სულიკო ხეტეშვილი

ქართული კინოს რაინდი

 

კოტე მიქაბერიძე იმ ღვაწლმოსილ კინოხელოვანთა კოჰორტას ეკუთვნის, რომელთა წვლილი დიდია და ნაყოფიერი კინოში; იგი იყო მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

კ.მიქაბერიძე ხელოვნების სიყვარული ბავშვობიდანვე დაჰყვა. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლისას ხშირად მონაწილეობდა მხატვრულ საღამოებში, თეატრალურ დადგმებში. ქართული თეატრის სცენაზე იღწვოდა სამსახიობო ხელოვნების კორიფეების - ნუცა ჩხეიძის, ლადო მესხიშვილის, ალექსანდრე იმედაშვილის, გიორგი არადელ-იშხნელისა და სხვების მხარდახარ.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კ.მიქაბერიძემ ბედი თეატრს დაუკავშირა, აქ ეზიარა იგი მსახიობის პროფესიის საიდუმლოს.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კოტე მიქაბერიძე საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი მოღვაწეობა ქართულ კინოში.

1921 წელს იგი რეჟისორმა ივანე პერესტიანმა მიიწვია ფილმ „არსენა ჯორჯიაშვილში“ რევოლუციონერის როლის განსასახიერებლად. სცენარის მიხედვით, მეტეხის ციხიდან გამოქცეული მუშა-რევოლუციონერი, რომელსაც ჟანდარმები მოსდევენ, მტკვარში უნდა გადამხტარიყო და მდევარს გასხლტომოდა ხელიდან.

კოტე მიქაბერიძე ასე აგვიწერს თავის ნათლობას კინოში: 

„...თებერვალი იდგა.აქა-იქ თოვლი ჩანდა, ციოდა. პერესტიანს ქურქი და ჩექმები ეცვა. მეც საზამთრო პალტოში ვიყავი გამოჭიმული... ფიქრებში გართულს პერესტიანის მჭექარე ხმა  შემომესმა:

- ცურვა იცით?

- ღორჯოსავით ვცურავ!

პერესტიანმა დაწვრილებით ამიხსნა ყველაფერი. ისიც მითხრა, რომ აპარატისკენ არ უნდა გამეხედა.

- მოემზადეთ,დავიწყოთ!

გავრბივარ, შევვარდი წისქვილის ბანზე და თავგანწირული გადავეშვი მტკვრის აბობოქრებულ ტალღებში. დამძიმებული პალტო ფსკერისკენ მითრევდა. ჩექმებიც წყლით ამევსო... ნაპირისკენ მხოლოდ მაშინ ვიკადრე გამობრუნება, როცა დავინახე, წინ ვიღაც კაცები ხელების ქნევით რაღაცას მანიშნებდნენ. დაღლილი ძლივს ამოვბობღდი ნაპირზე, გავბედე და აპარატისკენ გავიხედე. თქვენც არ მომიკვდეთ. აპარატი კი არა, თვით პერესტიანის ვეებერთელა ფიგურაც ოდნავ ჩანდა; თურმე კილომეტრ-ნახევარზე გამიცურავს. ამ დროს აქლოშინებული რეჟისორის თანაშემწე მოვარდა.

- რატომ არ შეჩერდით, ჩემი ყვირილი არ გესმოდათ?

- არა-მეთქი, - ვუპასუხე.

- ერთხელ კიდევ უნდა გადავარდეთ მტკვარში, აპარატი გაფუჭდა...

მეორედ მივეცი თავი მტკვრის ტალღებს, მაგრამ ამჯერად ღრუბლებმა დაფარეს მზე და... მესამედ  მომიხდა  მდინარის  გადაცურვა.  ივანე  პერესტიანმა ხელი ჩამომართვა და   შემაქო: - თქვენ ღორჯო კი არა, ნამდვილი კალმახი ყოფილხართო“.

1924 წელს ი.პერესტიანმა კოტე მიქაბერიძეს შესთავაზა ბათუ ციმბირელის როლი „სამ სიცოცხლეში“ (გ.წერეთლის „პირველი ნაბიჯის“ მიხედვით). დიდი გულწრფელობით გამოძერწა კ.მიქაბერიძემ ბათუს საინტერესო სახე და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. პრესამ დადებითად შეაფასა მსახიობის ნამუშევარი.

მომდევნო წელს მიქაბერიძე პარალელურად სამ ფილმში მონაწილეობს: ი.პერესტიანის „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმეში“, ა.წუწუნავას ფილმში „ვინ არის დამნაშავე?!“ და ი.ჟელიაბუჟსკის ფილმში „დინა-ძაძუ“.

ი.პერესტიანისთვის ალღოს არ უმტყუნია, როდესაც სპირიდონ მცირიშვილის როლი კოტე მიქაბერიძეს მიანდო. სპორტული აღნაგობის ჭაბუკს ამჯერად უნდა განესახიერებინა ფიზიკურად სუსტი, მაგრამ სულიერად ძლიერი ახალგაზრდა მასწავლებლის როლი.

კოტე მიქაბერიძე დიდი მონდომებით შეუდგა როლზე მუშაობას. გულდასმით შეისწავლა მამამისის არქივი. აკვირდებოდა ოჯახში სტუმრად მოსული პედაგოგდების ქცევას, საუბარს. მოქანდაკესავით თანდათან ძერწავდ სპირიდონის როლს თავისივე სხეულიდან. მაგრამ, რაც მთავარია, კ.მიქაბერიძე შეეცადა, უპირველეს ყოვლისა, ჩასწვდომოდა მისი გმირი შინაგან სამყაროს.

როლზე მუშაობის პერიოდში ასეთმა დიდმა პასუხისმგებლობის გრძნობამ უნაყოფოდ არ ჩაიარა და მსახიობმაც მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

კოტე მიქაბერიძეს განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად ალექსანდრე წუწუნავას ფილმში „ვინ არის დამნაშავე?!“, სადაც მან ბედის უკუღმართობით სამშობლოს მოწყვეტილი ახალგაზრდა კაცის - სიკოს როლი შეასრულა. კოტესთან ერთად გულწრფელი და უშუალო იყო ამ ფილმში ქართული ეკრანის მშვენება - ნატო ვაჩნაძე, რომელმაც ფატის როლი განასახიერა. ძუნწი, მაგრამ მრავლისმეტყველი შტრიხებით წარმოაჩინა კოტე მიქაბერიძემ სიკოს მეტად რთული როლი. ღრმა განცდით, ემოციურად გადმოგვცემდა იგი გმირის სულიერ მღელვარებას;  მაყურებლის წინაშეა ყმაწვილი სიკო - ლამაზი, მშრომელი, მას სულითა და გულით უყვარს, ფატი, ოჯახი... მერე სიკოს კაპიტალისტური ქვეყნის ცირკის მსახიობთა შორის ვხედავთ, შემდეგ ჩვენს წინაშეა ცოლის საქციელით გაშმაგებული და სხვ.

მსახიობი ბუნებრივად გვაგრძნობინებდა ხასიათის ამ სხვადასხვაგვარ განწყობილებას. აქ არ იყო არც ერთი ყალბი ჟესტი, არც ერთი ზედმეტი მიმიკა. თვით საშინელი მღელვარების დროსაც კი იგი არ კარგავდა ზომიერების გრძნობას.

„მეჟრაბპომფილმის“ და „სახკინმრეწვის“ ერთობლივი დადგმა, „დინა-ძაძუ“ (რეჟისორი ი.ჟელიაბუჟსკი) სვანეთის ყოფას ასახავდა. ფილმში მთავარ როლებზე მიწვეულნი იყვნენ ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობები: ალექსანდრა თოიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ჩუტა ერისთავი, გიორგი დავითაშვილი და სხვ. ერთ-ერთი მთავარი როლის, აფხაზი მონადირის, ზორხნის შესრულება კოტე მოქაბერიძეს მიანდეს. მისი პარტნიორი გახლდათ ახალგაზრდა კინომსახიობი ალექსანდრა თოიძე, რომელმაც სვანი გოგონას, დინა-ძაძუს დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

კოტე მიქაბერიძის გმირი ცოცხალი, მკვირცხლი და კეთილშობილი იყო. დინა-ძაძუს სილამაზემ დაატყვევა ზორხნი. აქ, გარდა კინომსახიობის თვითმყოფადი ნიჭისა, კოტე მიქაბერიძეს გამოადგა სპორტული მონაცემები, ცხენოსნობის ცოდნა. დიდი სიყვარულით ფრთებშესხმული უშიშრად დაქროდა ფეხმოუკიდებელ კლდეებზე ჯიხვის მოსანადირებლად. მისთვის დინა-ძაძუ ღმერთქალი დალი იყო, ახლომყოფი და თანაც მიუწვდომელი.

ზორხნი უბელო ცხენს დააგელვებდა უფსკრულების ნაპირებსა და მთის კალთებზე. ზოგჯერ მსახიობის სიცოცხლე ბეწვზეც ეკიდა.

ნიკოლოზ შენგელაია ამ სურათზე რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა და რეჟისორ ჟელიაბუჟსკის მარჯვენა ხელი იყო. გაზ. „კომუნისტში“ იგი აღწერს ფილმის გადაღების ჟამს კინომსახიობთა მუშაობის სიძნელეებზე. იგი წერდა: 

„ერთ-ერთი გადაღების დროს მონადირე სვანებს ცხენით მოჰყავდათ ღონემიხდილი ზორხნი. სვანები ფეხდაფეხ მისდევდნენ ცხენს. დაქანებული კლდის პირზე უეცრად ცხენი შეშინდა, ყალყზე დადგა და გადახტომა მოინდომა. სვანები არ დაიბნენ, მყისვე ჩამოქაცეს მიქაბერიძე-ზორხნის ჩოხის კალთების, მიწაზე ჩამოაგდეს, ცხენი კი...“

1926 წელს ალექსანდრე წუწუნავამ ავქსენტი ცაგარელის კომედიის „ხანუმას“ მიხედვით ფილმი დადგა. ამ ფილმში კომედიური ჟანრის ბევრი ქართველი კინომსახიობი თამაშობს, რითაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი ადგილი ქართულ კინემატოგრაფში.

სპირიდონისა და სიკოს როლებთან ერთად კოტე ფანტიაშვილის სახე კოტე მიქაბერიძის უდავო შემოქმედებითი გამარჯვება იყო, ამ ჩინებულად შესრულებულმა როლმა მეტი პოპულარობა მოუტანა მსახიობს.

1927 წელს ალექსანდრე წუწუნავამ დასადგმელად აირჩია ილია ელეფთერიძის (ზურაბიშვილის) მოთხრობის მიხედვით შექმნილი სცენარი „ორი მონადირე“.

ფაქტიურად სურათში ორი როლია - მგელიასა  და ტურიკოსი. რეჟისორი არ შემცდარა, როცა ამ როლების შესასრულებლად გამოცდილი მსახიობები - კოტე მიქაბერიძე და მიხეილ გელოვანი მიიწვია. მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი მეტად რთულ ამოცანას. კოტე მიქაბერიძე ძუნწი შტრიხებით გვიჩვენებს მგელიას ფსიქოლოგიურ პორტრეტს. მიქაბერიძის გმირი პირდაპირია და გაბედული, ჯიუტია და თავნება. მან თავად გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი და საშინელი სულიერი განცდით ელის ამ განაჩენის აღსრულებას. ძლიერი და უტეხია თავისი ბედის მიმართ, უაღრესად ადამიანური და ლირიკულია დედობილთან დამოკიდებულებაში.

ბოშათა ცხოვრებას ეხებოდა 1928 წ. გადაღებული რეჟისორ პუშის ფილმი „ბოშას სისხლი“. ფილმში ახალგაზრდა ბოშას - გიცას როლს ასრულებდა კოტე მიქაბერიძე. ფილმი მშვენივრად იყო გადაღებული. ამ როლისთვის მსახიობს ბოშური ცეკვების შესწავლა დასჭირდა, საჭირო იყო ცხენზე ყოველდღიური ვარჯიშიც. ამიტომ მას უყიდეს ცხენი, მწვრთნელად მიუჩინეს ყოფილი კავალერისტი პეტრე ბებუთოვი, ცეკვები კი ბოშებმა შეასწავლეს.

„ამ დროს, - იგონებდა კოტე მიქაბერიძე, - ქალაქგარეთ რუმინეთიდან ჩამოსული ბოშები იყვნენ დაბანაკებულნი, რომლებიც რეჟისორმა პუშმა ფილმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. სწორედ ამ ბოშებმა შემასწავლეს თავიანთი ცეცხლოვანი ცეკვები. კარგი მასწავლებლები გამოდგნენ. სიბეჯითით მოვხიბლე ტომის ბელადი და მანაც, სანამ ოქროს საყურე არ გამიყარა ყურის ბიბილოში, მანამ არ მოისვენა. ეს ოპერაცია ვაჟკაცურად გადავიტანე - ის ბოშა რა ბოშაა, თუ ოქროს საყურეს არ ატარებს, ჩვენებური ცეკვები არ იცის და უებრო მხედარი არ არისო, - თქვა ბელადმა. ფილმის დამთავრების შემდეგ ჯგუფი დაიშალა.

ერთ დღეს შინ, სადილობისას ეზოდან მოგვესმა ნაცნობი ტემპერამენტიანი საცეკვაო მუსიკის ხმა. მივირბინე ფანჯარასთან და დავინახე ჩემი ბოშები. ცეკვავდნენ სიმღერით, წამოძახილებითა და სიცილით. მეც უმალვე ეზოში ჩავედი და საერთო ფერხულში ჩავები. შემდეგ ყველანი სახლში შევიპატიჟე და რაც შემეძლო, პატივი ვეცი.  თურმე გამოსამშვიდობებლად მოსულიყვნენ ჩემთან - უკვე რუმინეთში მიემგზავრებოდნენ. ბოშათა ბელადმა ხელში აიღო ფიალა და სერიოზულად მითხრა: მოდი, კონსტანტინე, დაანებე ამ ქალაქს თავი, წამოდი ჩვენთან, ღვიძლი შვილივით მიგიღებთ. აი, ეს ქალიშვილი, ჩემი შვილიშვილი ცოლად წაიყვანე. შენ ნამდვილი ბოშა ხარ, ცხენოსანი, ჩვენებური ცეკვები იცი, სიმღერებიც, თან ოქროს საყურეს ატარებ. წამოდი...

ბოშა გოგონა მეტად ლამაზი და მოხდენილი იყო. თვალები ჯადოსნურად უელვარებდა, წუთიერი დუმილი ჩამოვარდა. გადავხედე დედაჩემს. სახეზე ფერი არ ედო. მე უკვე ვიცნობდი ბოშებს, მათი თავაზი სახუმარო საქმე როდი იყო. პასუხიც მოვიმარჯვე: დიდად გმადლობთ ასეთი ნდობისთვის. შენი შვილიშვილი მეტის ღირსია, ძალიან მომწონს, მაგრამ დედა მომიხუცდა და დამისნეულდა, რომ მივატოვო, შენ თავად დამძრახავ, მაპატიე-მეთქი...

ხანმოკლე დუმილის შემდეგ ბელადმა მითხრა - შენ მართალი ხარ, ვაჟკაცურად იქცევიო. გადამეხვია, მაკოცა, ყველა დამემშვიდობა, და უსიტყვოდ გავიდნენ გარეთ...“

1947 წელს, კოტე მიქაბერიძემ მეტად საინტერესო სახე შექმნა რეჟისორ კ.პიპინაშვილის  ფილმში „პოეტის აკვანი“.

ფილმში დიდი აკაკის გამზრდელების როლში ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ ქართული კინემატოგრაფიის ვეტერანები, ძველი პარტნიორები - ნატო ვაჩნაძე და კოტე მიქაბერიძე. მსახიობებმა ამ როლების შესრულებაში ჩააქსოვეს მრავალი წლის გამოცდილება. ისინი სათუთი გრძნობით აღავსებდნენ პატარა აკაკის გულს.

ამ ფილმში კოტე მიქაბერიძის პაპუნა ნამდვილი იმერელი გლეხია - დინჯი, გამრჯე, მგრძნობიარე, იგი საუცხოოდ ასახიერებს ყოველ დეტალს, რითაც შესანიშნავ კინოპერსონაჟს ქმნის.

ქართულ კინემატოგრაფიაში კოტე მიქაბერიძის მიერ შექმნილი ცოცხალი, დამაჯერებელი, მკაფიოდ გამოძერწილი გმირები, საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები არიან: იმერელი, გურული, კახელი, აფხაზი... და სრულიად სხვა ეროვნებისაც.

კოტე მიქაბერიძის მიერ შექმნილი როლების ნუსხა ზემოთჩამოთვლილით როდი ამოიწურება. მსახიობობის გარდა, მან გარკვეული წვლილი შეიტანა ქართულ კინორეჟისურაშიც.

კოტე მიქაბერიძის მოღვაწეობა, როგორც რეჟისორისა, მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული ფილმებით იწყება. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი-სატირა „ჩემი ბებია“ მისი პირველი ნამუშევარია. „კინოსატურა ბიუროკრატიზმის, პროქტეციონიზმის, მეშჩანობისა და მლიქვნელობის წინააღმდეგ მიმართული ბასრი იარაღია, რომელიც კინოხელოვნებაში ჩემი პირველი ნაბიჯების გადადგმის დღიდან მიზიდავდა. კინემატოგრაფია შეიარაღებულია ისეთი შესაძლებლობებით, რაც ფართო საშუალებას გვაძლევს შემოქმედებითი ჩანაფიქრის რეალიზაციისათვის“. - წერდა რეჟისორი.

სწორედ ამ შესაძლებლობამ უკარნახა ახალგაზრდა რეჟისორს დაეწყო მუშაობა ფილმზე „ჩემი ბებია“. მან საფუძვლიანად შეისწავლა სატირისა და პამფლეტის კლასიკური ნიმუშები. გულდასმით გაეცნო ქართველი ხალხის მდიდარ ფოლკლორს, მის ბრწყინვალე იუმორს. რეჟისორმა ფილმის გადაღება 1927 წელს დაასრულა.

ქართული კინემატოგრაფიის 50 წლისტავთან დაკავშირებით, 1967 წლის 26 სექტემბერს, თბილისში ჩატარებულ სამეცნიერო სესიაზე ხელოვნებათმცოდნემ, პროფესორმა იოსებ დოლინსკიმ ილაპარაკა ფილმზე „ჩემი ბებია“.

„სწორედ იმ პერიოდში (მხედველობაში მაქვს 1927-1928 წლები) მოვხვდი საქართველოს კინოსტუდიაში და ფილმმა „ჩემი ბებია“ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, - თქვა დოლინსკიმ, - ვერ გავიგე, რატომ არ გამოუშვეს იგი ეკრანებზე. ფილმი მიმართული იყო ისეთი ბოროტების წინააღმდეგ, როგორიცაა ბიუროკრატიზმი და პროტექციონიზმი, რაზედაც ლენინი ხშირად წერდა. უწინ ჩვენ მას გადმონაშთებს ვეძახდით, შემდეგ დავრწმუნდით, რომ ეს გადმონაშთები კი არა, სინამდვილეში რევოლუციის მტერი იყო.

ახლაც კი, თითქმის ორმოცი წლის შემდეგ, რეჟისორის დიდი ნიჭის წყალობით მას არ დაუკარგავს აქტუალობა, პამფლეტური სიმწვავე. ეს იგრძნობა ყველაფერში - თამამ განზოგადებებში, სიმბოლიკის სიმდიდრეში, მსახიობთა თამაშის ახალ ფორმებში, გროტესკული ტრიუკების ოროგინალობაში. მიქაბერიძემ ამ ფილმით, ძალზე თამამად და ახლებურად დაიცვა პამფლეტის, როგორც ჭეშმარიტად რევოლუციური ჟანრის რეპუტაცია“ (ამონაწერი სტენოგრამიდან. - ს.ხ.)

ამ ფილმით კოტე მიქაბერიძემ გამოავლინა მდიდარი რეჟისორული ფანტაზია, დიდი შემოქმედებითი გაბედულება და სითამამე, ამავე დროს, მაძიებელი, მებრძოლი სული და კომედიური ჟანრისადმი მიდრეკილების უნარი.

შემდეგი რეჟისორული ნამუშევარი, რომელიც მეტად საგულისხმოა ქართული კინოხელოვნების ისტორიაში, იყო ფილმი „ქაჯეთი“ (1936 წ., კომპოზიტორი - შ.მშველიძე, ოპერატორი - ა.დიღმელოვი). „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი თავის ეკრანიზაციის ცდა, ბუნებრივია, უნაკლი არ იქნებოდა. ექსპერიმენტული ფილმი „ქაჯეთი“, მიუხედავად ცალკეული ნაკლისა, რეჟისორული ოსტატობისა და გადაღების ტექნიკის მხრივ, იმ დროს ახალ მოვლენას წარმოადგენდა ეროვნული კინემატოგრაფისთვის.

30-იანი წლების ფილმებს შორის ყურადღებას იმსახურებს კოტე მიიქაბერიძის მიერ საკოლმეურნეო თემაზე გადაღებული კომედის „დაგვიანებული სასიძო“ (სცენარის ავტორები - კ.გოგოძე, ვ.კარსანიძე). ფილმი მაყურებელში ამკვიდრებდა გულწრფელი სიყვარულის, მეგობრობის უწმინდეს გრძნობებს, ნერგავდა მისწრაფებას სოციალისტური შრომისადმი. „დაგვიანებული სასიძო“ საინტერესო იყო მხატვრული თვალსაზრისითაც - მან ერთხელ კიდევ დაგვანახა რეჟისორ კ.მიქაბერიძის ნიჭი კინოკომედიის ჟანრში.

სამამულო ომის პირველ წლებში კოტე მიქაბერიძე დაევალა ომის მასალაზე მხატვრული სურათის გადაღება. ფილმი „ფორპოსტი“, რომლის სცენარი ივ.პერესტიანს ეკუთვნოდა, საბჭოთა ხალხის გმირობის ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავდა სამამულო ომში. კ.მიქაბერიძემ გადაიღო აგრეთვე ნახატი ფილმი „ზურიკო და მარიკო“, სამეცნიერო-პოპულარული ფილმი „აგრომინიმუმი“ და სხვ.

კოტე მიქაბერიძე სცენარისტის როლშიც გვევლინება. მისი სცენარის მიხედვითაა შექმნილი ფილმი-ზღაპარი „ცისკარა“.

კ.მიქაბერიძე პედაგოგიურ მოღქვწეობასაც ეწეოდა (1931-1932 წლებში) საქართველოს სახკინმრეწვთან არსებულ კინოსკოლაში.

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ კ.მიქაბერიძე ჩინებული მხატვარი-კარიკატურისტი იყო, მონაწილეობდა გამოფენებში, ნახატებს აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში. მისი ბინის კედლები მოფენილი იყო შარჟებითა და კარიკატურებით. ვის არ ნახავდით აქ - ნ.სანიშვილს, მ.ჭიაურელს, დ.რონდელს, ალ.წუწუნავას, დ.ანთაძეს, ნ.შენგელაიას, გ.მდივანს, ი.გამრეკელს, ი.კანდელაკს, კ.ყარალაშვილს და მრავალ სხვას...

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კოტე მიქაბერიძე სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ენერგიულად შრომობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ სამამულო და უცხოური ფილმების ქართულად გახმოვანებაზე.

მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ქართულ კინოში ყოველთვის დარჩება მომავალი თაობებისთვის ჭეშმარიტი შემოქმედების თვალსაჩინო მაგალითად.

„კინო“ , კინომასალების კრებული, რედაქტორი აკაკი ძიძიგური

„საბჭოთა საქართველო“, 1981. გვ.83-90