ეკა კონტრიძე. გზა „ნაცარქექიადან“ „ცისკარამდე“
1955 წელს ეკრანებზე გამოდის პირველი ქართული კინოზღაპარი „ცისკარა“, რომელიც ხალხური ზღაპრების მოტივების მიხედვით რეჟისორმა სერგო ჭელიძემ გადაიღო, ხოლო სცენარის ავტორი კოტე მიქაბერიძე იყო. იმდროინდელი „საბჭოთა ხელოვნება“ ფილმის შესახებ წერდა: „კინოსცენარის ავტორს კოტე მიქაბერიძეს ფილმის ლიტერატურული სცენარის საფუძვლად აუღია არა ერთი რომელიმე, არამედ რამდენიმე ზღაპარი და სიუჟეტურად გაუერთიანებია ისინი, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ სცენარისტმა დასძლია ეს რთული ამოცანა, ე. ი. მოახერხა ქართული ზღაპრების ორგანული დაკავშირება ურთიერთთან ისე, რომ არ მიჩქმალულიყო ნაწარმოების ძირითადი იდეა“ (ნ. კოჭლამაზაშვილი, ზღაპარი „ცისკარა“ ეკრანზე, ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“,1956 ).
კოტე მიქაბერიძის ზღაპრის შექმნის იდეიდან სერგო ჭელიძის ფილმის გადაღებამდე ათწლიანი გზა იყო, და ამ მძიმე ამბის თხრობა ძალიან შორიდან უნდა დავიწყო. . .
კოტე მიქაბერიძე ცნობილი კინომსახიობი, კინორეჟისორი, შესანიშნავი მხატვარი, ერთ-ერთი ქართული კინოშედევრის ავტორი და მაინც ტრაგიკული ბედის პიროვნება იყო, რომელმაც მრავალმხრივი ნიჭის მიუხედავად, რთული და დრამატული ცხოვრება გაიარა. მრავალ განუხორციელებელ სცენარს შორის ფილმი-ზღაპარი „ცისკარა“ მისი უკანასკნელი პროექტი იყო. მიქაბერიძის იდეამ, შეექმნა კეთილი ზღაპარი, სადაც სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებდა, საბჭოთა ცენზურის დამსახურებით, განხორციელება ვერ შეძლო. ყველაფერი კი დაიწყო კინოშედევრით „ჩემი ბებია“. . .
1929 წელს გადაღებული „ჩემი ბებია“ ჩაფიქრებული იყო, როგორც სატირული კომედია, „აგიტფილმი“ ბიუროკრატიის წინააღმდეგ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფილმში ასახული გარემო ძალიან წააგავდა საბჭოთა ბიუროკრატიულ სისტემას. მიქაბერიძეს „ფორმალისტი რეჟისორის“ ბრალდება წაუყენეს და ფილმი დიდი ხნით თაროზე შემოდეს. ფილმი „ჩემი ბებია“ მრავალი წარუმატებლობის დასაწყისი გახდა, დაბრკოლებათა უწყვეტი ჯაჭვის პირველი რგოლი. ამ ფილმს მოჰყვა ბევრი განუხორციელებელი, შეჩერებული, არდამტკიცებული და მივიწყებული პროექტი . . .
არქივებში დაცული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ არსებობდა მიქაბერიძის 12 („რთველი“ (1928), „რასაც დათეს, იმას მოიმკი“ (1930), „როტე ფანე“ (1930), „კაკო ყაჩაღი“ (1937), „ამირანი“ (1938), „ცხელი გული“ (1944), „ნაცარქექია“ (1945), „მანანას მოტაცება“ (1945), „ბოროტი მელა“ (1950), „ვინ არის დამნაშავე?“ (1957, სიკო დოლიძესთან ერთად), „9+1“ (1957, გიორგი მდივანთან ერთად), „წარმავალი ლანდები“ (1965)). დასრულებული ან დამტკიცებული სცენარი (ზოგიერთზე მუშაობა უკვე დაწყებულიც იყო), მაგრამ მათი განხორციელება არ მოხერხდა. მიზეზი ექსპერიმენტების მოყვარული ნიჭიერი რეჟისორის მიმართ ცენზორების უნდობლობა იყო. არქივებში შემონახული მისი კინოსცენარები თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანია და გამოირჩევა ერთი საერთო თვისებით − მთავარი პერსონაჟები არ ჰგვანან საბჭოთა სისტემისთვის დამახასიათებელ გმირებს, ისინი ბევრად უფრო ლაღები და გულწრფელები არიან.
1945 წელს მიქაბერიძე იწყებს ფილმ-ზღაპარზე მუშაობას. ქართული ხალხური ზღაპარი „ნაცარქექია“ საშუალებას იძლევა, მოქმედება მისტიკურ, ფერადოვან სამყაროში განვითარდეს. ექსპერიმენტებისა და კომბინირებული გადაღებების გამოყენებით, იქნებ ეკრანზე მაინც შეიქნას ისეთი გარემო, სადაც შესაძლებელია, ამბავი „პატარა კაცის“ გამარჯვებით დასრულდეს.
„ზაფხულის დილა. უმოძრაოდ გარინდებულა უცნაური ღრუბელი. ბუნება იღვიძებს. ხეებზე ფოთლები ოდნავ ირხევა. იხსნება პეიზაჟი, ისეთი, როგორც აბრეშუმის ჭრელ შარფზე მოხატული − მსუბუქი, გამჭვირვალე, როგორც აკვარელის ნახატი. ერთი ნაპირიდან, მეორე ნაპირზე გადაჭიმულან ხუჭუჭა მთები. უხვ ფოთლებს შორის მოჩანს პატარა ქართული სოფელი. სათამაშოებივით პატარა, მსუბუქი სახლები მიმობნეულან მთის ფერდობზე. სახლები ბევრი არაა.
განცალკევებულად, როგორც სიზმარში, დგას გლეხის პატარა სახლი, ის როგორც მოხუცი ქალი, გვერდზე წაფერდებულა. შორიდან მოისმის სალამურის მსუბუქი ხმები. სახლის საკვამურიდან ზანტად ამოდის კვამლი და თავად მილიც სახლივით დაფერდებულია. სალამურის ხმები შორს იკარგება.“ (ფრაგმენტი კოტე მიქაბერიძის სცენარიდან „ნაცარქექია“).
აი ასე ხატავს სოფლის პეიზაჟს კოტე მიქაბერიძე და უკვე იცი, რომ ფერად ზღაპარში მოგზაურობ, რომლის ამბავი აუცილებლად კეთილად უნდა დასრულდეს...
„ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს. ცეცხლზე ქვაბი დგას, იქვე, ბუხართან ზის ნაცარქექია. ის დაკავებულია იდუმალი საქმით. მხიარულ სიმღერას ღიღინებს და სერიოზული სახით ნაცარში უცნაური ხაზები გამოჰყავს. ის ბოლომდე ჩაფლულია თავის საქმეში.
. . . ნაცარქექიას ხელს ნაცარში ჯოხით გამოჰყავს უცნაური მიხვეულ-მოხვეული გზები. კადრს მიღმა ისმის ნაცარქექიას ხმა: გავმდიდრდებით, თუ ვერ გავმდიდრდებით? გავმდიდრდებით, თუ ვერ გავმდიდრდებით?
ამ სიტყვებს ნაცარქექია წარმოთქვამს ტაქტში ჯოხით ნაცარში მოძრაობისას. უცებ ჯოხი ჩერდება ერთ-ერთი „ბედის ხაზთან“ და ნაცარქექია გახარებული ყვირის:
- თეკლა გენაცვალე, გავმდიდრდებით, გავმდიდრდებით!
სიხარულისაგან რამოდენიმეჯერ ტაშს შემოჰკრავს, წამოხტება და ახლა ისე ყვირის:
- გენაცვალე, გავმდიდ . . . გავმ. . . (უნდა დააცემინოს) . . . დიდრდებით! აფცხი!
ნაცარქექია აცემინებს და ტანსაცმლიდან იმ ნაცარს იბერტყავს, რომელიც ოთახში ჰაერში ტრიალებს. გაბრაზებულ თეკლას, უნდა ნაცარქექიას უსაყვედუროს, მაგრამ მასაც ნაცარი ცხვირში შეეყრება და ისიც აცემინებს.“ (იქვე).
შემთხვევითი არაა, რომ კოტე მიქაბერიძის ნაცარქექია ზღაპრული პერსონაჟი კი არა, ჩვეულებრივი, რეალური ადამიანია, რომელიც სიღარიბესა და გაჭირვებას გაურბის და ჯადოსნურ სამყაროში სასწაულების საძებნელად მიდის.
სცენარის განხილვაზე კოტე მიქაბერიძე გულწრფელად ამბობს: „...ნაცარქექია უარყოფით გარემოში ცხოვრობს და ცდილობს თავისი მოხერხებულობით ძნელი მომენტებიდან გამოვიდეს და მტერი დაამარცხოს. ცხოვრება მას ისეთ პირობებში აყენებს, რომ ის ბედნიერების საძიებლად მიდის და გზაში იძენს მეგობრებს. ის ყველას ეხმარება − ეს წმინდად ხალხური თვისებაა“ (ხელოვნების სასახლე. ფ.-1, საქ.-1783, ხ.-81).
სცენარის განხორციელების შემთხვევაში ფილმი სიკეთითა და ოპტიმიზმით სავსე სახალისო ზღაპარი იქნებოდა, ამბავი ხალხიდან გამოსულ უბრალო ადამიანზე, რომელიც ბოროტს ამარცხებს და შინ გამარჯვებული ბრუნდება. „ნაცარქექია“ იქნებოდა ქართული კინო-ზღაპრის პირველი ცდა, უჩვეულო და ორიგინალური თავისი სიუჟეტით, ფორმით და შინაარსით.
ეროვნულ არქივში ინახება სამი ლიტერატურული სცენარი მხატვრული ფილმი-ზღაპრისთვის „ნაცარქექია“. სამივე კოლეგიის საბჭოზე ხანგრძლივ შესწორებას გადის, საშინელ ტრანსფორმაციას განიცდის და ვხედავთ, თანდათან როგორ იკარგება ამბის მთავარი ხიბლი − სიხალასე, გულწრფელობა და პოეტურობა. . .
სცენარის მეორე და მესამე ვარიანტში გათვალისწინებულია სამხატვრო საბჭოსა და ცენზორების „შენიშვნები“ და ახალ ვარიანტში ნაცარქექია ერთი უქნარა კაცია, რომელსაც ცოლი სახლიდან აგდებს და ისიც იწყებს უგზო-უკვალოდ ხეტიალს, შემდეგ ხვდება ბოროტ დევებს და ა. შ..
ფილმ-ზღაპრის თემაზე მუშაობა თითქმის 10 წელი მიმდინარეობდა. წლების განმავლობაში ცენზურის მოთხოვნით მიქაბერიძე ცვლიდა პერსონაჟებს, სიუჟეტურ ქარგას და ფილმის დასახელებასაც კი. ახალ სცენარში „ნატვრის სუფრა“ ნაცარქექია შეიცვალა ახალგაზრდა და ძლიერი ჭაბუკით, სახელად ცისკარა. „ის ახალგაზრდა, გაბედული ვაჟკაცია, ნათელი ღიმილით და ღრმა საზრიანი თვალებით. მაღალი, მხარბეჭიანი, ძლიერი, რომელსაც ძალიან უხდება ქართული ჩოხა“ (ეროვნული არქივი. ფ-52, ან-2 საქ-1459).
ცხრა მთას იქით, ცხრა ზღვას იქით, პატარა, ლამაზ სოფელში ცისკარა ცხოვრობს. იქვე, მიწის ქვეშ ცხოვრობს სამი მრისხანე დევი, ისინი პატარა ბოროტი ქონდრისკაცის დახმარებით მუდმივად ძარცვავენ და აწიოკებენ ისედაც გაღარიბებულ სოფელს. ცისკარა გადაწყვეტს, წავიდეს მიწისქვეშეთის მოგზაურობაში, შეებრძოლოს ბოროტ ძალას, დაიხსნას სოფელი დევებისაგან, ალქაჯებისგან, მტაცებლებისგან და ჩამოიტანოს „ნატვრის სუფრა“, რომელიც ღარიბ ადამიანებს ყველა სურვილს აუსრულებს. თანასოფლელების სიყვარულით გამხნევებული ცისკარა მოხერხებულობითა და საზრიანობით ამარცხებს ყველა ბოროტ ძალას და შინ გამარჯვებული ბრუნდება.
სცენარი „ნატვრის სუფრაც“ რამდენიმეჯერ გადააკეთეს, შეიცვალა პერსონაჟების სახელები, ხასიათი და სიუჟეტიც კი, რის შემდეგაც სცენარის ბოლო, მესამე ვარიანტის დასკვნაში ვკითხულობთ: „უნდა ითქვას, რომ ამხ. კ. მიქაბერიძეს გაუთვალისწინებია ის შენიშვნები, რომლებიც მას სცენარის პირველი ვარიანტის შესახებ სასცენარო განყოფილებამ მისცა. სცენარის წარმოდგენილ ვარიანტში უკვე არაა ნაცარქექია (ეს სახელწოდება არ შეეფერებოდა სცენარში დახატულ სახეს). აქ უკვე ცისკარა იბრძვის არა პირადი, არამედ ხალხის კეთილდღეობისათვის. ამისდა მიხედვით მოცემულ ვარიანტს მეტი სოციალური სიმძაფრე მიეცა, მისი საზოგადოებრივი არე საგრძნობლად გაფართოვდა. ამ მხრივ ვფიქრობ სცენარმა ბევრად მოიგო, მან ღრმა სოციალური ჟღერადობა მიიღო“ (ეროვნული არქივი. ფ-52, ან-2 საქ-1459).
მიუხედავად სამხატვრო საბჭოს დადებითი შეფასებისა, ფილმის გადაღება მაინც ვერ მოხერხდა და მიქაბერიძის შემდეგი სცენარია ფილმი-ზღაპარი „ჯადოსნური სალამური“. აქ მთავარი პერსონაჟი ისევ ცისკარაა, რომელიც ჯადოსნურ სალამურზე უკრავს. ბუნება, გარემო და ჯადოსნური ნივთები ზღაპარში გაცოცხლებულია და მათ ლაპარაკი შეუძლიათ. ცისკარა გაივლის წინააღმდეგობებითა და ფათერაკებით სავსე გზას, ათავისუფლებს დატყვევებულ ბუნების ძალებს და მათ ისევ ადამიანების კუთვნილებად ხდის. ყველა დაბრკოლების გადალახვის შემდეგ ცისკარა შინ გამარჯვებული ბრუნდება.
კოტე მიქაბერიძე კი თავის ახალ იდეას ასე განმარტავს: „ქართული ზღაპრები ხასიათდება გმირების მიმართ სიყვარულით, რომლებიც არიან ჩვეულებრივი ხალხისგან წამოსული გმირები. . . . ისინი ყოველთვის ამარცხებენ მეფეებს, ვეზირებს და ყველას, ვინც კი ავიწროვებს და ძარცვავს ხალხს. ისინი იმარჯვებენ ხან ძალით, ხან მოხერხებით, სილამაზით ან მახვილგონიერებით“ (ეროვნული არქივი. ფ-52, ან-2 საქ-1459).
სცენარმა ისევ გაიარა ცენზურა, დაიწერა რამდენიმე ახალი ვარიანტი და სამხატვრო საბჭოს დასკვნაში ჩაიწერა: „ავტორის მიერ მხედველობაში მიღებულია უმეტესი ნაწილი იმ შენიშვნებისა, რომელიც მას სასცენარო განყოფილებამ და კინოსტუდიის დირექციასთან არსებულმა სამხატვრო საბჭომ მისცა. სცენარში კარგადაა ნაჩვენები სოციალური ჩაგვრა, რომელსაც ღარიბი გლეხობა და მშრომელი ხალხი განიცდიდა მებატონეების და ამ უკანასკნელთა ინტერესების დამცველ მეფეებისაგან. ავტორი რეალისტურად უჩვენებს ღარიბი გლეხობის დუხჭირ ცხოვრებას წარსულში და მშრომელთა ღრმა რწმენას უკეთესი მომავლის შესახებ. წარმოდგენილი სცენარი კარგი მხატვრული ფილმის შექმნის შესაძლებლობას იძლევა“.
მიუხედავად ცენზურის აქტიური მუშაობისა, სცენარის უხეშად გადაკეთების შემდეგ, 1953 წლის დასკვნაში მაინც ვკითხულობთ: „მართალია ავტორი სწორად აჩენს ზღაპრის ძირითად ტენდენციას − ხალხის ბრძოლას თავის დამპყრობლებთან და მჩაგვრელებთან, მაგრამ ეს ბრძოლა არ პოულობს აქ სწორ იდეურ დასაბუთებას“...
1954 წლის 9 მარტს სარეჟისორო სცენარის განხილვაზე კოტე მიქაბერიძე ამბობს: „ამხანაგებო! უნდა გითხრათ, რომ სამხატვრო საბჭოს განხილვის შემდეგ, ჩემი შთაბეჭდილება გაურკვეველია . . . მე ველოდი, რომ ლიტერატურული სცენარის დამტკიცების შემდეგ, რაზედაც ჩვენ ვმუშაობდით დიდი ხანი და გვქონდა ყველა შესაძლებელი კონსულტაციები, სცენარმა გაიარა მთელი რიგი საფეხურები, რიგი რედაქტორების მიერ, სტუდიის სამხატვრო საბჭოს მიერ, სასცენარო განყოფილების მიერ, სამინისტროს კოლეგიის მიერ, სადაც სცენარი მიიღეს, და დადებითად შეაფასეს. მიღებული იყო შენიშვნები, რომელიც მე გავითვალისწინე სცენარში. დღეს კი მე ამხანაგებისაგან მივიღე ახალი შენიშვნები და თუკი ჩვენ მას ისევ გავითვალისწინებთ, მაშინ ეს უკვე იქნება სცენარის კიდევ სხვა ვარიანტი. . . . მე ვერ მივიღე სამხატვრო საბჭოსგან ის დახმარება, რასაც ველოდი, პირიქით . . .“ (ეროვნული არქივი. ფ.-52, ან.-2, საქ.-520).
1954 წელს საბოლოოდ შეჩერდა „ჯადოსნურ სალამურზე“ მუშაობა და კოტე მიქაბერიძე პროექტს, რომელსაც 10 წელი შეალია, გაურკვეველი მიზეზით ჩამოაშორეს . . .
1955 წელს სცენარმა „ნაცარქექია“/„ნატვრის სუფრა“/„ჯადოსნური სალამური“ ისევ განიცადა ტრანსფორმაცია და საფუძვლად დაედო სერგო ჭელიძის ფილმს „ცისკარა“. მისი ჩვენება და განხილვა სამხატვრო საბჭოზე 1955 წლის 29 სექტემბერს გაიმართა. კოტე მიქაბერიძე იხსენებს: „გულახდილად მინდა ვთქვა, რომ მთელ ფილმს თავიდან ბოლომდე ინტერესით ვუყურებდი. რას მივაწერო ასეთი ინტერესი, ვერ გამირკვევია. იქნებ ფილმია კარგი, ან იქნებ ჩემთვის საინტერესო იყო გამეგო, რა გამოვიდა იმ ფილმიდან, რომლის სცენარის ავტორი მე გახლავართ და ფილმის დადგმაც ჩემი დაწყებულია?“
1955 წლის 9 ოქტომბერს მიქაბერიძე თავის დღიურში წერს: „სტუდიაში ბევრი მილოცავს, როგორც ფილმის ავტორს. სასიამოვნო და სასიხარულოა იმის გაცნობიერება, რომ შენი ნაწარმოები გარკვეულად რეალიზებულია, ხელშესახები ფორმა მიიღო“.
მაგრამ სერგო ჭელიძის „ცისკარა“ ისევ გაურკვეველი მიზეზების გამო გამოსვლისთანავე ეკრანიდან მოხსნეს. „ცისკარასთან“ დაკავშირებულმა დაძაბულობამ მიქაბერიძის ჯანმრთელობაზე ისე იმოქმედა, რომ ნერვიული აშლილობა დაეწყო და ლოგინად ჩავარდა. . .
1957 წელს „მიქაბერიძის დაპატიმრების საქმესთან“ მოწმის სტატუსით დაკითხული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი ნატალია ალექსანდრეს ასული ჟუჟუნაძე ამბობს: „ალბათ მასზე იმოქმედა იმან, რომ კინოფილმ „ცისკარას“ გადაღებებს ჩამოაშორეს. . . .ეს ჩამოშორება მიქაბერიძემ რა თქმა უნდა, ძალიან განიცადა და რაღაც ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა კიდეც“ (შ.ს.ს. არქივი, ფ.-6, სსს-5702. 15. 03. 1957წ.).
1956 წლის 1 თებერვალს 60 წლის კოტე მიქაბერიძე დააკავეს. მიზეზი მის მიერ გაგზავნილი 4 ანონიმური წერილი გახდა. ორი მათგანი პირადი ხასიათის იყო, ორიც − ანტისაბჭოთა ხასიათის, ხელმოწერილი ფსევდონიმით „თავისუფალი საქართველოს ხმა“.
„საბჭოთა ხელისუფლება არის − გიგანტური საკონცენტრაციო ლაგირი; ყველაზე ლაჩარი, მშიშარა სახელმწიფო, რომელსაც თავისი ჩრდილების ეშინია, ხალხის ეშინია, ადამიანების ეშინია; ყოვლად მატყუარა სახელმწიფო; დესპოტი, რომელმაც წაართვა საბჭოთა მოქალაქეს ყოველგვარი თავისუფლება, მეობა, ვაჟკაცობა, ხასიათი − ინდივიდუალობა; . . . გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ (შ.ს.ს. არქივი. ფონდი-6, სსს # 5702).
დაპატიმრებულ კოტე მიქაბერიძეს დაკითხვაზე კოლეგები ასე ახასიათებენ: „ხშირად აღენიშნებოდა გუნება-განწყობის ცვალებადობა: ხან იყო აქტიური, შრომისუნარიანი, ხან დამძიმებული, გაბოროტებული, არაფერი ახარებდა. . . . იგი თვლიდა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ, იყო ყველათი და ყველაფრით უკმაყოფილო. გახდა გულჩათხრობილი, სახლიდან არ გამოდიოდა. მიეცა დეპრესიას, ღამეები არ ეძინა. ხშირად ტიროდა. . . “ (შ.ს.ს არქივი. ფ.-6, სსს# 5702)
მშობლიურმა „ქართულმა ფილმმაც“ არ დააყოვნა და კინოსტუდიის პარტიული ორგანიზაციის დახურულ სხდომაზე კოტე მიქაბერიძე პარტიის წევრისთვის შეუფერებელი საქციელის გამო სკკპ რიგებიდან გარიცხეს (შ.ს.ს. პარტარქივი. ფონდი 392, ა.-1, საქ. 78).
1957 წლის 2 აპრილს საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ კოტე მიქაბერიძეს „ანტისაბჭოთა საქმიანობასა და აგიტაციის“ მუხლით თავისუფლების აკვეთა და მორდოვეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომა-გასწორების კოლონიაში სამი წლით გადასახლება მიუსაჯა.
უკვე ასაკოვანმა რეჟისორმა სასამართლო სხდომაზე ბოლო სიტყვაში თქვა: „მე არ ვარ მტერი ჩემი საზოგადოების წინაშე და არც მქონია გულში ასეთი რამ, მთელი ჩემი შრომა და მოღვაწეობა მიმართული იყო საზოგადოების კეთილდღეობისადმი, მე ამჟამად შემიძლია ჩემი დარგით ბევრი კარგის გაკეთება, ის რაც ჩავიდინე, ფაქტი არის არ ეთანხმება ჩემს მორალურ სახეს, გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში ჩემი გულწრფელი აღიარება და მომცეთ საშუალება მე ჩემი შემდგომი მუშაობით გამოვისყიდო ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაული“ (შ.ს.ს. არქივი. ფ.-6, სსს#5702. გვ.100-103).
კოტე მიქაბერიძე გადასახლებიდან დაბერებული, მოტეხილი და სრულიად დაბეჩავებული დაბრუნდა. პატიმრობაგამოვლილს ფილმის გადაღების უფლებას არავინ მისცემდა, თუმცა არც მანამდე აძლევდნენ მუშაობის საშუალებას. . .
„... იყო ერთი დიდი ადამიანი, ფრიად საინტერესო თავისი შინაგანი და გარეგანი ნათელით, ქუთაისელი, რიონის პირას გაზრდილი, რაინდობაზე თავდადებული. ბევრი იარა თუ ცოტა, ბოლოს დუბლიაჟში დაიდო ბინა. ევიწროვებოდა კედლები, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მეტად საინტერესო ამბების მოყოლა იცოდა. სულდგმულობდა უმეტესად წარსულით. სულ ხატავდა, წერდა, უსმენდა მუსიკას, სწავლობდა ენებს, სწავლობდა მედიცინას, ვარჯიშობდა“...“ (რ. კვესელავა. „მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე“, ქ. წულაძის მოგონება).
1973 წელს, არკადი ხინთიბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე „კინოს სახლში“ კოტე მიქაბერიძე გამოვიდა და სიტყვა ასე დაასრულა: „მივაკითხოთ ხოლმე ერთმანეთს და ვკითხოთ − როგორ ხარ?“...
შემდეგ საღამო დასრულდა, შუქი აინთო და დარბაზი ყველამ დატოვა. სკამზე დარჩა მხოლოდ ერთი კაცი − კოტე მიქაბერიძე, რომელიც ეკრანის წინ გარდაცვლილიყო. . .
ქართული კინო.1940-1960. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. თბილისი. 2024