აკაკი ბაქრაძე. ცამეტი წელი კინოში
თუ 20-იანი წლების ქართულ კინოს გაიხსენებთ, არ შეიძლება თვალში არ გეცეთ ერთი გარემოება: იმხანად ფართოდ ხდებოდა ქართული კლასიკური მწერლობის ნიმუშების ეკრანიზება. ამ ფაქტით გაოცება უსაფუძვლო არ აღმოჩნდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ ჩვენს კინოში მარტო ალექსანდრე წუწუნავა იყო ქართული კულტურით ნასაზრდოები. სხვები კი — ივანე პერესტიანი, ვლადიმერ ბარსკი, ამო ბეკ-ნაზაროვი — უცხო კულტურული სამყაროდან იყვნენ მომოსული. ამ ამ სამეულმა ქართული მწერლობისა არა იცოდა რა და, ცხადია, საინტერესო იყო - რა აპირობებდა მათ დაინტერესებას ქართული კლასიკური მწერლობით.
ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ყველაზე კარგად ივანე პერესტიანი შეეძლო. 50-იანი წლების პირველ ნახევარში. პერესტიანი ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრობდა (მოსკოვში, ღრმად მოხუცთა თავშესაფარში მერე წავიდა). სტუდიაში ხშირად დადიოდა. მართალია, უკვე ოთხმოცდახუთ წელს მიღწეული კაცი იყო, მაგრამ არც გონებრივი სინათლე აკლდა და არც ფიზიკურად გრძნობდა თავს დაუძლურებულად. ოღონდ მწვავე ქონებრივ ხელმოკლეობას განიცდიდა. ამ მდგომარეობაში ყოფნა ძლიერ ეთაკილებოდა. რაიმე დახმარებით თავმოყვარეობა რომ არ შელახოდა, კინოსტუდიას მასთან და კარლო გოგოძესთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. ისინი კოსტა ხეთაგათის პოემის მიხედვით. სცენარს წერდნენ — „ფატიმა“.
გარეგნობით, მიხრა-მოხრით, მეტყველებით, საქციელით ივანე პერესტიანი ცოცხალი განსახიერება იყო იმ შინაარსისა, რაც დევს რუსულ სიტყვაში барин (მკითხველს ჩემი ნათქ- ვამის შემოწმება შეუძლია მიხ. ჭიაურელის ფილმით „არსენა“. ივ. პერესტიანი ამ ფილმში ბარონ როზენის როლს ასრულებდა).
რაკი მეც იმ ოთახში ვიჯექი, სადაც კარლო გოგოძე, ხშირად ვყოფილვარ მოწმე მათი საუბრისა.
ივ. პერესტიანს 20-იანი წლების გახსენება უყვარდა. იმ დროს უკავშირდებოდა მისი შემოქმედებითი გამარჯვებანიცა და ქონებრივი კეთილდღეობაც. მაშინ, თურმე, ჯერ კიდევ არსებობდა კანონი, რომლის თანახმად, კინორეჟისორს არა მარტო ჰონორარი ეძლეოდა, არამედ ფილმის საერთო შემოსავლის გარკვეული პროცენტიც. თუ ფილმს წარმატება ერგებოდა, ეს პროცენტი უთვალავ თანხას შეადგენდა. „სამი სიცოცხლე“ რომ დავამთავრე, – ჰყვებოდა პერესტიანი, უცბად ვიქეცი მილიონერად. ამ სურათს მთელ მსოფლიოში უჩვენებდნენ და ფულიც უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. სად წამეღო იგი, როგორ დამეხარჯა უკვე აღარ ვიცოდი. საერთოდ, ფულიანი ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობა ძალიან ჰგავს თაფლისა და ბუზის ურთიერთობას! როგორც თაფლს შეესევიან ბუზები, ისე ეხვევიან თავს. ადამიანები ფულიან კაცს. ყველას მის ხარჯზე უნდა ცხოვრება. მეც არ მენანებოდა. ხელგაშლილი უთავბოლოდ ვფანტავდი. ასე მეგონა, ჩემი სიმდიდრის ამოწურვა შეუძლებელია და სიკვდილამდე ქერის ორმოში ვიგორავებდი, მოვტყუვდი. ჩვენი სიმდიდრის წყარო მალე დააშრეს.
რეჟისორთა მაშინდელი მდგომარეობა ყველას შურდა სცენარისტებს, მსახიობებს, ოპერატორებს. განსაკუთრებით ოპერატორებს. გაუთავებლად ბუზღუნებდნენ - ფილმს ჩვენ ვაკეთებთ, მარტო რეჟისორები რატომ უნდა უნდა ბანაობდნენ ფულში. ითხოვდნენ, ფილმის შემოსავალში, პროცენტებში ჩვენც დაგვიდეთო წილი.
ერთ დღეს ვრცელი კოლექტიური წერილი დაწერეს და ხელისუფლებას მიართვეს. კინოოპერატორების საჩივარმა სტალინის ყურამდეც მიაღწია. იგი საშინლად აღშფოთებულა: ასეთი უსამართლობა სად გაგონილაო. ფილმი კოლექტიური შრომის ნაყოფია. მას ერთად ქმნიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. კინოს სიკეთით მარტო რეჟისორები რატომ უნდა სარგებლობდნენ. მანაც ბევრი აღარ დააყოვნა და, სამართლიანობის დასამკვიდრებლად, კანონი, რის საფუძველზეც რეჟისორებს პროცენტები გვეძლეოდა, პირწმინდად გააუქმა.
ასე დავრჩით ხახამშრალი რეჟისორებიცა და ოპერატორებიც.
ასეთ საუბრებში თანდათანობით იმის პასუხიც შევიტყვე, რაც მაინტერესებდა. - მეცა და სხვებიც, რუსული კინოს მოღვაწეები, - იხსენებდა ივანე პერესტიანი, - საქართველოში მაშინ ჩამოვედით, როცა აქ მენშევიკური ხელისუფლება არსებობდა. ჩვენს შორის დარჩეს და ჩვენ რევოლუციას გამოვექეცით სამხრეთში, ჯერ ყირიმში, მერე საქართველოში. მარტო კინემატოგრაფისტები არ მოქცეულან ასე. მაშინ ბევრმა რუსმა მწერალმა, მხატვარმა, მსახიობმა მოიყარა თავი თბილისში. ის წლები უაღრესად მრავალფეროვანი, მიმზიდველი და მჩქეფარე იყო ხელოვანთა ცხოვრების თვალსაზრისით. ალბათ, ოდესმე მოვა დრო, ამ პერიოდს ობიექტურად შეისწავლიან და ნათლად დაინახავენ, რომ იმჟამად თბილისი რუსული სახელოვნებო ავანგარდიზმის ერთ-ერთი ცენტრი იყო. თავდაპირველად киношник-ები ამ მღელვარე ცხოვრების მხოლოდ მაყურებლები ვიყავით. მაგრამ მალე ჩვენი მდგომარეობა შეიცვალა.
დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეროვნული კინოხელოვნების აღორძინება. დიდი გეგმები დასახა. ჩვენც მიგვიწვიეს. დახმარება, თანადგომა გვთხოვეს. რა თქმა უნდა, სიამოვნებითა და სიხარულით დავთანხმდით. ხელისუფლებას დიდი სურვილი ჰქონდა შექმნილიყო მრავალფილმიანი კინოეპოპეა, რომელიც კავკასიაში მომხდარ რევოლუციურ ამბებს ასახავდა, დაწყებული 1905 წლით, დამთავრებული მონარქიის დამხობით. ეს ნუ გაგიკვირდებათ, გაზეთებს მაშინაც ისევე ეწერა - „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ - როგორც დღეს აწერია. მარქსის სურათიც ყველა კედელზე ეკიდა. მსოფლიო პროლეტარულ რევოლუციაზე ისევე ოცნებობდნენ, როგორც მომდევნო 20-იან წლებში. კინოეპოპეის დაგეგმვა იოლი იყო, გადაღება იყო ძნელი. იმ დროს ასეთი ფანტასტიკური აზრის განხორციელების იმედი მხოლოდ ისეთ კაცს შეიძლება ჰქონოდა, როგორიც გერმანე გოგიტიძე გახლდათ. იგი კინოხელოვნების თავდავიწყებული მოტრფიალე იყო. თან ნამდვილი ბიზნესმენის ნიჭით უხვად დაჯილდოებული.
(ვისაც ჰქონია შემთხვევა ენახა მენშევიკური ხელისუფლების დროს გადაღებული კინოქრონიკის ნაკუწები, იგი ეკრანზე გერმანე გოგიტიძესაც დაინახავდა. დღეს შეიძლება გაგეღიმოთ კიდეც - როგორი სიმკვირცხლით, ბავშვური ხალისით ხელმძღვანელობს იგი გადაღებებს).
შევუდექით კინოეპოპეაზე მუშაობას. სცენარის დაწერა შალვა დადიანს ევალებოდა. სწორედ ამ ციკლის პირველი სურათი იყო ფილმი, რომელსაც ხან „გენერალ გრიაზნოვის მკვლელობას“ ეძახიან და ხან - „არსენა ჯორჯიაშვილს“. ფილმის გადაღება კი დავიწყეთ მენშევიკური მთავრობის დროს, მაგრამ დამთავრება ვეღარ მოვასწარით. მალე დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. ამ მოვლენებს ჩვენთვის ხელი არ შეუშლია. ფილმის გადაღება გაგრძელდა და მშვიდობიანად დასრულდა. ოღონდ ჩაიშალა, იმ მრავალფილმიანი ეპოპეის შექმნის ცდა, რაიც თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. კინოს ცხოვრების გეზი შეიცვალა. მიმართულება ეკრანიზაციისაკენ ავიღეთ.
(იმჟამად კინოსაქმიანობას განათლების სახალხო კომისარიატი, მისი კინოსექცია წარმართავდა. კინოსექტორში კი სასცენარო საქმეებს გრიგოლ რობაქიძე თავკაცობდა.
მერე ივ. პერესტიანი მემუარებში ასე გაიხსენებს გრიგოლ რობაქიძეს.
«Я был назначен членом академического совета при Наркомпросе по линии кинопромышленности. Председателем этого совета был назначен Григорий Робакидзе, окончивший философский факультет Бонского университета в Германии. В дальнейшем Робакидзе уехал за границу и не вернулся. Что с ним было дальше, я не знаю.
Не знаю, что было в голове Робакидзе, но на голове, как и полагается философу, не росло ни единого волоска и он носил аккуратный парик с идеальным пробором. Парик этот приклеивался к лысине каким-то пластырем, державшим плохо. Так что во время заседаний облик председателя часто вызывал улыбки, еще более дружные, когда он во время дискуссии совал под парик карандаш, чтобы почесать лысину. По совести говоря, заседания наши были скорее беседами широкого диапазона, вплоть до анекдотов, и потому посещались весьма усердно». (ი.პერესტიანი. 75 лет жизни в искусстве. 1962, 83. 310-311).
ქართული კლასიკური მწერლობის ეკრანიზაციის გეგმა მან შეადგინა. შინაარსსაც თავად გვიყვებოდა და თვითონვე გვეუბნებოდა რაზე გაგვემახვილებინა ყურადღება. გ. რობაქიძე ჩინებული მთხრობელი იყო. რასაც გიყვებოდათ, ხედავდით კიდეც. ამიტომ მას არ გასჭირვებია ჩვენი დაინტერესება სრულიად უცნობი ლიტერატურით. მით უმეტეს, რომ ეგ. ნინოშვილიც, ალ. ყაზბეგიც, გ. წერეთელიც საოცრად კინემატოგრაფიულია. ბევრია ნაწარმოები, რომელთა მხოლოდ გაგონება შეიძლება. რამდენიც უნდა ეცადო, მათ ვერ დაინახავ. ასეთი ნაწარმოების ეკრანიზაცია თუ შეუძლებელი არა, ურთულესი მაინც არის. ქართველი მწერლები კი ისე წერენ, რომ ყველაფრის დანახვა შეიძლება. მათი კითხვისას, მკითხველს თვალი უფრო სჭირდება, ვიდრე ყური. ამიტომ მათ იოლად მიგვიზიდეს. ჩვენც პატიოსნად ვმუშაობდით. თუ რაიმე ქართველ მაყურებელს არ მოსწონს, ეს ჩვენი უპატივცემულობის, ან უგულისყურობის ბრალი არ არის. იგი ჩვენი უცოდინარობის შედეგია. საქართველოში რომ ჩამოვედი ორმოც წელს კარგა ხნის ხნის გადაცილებული ვიყავი. ამ ხნის კაცს ყოველთვის ზუსტად და უცდომლად დანახვა არ შეუძლია. აღარც სწავლა შეუძლია. რაც იცის, იცის. ბევრს ვერაფერს მიუმატებს.
თუ ლაპარაკისას ივ. პერესტიანი ხშირად ჩერდებოდა. რაღაც ფიქრი წაიღებდა. სახე დარდიანი უხდებოდა. ეს არ იყო მხოლოდ მოხუცებულობის სევდა. იგი იყო რაღაც უფრო მეტი, უფრო რთული და სულის სიღრმეში მდებარე. ეს სევდა მე ვერ ამოვიცანი. არა მგონია, იმათაც სცოდნოდათ, ვინც მას ახლოს იცნობდა, მეგობრობდა, თანამშრომლობდა. ეს სევდა მას არც ფილმებში გადაუტანია. იგი ოდენ თვალებში ედგა. და როცა სიკვდილმა თვალები დაუხუჭა, იმქვეყნად თან წაიღო, რათა იმ იტალიელი წინაპრებისათვის გაეზიარებინა, რომლებიც მას სიცოცხლეში არასოდეს ენახა.
***
კარლო გოგოძე მთელი ცხოვრება ქართული კინოს ისტორიისათვის მასალას აგროვებდა. იგი ყველას, ვინც კი ასე თუ ისე ქართულ კინოხელოვნებას უკავშირდებოდა, მოგონებებს აწერინებდა. შალვა დადიანსაც დააწერინა მან მოგონება ¬- „კინო და მე“. კ. გოგოძე უშურველი კაცი იყო. თუ რაიმეს მოიპოვებდა, მაშინვე გაგიზიარებდა. შ. დადიანის ჩანაწერი მეც გადმომცა. „კინო და მე“, თუ არ ვცდები, სრულად არსად დაბეჭდილა (თუ დასტამბულა, არც იმით დაშავდება რაიმე კიდევ ერთხელ რომ გამოქვეყნდეს. ჩვენ ქართული კინოს ისტორიისათვის მასალას ფინჩხა-ფინჩხა ვაგროვებთ და კიდევ ერთი ნამცეცის მიმატება თუ დიდ საქმეს არ გააკეთებს, წახდენით ხომ მაინც არაფერს წაახდენს!).
შ. დადიანის ტექსტი ზუსტად ისე იბეჭდება, როგორც ავტორმა დაწერა - სტილისტურად, ორთოგრაფიულად, ფაქტობრივი შეცდომებითაც კი.
კინო და მე
საქართველოს შემოქმედებით კინოს განთიადზე. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დროს დავუახლოვდი კინოს, საქმიანობას და პირველი მე მომიხდა პირველი კინო-სცენარის დაწერა „არსენა ჯორჯიაშვილზე“, რომელსაც შემდეგში მისმა დამდგმელმა უწოდა „გრიაზნოვის მკვლელობა“
ამის გარდა მე მეკუთვნის იმ ხანებში დადგმულ სურათების კინოსცენარები: „ტარიელ მკლავაძის საქმე“, „ქარიშხლის წინ“ და კონსულტირება ყაზბეგის „მოძღვრისა“.
მაგრამ მაშინ მარტო წერას არ დამაჯერეს და პირადათაც მიმაღებინეს კინო-სურათებში მონაწილეობა. ამგვარად მე გადაღებული ვარ ეპიზოდურ როლებში „არსენა ჯორჯიაშვილისა“ და „სურამის ციხე“-ში და ორ დიდ საპასუხისმგებლო როლში. ეს იყო თვით მოძღვრის როლი „მოძღვარში“ და უკანასკნელად კიდევ, დიდ სამამულო ომის დროს, „შავ მთებში“ მოხუცი პარტიზანი.
ვიცი, რომ მოძღვარმა და პარტიზანმა საზოგადოებასა და პრესაში. კარგი შთაბეჭდილება დასტოვა და მე გამხნევებულ ვიქმენ როგორც კინოარტისტიც.
ხსენებულ ორი როლის შესრულება კი ჩემთვის წარმოადგენდა უთუოდ უჩვეულო ამოცანას და მეც, შეძლებისდაგვარად, დიდის გულისხმიერებით მოვეპყარ ორთავ როლის შესრულებას.
ცხადია, ჩემთვის გარეგნულად უფრო ძნელი იყო იუგოსლაველ პარტიზანის განსახიერება, მაგრამ შინაგანმა მისმა განცდებმა მგონი რომ მიხსნა. მისი შინაგანი განცდა კი იყო მისი მგზნებარე პატრიოტიზმი და უღრმესი სიძულვილი ბარბაროს დაპყრობლებისადმი. ამის შეგრძნობა კი, ცხადია, ყველა ხალხს აქვს და მით უფრო ქართველს, რომელსაც მრავალსაუკუნეთა მანძილზე სწორედ ესეთი მოგერიებითი ომი უწარმოებია, სისხლით დაუცავს თავისი მიწა-წყალი მტრის წინ საბოლაოდ ქედი მაინც არ მოუხრია. პოტენციალურად უთუოდ ეს ქართული თვისება ჩემშიაც ცხოვრობს და ამიტომ იყო, რომ შევეცადე გარეგნულის სიდინჯით, მაგრამ შინაგანის მგზნებარებით განმესახიერებინა დაკისრებული როლი. ასეთ ამოცანის დაძლევაში კი დიდად ხელს მიწყობდა განსვენებული, უდროოდ დაღუპული რეჟისორი ნიკ. შენგელაია, რომლის ცინცხალი ნიჭის გამოვლინება მუდამ ზეამწევი იყო მსახიობთათვის, ერთგვარ საჭირო პათოსის მომგვრელი.
„შავი მთების“ გადაღება კარგა ხანს გაგრძელდა. მიუხედავათ იმისა, რომ ომის დროის მოთხოვნილების გამო, სურათი მცირე-მეტრაჟიანი უნდა ყოფილიყო. იმ დროს საჭირო იყო ბევრისა და მოკლე, მოკლე სურათების გამოცემა. ასეთ ტემპებს მოითხოვდა საერთო გარემოება და „შავი მთებიც“ ესეთ ტემპებს უნდა დამორჩილებოდა, მხოლოდ იმავ დროს, ცხადია სიჩქარეს ზიანი არ უნდა მოეტანა მხატვრულ მხარესა და კინოსპეციფიურობისათვის. ჩვენი რეჟისორიც ამას ცდილობდა და ამიტომ სურათის გადაღებამდე. მსახიობებს რეპეტიციებზე გვავარჯიშებდა.
მხოლოდ მთლად ასე არ იყო საქმე „მოძღვრის“ გადაღების დროს. იქ არც რეჟისორი და არც თვით კინო-მრეწველობა საქმეს არ აჩქარებდა. ჯერ ერთი მაშინ სულ სხვა დრო იყო და მთავარი ყურადღება, თუ შეიძლება ესე ითქვას კინო-მხატვრულობაზე იყო მიქცეული.
მთის ლანდშაფტი, მოხევეთა ზნე-ჩვეულება, ჩაცმულობა, საქციელი ზოგჯერ ეკზოტიურობის ხაზგასმაც, ეს იქცევდა რეჟისორის ყურადღებას, რადგან იმ დროს პირველ პირველ ნაბიჯს დგამდა ჩვენი კინო მრეწველობა და შეიძლება ცოტა იაფსაც, მაგრამ მაინც სურათის ეფექტიურობას მისდევდა.
ამიტომაც ამ მხრივ კარგი იყო მასიური სცენები, მელანქოლიური ონისე (გ. დავითაშვილი), მაყვალა (ალიხანოვის ქალი), მეტად მომხიბვლელი თავის სილამაზით და ქალწულურის იერით და სხვ.
მე პირადათ კი მოძღვარში, ჩემის ფიქრით, გარდა მოხევეობისა და თავის მიწა-წყლის სიყვარულისა სხვა კიდევ ბევრი რამ მევალებოდა.
კინო-სცენარით მოძღვარი თავდაპირველად რიგითი მღვდელია ქალაქში უფრო ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობში“ დახატულ სათნო და ჰუმანურ იერით აღჭურვილი, ყაზბეგს არა აქვს. ეს თითქო სულ სხვა სახეა და თავის თავადაც მადლიანი მასალა მსახიობისათვის. იმავ დროს ეს თითქო სულ სხვა სახეა (ქალაქიდან მოსული ილია ჭავჭავაძიდან მთაში ყაზბეგის მოძღვართან შერწყმული). აკი პირველ ნაწილში ამ „ქალაქის მღვდლის“ ბედი წყდება საბოლაოდ. ის გამოესარჩლა დაჩაგრულებს, პროტესტით წარსდგა მაშინდელ მეფისნაცვლის, „ნამესტნიკის“ წინაშე და ამისათვის დაისაჯა. მრევლი წაართვეს. მღვდლობიდან გადააყენეს და იმავ დროს ცოლ-შვილი რაღაც გადამდებ ავადმყოფობით გარდაეცვალა. ასე რომ მისი ერთი ცხოვრება დასრულდა თითქო, მაგრამ აი იწყება მისი ცხოვრება მთაში, მოხევეებში, საცა ის განდეგილივით ცხოვრობს და ხალხთან აქვს ურთიერთობა უფრო იმდენად, რამდენადაც მოსახლეობას სჭირდება მისი მკურნალობის მცოდნეობა და ზოგჯერ, როგორათაც „ჭკუის საკითხავი კაცი“.
ჩემის წარმოდგენით კი ის ყაზბეგს, გამოსახული ჰყავს ისეთ პიროვნებათ, რომელიც ჩვენი ხალხის, საუკეთესო კი თვისებებს ატარებს. ეს არის უწინარეს ყოვლისა „მოყვასის“ ე. ი. ხალხის სიყვარული, მაშასადამე სიყვარული თავის სამშობლოსი. თანაზიარობა. ყველა დაჩაგრულისადმი, გაუბედურებულისადმი. მისწრაფება საუკეთესო მერმისისადმი, რომ დამყარდეს ქვეყნად „კაცთა შორის სათნოება“, მოძღვარი ხომ ქრისტიანია და რეჟისორმა ამ ქრისტიანულ ხასიათს დიდათ ხაზი გაუსვა სურათში. რაღა თქმა უნდა ეს გარემოება აკოჭლებდა სურათის სიცხოველეს, მაგრამ მოძღვრის ხასიათს ხალხოსნობას არ უკარგავდა და ეს იმ დროს მაინცდამაინც პროგრესიული მოვლენა იყო.
მეც სწორედ ასეთი რთული ბიოგრაფიის და თითქო სხვადასხვა ხასიათებისაგან შერწყმული პიროვნება უნდა გამომესახა.
როგორც იცით მოძღვარი შემდეგ კატორღაშიც მოხვდება და იქაც. სულიერ, სტოიკობას იჩენს, რაც, რასაკვირველია, კიდევ ახალ შტრიხს იძლეოდა გამოსასახად.
ყველა ამან ძალიან დამიპყრო. როგორც ზემოთაც ვთქვი, დიდი გულისხმიერი გამხადა.
იყო კიდევ ერთი სიძნელე როლის შესრულების დროს. მე პირადად თეატრში მსახიობად მუშაობის დროს დაჩვეული ვიყავი როლის ისეთ შესრულებას, როდესაც მოქმედება თანდათან ვითარდება, იზრდება, მტკიცდება და შემდეგ საბოლოოდ ერთ სახედ ჩამოყალიბდება.
კინოში ხომ ასე არ არის. ზოგჯერ შეიძლება რეჟისორმა ჯერ სულ ბოლო სცენა გადაგაღებინოთ, სადაც საერთოდ ნაწარმოების მთელი განვითარება, თავის მწვერვალს აღწევს და მოქმედ პირსაც უდიდესი მძაფრი განცდები აქვს. ამის შემდეგ კი სათავესთან მოგიყვანოთ და შედარებით უფრო ნეიტრალური სცენები გადაგაღებინოთ. ან უფრო ვულგარულად: ჯერ მოკვდეთ და სიკვდილის ამაღელვებელი ან შემზარავი სცენები გადაიღოს და შემდეგ კი სიცოცხლე დაგაწყე- ბინოთ და ბედნიერების წუთები გაგემოთ.
ცხადია ეს გარემოება კინო-სპეციფიკის ბრალია. მისი ტექნიკის, მაგრამ მსახიობისათვის კი ვერ არის ხელსაყრელი.
თეატრში ვიზრდები სცენაზე თანდათან, ჩემი მსახიობური, სულიერი განწყობილება თანდათან ცხოველდება, მწვავდება, მძაფრდება და შემდეგ საბოლაო აკორდამდე მიდის. აქ მე ვგრძნობ ჩემს შემოქმედებით აღფრთოვანებას ბოლომდე.
კინოში კი ერთგან აღვფრთოვანდები, მეორეგან ვდუნდები, კიდევ აღფრთოვანება, კიდევ მოდუნება და სულ ასე. არ არის ერთი ერთბაშად მოქნეული ცელი შემოქმედებისა.
ამას გრძნობს ყველა კინო-მსახიობი და ეს არა ერთხელ აღნიშნულა.
მეც ასეთ მდგომარეობაში ვიყავი, როგორც მსახიობი მოძღვრის შესრულების დროს, მხოლოდ ერთი მშველოდა: ყაზბეგის შემოქმედების რიგიანი ცოდნა. ამიტომ ჩემშიაც შე- მოქმედებითი ცეცხლი არ ნელდებოდა. შემდეგ შევეჩვიე კინოაპარატთან დგომას და მოქმედებას და ვიყავი ჩაღრმავებული მხოლოდ იმ სცენების გამოსახვაში, რომელიც უწყებულ დროს მიდიოდა.
ამავ დროს ამ ცეცხლის ჩაუქრობლობაზე მუდამ ზრუნავდა დინჯი, დარბაისელი, კარგა განათლებული რეჟისორი, განსვენებული ბარსკი.
მაშასადამე შინაგან, ფსიქოლოგიურად როლი უკვე გააზრებული მქონდა და ფიზიკურადაც რეჟისორმა საკმაო უცნაური „ტრიუკებიც“ შემასრულებინა და არ ითქმის რომ ვერ გავაკეთე, მხოლოდ ერთხელ, ერთი უბრალო ამბის მოგვარება კი გამიძნელდა.
ეს ის იყო, რომ ერთხელ მოძღვარი თავის წამლებისათვის გამოსადეგ მცენარეების შესაკრებად მიდის თავის ერთგული ძაღლით ალპინისტურ ზონაში. იქ უეცრად ძაღლი აღმოაჩენს თოვლში ჩაფლულ უცხო ქალს, რომელიც შემდეგ, ირკვევა, რომ მაყვალაა თურმე. მოძღვარიც მიდის და ცოცხალ-მკვდარი ქალი ამოაქვს თოვლის ღრანტედან, შემდეგ ხელ- ში აიტაცებს და ისე მიჰყავს თავის ქოხში მოსაბრუნებლად და მოსარჩენად.
ამ სურათის გადასაღებად კი ბარსკიმ ერთ ისეთ წამწვეტილ, თოვლიან მწვერვალზე ამიყვანა, რომ უფსკრულებისაკენ გადახედვამ კინაღამ თავ-ბრუ დამახვია, ამას გარდა მზიანი დღე იყო და თოვლის ლაპლაპი თვალსა მჭრიდა. ასე შეწუხებულა დავავლე ქალს ხელი და მარჯვეთ კი გადავიგდე ორთავ ხელებზე და გავწიე კიდეც, მაგრამ სიარული გამიჭირდა, რადგან სიარულის დროს მუხლებამდე თოვლში ვიფლობოდი და ტვირთიც მძიმე გამოდგა. დალოცვილი ალიხანოვის ქალი კარგა ჩასხმული პიროვნება იყო და... გამიჭირდა. თან მეშინოდა ხელიდან არ გამვარდნოდა, რადგან ქალს არაფერი დაუშავდებოდა, რბილ თოვლზე დავარდებოდა, მაგრამ სურათს კი წავახდენდი, რადგანაც ჩემი მეგობარი, ოპერატორი დიღმელოვი ატრიალებდა და და ატრიალებდა აპარატს. მაინცდამაინც ავიტანე გაჭირვება და შემდეგში მე რომ არ მეთქვა, არავის შეუმჩნევია ჩემი დაძაბული მდგომარეობა. ასე რომ იოლი თურმე არც კინო-არტისტობა ყოფილა.
საერთოდ კი ჩემთვის დაუვიწყარია ორივე კინო-ექსპედიცია. ორგანვე ერთი ოჯახივით ვიყავით ყველა მონაწილენი ექსპედიციისა. არავითარი უსიამოვნება, ან „ჩხუნკალი“ არავის არ მოსვლია არავისთან. თან მშვენიერი ბუნება მთისა - ყაზბეგში, ფასანაურში, ხევსურეთის ახლო სოფლებში. იქაური ხალხი, მათი ცეკვა-სიმღერები, ფარიკაობა, ეს ყველაფერი მაშინ პირველად ვნახე. მერმე კიდევ პირველ ექსპედიციას ამშვენებდნენ განსვენებული გუნია, იმედაშვილი და იყო სასიხარულო მათთან საუბარი და დროს ტარება.
ეს პირველად.
მეორედაც ასე. აქ უკვე თვითონ ნიკ. შენგელაია იყო, გარდა რეჟისორობისა, სულის ჩამდგმელი დასვენების დროს ჩვენი დროს ტარებისა და აქაც იყო ბევრი მახვილობა და მეგობრული ურთიერთობის გამოვლინებანი.
ასე რომ კინოსთან ასე ახლოს, გაკარებამაც ბევრი რამ შემძინა გამოცდილებისა და ცხოვრების დაკვირვებისათვის.
* * *
როცა ჩვენ ამგვარი საუბრით ვიყავით გართული, თბილისში, თურმე, დიდი ტრაგედია მზადდებოდა. მე იმ თაობას ვეკუთვნი, ვისაც სტალინისადმი მიძღვნილ ლექსებს უფრო ადრე აზეპირებინებდნენ, ვიდრე დედა-ს ან მამა-ს წარმოთქმას ისწავლიდა.
„შემოვიარე ტრამალები, კლდენი, ქედები
სახედამწვარმა, ქარდაკრულმა და თმებჭაღარამ,
ოთხმოცდაათი წელიწადი მზეს დავეძებდი,
ბოლოს შემომხვდა და სხივები შემომაყარა.
სტალინ! შენა ხარ გაზაფხულის ეს მზე ცხოველი!
გადმოიხედავ და მხურვალე სხივების ძალით
ყანა პურდება, გაიშლება კვირტი ყოველი,
ცხელდება სისხლი, გიზგიზებენ გულები ალით.
მზეო-სტალინო! იბრწყინვალე მზისავე მსგავსად.
კრემლში მოგართვით სიმღერები, გულნი, იანი.
არ იმყოფება ქვეყანაზე სრულიად არსად
შენზე საჭირო ხალხისათვის ადამიანი“.
მღეროდა ასი წლის ყაზახი აკინი ჯამბული. ნაირნაირი მილეთის, ნაირნაირ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ეთაყვანებოდა და ადიდებდა კრემლის ბინადარს. მისი სურათი ეკიდა ყოველ კედელზე. მისი, ქანდაკი იდგა ყოველ ქალაქსა და ყოველ სოფელში. არ დარჩენილა კალამი, მისი სადიდებელი არ შეეთხზას. ხოტბას აღავლენდნენ არა მარტო აქ, სსრკ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში. ყველაფერს, რაც სტალინზე, დაწერილა, სასწაული რომ მოხდეს და ვინმემ ერთად თავი მოუყაროს, ვერ დაიტევს ვერც ერთი ბიბლიოთეკა ამქვეყნად.
ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ იგი იყო უფრო დიდი, უფრო მიუწვდომელი, ვიდრე ღმერთი, ვიდრე სამყარო. პროპაგანდის მანქანა მუშაობდა დღედაღამ. ამ აზრს აჭედებდა, როგორც ლურსმანს, ყოველი მოქალაქის გონებაში. რომელიღაც, მეცნიერს უთქვამს - გამუდმებულ პროპაგანდას ვერ უძლებს ყველაზე გენიალური რუასიც კი. სწორედ ამის დასტურად გამოდგება ერთი შემთხვევა, რომელიც ყოფილმა პოლიტკატორღელმა მიამბო.
* * *
1953 წელს, მარტის პირველ რიცხვებში, საკონცენტრაციო ბანაკში უთავბოლო ფაცი-ფუცი ატყდა. ადმინისტრაცია რეტდასხმული და შეშინებული დარბის წინ და უკან. რაღაც უსაშველოდ მნიშვნელოვანი მოხდა, მაგრამ რა?... პატიმრები ვერაფერს ვხვდებით. ბოლოს ვიფიქრეთ, ალბათ, ისევ ომი დაიწყოო. მაშინაც ასე იყო, 1941 წლის 22 ივნისს. რამდენიმე დღის მერე ეზოში გამოგვრეკეს. არაჩვეულებრივის მოლოდინში გავინაბეთ. ცივი, სუსხიანი ჰაერი гpoмкоговоритель-ის ხმამ გააპო. უცნობმა, სევდითა და ტკივილით გაბზარულმა ხმამ გვაუწყა: - მსოფლიო პროლეტარიატის ბრძენი ბელადი, მამა და მასწავლებელი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გარდაიცვალა...
და რაც მაშინ მოხდა, ამას არავინ მოელოდა. რამდენიმე ათასი კაცი, როგორც ერთი ადამიანი, გათოშილ-გაყინულ მიწაზე დაემხო და გულსაკლავად აზლუქუნდა. მათ შორის მიანი, მეც. სადღაც, გონების კუნჭულში ჩარჩენილი საღი აზრი დაცინვით მეკითხებოდა: -ნუთუ შენც, სანდრო, სტირი? შენ, ვინც 17 წელიწადია იტანჯები. უპატრონოდ დაგატოვებინეს ცოლ-შვილი, სახლ-კარი. წაგართვეს ყველა უფლება. პირუტყვად გაქციეს, მაინც სტირი? შენ, ვინც ყოველ წუთს მის სიკვდილზე ოცნებობდი, სტირი ახლა, როცა ოცნება ასრულდა?.. მაგრამ ჩემი არსება არ უგდებს ყურს ჩემ საღ გონებას. სხვებთან ერთად, დამხობილი ვქვითინებ. სხვებთან ერთად, სასოწარკვეთილი ვეკითხები ცას და ქვეყანას: რა გვეშველება უსტალინოდ?
იმ წუთს ამ ნატანჯ, ნაგვემ, მშიერ-მწყურვალ, გაძვალტყავებულ ტუსაღთა შორის არ იყო კაცი, რომლის გონებას ანათებდა იმედის ნაპერწკალი: დიქტატორი აღარ არის. მოვიდა თავისუფლება!... არა, არ იყო. უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკი, ობლად დარჩენილი უსუსური ბალღივით გულამოსკვნილი, მდუღარედ, უნუგეშოდ შესტიროდა უსასრულო ტაიგას.
* * *
ასეთი იყო ლეგენდის ძალა.
და ერთ დღეს სტალინის ლეგენდით მონუსხულ თაობას სრულიად მოულოდნელად უთხრეს: რასაც დღემდე ვამბობდით, ტყუილია. კერპი, რომელიც აღვმართეთ და გაიძულებდით გელოცათ, ცრუა. ყველა უბედურება, რაც გჭირთ, მისი ბრალია.
ადრე ამბობდნენ: სტალინი ეს ლენინია დღეს.
მერე თქვეს: ლენინს დატოვებული აქვს ანდერძი. გაირკვა. რომ თურმე იგი მოითხოვდა სტალინის გენერალური მდივნის პოსტიდან გადაყენებას.
ადრე ამბობდნენ: სტალინია სოციალიზმის ყველა გამარჯვებათა სულისჩამდგმელი.
მერე თქვეს: თუ სოციალიზმს რაიმე ნაკლი აქვს, ეს შედეგია სტალინის შეცდომებისა.
ადრე ამბობდნენ: საბჭოთა ხალხმა დიდ სამამულო ომში გაიმარჯვა სტალინის გენიალური მხედართმთავრობით.
მერე თქვეს: სტალინი სრულიად ვერ ერკვეოდა სამხედრო ხელოვნების ტაქტიკასა და სტრატეგიაში (გენიალური მხედართმთავრის გათავისუფლებული ადგილი ვიღაცას უნდა დაეკავებინა. იქ უბოდიშოდ ხრუშჩოვი მოკალათდა. მალე ფილმიც გამოცხვა «Haш Никита Сергеевич»).
ადრე ამბობდნენ: სტალინმა შინაპარტიულ ბრძოლაში გაანადგურა სოციალიზმისა და მარქსიზმ-ლენინიზმის მტრები. დაიცვა პარტიის რიგების სიწმინდე და უმწიკვლოება.
მერე თქვეს: განადგურებულთა დიდი უმრავლესობა (თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა) უსაფუძვლოდ დაისაჯა. მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ჩატარებული ტერორი იყო მხოლოდ სტალინის თვითნებობის შედეგი. (საკონცენტრაციო ბანაკებიდან გამოუშვეს ისინი, ვისაც კიდევ შერჩენოდა სიცოცხლის ნიშან-წყალი. გაჟუჟულებსა და ცოცხლებს. თანაბრად მისცეს რეაბილიტაციის მოწმობა).
„ღმერთს“ შარავანდედი მოხადეს. მართლმორწმუნეთათვის ეს იყო თავზარდამცემი, გამაოგნებელი ამბავი. ადამიანთ გულებიაივსო ბოღმით: ოცდაათი წელიწადი თურმე ისინი იყვნენ უსაშველო ტყუილის მსხვერპლი. ბოღმას აძლიერებდა ისიც, რომ სტალინს გმობდნენ ისინი, ვინც ერთგულ თანამებრძოლებად და მოწაფეებად ითვლებოდნენ. ვინც ათეულ, წლობით ადიდებდა, ხოტბას ასხამდა და თავზე ნაცარდაყრილი ეთაყვანებოდა. ვინც ქმნიდა სტალინის კულტს.
დაიბნა ხალხი. ვერ გარკვეულიყო, როდის ამბობდნენ სიმართლეს, როცა სტალინი „ღმერთად“ გამოაცხადეს თუ ახლა, როცა მისი კულტი დაგმეს? თუ წინათ ტყუოდნენ, რა გარანტია იყო, რომ ახლაც არ ცრუობდნენ? ვინ იყო თავმდები. რომ ბოლოს და ბოლოს, მართლაც აპირებდნენ ჭეშმარიტების თქმას?
ბოღმა დღითი დღე იზრდებოდა. გროვდებოდა. 1956 წლის მარტში ხალხის უკმაყოფილებამ თავშეკავება დაკარგა, ჯებირი გაარღვია და გარეთ გადმოინთხა.
თბილისში არეულობა დაიწყო. მოედნებსა და ქუჩებში იმართებოდა სტიქიური მიტინგები. აქეთ-იქით დაქრიან ხალხით გაჭედილი მანქანები. ყვირიან სტალინის სადიდებელ ლოზუნგებს. პოეტები კითხულობენ ახალ ლექსებს: "...მამავ ძვირფასო, ჩვენზე ფიქრით გათეთრებულო...“ თამაშდება სპექტაკლებიდან სცენები. დგება პროექტები, როგორ უნდა იმართებოდეს სახელმწიფო. მოსკოვში იგზავნება დეპეშები მოთხოვნით - ვინ გადააყენონ და ვინ დანიშნონ მოხსნილის მაგიერ.
მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია მიემართება კრწანისისაკენ. აქ, საპატიო პირთათვის საგანგებოდ მოწყობილ xopoмы-ში დროებით ბინადრობს იმხანად თბილისში ჩამოსული ჩინელი გენერალი ჯუ დე. ჭორია გავრცელებული: მაო ძე დუნს უსაშველოდ ეწყინაო სტალინის დამუშავება. ახლა ჯუ დესთან მიდიან საჩივლელად. ყველას იმედი აქვს, იგი დაიცავს უნამუსოდ შეურაცხყოფილი დიდი მიცვალებულის ღირსებას. დასძრავს თავის ურიცხვ არმიებს და აღადგენს სიმართლეს. ჰაერს აყრუებს ძახილი: ჯუ დე, ჯუ დე, ჯუ დე! ჩინელმა გენერალმა ვერც გაიგო, რა ხდებოდა. უაზროდ იღიმებოდა და ხელს იქნევდა. ალბათ, ფიქრობდა - ქართველებს ჩინეთის რევოლუციის პატივსაცემად დემონსტრაცია გაუ- მართავთო და უხაროდა. ბებერი გენერალი მალე დაიღალა და ოთახში შებრუნდა. გაწბილებული დემონსტრანტები უკან გაბრუნდნენ, მაგრამ ჯუ დეს ყვირილი მაინც არ წყდებოდა. ქალაქი მოიშალა.
ხელისუფლება შეშინდა. განკარგულება გასცა: მიტინგები დაწესებულებებში მოაწყვეთო: ეს ხელს შეუშლის ხალხის ქუჩაში გამოსვლასო.
კინოსტუდიაშიც, მოეწყო მიტინგი, ორატორი ორატორს ეცილებოდა სიტყვის თქმაში. ადიდებდნენ სტალინს. უსამართლოდ და დაუმსახურებლად მიიჩნევდნენ მისი პიროვნების კულტის კრიტიკას. რომ სტალინი არა, არ მოხდებოდა არც ინდუსტრიალიზაცია, არც კოლექტივიზაცია, არც კულტურული რევოლუცია, ე. ი. დედამიწის ერთ მეექვსედზე ვერ გაიმარჯვებდა სოციალიზმი, მერე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება, სოციალიზმის საერთაშორისო ბანაკის შექმნა. ეს ყველაფერი სტალინის დამსახურებაა.
და კიდევ უფრო გაცხარებული, აღელვებული ხალხი მოედნებსა და ქუჩებისკენ მიეშურებოდა. ვერ გაჭრა ხერხმა: დაწესებულებებში მოწყობილმა მიტინგებმა არ დაამშვიდა ხალხი. კიდევ უფრო მეტად ააბობოქრა.
ვითარება უფრო და უფრო იძაბებოდა. ცხრა მარტის დღეც დაღამდა. ზღვა ხალხი ისევ ქუჩაში და მოედნებზე დგას. შინ არავინ მიდის. ისევ გრძელდება მიტინგები. ისევ უსასრულო სიტყვები, ლექსები... და მოულოდნელად, არავის შეუმჩნევია ისე, ქალაქში ჯარი შემოვიდა. ექსტაზში ჩავარდნილმა ხალხმა ვერც გაიგო, როგორ დაიწყო სროლა... როგორ დაეცა პირველი მოკლული. როცა მოედნებზე თავშეყრილ ხალხს ტყვიების ლესტერი დააცხრა, დუნდგო მიხვდა, რომ მის თავს რაღაც უბედურება ტრიალებს. შეშინდა, შედრკა და აირია. აირია და უთავბოლოდ მიაწყდა ღობე-ყორეს, კედლებს, ხეებს... ტყვიების წვიმა ცელავდა განურჩევლად დიდს და პატარას, ქალსა და კაცს, მოხუცსა და ახალგაზრდას... გარბოდნენ. ვინ საით, არავინ უწყის. თელავდნენ ერთმანეთს. აღარავის ახსოვდა მეგობარი, ამხანაგი, და, ძმა, ცოლი თუ შვილი. ოღონდ გაეღწიათ ორომტრიალიდან, ოღონდ სამშვიდობოს გასულიყვნენ. აღარავინ კითხულობდა მოკლულს და დაჭრილს... თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ყველა, ვისაც კი შეეძლო გაქცევა.
ტყვიები კი წვიმდა, წვიმდა და წვიმდა...
10 მარტს, დილით, თბილისში სამარისებური მყუდროება სუფევდა. ქალაქი გატენილი იყო ჯარით და ტანკებით. თავჩაქინდრული მოქალაქენი უხმოდ მილასლასებდნენ სამუშაოდ. უძლურებასა და შიშს ყველა გაეტეხა წელში. გუშინდელი აღტკინება უკვალოდ და სამუდამოდ გამქრალიყო.
ხელისუფლების განკარგულებით დაწესებულებებში ისევ მოეწყო მიტინგები. მაგრამ ახლა გმობდნენ „ხულიგნებს“, ქალაქში არეულობა რომ მოაწყვეს. მოუწოდებდნენ წესრიგისაკენ. ითხოვდნენ — არ აჰყოლოდნენ საეჭვო პროვოკატორებს, ცილისმწამებლებს, ბურჟუაზიის დაქირავებულ აგენტებს.
„კინოსტუდიაშიც ისევ ჩატარდა სახელდახელო მიტინგი დამფრთხალ-შეშინებული. ადამიანები ერთმანეთს აბრალებდნენ მომხდარ ტრაგედიას. აბეზღებდნენ ერთიმეორეს. ლანძღავდნენ ახალგაზრდებს, მათ აღვირახსნილობას, თავაშვებულობას, თავგასულობას. გულში ხელის ბაგუნით ნანობდნენ, რომ უფროსმა თაობამ ვერ გამოიჩინა. წინდახედულობა, გონიერება, შორსმჭვრეტელობა. დებდნენ ერთგულების ფიცს. იძლეოდნენ მტკიცე პირობას, რომ მსგავსი არაფერი აღარასოდეს განმეორდება.
გარეგნულად ყველაფერი დამშვიდდა და დაწყნარდა. გულისსკნელში კი ყველამ იცოდა: ხრუშჩოვის „დემოკრატიზმის“ თვალთმაქცური კოშკი დაინგრა. დაიწყო უნდობლობისა და გულგატეხილობის ხანა.
პოსტსკრიპტუმი:
გვიან, 70-ან წლებში, მსახიობმა კახი კავსაძემ მიამბო.
იმ დღეს, 9 მარტს, დედაჩემმა მე და ჩემი ძმა არაფრით არ გაგვიშვა გარეთ. ჩაკეტა კარი, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და ოთახში. დაგვამწყვდია. ორივე ლამის გავგიჟდით. ვიყვირეთ. ვიტირეთ. ტანსაცმელი შემოვიხიეთ. გაგიგონია? გაქვავდა დედაჩემი. ფეხს არ მოიცვლითო შინიდან. გული ცუდს მითქვამს. ორივე დაეტიეთ თქვენს კანში, — გამოგვიცხადა და ლაპარაკი მოათავა.
რა უნდა გვექნა. ჩვენი ოჯახი დასჯილი ოჯახი იყო. შიშის აჩრდილი ყველგან დაბორიალებდა. ისღა დაგვრჩენოდა, ფანჯარას მივსდგომოდით და იქიდან გვეყურებინა, რა ხდებოდა გარეთ. ჩვენი სახლი ვორონცოვის, უკაცრავად, მარქსის მოედანზე დგას, მტკვრის პირას. მტკვრის გაღმა, მადათოვის ნაკუნძულარზე , სტალინის დიდი ძეგლი რომ იდგა წინათ, უამრავი ხალხია თავშეყრილი. ამას ვხედავთ, მაგრამ ის კი არ გვესმის - რას ლაპარაკობენ, იმასაც ვხედავთ, როგორ ცვლიან ორატორები ერთმანეთს ტრიბუნაზე. რაღაც სცენებიც თამაშდება. მსახიობები, რომელნიც ლენინისა და სტალინის გრიმში არიან, ხალხს მიმართავენ. ერთმანეთს ეხვევიან. ჩვენი ცნობისმოყვარეობა უსაშველოდ იზრდება, მაგრამ რა... ტყვეობიდან თავის დაღწევა გამორიცხულია.
დაღამდა. ბედს შევეგუეთ. ჩვენ-ჩვენ საქმეს მოვკიდეთ ხელი. ფანჯარა დავივიწყეთ. თითქოს ჩვენს სახლში ყველაფერი დაწყნარდა და დამშვიდდა. სავახშმოდ ვემზადებით, რომ უცბათ სახლმა ზანზარი დაიწყო. ტანკების გრუხუნი შემოვარდა ოთახში. ტყვიების ზუზუნმაც მოგვჭრა ყური. გიჟებივით ისევ ფანჯარას ვეცით. როგორც ელვა, ისე სერავს ბნელეთს ტყვიების ცეცხლი. ლანდები თავქუდმოგლეჯილი გარბიან. ყველაფერი ცხადი გახდა. გავხევდით. მოულოდნელად დედაჩემმა კარები გააღო და განწირული ხმით დაგვიყვირა:
— წადით!.. წადით!.. ორივე წადით!..
ჩვენ პირდაფჩენილნი, მივჩერებივართ დედას. ვერაფერს მივხვდით. წეღან არაფერი ხდებოდა და არ გაგვიშვა. ახლა ქვეყანა იქცევა და გარეთ მიგვერეკება.
— წადით!.. ისევ იყვირა დედამ, — სადაც სხვების შვილები კვდებიან, ჩემებიც იქ დაიხოცეთ!..
და ორივე გარეთ გამოგვაგდო.
მაგრამ ქუჩაში გასვლა უკვე შეუძლებელი იყო. სადარბაზოს კარი ჩაეკეტათ. იქ ავტომატიანი სალდათები იდგნენ.
* * *
სტუდიაში ცხოვრება ჩვეული გზით წავიდა. დაღუპულთა ახლობლების გარდა, ტკივილი ყველას თანდათან დაუყუჩდა. ყოველდღიურმა საქმიანობამ შთანთქა მომხდარზე ფიქრიცა და განცდაც. წვრილმან ფუსფუსში ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელიც — 1957 — დადგა. გადაწყდა „ოთარაანთ ქვრივის“ ეკრანიზაცია. ვის მივანდოთო მისი ეკრანიზაცია, — ბჭობა გაიმართა. კინოსტუდიის მაშინდელმა დირექტორმა გიორგი გიგოლაშვილმა ყველაზე შესაფერის კანდიდატად მიხეილ ჭიაურელი ჩათვალა. იმ დროს მ. ჭიაურელი მოსკოვიდან გაძევებული იყო. ბრალად დასდეს — კინოში პიროვნების კულტის შექმნას უწყობდი ხელს (თითქოს სსრკ-ში ვინმე არსებობდა, ვინც ბედავდა და სტალინის კულტს არ ქმნიდა). თუ არ მეშლება, იმჟამად სვერდლოვსკში, დოკუმენტური ფილმების სტუდიაში ამუშავებდნენ.
დროს არ დავკარგავ და აქვე მოგიყვებით მ. ჭიაურელის ერთ ნაამბობსაც.
* * *
ორმოციანი წლების ბოლოს მოსკოვში მაო ძე დუნი ჩამოდიოდა. იგი სტალინს უნდა შეხვედროდა: ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენად ითვლებოდა. ყველაფერი ფირზე. უნდა აღბეჭდილიყო. უამრავ ოპერატორს დაევალა შეხვედრის გადაღება. გადაღების საერთო ხელმძღვანელობა. მე მეკისრებოდა.
დადგა შეხვედრის დღე. ყოველ კუნჭულში კინოკამერამომარჯვებული ოპერატორები იდგნენ. დარბაზი გაჭედილია განათების აპარატურით.
კედელთან, ფრონტალურად ჩამწკრივდნენ პოლიტბიუროს წევრები. სტალინი ერთი ნაბიჯით წინ დგას, განმარტოებით.
დარბაზის დიდი კარები გაიღო და ჩინეთის დელეგაცია შემოვიდა. წინ მაო ძე დუნი მოუძღვით.
ელვისებურ უცბად აინთო უამრავი ნათურა და დარბაზი მზესავით გაჩახჩახდა. მაო ძე დუნი გამოეყო დელეგაციას და სტალინისაკენ წავიდა. მიუახლოვდა, მუხლებზე დაეცა და სტალინს ფეხებზე ემთხვია.
— გეფიცები, — გულწრფელად ამბობდა მ. ჭიაურელი, — არ მომჩვენებია. ნამდვილად დავინახე: სტალინმა ჩემსკენ გამოიხედა და თვალი ჩამიკრა. იმ წუთს მას თბილელი კინტოს გამომეტყველება ჰქონდა.
ეს კადრი გადაღებულია. შენახული უნდა იყოს, თუ მერე არ გაანადგურეს.
* * *
სულ ცოტა ხანში მ. ჭიაურელი სვერდლოვსკიდან თბილისში ჩამოვიდა. მალე კინოსტუდიის სამხატვრო საბჭოს წარუდგა და მოახსენა — როგორ აპირებდა „ოთარაანთ ქვრივის“ გადაღებას.
ფილმზე მუშაობა დაიწყო.
მარაქაში მეც, გავერიე, ჟურნალ „ცისკარში“ (1957 წ. № 5) პატარა წერილი 306 № 4, 1987.
გამოვაქვეყნე. ჩემი აზრი გამოვთქვი, როგორ უნდა გაკეთებულიყო „ოთარაანთ ქვრივის“ ეკრანიზაცია. თუ ვინმე ამ წერილს დღეს წაიკითხავს, მკაფიოდ დაინახავს — რა პრიმიტიულად მქონდა წარმოდგენილი ილიას მოთხრობის კინოვარიანტი და როგორ არ მეყურებოდა ინჩიბინჩი „კაცია-ადამიანის?!" ავტორის შემოქმედებისა. წერილში ნათლად ჩანს ეკრანიზაციისადმი მაშინდელი მიდგომის დამახასიათებელი საერთო ხარვეზიც.
ვინც ქართულ კინოხელოვნებას იცნობს, მან იცის, რომ ეკრანიზაციისადმი ჩვენში ორგვარი დამოკიდებულება არსებობდა. ერთი გამოიხატა „ელისოთი“. მეორე — „მაგდანას ლურჯათი“.
პირველი დამოკიდებულება აუცილებლად და სავალდებულოდ არ თვლიდა პირველწყაროს სიტყვასიტყვით ერთგულებას. იგი პირველწყაროსგან მხოლოდ პრობლემას, ან თემას, ან იდეას იღებდა. ყველა სხვა მხატვრულ კომპონენტს კი საკუთარი შეხედულებისამებრ ამუშავებდა. ასე რომ, ძველ საფუძველზე არსებითად სრულიად ახალ, ორიგინალურ ნაწარმოებს ქმნიდა.
მეორე დამოკიდებულება კი პირველწყაროს ერთგულად მიჰყვებოდა. ცდილობდა, საერთოდ, მხატვრულ ქსოვილში არავითარი ცვლილება არ შეეტანა. თუ იძულებული გახდე- ბოდა რაიმე გადაესხვაფერებინა, ეს ძალიან უმნიშვნელო, არაარსებითი ხასიათის უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ახლა ვხედავ და ვიცი, ეს ერთი შეხედვით, არაარსებითი ცვლი- ლება, არც ისე უმტკივნეულოა.
როგორც იცით, „მაგდანას ლურჯა“ (ფილმი, არა სცენარი) ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობას. მაგრამ ფილმში არის ერთი ცვლილება: ეკ. გაბაშვილის მოთხრობაში სასამართლო ლურჯას მაგდანას უტოვებს. კინოსურათში პირიქით არის. სასამართლო მაგდანას ლურჯას ჩამოართმევს და მენახშირეს უბრუნებს. ზოგიერთს ფინალის ასეთი შეცვლა არ მოსწონდა. მიაჩნდა, რომ ეს იყო ეკ. გაბაშვილის მოთხრობის დაგონჯება. მე კი ვფიქრობდი, რომ ეს დიდად არ ვნებდა პირველწყაროს. ამგვარი ცვლილებებით არაფერი ფუჭდებოდა. ძალიან გვიან მივხვდი, რომ საქმე ასე უბრალოდ არ იყო. ამ ცვლილებაში. უნებლიეთ გამოვლინდა გაბატონებული ტენდენცია: ტყუილის პროპაგანდით წარსულის სახელის გატეხა და დამცირება.
ლაპარაკიც კი ზედმეტია იმაზე, რომ ეკ. გაბაშვილი რევოლუციის წინარე დროს, იმჟამინდელ კანონ-სამართალს, წეს-წყობილებას ბევრად უკეთ, ღრმად და სწორად იცნობდა, ვიდრე მე-20 საუკუნის 40-იანი ან 50-იანი წლების თაობა. ეკ. გაბაშვილი.არც ის მწერალი იყო, ვინც წინასწარშემუშავებული და აკვიატებული სქემის მიხედვით წერდა. იგი წერდა ისე, როგორც ხედავდა, გრძნობდა, განიცდიდა, იცოდა, აღიქვამდა. მაშასადამე, როცა მის მოთხრობებში სასამართლო ლურჯას მაგდანას უტოვებდა, ეს იმის დასტური იყო, რომ მწერალმა სიმართლე თქვა. არ ითვალთმაქცა. მაგრამ, როცა შეიცვალა ფინალი (მაგდანას ლურჯა წაართვეს), გვინდოდა თუ არ გვინდოდა, სიმართლის ნაცვლად. ტყუილი ითქვა. რაც მთავარია, ეს არა მარტო ფაქტობრივი სიცრუე იყო, არამედ მხატვრულიც.
მაგრამ მაშინ „მაგდანას ლურჯას“ მომხრეები ღრმად ვიყავით, დარწმუნებული ფინალის შეცვლის უწყინარობაში. მერე გახდა ნათელი, რომ ამ შეცდომის უკან იმალებოდა ჩვენთვის ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი „დანაშაული“. ჯერ ერთი, ცილს ვწამებდით წარსულს (ნახეთ, რა უსამართლობა ხდებოდა ძველად), მეორეც, კლასიკური მწერლობის საშუალებით, თანამედროვეთა მოტყუებას ვცდილობდით. მესამეც, თავისუფალი აზროვნების ნაყოფს ვაქცევდით სტანდარტული აზროვნების ჩარჩოში.
„გაუცნობიერებელს“ როცა ვამბობ, ამით არც თავს ვიმართლებ და არც სხვების ნამუსის მოწმენდას ვცდილობ, არამედ მკითხველს მინდა დავანახო — როგორ გვქონდა ძვალსა და რბილში გამჯდარი დაპროგრამებული, შაბლონურ-სქემატური აზროვნება. როგორ ვერ ვამჩნევდით მას, როგორ გვფლობდა იგი და ბრმად მიგვათრევდა.
ასეთივე შეცდომა განმეორდა „გლახის ნაამბობშიც“. ამ მოთხრობაში გამოყვანილი მღვდელი ფილმში შეიცვალა მასწავლებლით. თითქოს ესეც უმნიშვნელო ცვლილება იყო. თურმე ასე არ ყოფილა. თურმე ილიას ქრისტოცენტრულ მსოფლმხედველობას ჩვენ ვცვლიდით პოლიტიკაცენტრული შეხედულებით. ეს კი ილიას შემოქმედების სრული, დამახინჯება იყო. უფრო მეტიც, მთელი ქართული მწერლობა ქრისტოცენტრული ლიტერატურაა. მღვდლის მასწავლებლით შეცვლით, არსებითად, ჩვენ ვეთიშებოდით ჩვენს სულიერ კულტურას. მიზანი კი თითქოს სწორედ ის იყო, რაც შეიძლება მჭიდროდ დავკავშირებოდით ძველ კულტურულ მემკვიდრეობას. ამგვარი გაუგებრობა, ერთი მხრივ, ჩვენს უმეცრებას მოწმობდა, ხოლო მეორე მხრივ, ანტიქრისტიანული ეთიკის ტყვეობაში ყოფნას.
ილია ჭავჭავაძის შემოქმედება კი წარმოუდგენელია ზნეობრიობის თვინიერ.
სამწუხაროდ, ქართულ ლიტერატურისმცოდნეობას არ მიუქცევია ყურადღება და არაფერი უთქვამს ერთი გარემოების გამო ილიას შემოქმედებაში. არადა, ეს გარემოება ნათელი, მკაფიო და თვალშისაცემია. ყველას შეუმჩნევია, რომ ილიას თხზულებანი მთავარი პერსონაჟების სიკვდილით მთავრდება. იხოცებიან ლუარსაბი და დარეჯანი, ოთარაანთ ქვრივი და მისი გიორგი, განდეგილი. სიკვდილი კიდევ არაფერი. არც ერთ მათგანს შთამომავლობა არ რჩება. რატომ? რატომ გასწირა ილიამ განურჩევლად სრული უნაყოფობისათვის, როგორც არაფრობის განსახიერებანი ლუარსაბი და დარეჯანი, ისე საქმითმეტყველი სულის მატარებელი ოთარაანთ ქვრივი და გიორგი? რწმენის კაცი განდეგილი? ამ კითხვას ვერ ვუპასუხებთ, თუ ვერ დავინახეთ უმთავრესი: ილიას ზნეობრივად დაშლილი საზოგადოება განწირულად მიაჩნდა.
ილიასთვის ზნეობრიობის უნივერსალური განსახიერება იყო ქრისტე, ანუ ღმერთკაცი, ვისაც ადამიანის ხსნისათვის ჯვარცმის ატანა შეეძლო.
გაგახსენებთ, რას ეუბნება „გლახის ნაამბობში“ მღვდელი გაბრიელს.
„იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო: მწყურვალი ვიყავ, არ მასვითო, მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო, შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო, სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო: უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო? მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არგაკითხული — მე ვიყავიო“.
საზოგადოებას ერთ მთლიან სხეულად ჰკრავს სიყვარული და თანალმობა, რადგან ადამიანები „ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითეული ურთიერთსა ასოებ ვართ“ (პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ, III, 5). თუ ადამიანი ადამიანს განუდგება, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ასოს მოიკვეთს. სულერთია, რის გამო განუდგება ადამიანი ადამიანს — კლასობრივი უთანასწორობის, სარწმუნოებრივი აღმსარებლობის, ეროვნული და რასობრივი განსხვავებულობისა თუ რაიმე სხვა მიზეზით.
ილია ხედავდა მისი დროის ზნეობრივად დაშლილ საქართველოს (ამის საბუთია თუნდაც „ბედნიერი ერი“) და წუხდა: ზნეობრივად დაშლილი საქართველო დაღუპავდა არა მარტო არაფრობას (ლუარსაბსა და დარეჯანს), არამედ საქმითმეტყველ სულსაც (ოთარაანთ ქვრივსა და გიორგის). წინასწარხედვა ილიას თავად აუხდა. იგი თვითონაც ზნეობრივად დაშლილი საქართველოს მსხვერპლი გახდა.
კლასიკურ ნაწარმოებთა ეკრანიზაციის დროს, უმთავრესი შეცდომა ის იყო, რომ ზნეობრივი მთლიანობის იდეას კი არ ვეძებდით, არამედ კლასობრივი განხეთქილების პრობ- ლემას. ასე იყო ოციან წლებშიც და მომდევნო ხანაშიაც. ასეა დღესაც. ცხადია, ამ ხარვეზს ვერ ასცდა ფილმი „ოთარაანთ ქვრივიც“, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში, პიროვნული ნიჭიერების თვალსაზრისით, არ იყო რეჟისორი, რომელიც მ. ჭიაურელზე უკეთ გადაიღებდა ილიას მოთხრობას.
დანართი მეორე: მ. ჭიაურელს „გიორგი სააკაძის“ გადაღება 1939-1940 წლებში. განუზრახავს. ფილმისათვის, თურმე სცენარი იწერებოდა. ერთს გიორგი ლეონიძე წერდა. მეორეს ანა ანტონოვსკაია და ბორის ჩორნი. ორივე სცენარი წაუკითხავს სტალინს. აზრი წერილობით გამოუთქვამს. ეს წერილი საყურადღებოა ორმხრივ: პირველი. ფილმი წერილში გამოთქმული კონცეფციის მიხედვით არის გადაღებული. მეორე, ქართული ისტორიული მეცნიერება იქ გამოთქმულ აზრს იმეორებს.
ქვემოთ გამოქვეყნებული წერილი მიხ. ჭიაურელმა მოგვცა.
ТОВ. БОЛЬШАКОВУ КОПИЯ: ЛЕОНИДЗЕ, АНТОНОВСКОЙ И ЧЕРНОМУ Я получил на днях два сценария на тему «Георгий Саакадзе»: один Антоновской и Черного, другой —Леонидзе.
По моему, сценарий Леонидзе не удачен. Он беден в художественном отношении. Он несколько примитивен с точки зрения выбора и использования исторического материала.
Сценарий Антоновской и Черного свободен от подобных недостатков. Но у него имеется другой недостаток. Он кончается победой, апофеозом политики Саакадзе и самого Саакадзе. Но такой финал, как известно, не соответствует исторической действительности и создает ложное представление о прошлом Грузии. На самом деле, как повествует история, политика Саакадзе, хотя и прогрессивная с точки зрения будущей перспективы Грузии, потерпела поражение, а сам Саакадзе погиб, так как Грузия времен Саакадзе еще не успела созреть для такой политики, т.е. для ее объединения в одно государство путем утверждения царского абсолютизма и ликвидации власти князей. Причина ясна: князья и феодализм оказались более сильными, а царь и дворянство более слабыми, чем предполагал Саакадзе.
Саакадзе чувствовал эту внутреннюю слабость Грузии и вознамерился перекрыть ее привлечением к делу внешней иностранной силы. Но сила внешнего фактора не могла компенсировать внутреннюю слабость страны. Так оно и произошло, как известно. В обстановке этих неразрешимых противоречий политика Саакадзе должна была потерпеть и действительно потерпела поражение. Я думаю, что эта историческая правда должна быть восстановлена в сценарии Антоновской и Черного. И если она будет восстановлена, сценарий Антоновской и Черного можно будет квалифицировать, как одно из лучших произведений советской кинематографии. И. СТАЛИН 11/Х-1940 г.
„კინო“ № 1, 1985 წ., № 2, 3, 1987 წ. გაგრძელება. დასაწყისი იხ.