალადა“ (1975) და „მიზანი“ (1979) არის კინორეჟისორ გენო ხოჯავას ისტორიული ნამუშევრები, რომლებშიც ასევე თვალნათლივ იგრძნობა ვესტერნის გავლენა როგორც სიუჟეტის აგების პრინციპში, ისე ცალკეულ პერიპეტიებში, თუმცა არც ერთია ვესტერნი და არც მეორე (ნიშანდობლივია, რომ ორივეგან მთავარ როლებს ასრულებს გურამ ფირცხალავა). ამ ორ, საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში მიმდინარე ამბებში კინოდრამატული თხრობის ესთეტიკა ბევრადაა დავალებული ვესტერნისაგან, რომელსაც, როგორც კინოჟანრს გააჩნია თავისი კინემატოგრაფიული და ნარატიული კრიტერიუმები, პერსონაჟების კლასიფიკაციები და სხვა, რომელთა შესახებ ყოველთვის წერდნენ ჟანრის თეორეტიკოსები 6. ორივე შემთხვევაში რეჟისორმა, რომელსაც პირად საუბრებში ზოგიერთი ახლაც მოიხსენებს  ქართული ვესტერნების ავტორად, უმწიკვლოდ გამოიყენა ზემოთ აღნიშნული ნიშან-თვისებები ოღონდ ქართული კინოგმირებითა და გარემოებებით. 

ბუნებრივია, რომ ვესტერნის გავლენა ამა თუ იმ სახით გავრცელდა სხვა ქართულ ფილმებზეც. კინოში, როგორც ხელოვნების სხვა დარგებში, ეს არის სრულებით ჩვეულებრივი მოვლენა, თუმცა მსგავს კინოპროდუქციას ვესტერნს ნუ დავარქმევთ. იქნებ, მომავალში რომელიმე ქართველმა კინორეჟისორმა მართლაც გადაიღოს ნამდვილი ვესტერნი თავისი ისტორიულ-გეოგრაფიული ჩარჩოებით, მხატვრული ნორმებითა და კანონებით.

 

 

შენიშვნები:

        

1 Commager, Henry Steele. The Search for a Usable Past, and Other Essays in Historiography. New York: Knopf, 1965, p. 27                    

2  იხ.  “Искусство кино”, 1990, №9, стр. 114, Землянухин С., Сегида М. Домашняя синематека: отечественное кино 1918-1996, Москва, “Дубль-д”, 1996, стр. 283  და სხვ. 

3  იხ. დოლიძე ზ. ქართული კინო. თბილისი, „რაეო“, 2004, გვ. 31. 

4 Studlar, Gaylyn and Mathew Bernstein (ed.). John Ford Made Westerns. Filming the Legend in the Sound Era. Bloomington: Indiana University Press, 2011, p. 220 

5   https://culturefinders.wordpress.com/2015/01/20/1960-70-იანი-წლების-ქართული-კინო/,

    https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_შენგელაია  და სხვ.

 6   La Review du Cinema. 1969, #4, p. 24