პაატა ნაცვლიშვილი

შიში მარტოხელა მთასვლელის გამო

ჩვენ მივეჩვიეთ გოდერძი ჩოხელის წარმატებებს მწერლობასა თუ კინოში. მისი ორი წიგნი და ოთხი ფილმი ინტერესითა და მოწონებით მიიღო საზოგადოებამ. და არა მარტო ჩვენში: გოდერძი ჩოხელის პირველი ფილმი - ჯერ კიდევ

სტუდენტობისას გადაღებული „ადგილის დედა“- ჩვენდა საამაყოდ და სასიხარულოდ ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზით დაჯილდოვდა. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ გოდერძი ჩოხელის სახით ქართულ ლიტერატურასა და კინოს შეემატა ნიჭიერი, ორიგინალური თვალთახედვისა და ხელწერის მქონე შემოქმედი, რომლისგანაც მეტსა და მეტს უნდა მოველოდეთ მომავალში. ამის ასე თამამად თქმის უფლებას გოდერძის აქამომდელი შემოქმედება მაძლევს. ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში დიდი ხანია, არავინ შემოსულა ასე ერთბაშად, ასე თამამად, ასეთი რიხით.

დიახ, სულ მოკლე ხანში ჩვენ მივეჩვიეთ გოდერძი ჩოხელის წარმატებებს, მივეჩვიეთ, რომ მისი ყოველი ახალი ნაწარმოები წინას თუ არა სჯობია, არც არაფრით ჩამოუვარდება და ალბათ ამიტომ, ცოტა არ იყოს გაგვიჭირდა თავიდანვე პირუთვნელად და ობიექტურად  შეგვეფასებინა მისი ბოლო ფილმი „აღდგომა“. ის კი არა, თავდაპირველად საკუთარ თავშიც შევიტანეთ ეჭვი: იქნებ, რაიმე ვერ გავიგეთ, იქნებ ვცდებით, იქნებ ვჩქარობთ, იქნებ... არა! პირდაპირ უნდა ითქვას: „აღდგომა“ გოდერძი ჩოხელს არ გამოუვიდა. ჩემთვის, ვინც თავს გოდერძი ჩოხელის გულშემატკივრად და მეგობრად თვლის, ძალზე ძნელია ამის ასე კატეგორიულად თქმა, მაგრამ მაინც ვამბობ და ვამბობ არა იმიტომ, რომ ჩემთვის ჭეშმარიტება, გინდა-არგინდა, მეგობრობაზე ძვირფასია, უბრალოდ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილი მეგობრობა სწორედ ის არის, ადამიანს ობიექტური, პირუთვნელი აზრი უნდა უთხრა მის საქციელზე, ქმედებაზე, ამ შემთხვევაში - შემოქმედებაზე, უფრო ზუსტად - ერთ ნამუშევარზე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მესმის და თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გოდერძი შეიძლება სხვაგვარად ფიქრობდეს, მაინც მინდა, რამდენიმე შენიშვნა, ჩემი რამდენიმე მოსაზრება გამოვთქვა მისი ბოლო ფილმის გამო, რადგან ვფიქრობ, რომ სჯობია მან ახლავე დასძლიოს თავის შემოქმედებაში არსებული ზოგიერთი ხარვეზი. (რასაკვირველია, შემეძლო, ჩემი ეს შენიშვნები პირადად მეთქვა გოდერძისათვის, მაგრამ ბოლოს, ბევრი ყოყმანის შემდეგ, მაინც გამოქვეყნება გადავწყვიტე, ამ შემთხვევაში გოდერძი არ გამაწყვეტინებს, უეჭველად მომისმენს ბოლომდე და თუ მაინც მიწყენს, თავს იმით ვინუგეშებ, რომ პირუთვნელად მოვიხადე მეგობრული ვალი, ხოლო „თავის გასამართლებლად“ ვიტყვი, რომ, თუ ვინმემ კარგი დაწერა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაზე, თუ ვინმემ ქებითა და ხოტბით მოიხსენია იგი, მათ შორის მეც ვიყავი).

„აღდგომა“ თავისი სტილისტიკით გოდერძი ჩოხელისავე „მეკვლეს“ ენათესავება. აქაც ორი ძირითადი ხაზია: ვიზუალური და ხმოვანი. მაგრამ თუ „მეკვლეში“ ეს ორი ხაზი, ეს ორი ნაკადი ერთ წისქვილზე ასხამდა წყალს, ერთ წერტილში ფოკუსირდებოდა, ამ ფილმში ისინი უმეტესად ცალ-ცალკე არსებობენ, ხშირად მათი კავშირი ნაძალადევია და ამორფული. „აღდგომაში“ უკვე ძირითად სათქმელად, ძირითად ავტორისეულ პოზიციად იქცა „მეკვლეს“ ის ორი თუ სამი სუსტი ადგილი, რომლებიც იმთავითვე თვალში მოგვხვდა, მაგრამ თუ მათზე მსჯელობა ჩვენი - ჩემი და გოდერძის - საერთო მეგობრების წრეს არ გასცილებია, მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავით, ფილმის პოეტური ბუნებიდან და საერთო კინემატოგრაფიული სურათიდან ამოვარდნილი ის ორიოდე ეპიზოდი შემთხვევითი იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შევცდით. თურმე შემთხვევითი არ ყოფილა არც ფილმის ნატურალისტური, არაესთეტიკური ფინალი და არც მეტისმეტად პლაკატური, , „გულუბრყვილო კადრები - დანგრეულ კედელზე ცალი ლურსმნით ჩამოკონწიალებული საქართველოს რუკა  თუ მკვდარი არწივი. პროვინციალიზმით დაღდასმულ ამ დეტალებში ავტორმა შიშველი ტენდენციურობის გაწონასწორება საკმაოდ საინტერესო გამომსახველობითი ხერხებითაც კი ვერ შეძლო. მაგრამ ეს მომენტები, ჩემი აზრით, „მეკვლეს“ საერთო ბრწყინვალებას ბევრს ვერაფერს აკლებდა; „აღდგომაში“ კი „მეკვლეს“ ლაფსუსები პრინციპულ სიმაღლეზეა აყვანილი და ჩემი დამოკიდებულებაც ამ ფილმისადმი სწორედ ამან განაპირობა.

გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით მისი ასპარეზზე გამოჩენისთანავე დავინტერესდი და მას მერე ყურადღებით ვადევნებ თვალს. ალბათ, ამიტომ, მის ყოველ ახალ ნამუშევარს წინა ნამუშევრებთან ურთიერთმმართებაში აღვიქვამ. ეს ორი ფილმი გოდერძი ჩოხელს უკუთანმიმდევრობით რომ გადაეღო, ალბათ ორივეს მოწონებით შეხვდებოდა აყურებელი და ჩემი თქმელიც განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ „მეკვლეს“ შემდეგ „აღდგომა“, უკეთეს შემთხვევაში, ერთი ადგილის ტკეპნაა, ობიექტურად კი - უკან გადადგმული ნაბიჯი. რაც „აღდგომაში“ კარგია, - საერთო სტილისტიკაზე მოგახსენებთ, - „მეკვლეში“ გაცილებით სრულყოფილია და დახვეწილი, ხოლო რაც „მეკვლეში“ სუსტია, ვიმეორებ, ის „აღდგომაში“, ის პრინციპულ სიმაღლეზე ავიდა და ამან, ჩემი აზრით, საშიში სახე მიიღო, საშიში გოდერძი ჩოხელის მთელი შემდგომი შემოქმედებისათვის.

ღვთით ბოძებული ნიჭი დიდი ბედნიერებაა, მაგრამ, ჩანს, არის სიმაღლეები, რომლებსაც მხოლოდ ნიჭით ვერ დაძლევ. დიდ სიმაღლეზე ნიჭს სუნთქვა უჭირს და წინ ვეღარაფრით წავა, თუ ამხანაგები არ წამოეშველნენ. „ამხანაგებში“ უპირველესად ერუდიციასა და საერთო კულტურას ვგულისხმობ (ძალიან არ მინდა, ეს „საერთო კულტურა“ ვინმეს „ელემენტარულ კულტურაში“ აერიოს). მაგრამ ნიჭს მაინც აქვს დიდი უპირატესობა: იგი სწორედაც ღვთის ბოძებულია და არამც და არამც არ შეიძინება. ცოდნას, ერუდიციას, საერთო კულტურას კი ადვილად თუ არა, ძნელად მაინც შეიძენს ადამიანი, თუკი, რასაკვირველია, მოინდომა და გარკვეული დრო და ენერგია გაიმეტა ამისათვის, ხოლო ყველაზე ცუდი ის არის, როცა ნიჭი იწამებს თავის ყოვლისშემძლეობას და მწვერვალებს მარტოდმარტო შეებმება, ამხანაგების თანადგომის გარეშე. ამ შემთხვევაში ნიჭი, როგორც ყველა ეული, მარტოხელა მთასვლელი დასაღუპავად არის განწირული. კი, ყოფილა შემთხვევები, როცა მარტოხელა მთასვლელს ჯომოლუნგმაც დაუპყრია, როგორც პირდაპირი, ისე - გადატანითი მნიშვნელობით და აქ მაგალითად ალბათ რაინჰოლდ მესნერისა და ფიროსმანის სახელებიც იკმარებდა, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისია და გამონაკლისი კი, მოგეხსენებათ, წესის დადასტურებაა, მეტი არაფერი. 

კიდევ ერთი: თუ მთასვლელობაში ასეთი გამონაკლისი ყოფილა, თუ მხატვრობაში, მწერლობაში ან მუსიკაშიც მეტ-ნაკლებად შესაძლებელია იგი, კინოში - ამ სინთეზურ ხელოვნებაში მარტოხელა მთასვლელი თუ არ დაიღუპა, ვერც რაიმე წარმატებას მიაღწევს; მხოლოდ ნიჭი აქ ჯომოლუნგმას კი არა, ბორბალოსაც ვერ დაიპყრობს!

ამ ფილმში გოდერძი ჩოხელი შეეცადა, საქართველოს დიდი ტკივილი გადმოეცა კრწანისში წაგებული ომის გამო. ამისთვის მან მეფე ერეკლეს სული გამოიხმო და, მარტივად რომ ვთქვათ, ინტერვიუ აიღო მისგან. გოდერძი ჩოხელი თავად, თავისი ხმით „ელაპარაკება“ მეფეს. როგორი ფრთხილნიც უნდა ვიყოთ ასეთ შემთხვევაში, როგორც უნდა დიდხანს ვეძებოთ საუბრის ტონი და მიმართვის ფორმა, მაინც ვდგავართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენი ფამილარობით შეურაცხყოფა მივაყენოთ ერეკლეს სახელს, დავაკნინოთ იგი და ამავე დროს სასაცილო მდგომარეობაში ჩავიგდოთ საკუთარი თავი. ერეკლესთან ასეთ ფამილარულ „საუბრებს“, ალბათ, სოლომონ ლეონიძეც ვერ გაბედავდა; ალბათ, არც ილია ჭავჭავაძე გაკადნიერდებოდა ასე.

ამ ორიოდე წლის წინათ რადიოჟურნალისტმა ზაზა ქინქლაძემ „ინტერვიუ აუღო“ ფარსმან მეფეს, რომლის ცხენოსანი ქანდაკებაც, მოგეხსენებათ, თავის დროზე რომის ფორუმს ამშვენებდა. „ფარსმანის ხმა“, რევერბერაციით ჩაწერილი, მართლა „იმქვყნიურად“ ჟღერდა. იყო რაღაც ახალი, რაღაც საინტერესო და ემოციურად გამართლებული ამ რადიოინტერვიუში, რომელიც „პიკის საათისათვის“ მომზადდა. პროგრამა „პიკის საათის“  ხასიათი და სტრუქტურა კი მკითხველისათვის კარგად არის ცნობილი. ზაზა ინქლაძის ნამუშევარი უფრო სალაღობო იყო და არავითარი პრეტენზია არ ჰქონია არც სერიოზულობაზე, არც დოკუმენტურობაზე და არც, მითუმეტეს, ეროვნული ტკივილის გამოხატვაზე. იქნებ ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ იუმორის გარეშე მართლა ძნელია ასეთი ხერხის გამოყენება და გამართლება. აქ უკვე დგება საკითხი, თუ ვის მიმართ შეიძლება ამგვარი დამოკიდებულების უფლება მივცეთ თავს და ვის მიმართ - არა. ფარსმან მეფე 23 საუკუნის წინანდელი მოღვაწეა, თითქმის ლეგენდარული, ერეკლე კი მეტისმეტად კონკრეტული და მეტისმეტად რეალურია იმისათვის, რომ მასთან ასეთი ბაასი გავმართოთ.

ერეკლე მეფესთან გოდერძი ჩოხელი მიერ გამართული დიალოგი ფილმის მთავარი სათქმელია. ამ დიალოგისათვის ავტორი დიდხანს ამზადებდა მაყურებელს, ძალიან დიდხანს, ზედმეტად დიდხანს, იმდენად, რომ ფილმის ექსპოზიცია ძირითად ნაწილთან შედარებით დიდი გამოვიდა. სანამ ერეკლეს საფლავი გამოჩნდებოდა ეკრანზე და სანამ „მის“ ხმას გავიგონებდით, ავტორმა არაერთი (ზუსტად - ცხრამეტი) უცნობი მიცვალებული შეაწუხა, არაერთი სერიოზული თუ არასერიოზული კითხვა დაუსვა მათ. შეიძლება, ამ ექსპოზიციას თავისთავადი ღირებულება ჰქონდეს. მე ვფიქრობ, იგი აღძრავს მაყურებელში გარკვეულ ემოციას ტირილისა და სიცილის ზღვარზე (ალბათ, ხერხიც მიცვალებულებთან საუბრისა აქ უფრო მისაღებია მიცვალებულთა არაკონკრეტულობის გამო. ვგულისხმობ ფართო მაყურებელს, თორემ თავად გოდერძისა და გუდამაყრელთათვის ალბათ ეს მიცვალებულები უფრო კონკრეტულები არიან, ვიდრე მეფე ერეკლე). მაგრამ საქმე ისაა, რომ „აღდგომის“ ექსპოზიცია „მეკვლეს“ შემდეგ არის გადაღებული, თანაც, ვიმეორებ, მას ფილმის ორი მესამედი უკავია ქრონომეტრაჟის თვალსაზრისით. როგორც შესავალი, იგი მეტისმეტად დიდია, როგორც ფილმის შემადგენელ ნაწილს კი ძალზე არამტკიცე და ზედაპირული (მხოლოდ ხერხის დონეზე) კავშირი აქვს ძირითად სათქმელთან. ამის გამო „აღდგომა“ წელგაწყვეტილიც გამოვიდა. და მაინც, ეს ნაწილი საუკეთესოა ფილმში, გაცილებით დამუხტული, შთამბეჭდავი და ამაღელვებელი (დასამახსოვრებელია ავტორის დიალოგი მიცვალებულთან, რომელსაც სახლი დარჩა გასამართავი და ამის დარდი ჩაიყოლა თან, მოწინავე მწველავთან, 17 წლის მზია ბექაურთან, ავარიაში დაღუპულთან, ქალების მოყვარულთან, „სტვენია“ მიცვალებულთან, მოხუცთან, რომელიც კითხვაზე - ღმერთი თუ არსებობსო, პასუხობს: „ღმერთი ის არის, ადამიანს რო ადამიანი უყვარს“, 1723 წელს დაბადებულ ჩოხელთან, რომელიც ნატრობს: „ერთი ამაყენა, ხმალი და ცხენი მომცა!..“). მაგრამ ამ საუკეთესო ნაწილშიც არის ადგილები, რომლებიც შემოქმედს, თანაც გოდერძი ჩოხელისნაირ შემოქმედს, არა და არ ეპატიება. ცნობილია, როგორ პატივს სცემენ ქართველები გარდაცვლილ წინაპრებს, მათ სულებს და, ალბათ, მკრეხელობაა, ახალგაზრდა კაცმა დასცინოს მკვდარს; თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, გოდერძის ეს შეგნებულად არ გაუკეთებია, მაგრამ ზოგიერთ „ინტერვიუში“ მისი „თანამოსაუბრენი“ გაშარჟებულები არიან. ერთი მიცვალებული, რომელსაც დიდი ვერაფერი სატკივარი და დარდი აქვს, ფილმის ავტორს იმედიანად ეკითხება, თუ აღვსდგებიო. გოდერძი ჩოხელი კი, მართალია, ერთგვარი სინანულითა და გულისტკივილით, მაგრამ მაინც აგდებულად ეუბნება:

- რა ვიცი, აბა! აღსდგები, თუ მეტი არაფერი გაწუხებს!

მეორე მიცვალებულს კი, თუ არ ვცდები, გვარად წიკლაურს, ავტორი საუბრის ბოლოს კარგად იყავიო, ეუბნება. მესმის, რომ ფილმი მთლიანად პირობითობაზეა აგებული, მაგრამ ის, რომ მიცვალებული კარგად ვერასოდეს ვეღარ იქნება, ამ პირობითობის ფარგლებში, ჩემი აზრით,  არ თავსდება. მგონია, რომ აქ გოდერძი ჩოხელს ზომიერებისა და ტაქტის გრძნობა ღალატობს.

ეს რაც შეეხებოდა ექსპოზიციას, - ფილმის საუკეთესო ნაწილს. ექსპოზიციის ბოლოს კი, ძირითად სათქმელზე გადასასვლელად ავტორი მოხუც ქალთან დიალოგს იყენებს. ქალი ვიღაცას ელოდება. კითხვაზე, ვის ელოდებიო, იგი პასუხობს:

- არაგველებს ველოდები. მეფე ერეკლესთან წავიდნენ და არ დაბრუნებულან. მცხეთაში წადი, ერეკლეს უთხარი, ელოდებიან არაგველებს-თქო.

იქნებ სჯობდა, ფილმი აქ დამთავრებულიყო, მაგრამ ავტორი სხვაგვარად ფიქრობს. იგი საიქიოდან მცხეთაში მიდის, ერეკლე მეორესთან. ფილმის დასაწყისში გოდერძი ჩოხელმა პირდაპირ განგვიცხადა: „მე მინდა, ცოტა ხნით სხვა სამყაროში წაგიყვანოთ. ამ სამყაროს საიქიო ჰქვია“. ახლა კი უცებ მცხეთაში მივყავართ, ან იქნებ - მცხეთის საიქიოში. ვერ გეტყვით, შეიძლება ავტორის წარმოდგენით გუდამაყარს ცალკე საიქიო აქვს, მცხეთას - ცალკე და ასე შემდეგ.

სვეტიცხოველში გოდერძი ჩოხელი ერეკლეს ესაუბრება. ფილმის ავტორისა და მკითხველის ნებართვით მთლიანად მოვიტან ამ დიალოგს: 

„ - მეფევ ბატონო, ნუ მიწყენ და რამდენიმე შეკითხვას მოგცემ.

- ვინ ხარ?

- არაგველი ვარ, შავი არაგვის ხეობიდან, გუდამაყრელი.

- რას ითხოვ?

- რას იტყვი კრწანისზე, მეფევ ბატონო?

- რას ვიტყვი! გამყიდეს! მაშინ ხუთი ათასი მეომარი ძლივს ვიშოვე, ჩემს დასაფლავებაზე კი ოცი ათასი იყო მოსული.

- მეფევ ბატონო, რამდენი წლისა ბრძანდებოდით კრწანისის ომში?

- სამოცდათხუთმეტის.

- ახლა, ახლა თუ ფიქრობთ ჩვენზე?

- აბა ვისზე ვიფიქრო, ბალღო!

- არაგველების საძებრად გამომგზავნეს გუდამაყრიდან.

- მიდი, კრწანისში არიან.

- მშვიდობით ბრძანდებოდე, მეფევ ბატონო“.

სულ ეს არის. თავი დავანებოთ იმას, რომ ავტორი ერთი 

 ბეწო დიალოგში ხან „შენობით“ მიმართვს მეფეს და ხან „თქვენობით“, ჩემი აზრით, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სულაც არ იყო საჭირო ერეკლეს სულის შეწუხება მაყურებელთან ერთად მცხეთის საიქიოში წასვლა. საქართველოს ისტორიის ყველა სახელმძღვანელოში წერია, რომ ერეკლე კრწანისის ომში 75 წლისა იყო, ესეც რომ არა, ამის გამოანგარიშებას დიდი ერუდიცია არ სწირდება; ის ფაქტიც საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ერეკლეს საფლავებაზე გაცილებით მეტი მეომარი იყო, ვიდრე კრწანისის ომში; არც იმას სჭირდება ერეკლეს თქმა, რომ არაგველები კრწანისში უნდა ეძებოს კაცმა! კითხვებსაც თავი დავანებოთ. შეიძლება, გოდერძი ჩოხელს ამით ჩვენი, ჟურნალისტების გაშარჟება უნდოდა, მაგრამ ერეკლე რაღა შუაშია? არა მგონია, მას კრწანისის გამო ეთქვა: გამყიდეს! მაშინ ხუთი ათასი მეომარი ძლივს ვიშოვე, ჩემს დასაფლავებაზე კი ოცი ათასი იყო მოსული“. მეორე წინადადებას ხომ არავითარი აზრობრივი კავშირი არა აქვს პირველთან. ასეთი ულოგიკო პასუხი არა და არ შეიძლება მივაწეროთ ერეკლეს. არც „აბა ვისზე ვიფიქრო, ბალღო!“ მგონია მეფის შესაფერისი პასუხი.

ასეთი უსუსური და პრიმიტიული კითხვა-პასუხის შემდეგ ავტორი არაგველების საძებნელად მიდის. თუმცა ერეკლემ იგი კრწანისში გაგზავნა, გოდერძი ჩოხელმა რატომღაც იქვე, სვეტიცხოვლის ეზოში დაიწყო არაგველების ძებნა და ძახილი:

- არაგველებოოოოოოო! ა-რა-გვე-ლე-ბ-ო-ო-ო-ო!

ფილმის ფინალში, როცა ძახილისა და ცხენების თქარა-თქური ხმაზე კადრში ორმაგი ექსპოზიციით ამოდის დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის, ერეკლე მეორისა და ილია ჭავჭავაძის პორტრეტები, „აღდგომა“ ცუდ სატელევიზიო გადაცემას ემსგავსება თავისი შიშველი ტენდენციურობით, გულუბრყვილო და პლაკატური „განზოგადებით“. 

შეიძლება, ჩემი ეს კატეგორიული დასკვნები ერთგვარ დისონანსად გამოჩნდეს იმ საერთო აღფრთოვანებისა და აჟიოტაჟის ფონზე, რასაც გოდერძი ჩოხელის შემოქმედება იწვევს, მაგრამ მე მგონია, რომ სხვაზე ნაკლებად არ ვიცნობ მის შემოქმედებას და არც სხვაზე ნაკლებად ვაფასებ გოდერძი ჩოხელს - ამ მართლა ნიჭიერ მწერალსა და რეჟისორს. მაგრამ დაფასება საღ, ობიექტურ შეფასებას არ გამორიცხავს; პირიქით - სწორედ ეს არის, ჩემი აზრით, დაფასება. (თანაც მე მხოლოდ მის ერთ ნამუშევარზე მოგახსენებთ.) „გოდერძი ჩოხელის ფილმებს ეიზენშტეინის ფილმების გვერდით უნდა მივუჩინოთ ადგილი“, - სრული სერიოზულობით განაცხადა ერთმა ჩვენმა ცნობილმა პროზაიკოსმა მწერალთა სასახლის ტრიბუნიდან. ვფიქრობ, ასეთ კომპლიმენტებს მეტი სიფრთხილით უნდა დარიგება, მითუმეტეს ისეთ ფენომენთან მიმართებაში, როგორიც გოდერძი ჩოხელია.

შეიძლება, მკითხველმა გადაჭარბებული სიმკაცრე დამწამოს და სუბიექტურობაც მიკიჟინოს, მაგრამ სწორედ სუბიექტურად ვფქრობ, რომ, როგორც გოდერძი ჩოხელის კეთილისმსურველი, როგორც მისი ნიჭის თაყვანისმცემელი, ვალდებული ვარ, შევუძახო მას.

- არ მოდუნდე, გოდერძი! არ შეგიჩნდეს თვითკმაყოფილების ჭია! გუნდრუკის სუნზე არ ჩაგეძინოს!..

არა ერთი და ორი სუსტი ფილმი არსებობს, მაგრამ მათზე სერიოზული ლაპარაკი წყლის ნაყვა და კედელზე ცერცვის შეყრაა მხოლოდ. გოდერძი ჩოხელის ამ ფილმზე კი უეჭველად უნდა თქბულიყო, რადგან მგონია, დარწმუნებული ვარ, რომ „აღდგომა“ დროებითი ჩავარდნაა მის შემოქმედებაში. თუმცა  იქნებ საქმე მხოლოდ ერთ ნაწარმოებს, მხოლოდ ერთ ფილმს არ შეეხება, იქნებ საქმე გოდერძი ჩოხელის, როგორც შემოქმედის (გნებავთ - როგორც ადამიანის) მომავალს ეხება. ერთი აშკარაა: ბოლო დროს გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში ზოგიერთმა დამაფიქრებელმა ტენდენციამ იჩინა თავი, რომლებიც ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ გოდერძი მეტისმეტად დაჯერებულია თავისი ნიჭის ყოვლისშემძლეობაში, ზოგ შემთხვევაში კარგავს ზომიერების გრძნობას, თავისი აზრი, პოზიცია თუ შეხედულება ერთადერთი სწორი, უაპელაციო ჰგონია და ამ დროს, ალბათ, ვერც კი ამჩნევს, როგორ იშტამპება, როგორ კარგავს ბუნებრივობასა და უშუალობას, რითაც ესოდენ ძვირფასი და საინტერესო იყო მისი პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში, როგორ იმეორებს საკუთარ თავს, როგორ ექცევა ნელ-ნელა ჩიხში. ქართული კინოსა და ლიტერატურისათვის ფრიად საზიანო და სამწუხარო იქნება, რომ ჩოხში დაწყებული იმედისმომცემი შემოქმედებითი გზა ჩიხში დასრულდეს! ჩიხზე და ლიტერატურაზე მომაგონდა: გოდერძი ჩოხელისათვის, ალბათ, დამაფიქრებელი უნდა იყო ჟურნალ „ცისკარში“ დაბეჭდილი რეცენზიაც მის პროზაზე...

მეპატიოს, თუ ამ წერილში გამოთქმულ ჩემს გულისტკივილს კარგად ვერ მოვარგე რბილი სიტყვები და გამოთქმები; მეპატიოს, რადგან მე არ შემირბილებია ჩემი აღფრთოვანება და აღტაცება, როცა „მეკვლეზე“ ვწერდი. აღტაცებულ და შეშინებულ კაცს სიტყვების შესარჩევად არა სცალია. მე მართლა აღტაცებული ვიყავი გოდერძის ნიჭით   „მეკვლეს“ მერე და მართლა მეშინია ამ ნიჭის გამო „აღდგომის“ შემდეგ. ჩემი ეს შიში, ჩემი გულისტკივილი რომ არ გამომეხატა, ეს წერილი რომ არ დამეწერა და არ დამებეჭდა, თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი გოდერძის ნიჭის წინაშე, ყველა მარტოხელა ალპინისტის წინაშე, რომელიც შეიძლება შენმა დროულმა შეძახილმა დაღუპვას გადაარჩინოს. მარტოხელა ალპინისტი, აკი ვთქვი, რთულ მწვერვალებს ვერ იპყრობს, ეწირება მათ, თუ მასთან ერთად - თოკში მისი ერთგული მეგობრები - ერუდიცია, გამოცდილება, საერთო კულტურა არ არიან ჩაბმული. საერთო კულტურა, ერუდიცია და გამოცდილება კი, პირველ ყოვლისა, სხვისი აზრის მოსმენას და რამდენადმე გათვალისწინებასაც გულისხმობს. იმედი მაქვს, გოდერძი ჩოხელმა ეს სხვაზე უკეთ იცის.

ალმანახი „კინო“

1984.2 (მეცამეტე გამოშვება), 

საქართველოს სსრ კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტი

მთ. რედაქტორი სანდრო თუშმალიშვილი

გვ.56-63