გიორგი დოლიძე
ლელიკო ხოტივარი
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, კინორეჟისორი ლელიკო (ლევან) ხოტივარი დაიბადა ქუთაისში, 1902 წლის 4 იანვარს და აქვე დაამთავრა კლასიკური გიმნაზია 1921 წელს. მე და ჩემი კლასელები პირველი საბჭოთა გამოშვება ვართო, უყვარდა ხოლმე თქმა. იმავე წელს ჩამოვიდა თბილისში და სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა სოციალურ ეკონომიკურსა და აგრონომიულ ფაკულტეტებზე. სამი წელი კი ისწავლა, მაგრამ მეტი ვეღარ დაუდო გული - კინემატოგრაფმა გაიტაცა ერთხელ და სამუდამოდ და თავის განუყრელ მეგობართან, თანაკლასელ ნიკოლოზ სანიშვილთან ერთად მიატოვა უნივერსიტეტი და კინორეჟისორ ვლადიმერ ბარსკის კინოსამსახიობო სკოლას მიაშურა. 1925 წელს დაამთავრა ეს სასწავლებელი და მერე ნახევარ საუკუნეზე მეტი მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამ ხნის განმავლობაში ლელიკო ხოტივარს, როგორც მსახიობს, რეჟისორსა და სცენარისტს, უმუშავნია, თითქმის ყველა ცნობილ ქართველ კინემატოგრაფისტთან, ღვაწლმოსილ ოსტატებთან: ალექსანდრე წუწუნავასთან, მიხეილ ჭიაურელთან, ნატო ვაჩნაძესთან, ნიკოლოზ შენგელაიასთან, მიხეილ კალატოზიშვილთან, სიკო დოლიძესთან, შოთა მანაგაძესთან, დავით რონდელთან...
პირველი კინოროლი პირველსავე ქართულ კინოკომედიაში ითამაშა. ეს იყო ალექსანდრე წუწუნავას ფილმი „ხანუმა“, თუმცა მისი პროფესიული ნათლობა ჯერ კიდევ ხსენებულ კინოსამსახიობო სასწავლებელში ყოფნისას მოხდა ფილმებში: „დაკარგული საუნჯე“ (1921 წ., რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი), „წარსულის საშინელებანი“ და „ათასის ფასად“ (1925 წ., რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი), „ვინ არის დამნაშავე“ (1925 წ., რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა). საგულისხმოა,
რომ 1926 წ. ლელიკო ხოტივარი ფილმში „დინა ძაძუ“, მიიწვია იური ჟელიაბუჟსკიმ.
უცნაური ბედი დაჰყვა ლელიკო ხოტივარს. ყველა რეჟისორს უნდოდა იგი გვერდით ჰყოლოდა. ამდენად, რომელ დამდგმელ რეჟისორთანაც კი უმუშავნია და თუნდაც ეპიზოდური როლი შეუსრულებია, არსებითად იგი ყველა მათგანის ასისიტენტი და თანაშემწე იყო, თუმცა, ეს ხშირად ოფიციალურად არც ფორმდებოდა და არც მას ჰქონია ოდესმე ამგვარი პრეტენზია. ასე უწევდა იგი ასისტენტობას, რომ იტყვიან, „საზოგადოებრივ საწყისებზე“, რეჟისორებს - ალექსანდრე წუწუნავას (ფილმზე „ჯანყი გურიაში“, 1928 წ.), მიხეილ კალატოზიშვილს (ფილმზე „ჯიმ შვანთე!“, 1930 წ.), ლეონიდ პუშს (ფილმზე „ბოშური სისხლი“, 1928 წ.) და სხვ.
1928 წელს ლელიკო ხოტივარმა თავის უახლოეს მეგობართან, არკადი ხინთიბიძესთან ერთად ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა მიხეილ გელოვანის კინოკომედიაში „ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (სცენარი გიორგი მდივნისა, ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი). ამ ფილმის შემდეგ მან მრავალ ფილმში ითამაშა მთავარი და ეპიზოდური როლები; ესენია - გელა („მზაღო და გელა“, 1930 წ., რეჟისორი შ.ხუსკივაძე), მენშევიკი ოფიცერი („უკანასკნელი მასკარადი“, 1934 წ., რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი), არჩილი („სამშობლო“, 1930 წ., რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია), არისტო („მეგობრობა“, 1940 წ., რეჟისორი სიკო დოლიძე) და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული თენგიზი („ნახვამდის“, 1934 წ., რეჟისორი გიორგი მაკაროვი) და თედო (ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში „ნარინჯის ველი“, 1937 წ.). როგორც ცნობილია, ამ ფილმმა 1941 წ. სახელმწიფო პრემია მოიპოვა და ამაში, რა თქმა უნდა, იყო ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის, ლელიკო ხოტივარის დამსახურებაც.
ამავე წელს ლელიკო ხოტივარი ბაქოში მიიწვიეს, სადაც თავადი ორბელიანი ითამაშა ფილმ „საბუხში“ (რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი).
დროთა განმავლობაში ლელიკო ხოტივარი რეჟისორულ მოღვაწეობას იწყებს. პირველ ქართულ ხმოვან ფილმზე „შაქირი“ (1932 წ., რეჟისორი დავით რონდელი) იგი დამდგმელი რეჟისორის ასისტენტი იყო. ასევე იმუშავა მან დიდი სამამულო ომის წლებში ნიკოლოზ შენგელაიასთან („ის კიდევ დაბრუნდება“, 1943 წ.) და სიკო დოლიძესა და დავით რონდელთან („ჯურღაის ფარი“, 1944 წ., სახელმწიფო პრემია - 1950 წ.), შემდეგ რეჟისორობდა შოთა მანაგაძის კინოკომედიაზე „ჭირვეული მეზობლები“ (1945 წ.) და დავით რონდელის ფილმზე „მწვერვალთა დამპყრობნი“ (1951 წ.). საგულისხმოა, რომ ლელიკო ხოტივარი „ჭრიჭინას“ სცენარის თანაავტორიცაა და თანადამდგმელი რეჟისორიც სიკო დოლიძესთან ერთად.
„ჭრიჭინას“ დიდი წარმატების შემდეგ ლელიკო ხოტივარი იწყებს დამოუკიდებელ რეჟისორულ მოღვაწეობას. ეს გახლდათ „მე ვიტყვი სიმართლეს“ (1957 წ.), ო.დგებუაძის მოთხრობის „მეორედ დაბადების“ ეკრანიზაცია. ფილმმა თემატური სიახლითა და მოქმედების საინტერესო განვითარებით მიიზიდა მაყურებელი. ფილმში მოთხრობილია ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ახალგაზრდა ქართველი კაცის, ოთარ დევიძის (მსახიობი ოთარ კობერიძე), ამბავი, რომელიც საბჭოთა საქართველოში უშუალოდ გაეცნო ჩვენს ცხოვრებას, გარდაიქმნა და ბედნიერ თანამემამულეთა რიგებში ჩადგა. ფილმში ქართული თეატრისა და კინოს ცნობილ ოსტატებთან (აკ.ვასაძე, გ.შავგულიძე) ერთად მთავარ როლებს ასრულებდნენ დოდო აბაშიძე, ზურაბ ლაფერაძე და სხვ.
ფილმს დადებითად გამოეხმაურა პრესა. გაზეთი „კომუნისტი“ 1957 წლის 15 მაისს წერდა - „მე ვიტყვი სიმართლეს“ პოლიტიკურად მახვილი და იდეურაად გამართული კინოსურათია, რომელშიც გამოვლინდა დამდგმელი რეჟისორის, ლ.ხოტივარის დაკვირვებული თვალი და პროფესიული ოსტატობაო.
თანამედროვეობის მღელვარე საკითხებს მიეძღვნა ლ. ხოტივარის მომდევნო ფილმიც - „განაჩენი“ (1959 წ.), სამწუხაროდ იგი იქცა შესანიშნავი ქართველი მსახიობის, გიორგი შავგულიძის „გედის სიმღერად“.
გიორგი შავგულიძემ „განაჩენში“ შექმნა ნიჭიერი და ენერგიული ინჟინრის, მეოჯახისა და მეგობრის შთამბეჭდავი სახე, მაგრამ, ცხადია, ერთი მსახიობი, რაოდენ გენიალურიც არ უნდა იყოს იგი, ვერ განსაზღვრავს ფილმის, ამ უაღრესად კოლექტიური ნაშრომის, საერთო ბედ-იღბალს, ამდენად, უცილობელია დამდგმელი რეჟისორის, ლ.ხოტივარის ალღო და გამოცდილება, რომელმაც თანამოაზრეთა მეგობრული კოლექტივი შექმნა და მუშაობაც სწორი გზით წარმართა.
გიორგი შავგულიძის მოულოდნელი დაღუპვის მწუხარებას ისიც დაერთო, რომ ლ.ხოტივარი და კინოსტუდიაც ნამდვილი დილემის წინაშე აღმოჩნდა - გაეგრძელებინათ ნახევრად გადაღებული ფილმი, თუ შეეწყვიტათ, შეერჩიათ მთავარი როლის ახალი შემსრულებელი და ხელახლა დაეწყოთ გადაღება.
სწორედ აქ გამოჩნდა ყველაზე მეტად და შთამაგონებლად ლელიკო ხოტივარის, როგორც დამდგმელი რეჟისორის, პოზიცია და როგორც ადამიანისა და მეგობრის, პიროვნული ხასიათი. მან გადაწყვიტა, ბოლომდე მიეყვანა ფილმის გადაღება; ამით მშობლიური სტუდიის ფინანსურ პრესტიჟზე მაღლა, ცხადია, გიორგი შავგულიძისადმი სიყვარული და პატივისცემა დააყენა; უნდოდა, მაყურებლისთვის საშუალება მიეცა - საყვარელი მსახიობის უკანასკნელი კინოროლიც ენახა.
რეჟისორის ასეთი გადაწყვეტილება კი უკვე კეთილშობილება იყო და რაოდენ სასიხარულოა, რომ ამას შედეგიც კარგი მოყვა. ლელიკო ხოტივარმა ტიპაჟის მიხედვით შერჩეული რამდენიმე არაპროფესიონალი მსახიობისა და შავგულიძის შემორჩენილი სასინჯი კადრების მართლაც ოსტატური გამოყენებით შეუძლებელი შეძლო და მაყურებელს არ წაართვა ეს საამო ილუზია.
გიორგი შავგულიძის გარდა „განაჩენში“ თამაშობენ უფროსი თუ ახალი თაობის მსახიობები: დუდუხანა წეროძე, ვახტანგ ნინუა, გრიგოლ ტყაბლაძე, ლია ელიავა, იმედო კახიანი, ირაკლი უჩანეიშვილი, აბესალომ ლორია და სხვ.
1961 წელს ეკრანზე გამოვიდა ლელიკო ხოტივარის კინოკომედია „უდიპლომო სასიძო“.
ფილმში მართალია, ნაცნობი სიტუაციებიც გვხვდება, მაგრამ ახალი შინაარსითა და ჟღერადობით, რაც მომხიბვლელობასა და ცხოვრებისეულ სიმართლეს ანიჭებს ამ მხიარულ კომედიას. გამოცდილი ოსტატების გვერდით (აკ.ვასაძე, ალ.ჟორჟოლიანი, დ.წეროძე) ფილმის საერთო წარმატებას ხელი შეუწყო მთავარი როლების ახალგაზრდა შემსრულებლებმა - ბელა მირიანაშვილმა (ნანი) და კოტე მგალობლიშვილმა (ბიჭიკო).
„უდიპლომო სასიძოს“ საყურადღებო რეცენზიით გამოეხმაურა გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ ფურცლებზე (12.11.1961) მწერალი ვიქტორ გაბესკირია, რომელმაც ცალკეული კრიტიკული შენიშვნის მიუხედავად, რაც უმთავრესად ეხებოდა სცენარის ლიტერატურულ ღირსებას, მაღალი შეფასება მისცა ფილმს.
ლელიკო ხოტივარს, როგორც რეჟისორს, ყოველთვის აინტერესებდა ისტორიულ დრამაში ეცადა თავი, მაგრამ სანამ მეტად დიდი გამოცდილება არ დაუგროვდა, ხელი არ მოუკიდია ამ თემისათვის. და აი, კინემატოგრაფში 45 წლის მუშაობის შემდეგ, 1968 წ. ლელიკო ხოტივარმა დადგა კინოფილმი „ტარიელ გოლუა“, გამოჩენილი ქართველი მწერლის ლეო ქიაჩელის რომანის მიხედვით.
ფილმის ავტორებნა რევოლუციამდელი ქართული სოფლის კოლორიტული სურათი დაგვიხატეს და ეკრანზე წარმოგვიდგინეს თავისუფლებისა და ხალხის ნათელი მომავლისთვის მებრძოლი გმირები. უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში გვაქვს რესპუბლიკის სახალხო არტისტის, ალექსანდრე ომიაძის მიერ შესრულებული ტარიელ გოლუას როლი, რომელიც გვხიბლავს ხასიათის მასშატბურობითა და რწმენის სიმტკიცით, იმ საერთო ოპტიმისტური შემართებით, რითაც სუნთქავს მთელი ფილმი.
1975 წელს უმცროს ვაჟიშვილთან, კინორეჟისორ რამაზ ხოტივართან ერთად, ლელიკო ხოტივარმა გაგვახარა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმით „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით). სიკეთისა და ბოროტების მარად უკვდავი თემის, სიყვარული დაუთრგუნველი ძალის ეს ჭეშმარიტი ნიმუში, უპირველეს ყოვლისა, პოეტურობითა და მაღალი პროფესიული დონით ხასიათდება, რაც კიდევ უფრო შთამაგონებელს ხდის ფილმის შემეცნებით ღირებულებას, მის იდეურ არსს.
ლელიკო ხოტივარი დიდად ზრუნავდა ძველ ქართულ ფილმებზე. მან სანიმუშოდ აღადგინა და რედაქცია გაუკეთა ქართული კინოს მუნჯი პერიოდის ორ შესანიშნავ კინოკომედიას, მისი მასწავლებლის, გ.მაკაროვის ფილმს „ნახვამდის“ და ს.ფალავანდიშვილის - „ჟუჟუნას მზითევს“. ყოველი ჩვენგანი მომსწრე ვართ იმისა, თუ რა წარმატებით უჩვენეს ეს ამეტყველებული, ოდესღაც მუნჯი ფილმები ეკრანზე.
ლელიკო ხოტივარი გარდაიცვალა 1980 წლის დეკემბერში, ჯერაც შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე. ის იყო დაამთავრა მუშაობა იმ ფილმის აღდგენაზე („მამის მკვლელი“), რომელშიც შედგა ჩვენი კინოს ჩაუქრობელი ვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის დებიუტი.
ქართული კულტურის ისტორია არასოდეს დაივიწყებს იმ დიდ ამაგს, რომელიც მას დასდო ღვაწლმოსილმა ხელოვანმა ლელიკო ხოტივარმა.
„კინო“ , კინომასალების კრებული, რედაქტორი აკაკი ძიძიგური
„საბჭოთა საქართველო“, 1981. გვ.76-82