მანანა ლეკბორაშვილი
დარიკო ვარ, გლეხის ქალი
საბჭოთა სახელმწიფომ დასაწყისიდანვე მკვეთრად შეცვალა ქალის მდგომარეობა რეალურ ცხოვრებაშიც და ეკრანზეც. ახალ სახელმწიფოს არ აწყობდა პატრიარქალური ცხოვრების ტრადიციებში მომწყვდეული ქალი. მას ახალი სამყაროს მშენებლობაში ჩართული აქტიური მოქალაქე, უფრო კი მუშახელი სჭირდებოდა. კინემატოგრაფიც, რომელიც ახალი ცხოვრების წესის პროპაგანდაში უმნიშვნელოვანეს იარაღად იქნა მიჩნეული, უმალ ჩაერთო საბჭოთა ქალის ახალი იმიჯის შექმნის პროცესში.
ახალი ქალი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი, თავისუფალი, როგორც პატრიარქალური ტრადიციებისგან, რელიგიური წნეხისგან, ისე ოჯახური კავშირებისა და მამაკაცზე დამოკიდებულებისგანაც. მოგვიანებით ეს პარადიგმა შეიცვლება. ეკრანზე საბჭოთა ქალი ბრუნდება ოჯახში, როგორც იდეალური დედა და მეუღლე, მაგრამ, ამავე დროს, მას ახალი მოვალეობებიც ემატება - ერთდროულად ოჯახიც და საზოგადოებრივი საქმეც, და სწორედ ეს უკანასკნელი, შრომითი საქმიანობა, საზოგადოებრივი აქტივობა დგება უფრო ხშირად ოჯახურ მოვალეობებზე წინ. მამაკაცისგან დამოუკიდებლობას მის მხარში დგომა და მისი ერთგული თანამებრძოლობა ცვლის, მაგრამ აქტიური, მებრძოლი, გმირი ქალის ტიპი საბჭოთა კინოს შეუცვლელ ფიგურად იქცა.
ქართული კინოც არ დარჩენილა გულგრილი ამ ტენდენციის მიმართ, სწორედ ამ ტალღაზეა შექმნილი ფილმიც „დარიკო“ (1936).
ფილმი ეგნატე ნინოშვილის ორი მოთხრობის „სიმონა“ და „მოსე მწერალი“ მიხედვით არის გადაღებული. ეგნატე ნინოშვილი თავის მოთხრობებში მშობლიური კუთხის, გურიის 1890-იანი წლების ცხოვრებას აგვიწერს. მისი გმირები ეროვნულად და სოციალურად დაბეჩავებული ადამიანები არიან, რომლებსაც ხანდახან კი შეიპყრობთ პროტესტის განცდა, მაგრამ სამართალს ვერსად პოულობენ. ამიტომ მისი მოთხრობები გამსჭვალულია პესიმიზმით და სასოწარკვეთის გრძნობით.
ეგნატე ნინოშვილი თავისი დრამატული ისტორიებით, ცოცხალი და დამაჯერებელი გმირებით რევოლუციამდელი ქართული კინოსთვის ნაყოფიერი პირველწყარო გახდა. თუმცა ის საინტერესო აღმოჩნდა ახალი დროებისთვისაც - წარსულის მძიმე ყოფის შეხსენება ახალი საბჭოთა კინემატოგრაფის ერთ-ერთი საყვარელი თემა იყო.
სოფელში დიდად გავლენიანი და მდიდარი, მძლავრი კაცის, დავით დროიძის მიერ ძალაძეების ღარიბი, მაგრამ ღირსების მქონე ოჯახის გაპარტახება საკუთარი საკუთარი ინტერესების გამო, თაღლითი სახელმწიფო მოხელის ხელშეწყობით მომგებიან ფონს ქმნიდა თანამედროვე გლეხის, ახლა უკვე კოლმეურნის ყოფასთან შესადარებლად, მაგრამ 1930-იანი წლების ატმოსფეროს აღარ მიესადაგებოდა მხოლოდ ჩაგვრის და ჩაგრული ადამიანის ნატურალისტური აღწერა, ამიტომ სცენარი სწორედ ეპოქის ჰეროიკული პათოსის გათვალისწინებით იცვლება და პირველწყაროსთვის დამახასიათებელი ტრაგიზმს ჩაენაცვლება აქტიური დამოკიდებულება არსებული რეალობის მიმართ, პროტესტის გრძნობა, რევოლუციური თვითშეგნების ზრდა და ღია ბრძოლა ჩაგვრის წინააღმდეგ.
სწორედ დროის მოთხოვნების შესაბამისად ცვლიან მთავარი გმირებიც ადგილებს. დარიკო, მოკრძალებული ქალიშვილი ეგნატე ნინოშვილის „სიმონადან“ , რომელსაც ქმარს გაუციმბირებენ, თვითონ მასზე კი იძალადებენ და თვითმკვლელობამდე მიიყვანენ, სცენარში გარდაიქმნა მთავარ გმირად, მებრძოლ, აქტიურ, შეუპოვარ ქალად, რომელიც მოძალადეს იარაღით ხელში უხვდება და კლავს კიდეც მას; ამის შემდეგაც ის არ ეგუება მოსალოდნელ ბედს (ციმბირში გადასახლებას) - ახერხებს გაქცევას და ფირალად გაჭრას (ტიპური მამაკაცური ნარატივი). მამაკაცურად შემოსილი დარიკო შეიარაღებულ რაზმს ჩაუდგება სათავეში, რომელიც შიშის ზარს სცემს პოლიციას, მეფის მოხელეებს, კაზაკების რაზმებს. დარიკო წარმოჩენილია როგორც გარშემომყოფ მამაკაცებზე უფრო გამჭრიახი, სხარტი გონების, მამაცი, მაგრამ ამავე დროს კეთილგონიერი ადამიანი, სწორედ ამაზე დგას მისი უფლება, ხელმძღვანელობდეს მამაკაცებს, თუმცა ავტორს არ სურს მას „ქალური თვისებები და უნარებიც“ დაუკარგონ - სცენა ტყეში, როდესაც დარიკო თანამებრძოლს შარვალს უკერებს, მრავლისმეტყველია.
ლიტერატურული პირველწყაროს მთავარი გმირი - სიმონა, სცენარში და ფილმში პირველობას ქალს უთმობს, თუმცა ფილმს მისთვის სხვა ბრძოლის ველი აქვს გამონახული. ციმბირში ეტაპით გამგზავრებული სიმონა გზაში რევოლუციურ იდეებს ეზიარება და გაქცევის შემდეგ ამ იდეებით შეიარაღებული ბრუნდება სამშობლოში, სწორედ გადამწყვეტ მომენტში - როცა ამბოხებულ გლეხთა რაზმი დროიძის ოჯახზე შეიარაღებულ თავდასხმას აწყობს იმ დროს, როცა ოჯახში საქორწილო სუფრაა გაშლილი, ისე, როგორც ადრე ძალაძეების ოჯახში, რა დროსაც აპატიმრებენ სიმონას, მის დედას, ძმას, ხოლო ახალგაზრდა ქალს მკვლელად აქცევენ.
შურისძიება აღსრულდა, მაგრამ სოფელში გამოძახებული კაზაკების რაზმი შემოდის და ცეცხლითა და მახვილით უსწორდება მშვიდობიან გლეხობას. დარიკოს რაზმიც ალყაში აღმოჩნდება, თუმცა ყოველგვარი ლოგიკის წინააღმდეგ საკმაოდ იოლად აღწევს მას თავს.
ფილმს წინ უძღვის ტიტრი, რომ ფილმი ეძღვნება რევოლუციური ესპანეთის გმირ ქალებს და დარიკოც იმდროინდელ პრესაში განიხილება, როგორც პირველი რევოლუციონერი ქალის სახე. თუმცა დარიკო უფრო შურისმაძიებელი ქალია, მისი კონფლიქტი უპირატესად პირადი ხასიათისაა და არა სოციალურის. რა თქმა უნდა, ფილმში ასახულია სოციალური უკმაყოფილების მომენტები: გლეხების დაუმორჩილებლობა უსამართლო მოთხოვნების წინააღმდეგ, მათი ერთსულოვნება ტყეში გასულ „ფირალებთან“, პროტესტის განზოგადებული სიმბოლოს სახეს იძენს სცენა, როცა „ეკზეკუციის“ მიერ დანგრეული და ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოვარდნილი გლეხი ტყეს აძლევს თავს, ერთი, მეორე, მესამე... მაგრამ მთლიანობაში ფილმი სათავგადასავლო ფილმის არქეტიპებზეა აგებული და ხშირად არად დაგიდევთ სიუჟეტურ ლოგიკას ან დამაჯერებლობას.
ფილმში სამი გაქცევაა, დარიკოსი, ერთ-ერთი გლეხის და გაციმბირებული პატიმრების მატარებლიდან. სამივე შემთხვევაში გაქცევის პერიპეტიები არალოგიკურია, ხოლო ბადრაგი საოცრად უსუსური; ასევე არადამაჯერებლად გამოიყურება ფილმში რამდენჯერმე გამეორებული მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგის ალყიდან თავის დაღწევის ეპიზოდები, მაგრამ მითის ლოგიკას არ სჭირდება დამაჯერებლობა.
კეთილის გამარჯვებას ბოროტზე ყოველთვის აღფრთოვანებით მიესალმება მაყურებელი. მიუხედავად შეუსაბამობებისა სიუჟეტის განვითარების ლოგიკაში, შეუპოვარი და მებრძოლი ქალი ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი თამარ ციციშვილის შესრულებით, მისი მქროლავ ცხენზე ამხედრებული ფიგურა, ფილმის მუსიკალური ლაიტმოტივი ზუსტად მონახული რიტმით ენთუზიაზმით ავსებდა 1930-იანი წლების საბჭოთა მაყურებელს.
სცენარის ფინალურ სცენაში დარიკო იღუპება. მისი სიკვდილისწინა სიტყვები გმირული პათოსით იყო გაჟღენთილი: „მაგრამ იმ დიდ ბრძოლაში, რომელსაც შენ, სიმონა, რევოლუციას უწოდებ... ჩემი ძვლებიც აღდგება სამარიდან... თქვენ რიგებში ბრძოლისთვის... თავისუფლებისთვის!“
თუმცა ახალ დროებას ნაკლებად ჭირდება ტრაგიკული კათარზისი, ის გმირი ქალის მითს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც არა ცრემლს, არამედ რევოლუციურ შემართებას დაბადებს მაყურებელში. ფილმის ფინალურ სცენაში თეთრ ნაბადმოსხმული დარიკო, სიმონასთან გვერდიგვერდ გამალებით მიაჭენებს ცხენს ტყისკენ (თავისუფლებისკენ) იონა ტუსკიას ოპტიმისტური და ომახიანად ორკესტრირებული მუსიკის ფონზე.
24.11.2021