თათა ზანდუკელი.
დასასრულის დასაწყისი თუ ...?
რაც არ უნდა ბევრი ხელოვნების ნიმუში შეიქმნას ამ თემაზე, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, ძალადობა მაინც პოულობს ნაპრალებს მის წინააღმდეგ აღმართულ კედელში და მსხვერპლს მიზანში იღებს. ისარი, ხშირ შემთხვევაში, ქალს ხვდება და, თუ არ კლავს, რაღაცას მაინც სამუდამოდ ანგრევს მის სამყაროში, რაღაცას, რისი ჩანაცვლებაც შეუძლებელია. დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ (2020) სწორედ ასეთი „ისარმოხვედრილი“ ქალის ფსიქოლოგიას იკვლევს. რთულია, ამ სენსიტიური, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემის ეკრანზე გამოსახვას ისე მიუდგე, რომ ბანალურობა და პრიმიტივიზმი თავიდან აიცილო და გემოვნებიანად გადმოსცე საკითხის სიღრმე და არსი. ამ შედეგის მისაღწევად სწორი კინოენის შერჩევაა საჭირო. ფილმი ამას ახერხებს, მეტწილად გამორჩეულ ვიზუალურ სტილზე დაყრდნობით, თუმცა, რომ არა დრამატურგიული ქაოსი, ვფიქრობ, ავტორის სათქმელი მეტი სიმძაფრით მოაღწევდა მაყურებლამდე და ფილმიც უფრო ეფექტური გამოვიდოდა.
მოქმედება საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვითარდება. მთავარი გმირი იანაა (ია სუხიტაშვილი), რომელიც იეჰოველთა ჯგუფების ლიდერის, დავითის (რატი ონელი), მეუღლეა. საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო იანა გადაღლილია უცვლელი რეალობით, რელიგიური დევნისა და ძალადობის მუდმივი შიშითა და ეგოცენტრული ქმრით. და თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყოს, მის ცხოვრებაში ჩნდება ალექსი (კახა კინწურაშვილი), რომელიც უკიდურესი სასოწარკვეთის ღრუბელს იანას თავს ზემოთ სამუდამოდ უჩენს ადგილს.
ფილმის ტემპი მაყურებელს ხმისა და გამოსახულების სრულფასოვნად აღქმისკენ უბიძგებს. ტემპი პერსონაჟის ფსიქოლოგიის შესაცნობად ძალიან სწორადაა შერჩეული, თითქოს მაყურებელი იანას ტყავში ძვრება და მისი თვალით უყურებს, მისი გრძნობებით გრძნობს ყოველგვარი სიხარულისგან დაცლილი ცხოვრების ზანტ სვლას, შიშითა და უკმაყოფილებით აღსავსე ყოველდღიურობას, გაღიზიანებასა და გაურკვევლობას საკუთარ თავსა და სურვილებში. თუმცა, არის სცენები, რომლებიც ზედმეტად ნელია. არ დაგიმალავთ, რამდენჯერმე ვიფიქრე, ინტერნეტმა ხომ არ გაჭედა-მეთქი, იმდენად უმიზეზოდ გრძელი და გაყინული იყო კადრი.
მიუხედავად ამისა, ფილმის სტილი ძალიან სახასიათოა, როგორც გამოსახულების, ისე ხმის კუთხით. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ის არის, რომ რეჟისორი შერჩეული სტილით თითქმის სრულყოფილად ახერხებს იანას ფსიქოლოგიური მდგომარეობის ასახვას, თუმცა ამ სრულყოფილებაში ია სუხიტაშვილის თამაშს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს და სტილურ თუ დრამატურგიულ ლაფსუსებს მისი ბუნებრიობა, დინჯი ექსპრესიულობა, გათავისებული ემოციები ავსებს. იანას დეპრესიულ ფონსა და სასოწარკვეთას, რამდენიმე გამომწვევი ფაქტორი რომ აქვს, კარგად გამოხატავს საერთო ხედები, რომლებშიც სიცარიელე და მისი პერსონაჟზე აბსოლუტური ბატონობა იკითხება. საინტერესოა ისიც, რომ ხშირად, თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში, კადრი დიალოგის დროსაც არ გადადის მოსაუბრეზე და სტატიკურობას ინარჩუნებს, გადასვლის შემთხვევაში კი ჭრა იშვიათია, რეჟისორი კადრშიდა მონტაჟით, კამერის ძალიან ნელი მოძრაობით ცვლის კადრს. ესეც თითქოს იმ შენელებულობას, სიზანტეს, უსიცოცხლობას გამოხატავს, რასაც უკიდურეს სასოწარკვეთას მიცემული ადამიანი გრძნობს. თითქოს, იანას მსგავსად, მაყურებლის მზერაც ერთ ადგილზე იყინება და ხმები შორიდან მოდის, თითქოს იმ რეალობაში არც იყოს.
კინოსურათი საკმაოდ ბევრ დიდ თემას ეჭიდება, მომენტებში კი ერთ კონკრეტულზე კონცენტრირება და ყველა თემის სადავის სათანადოდ მართვა უჭირს. დასასრულს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რეჟისორს ძალიან ბევრი ჰქონდა სათქმელი და ყველაფრის ერთ ფილმში ჩატევა მოისურვა, რაც ძალიან რთული და, ალბათ, შეუძლებელია.
ამ თემებიდან ერთ-ერთი რელიგიური მოტივია, რომლითაც ფილმი იწყება. სტატიკური კამერა, საერთო ხედი, კადრშიდა მონტაჟი, კადრის ხანგრძლივობა - ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, ფილმის სტილს აცნობს მაყურებელს, მეორე მხრივ კი - სცენის მნიშვნელობაზე აფიქრებს. თავდაპირველად, მისი ერთადერთი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მაყურებელიც იქ მსხდომი ადამიანების მსგავსად მოადუნოს, რათა თავდასხმა ისეთივე მოულოდნელი და თავზარდამცემი იყოს, როგორიც პერსონაჟებისთვის. სცენის უფრო ღრმა მნიშვნელობასთან დაკავშირებულ ვარაუდს მოგვიანებით დავუბრუნდები, მაგრამ იქამდე მინდა აღვნიშნო, რომ მას თან მოაქვს კონფლიქტიც - გარკვეული ხალხის, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაჯანსაღი დამოკიდებულება განსხვავებული რელიგიისადმი.
ფილმის რელიგიურმა ხაზმა და მისმა დრამატურგიამ საკმაოდ დამაბნია. დასაწყისში (არა მხოლოდ პირველ სცენაში) თითქოს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ფილმის მთავარი პრობლემატიკა სწორედ ეს ხაზი უნდა იყოს, თუმცა იგი თანდათანობით უფერულდება და შუა ნაწილში თითქმის საერთოდ იკარგება. არადა, თუ პირველ სცენაში დავითის ქადაგებას დასასრულს დავუკავშირებთ, მაშინ იანასა და რელიგიის ურთიერთკავშირი გაცილებით ინტიმურად უნდა ყოფილიყო ნაჩვენები. გარდა ამისა, ჩემთვის ბავშვების ამდენ, თითქმის ანალოგიურ, სცენაში გამოჩენა ერთგვარი ტავტოლოგია იყო, რადგან არც რელიგიის თემას შლიდა რაიმე კუთხით და არც თხრობის განვითარებაში შეუტანია განსაკუთრებული წვლილი. დასაწყისშივე შემოდის სამართლებრივი სისტემის თემაც, რომელიც მაყურებლის თვალში კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის და ამძაფრებს კონფლიქტს იაღოველებსა და საზოგადოებას შორის, თუმცა ეს სიმძაფრეც სადღაც იკარგება.
მსგავსი დრამატურგიული პრობლემები აქვს იანასა და დავითის ურთიერთობის ხაზსაც. რეჟისორი ცოლ-ქმრის პირველ დიალოგში მათ დინამიკასა და ხასიათს საკმაოდ აშკარას ხდის. კარგად ჩანს ის, თუ როგორ მოქმედებს დავითის კარიერისტობა, ეგოცენტრული ხედვები და მათი მანიპულატორული მანერით გადმოცემა იანაზე. მაყურებელი იგებს, რომ იანამ საყვარელ საქმეს, მსახიობობას, დავითის გამო დაანება თავი, შემდეგ კი საკუთარი ბედნიერების ფასად ისეთ ცხოვრებაზე დათანხმდა, რომლის გამოც უკვე შვიდი წელია ყოველდღიური დათრგუნვილობის ატანა უწევს. ასეთი ყოფა, ალბათ, ნებისმიერს ჩააგდებდა დეპრესიაში. ესეც ძალადობაა, საქართველოში საკმაოდ გავრცელებული (თუმცა ახლა ნაკლებად) - ქმრის კომპლექსებს შეწირული ცოლის ოცნება („ჩემი ცოლი მსახიობი რომ ვერ იქნებოდა, არ იცოდი?“). დავითი არც ცდილობს იმის დაფარვას, რომ მისი კარიერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იანას სევდა და წუხილი, არადა ნორმალური ქმარი, განსაკუთრებით, თუ ის თავს ქადაგების უფლებასაც აძლევს, შეშფოთდებოდა საყვარელი ადამიანის ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობით. „სარკეში რომ ვიყურები, იქიდან სხვა ადამიანი მიყურებს“ - იანას ამ სიტყვებში სხვისი ცხოვრებით ცხოვრების დამღუპველი გავლენა ისმის. აღსანიშნავია პერსონაჟის წინათგრძნობაც - „მგონია რომ ან რაღაცა უნდა დაიწყოს, ან უნდა დასრულდეს“. ფილმს, ალბათ, იმიტომ ჰქვია „დასაწყისი“, რომ ალექსის გამოჩენასთან ერთად რაღაც ნამდვილად იწყება, ბანალურად რომ ვთქვათ, ეს არის დასასრულის დასაწყისი იანასთვის.
ბავშვთან დამოკიდებულებაც კი განსხვავებული აქვს ცოლ-ქმარს. დედა ძალიან რბილია ბავშვის მიმართ, მომენტებში თითქოს ისიც კი იგრძნობა, რომ მას უფრო სჭირდება შვილი, ვიდრე შვილს - ის. მამა, პირიქით, ღიზიანდება ცოლ-შვილის ურთიერთობით, ერთი მხრივ, „ბიჭია და ასე რბილად არ უნდა მოექცე, ნამდვილ კაცად რომ გაიზარდოს“ ცნობიერების გამო, მეორე მხრივ, ცოლის, მისი აზრით, არაჯანსაღი დამოკიდებულებით შვილისადმი. როგორც ვხედავთ, იანასა და დავითს შორის არანაირი ჰარმონია არ სუფევს, კონფლიქტი და მისი გამომწვევი მიზეზები კი ცალსახაა. ჩემთვის ამ ხაზთან დაკავშირებული დრამატურგიული პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ისიც შუაშია გაწყვეტილი, დაუსრულებლობისა და უკმაყოფილების განცდას იწვევს. დავითი ფილმის შუა ნაწილში საერთოდ ქრება, სიუჟეტური მიზეზი გასაგებია, ის მივლინებაში მიდის, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სცენარისტებმა ამით საქმე გაიმარტივეს, უფრო კომპლექსური თხრობა აირიდეს თავიდან ან უბრალოდ საკმარისად მნიშვნელოვნად არ ჩათვალეს ეს კონფლიქტი.
ალექსის პერსონაჟის შემოსვლა თავიდან თითქოს სამართლებრივი სისტემის თემას უკავშირდება, რადგან მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იგი საქმის (იეჰოველებზე თავდასხმის) მიჩქმალვას ცდილობდა, თუმცა, სცენაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს შთაბეჭდილება მალევე მიეცა დავიწყებას. ალექსის ფსიქოლოგიური ძალადობა იანაზე თითქმის ისეთივე რთულად საყურებელია, როგორც ფილმში მოგვიანებით ნაჩვენები სექსუალური ძალადობა. აქ ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მიზეზი დავითის დაშინების ან რაღაც მსგავსის უკან იმალებოდა, თუმცა ეს ჩემი მხრიდან მიამიტობა და მთავარ კონფლიქტში გარკვევის მცდელობა იყო, რადგან, ცხადია, ალექსის მსგავს ადამიანებს ძალადობისთვის მიზეზები სულაც არ სჭირდებათ. სცენა ფილმის ჩვეულ სტილშია გადაღებული. დივანზე მჯდომ ალექსს ვერ ვხედავთ, კამერა შემცბარ, შეშინებულ იანაზეა ფოკუსირებული და მაყურებელს თავს პერსონაჟივით უსუსურად აგრძნობინებს. ხმაც ძალიან ეფექტურად მუშაობს. კახა კინწურაშვილის, რომელიც შესანიშნავად ირგებს როლს, კადრსგარედან შემოსული ხმა ბევრად უფრო დამზაფვრელია, ვიდრე მაშინ იქნებოდა, მისი დანახვა რომ შეგვეძლოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალადობის ფორმის შეცვლასთან ერთად კადრიც იცვლება და მოძალადეზე გადადის, ოღონდ ამ შემთხვევაშიც შიდა მონტაჟით, კამერის ნელი მოძრაობით, რომელიც ძალიან მოქმედებს მაყურებლის ემოციაზე.
ალექსის მიერ იანასადმი განხორციეელბული პირველი ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის შემდეგ თითქოს არაფერი იცვლება. ქალის უფერული ცხოვრება იმავენაირად გრძელდება, თითქოს მოსაბეზრებელიც კი ხდება ხანგრძლივი სცენები, რომლებიც ისევ და ისევ პერსონაჟის ფსიქოლოგიის აღწერაა. თუმცა, რასაკვირველია, არის დეტალები, რომლითაც ვხვდებით, რეალურად როგორ რადიკალურად იცვლება ამ ადამიანის ცხოვრება, როგორ უარესდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამ მხრივ, ვიზუალური კუთხით, გამორჩეულია ავტობუსში მჯდომი იანას ახლო ხედი. პირველ რიგში, ეს კადრი ყურადღებას იქცევს იმიტომ, რომ კინოსურათი, ძირითადად, საერთო და საშუალო ხედებზეა აგებული და ეს, მგონი, ერთადერთი მსხვილი ხედია ფილმში. მასში ვხედავთ იანას სახესა და მის უკან მჯდომი კაცის ხელს და ვკითხულობთ შიშს, პანიკას ძალადობის მსხვერპლი ქალისა. იმის ეჭვიც კი ჩნდება, ხელი ალექსს ხომ არ ეკუთვნის ან იანას საერთოდ ხომ არ ეჩვენება, მაგრამ არა, კადრის დანიშნულებაა იყოს დეტალი, რომელიც პერსონაჟში ტრავმის შედეგად მომხდარ ცვლილებასა და ძალადობის, არაადამიანური სისასტიკის სახეს გვიჩვენებს.
ფილმში ძალიან მნიშვნელოვანია დედა-შვილის ურთიერთობა. როგორც აღვნიშნე, თითქოს დედას უფრო სჭირდება შვილი და მისი ბავშვური სილაღე, სითბო, ვიდრე შვილს - დედა. იანასა და დავითის პირველი დიალოგის სცენაში ვხედავთ, როგორ მიდის ბავშვი დედის ოთახში დასაძინებლად, რადგან ეშინია. ძალადობის შემდეგ ეს იცვლება, რეჟისორი უკვე ბავშვის საწოლზე მწოლიარე დედას გვიჩვენებს (თან რამდენჯერმე), ლოცვებს რომ ბუტბუტებს, რადგან ახლა მას ეშინია. მათი ასეთი ურთიერთობიდან გამომდინარე კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის გრძელი (ზედმეტად გაწელილი) სცენა ტყეში, რომელშიც იანა თავს იმკვდარუნებს. „ცოცხალი ვარ, გეხუმრე“ - ჩემთვის ეს სიტყვები და სიტუაცია საუკეთესოდ გამოხატავს იანას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. აქ კიდევ ერთხელ კარგად ჩანს ძალადობის გავლენა ადამიანზე და ის, რომ იანას დახმარება სჭირდება, რადგან კარგად მყოფი, ჯანმრთელი ადამიანი შვილს ასე არ „ეხუმრებოდა“.
ყველაზე შემზარავი და, ამასთანავე, გარდამტეხი სცენა მეორე სექსუალური ძალადობის სცენაა. იგი ექსტრემალური საერთო ხედით არის გადაღებული, თითქოს ამ საშინელ ტრაგედიას შორიდან ვუყურებთ და ვერაფერს ვაკეთებთ, ვერაფრით ვეხმარებით იანას. შესაძლოა, ეს ერთგვარი განაცხადიც იყოს რეჟისორის მხრიდან, გაფრთხილება ან, უხეშად რომ ვთქვათ, დამოძღვრა, რომ მაყურებლად არ უნდა დავრჩეთ, ძალადობის წინააღმდეგ აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ. ხმაურები კიდევ უფრო აძლიერებს მაყურებლის ემოციას. ველოდებით, რომ ქალის განწირულ ყვირილს გავიგებთ, მაგრამ წყლის ხმა იმდენად მაღალია, რომ ყველაფერს ფარავს. ეს ეპიზოდი იანას ფსიქოლოგიურად და სულიერად ბოლომდე ანადგურებს. მაყურებელიც ემოციურად ძალიან დაზაფრულია, რადგან უარესის მოლოდინშია - საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება ძალადობასთან ხომ მსხვერპლის დადანაშაულებით შემოიფარგლება.
„არ არის საჭირო შენმა ქმარმა იცოდეს რამე“ - დედასთან დახმარებისა და რჩევის საძიებლად შუაღამეს მისულ იანას ასეთი პასუხი ხვდება. აქ ოჯახის და პერსონაჟის „ბექგრაუნდის“ თემა შემოდის. ცოტას იმის შესახებაც ვიგებთ, რომ მას იდეალური ბავშვობა არ ჰქონია. თუმცა, ვფიქრობ, ამ ეპიზოდის დანიშნულება მაინც რჩევაში მდგომარეობს, რადგან იგი საზოგადოების ნაწილის გარკვეულ დამოკიდებულებას გვიჩვენებს, რასაც უკეთ ვხედავთ დავითის რეაქციაში, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, იანას ადანაშაულებს. არადა, ჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ მისი ცოლი მსხვერპლია. მაგრამ საიდან გაჩნდა ჩანაწერი, როგორ ჩაუვარდა ხელში, ამას მაინც ვერ ვიგებთ. ზემოთ ნახსენები კონფლიქტის ორი ხაზი (სამართალდამცავი სისტემა და ცოლ-ქმრის კონფლიქტი) თხრობაში უფრო განვითარებული რომ ყოფილიყო და შუა ნაწილში საერთოდ არ გამქრალიყო, ვიფიქრებდი, რომ ალექსმა გაუგზავნა დავითს, თუმცა ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს, რადგან ფილმში საკმარისი საფუძველი არ არის იმისთვის, რომ ეს ვარაუდი ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ.
და აი, მივადექით „დასაწყისის“ დასასრულს, შეიძლება ითქვას, ორმაგ დასასრულს. მარტივად ვიტყვი, პირველი დასასრული მომეწონა, მეორე - არც იმდენად. იანა შვილს აბაზანის მიღებაში ეხმარება, თან ჭიქით რაღაცას ასმევს, როგორც ჩანს - წამალს. შემდეგ სცენაში დავითი გაკვირვებას გამოხატავს, რომ ბავშვმა ასე ადრე დაიძინა. და ია სუხიტაშვილი ძალიან უემოციო, ძალიან დასამახსოვრებელი ხმით, რომელიც ისევ ჩამესმის, ამბობს შოკისმომგვრელ სიტყვას - „მოვკალი“. სცენა ისევ და ისევ ხმაზეა აწყობილი. კადრში სკამზე კამერისკენ ზურგით მჯდომი იანა რჩება. ნაბიჯების ხმა ისმის. შემდეგ წყლის შხაფუნი. პირადად მე, კაცის გამგმირავ ყვირილს ველოდი, თუმცა არა, მხოლოდ გამაყრუებელი სიჩუმე და წყლის ხმა. ამ მონაკვეთს საწყის სცენასთან, ანუ დავითის მიერ წარმოთქმულ აბრაამის სახარებისეულ ეპიზოდთან თუ დავაკავშირებთ, ასეთი ვარაუდი შეიძლება გაჩნდეს - იქნებ, იანაც საკუთარ თავს ადანაშაულებს მომხდარში (როგორც ხდება ხოლმე ძალადობის მსხვერპლ ადამიანებში) და გამოსყიდვას იეჰოვასთვის შვილის შეწირვით აპირებს, თუმცა ბოლო წამს გონს ეგება და ხვდება, რომ ყველაზე დიდ ცოდვას სჩადის ან, იქნებ, არც ეგება გონს და ნამდვილად კლავს შვილს. თუმცა, ვარაუდის სიმყარეში მაეჭვებს ის, რომ რელიგიური ხაზი არ არის საკმარისად მკვეთრი, განსაკუთრებით, იანას კავშირი რელიგიასთან, იანას რწმენა და შინაგანი ბრძოლა მომხდარისა და რწმენის შეჯახების გამო. არადა, ფილმის, პირობითად რომ ვთქვათ, მეორე ფინალიც აშკარად ალუზიურია. „მიწა იყავ და მიწა იქეც“ - ალექსის მიწად ქცევამ, ცხადია, პირველ რიგში ეს ასოციაცია მოიტანა. რა დარჩა ალექსისგან? მხოლოდ ძალადობა და სამუდამოდ დაღდასმული ადამიანი. დარწმუნებული ვარ, ავტორს უკეთესი მიზეზი აქვს ფილმის ამ სცენით დასრულების, უფრო ღრმა აზრით, მაგრამ ჩემთვის უფრო დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, ფილმი ზემოთ ნახსენები ღია ფინალით დასრულებულიყო.
ყოველგვარი მელოდრამატიზმისგან დაცლილი კინოსურათი ახერხებს ძალადობის მსხვერპლი ქალის ფსიქოლოგიის ისე აღწერას, რომ მასში არც გამაღიზიანებელი ბანალურობა იგრძნობა და არც მსგავსი თემის ნამუშევრების მარტივი „გადამღერება“. კულუმბეგაშვილის კინოსურათი ამას დამახასიათებელი აუდიო-ვიზუალური ენითა და მსახიობების, განსაკუთრებით - ია სუხიტაშვილის შესანიშნავი თამაშით აღწევს. თუმცა დრამატურგიული ხარვეზები აშკარად აკლებს რაღაცას ფილმს, რასთან ერთადაც ის ბევრად უკეთესად მოიტანდა მაყურებლამდე სათქმელს და, საერთო ჯამში, უფრო მაღალი დონისაც გამოვიდოდა.