თათა ზანდუკელი

 გისოსებს მიღმელთა სევდა

 

ოთხ კედელს შუა გამომწყვდეული სიყვარული, რომელსაც მხოლოდ მონატრება და ეჭვი კვებავს. გაუცხოება და თავიდან შეცნობის მინიმალური შანსები. დროის პარადოქსი და აუტანელი უსუსურობა მის წინაშე. შინაგანი ბრძოლა, დილემა... გამოსავალი.

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი, „პატარძლები“ (2014), სიყვარულზეა. და კიდევ იმაზე, რომ გამოთქმა „მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს“ უბრალოდ არ არის მართალი, რადგან ბევრი რამ არსებობს ამ ქვეყნად, რაც ბოროტად ჩაიღიმებს და მის სიმცდარეში დაგვარწმუნებს. მაგალითად - ციხის გისოსები. ფილმში მოქმედება სწორედ ამ გისოსებით დაშორებული ოჯახის გარშემო ვითარდება, ოღონდ, რაც მთავარია, ეს განშორება მხოლოდ ფიზიკური არ არის. ნუცა (მარი კიტია) ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, გოგა (გიორგი მასხარაშვილი) კი პატიმრობაშია. ციხეში დაქორწინება, ანუ ოფიციალური ხელის მოწერა, მათ ერთმანეთის ნახვის საშუალებას აძლევს. შემდეგ კი იწყება რუტინა. და ორი რეალობის ჭიდილი.

ფილმი ტექნიკური მხარით არ არის გამორჩეული, თუმცა აუდიო-ვიზუალური ენა ძალიან სწორადაა შერჩეული და თხრობის განვითარებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ცივი ფერები იყო, რაც სიუჟეტის შესაფერის ატმოსფეროს იდეალურად ქმნის. მონტაჟური სვლებიც ძალიან ოსტატურია, განსაკუთრებით ფილმის ექსპოზიციურ ნაწილში, როცა პერსონაჟებსაც ვეცნობით და, თითქოს, რუტინის ნაწილიც ვხდებით. ამ ფრაგმენტებში ვხედავთ პატიმრების ახლობლების ყოფას, რომელშიც მკაფიოდ ჩანს, როგორი რთულია გისოსებს გარეთ ყოფნა, როცა შიგნით შენიანი გეგულება. ციხის თანამშრომლების გადაჭარბებული სიუხეშე მაყურებელში გაღიზიანებასა და პერსონაჟებისადმი მეტ  ემპათიას იწვევს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათ კარგად არ ვიცნობთ.

მთავარი კონფლიქტი ორ რეალობას შორის არსებულ უფსკრულში მდგომარეობს, თუმცა „ქორწილის“ დღის შეხვედრას ამის ნიშან-წყალი საერთოდ არ ეტყობა. მაყურებელი ნუცას და გოგას სახით ხედავს პერსონაჟებს, რომლებსაც ერთმანეთი გაგიჟებით უყვართ, ენატრებათ და სჭირდებათ. თითქოს ერთადერთი პრობლემა ფიზიკური განშორებაა. ნამდვილი კონფლიქტი ოდნავ მოგვიანებით შემოდის. მის პირველ ნიშნებს მაშინ ვხედავთ, როცა უმცროსი ბავშვი მამას, მონატრებული შვილის გულში ჩაკვრა ძლივს რომ ეღირსა, ვერ ცნობს და ტირილს იწყებს. ეს გაუცხოება ანადგურებს გოგას. მის სასოწარკვეთილ სიტყვებში „ბავშვი ვერ მცნობს“, ვფიქრობ, ცოლის ოდნავი დადანაშაულებაც ისმის.

მსახიობები იდეალურად ირგებენ როლებს. მათი ყოველი ემოცია ნატურალურია და მაყურებლის გულამდე დაუბრკოლებლად აღწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ დიალოგებიც ძალიან ბუნებრივია, რაც ბოლო დროს ქართულ კინოში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. მათში არ იგრძნობა ჭარბი მცდელობა, დაუმტკიცოს მაყურებელს, რომ თანამედროვე და ნამდვილია და სწორედ ამაში მდგომარეობს კინოსურათის დახვეწილობა. ზემოთ ხსენებულ სცენაშიც მარი კიტია და გიორგი მასხარაშვილი იმდენად კარგად თამაშობენ, რომ მაყურებელი კონფლიქტის სათავეს მარტივად ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ კინოსურათის თხრობის სტილი არ ყვირის, არ არის აშკარა და გადაჭარბებული. მარი კიტიას ექსპრესიული სახე და უნარი, უსიტყვოდ მიიტანოს მაყურებლამდე ემოციაც და სათქმელიც, ძალიან ეხმარება რეჟისორს სადა, დახვეწილი სტილის შენარჩუნებაში. კინოსურათი ისეთ თემას ეხება, მარტივად შეიძლებოდა, აზრიც და ემოციაც ბანალურობასა და გაცვეთილ ფრაზებში ჩაკარგულიყო, მაგრამ ფილმი როგორღაც ამასაც თავიდან ირიდებს.

კონფლიქტის მორიგი საფეხური, ვფიქრობ, სატელეფონო ზარია, რომელშიც გოგა თავის და ნუცას სიყვარულს იუკიო მიშიმას „პატრიოტიზმის“ პერსონაჟებს ადარებს. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი, თუმცა ნუცას გამომეტყველებას თუ დავაკვირდებით იმის მოსმენის შემდეგ, ჯარისკაცი ქმრის თვითმკვლელობიდან მალევე როგორ იკლავს თავს ქალი,  შევამჩნევთ, რომ ამ შედარებამ ძალიან შეაშფოთა, თითქოს კალაპოტიდან ამოაგდო და შინაგანი, ამოუცნობი შფოთი ჩაუსახა. აქ ისევ და ისევ კიტიას სამსახიობო შესრულება უნდა აღვნიშნო, რომელიც ზუსტად ის არის, რაც უნდა იყოს, არც - მეტი, არც - ნაკლები. თითქოს საბოლოოდ სწორედ ამ მომენტში იხლიჩება პერსონაჟების რეალობა ორად. ნუცა ხვდება, რომ ისე ცხოვრობს, თითქოს თვითონაც გისოსებს მიღმაა. მას ამ შებოჭილობისგან გათავისუფლება უნდა, რადგან თავისი ცხოვრებით არაა კმაყოფილი და აშკარაა, რომ არც გოგასთან ერთად სიკვდილის იდეა მოსწონს დიდად. რეჟისორი ამასაც გემოვნებიანად, მოქმედებებით გვიჩვენებს, რომლებშიც მაყურებელმა თავად უნდა ამოიკითხოს პერსონაჟის განცდები, მოზაიკისგან ააწყოს მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი. კონფლიქტი უფრო რეალურ და შესამჩნევ სახეს იღებს, როცა ნუცა ციხეში შეხვედრაზე არ მიდის, რეჟისორი კი მიზანში არტყამს, როცა იმედგაცრუებულ, განადგურებულ, მაგრამ მაინც მომლოდინე გოგას გვიჩვენებს - მაყურებელი გოგას გრძნობებს თავადვე გრძნობს და ემოციური კავშირის ძაფი, მსგავს ფილმებში რომ ძალიან საჭიროა, ჩვენსა და პერსონაჟს შორის საბოლოოდ იბმევა.

საინტერესო ის არის, რომ რეალობასთან ერთად ნუცას შინაგანი სამყაროც იხლიჩება. ერთ მხარეს ქმრის სიყვარული, მისი გათავისუფლების სურვილი დგას. სურვილი იმდენად დიდია, რომ ოდნავი შესაძლებლობა, იმედის იოტისოდენა ნაპერწკალიც კი ჰყოფნის, ქმრის გასათავისუფლებად ყველაფერი გააკეთოს. „სახლს გავყიდი“ - დაუფიქრებლად პასუხობს იგი ოჯახის მეგობარს, ლევანს (სერგო ბუიღლიშვილი), კითხვაზე, თუ რითი გადაიხდის საჭირო ფულს. სახლი არა, მაგრამ საგვარეულო ხალიჩა ნამდვილად ეწირება, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდება, ლევანის თაღლით, პროკურატურაში მომუშავე ნაცნობს. ამ მოქმედებასა და, ზოგადად, ამ სცენაში ნუცას ხასიათის თვისებებს უფრო კარგად ვეცნობით, ვხედავთ რამდენად ჯიუტი, თავისუფალი ბუნების ადამიანია და რამდენზეა წამსვლელი საყვარელი ადამიანის გამო. იკვეთება დედასთან კონფლიქტიც, თუმცა, ფილმის სტილიდან გამომდინარე, ესეც ჩუმად მიმდინარეობს და შეგვიძლია, ამოვიკითხოთ დედის იმედგაცრუებულ სახეზე, მწარე რეპლიკებში, ნუცას გაღიზიანებასა და ერთგვარ გულგრილობაში დედისადმი.

ნუცას გახლეჩილი სამყაროს მეორე მხარეს თავისუფლებისა და ნორმალური ცხოვრების სურვილი დგას. მის ცხოვრებაში ბაჩანას გამოჩენის სცენის გადაღების სტილში ინტიმურობა იგრძნობა, რაც მაყურებელს მოსალოდნელ საფრთხეზე მანამ მიანიშნებს, სანამ ნუცა ღიად დაიწყებს ფლირტს და ახალგაზრდა კაცს თავის ნომერსაც მისცემს. მონტაჟი ჭკვიანურად არის გამოყენებული მათი პაემნის სცენაში, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ჭრის მერე ცარიელ კარუსელს ვხედავთ, დანამდვილებით არ ვიცით, სად წავიდნენ და მოხდა თუ არა რამე მათ შორის. ფილმი არ თვლის საჭიროდ, მაყურებელს ყველაფერი აჩვენოს და ყველა დეტალი აუხსნას. მოგვიანებით, როცა ბაჩანა მოულოდნელად დაადგება თავზე სახლში და გოგაც მოულოდნელად რეკავს, ნუცას თითქმის პანიკურ შეტევამდე მისული ფორიაქის შემსწრენი ვხდებით. თითქოს ამ მომენტში შეიგრძნო მან შინაგანი თუ გარეგანი რეალობის გახლეჩილობა, თითქოს ახლაღა მიხვდა, რომ ორი ცხოვრებით ცხოვრებას სამუდამოდ ვერ გააგრძელებს. ბაჩანასთან ემოციური გამომშვიდობებაც, ალბათ, საბოლოოდ გოგას არჩევასა და სიტუაციასთან შეგუების მცდელობას ნიშნავს, თუმცა დარწმუნებით ამასაც ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცით, კიდევ ხვდებიან ისინი ერთმანეთს თუ არა. ფაქტია, რომ ბაჩანა ფილმში ამ სცენის შემდეგ აღარ ჩნდება.

გოგას პერსონაჟი ჩემთვის ძალიან სახასიათოა, გიორგი მასხარაშვილი კი შესანიშნავად ახერხებს მისი ფსიქოლოგიური სიღრმეების მაყურებლამდე მოტანას, მიუხედავად იმისა, რომ, რეალურად, მისი საეკრანო დრო არც ისე დიდია. „შვილებს რომ აღარ ახსოვხარ და მეგობრებს, გარეთ რა გინდა“ - გოგას სასოწარკვეთას მისი ყოველი სიტყვის მიღმა ვიპოვით. იგი დარწმუნებულია, რომ ციხიდან ვერასდროს დააღწევს თავს, რაც მაყურებელს აშფოთებს, განსაკუთრებით - მიშიმას „პატრიოტიზმის“ მაგალითად მოყვანის შემდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც გოგა პაემანზე უარს ამბობს, ნუცა ბიბლიოთეკაში მიდის და ამ წიგნის მოძიებას ცდილობს, თითქოს გრძნობს შინაგან ფორიაქს, გული რაღაცას კარნახობს. თუმცა, რაღა გული, ისე გამოვიდა, რომ თვითონ გოგამ უკარნახა მასაც და ჩვენც, რაც, ალბათ, ჩუმი ყვირილი იყო დახმარებისთვის.

ფილმი ყველაზე საინტერესო მაშინ ხდება, როცა ნუცას გოგასთან ერთი დღით დარჩენის უფლებას აძლევენ. ყველა ის შინაგანი ბრძოლა, რაც მარტოებმა გამოიარეს, ერთ სივრცეში იყრის თავს. მაყურებლის დაძაბულობა პიკს აღწევს. მოლოდინი მქონდა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქებულიყვნენ, მაგრამ სრულიად საპირისპირო ხდება. მათ შორის სრული იდილია სუფევს. ოთახს ისე აწყობენ, თითქოს ახალ ბინაში გადადიან, არადა უბრალოდ სახლობანას, ოჯახობანას თამაშობენ, რაც ძალიან უშუალო და სევდიანია - „ვითომ სახლში ვართ“. ამ ეპიზოდში რეალობები ერთიანდება. მას სიყვარული აერთიანებს და სურვილი ერთმანეთის თავიდან შეცნობისა. დეტალები, რომლებშიც ჩანს, როგორი მძიმეა ციხის ცხოვრება და როგორ მოქმედებს ის გოგაზე, ძალიან სევდიანია, თუმცა მსუბუქად, იუმორნარევი ტონით არის მაყურებლამდე მოტანილი. ეს ფილმის კიდევ ერთი ელემენტია, რაც ძალიან მომწონს. რეჟისორი არ ცდილობს განზრახ გამოიწვიოს მაყურებელში ძლიერი ემოციები, თავს არიდებს ყოველგვარ მელოდრამატულობას და წრფელი განცდების ჩვენებით უფრო მარტივად აღწევს მაყურებლის გულამდე.

გოგას პერსონაჟსა და მის მენტალურ მდგომარეობას ამ ეპიზოდში კიდევ უფრო უკეთ ვეცნობით. „ასე გამყავს დღეები, მარა არ გადის დრო“ - მისი მონოლოგი ციხის აუტანელ რუტინაზე, მუდმივად რიგში დგომაზე, დროის ზანტ სვლაზე მაყურებელსაც უჩენს შფოთვანარევ ეჭვს, თუ რამდენად გაუძლებს ეს ადამიანი კიდევ ექვსი წელი ასეთ ყოფას. საინტერესო გადაწყვეტაა, რომ ამ გულწრფელი მონოლოგის რაღაც მონაკვეთში, როცა გოგა ბედავს და ცოლს თავის სევდას უზიარებს, ნუცას ეძინება. შესაძლოა, ეს მის გულგრილობას გამოხატავს, შესაძლოა - ემოციურ გადაღლილობას (მე ეს უკანასკნელი უფრო მგონია), მაგრამ აქაც, ვფიქრობ, მთავარი გოგას რეაქციაა, რომელიც ნაზად, სიყვარულით ეპყრობა ნუცას და მის ძალაუნებურ საქციელს პირად შეურაცხყოფად არ იღებს.

ძალიან მომწონს რეჟისორის გადაწყვეტილება, რომლითაც მან ფიზიკური კავშირის ჩვენებას ემოციური ამჯობინა და ამით, ერთი მხრივ, უკეთ დაგვანახა პერსონაჟების დინამიკა, მეორე მხრივ კი - დასასრული უფრო ეფექტური გახადა. ერთ-ერთი პატიმრის, მიშას, სიმღერა, სხვა პატიმრებისა და მათი საყვარელი ადამიანების სახეები, წვიმის სცენა, „ნუცა, გეხვეწები რა, არ დაბერდე“ - ეს ყველაფერი მძიმე ემოციურ ფონს ქმნის, მაგრამ სითბოც იგრძნობა, რომელიც მომენტებში აუცილებლად გაგაღიმებს სევდანარევი ღიმილით. ამის შემდეგ კი განშორების კადრები კიდევ უფრო მძიმე საყურებელი ხდება. გოგასთან ერთად ჩვენც ვგრძნობთ დროის პარადოქსს, როგორ მიიჩქარის, როცა აწმყოში დარჩენა გვინდა და როგორ ზანტად მიიწევს წინ, როცა გვინდა, აწმყოს თავი დავაღწიოთ.

ფილმი ღია ფინალით სრულდება, რაც ბევრ კარგ გადაწყვეტილებას შორის, ალბათ, საუკეთესოა. კადრში განშორებით განადგურებული „პატარძლები“ არიან, ემოციების სახიდან ჩამობანვას წყლით რომ ცდილობენ. სცენა ძალიან კარგად არის გადაღებული. თითქოს ჩვეულებრივ გამოსახულებაში ყრუდ შემოდის ციხის მცველებისა და სასწრაფოს მანქანის ხმა, რამაც, პირადად მე, გული ამიჩქარა. ალბათ, გაუაზრებლად ველოდი კიდეც, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა, რეჟისორმა ხომ საკმარისად მოგვცა მინიშნებები მიშიმას „პატრიოტიზმის“ სახით, ფილმს ერთგვარ რეფრენად რომ გასდევს. ნუცას პანიკით აღსავსე სიტყვები - „ასე მითხრა, აქ აღარ მოხვიდეო“ - თითქოს ადასტურებს მაყურებლის შიშებს, თუმცა ფინალის მთელი ეფექტურობა იმაშია, რომ დადასტურებული არაფერიც არ არის. ის, რომ სამივე ქალი თანაბრად არის თითქმის აფექტურ პანიკაში, მაყურებლის პანიკურ გაურკვევლობასაც ამძაფრებს. სიმძაფრის მთავარი წყარო კი ის არის, რომ ფილმი კულმინაციაში სრულდება და ტოვებს კითხვათა მთელ კორიანტელს, რომელთა პასუხებიც თითოეული მაყურებლის წარმოსახვაზეა დამოკიდებული.

თინათინ ყაჯრიშვილს დახვეწილი დრამატურგიული თხრობით, სწორად შერჩეული კინოენითა და ზომიერი დრამატიზმით მაყურებლამდე მოაქვს იმ ქალების სევდა, რომლებიც გისოსებს მიღმა მყოფი მეორე ნახევრების ცხოვრებით ცხოვრობენ. დუალისტური ყოფის სირთულე, თავისუფლების წყურვილი, აუტანელი დილემით გახლეჩილი რეალობა და შინაგანი სამყარო - ამ ყოველივეს ფილმი ფემინისტური ელემენტებით გადმოსცემს. იგი არ განსჯის, არ ამართლებს, არ ამტყუნებს, არამედ მხოლოდ აღწერს და ბოლომდე ანდობს მაყურებელს ამ ყველაფრის გადაწყვეტას, იქნებ, მიანიშნებს კიდეც, რომ ხანდახან ცხოვრება, სიტუაცია, ადამიანი არა თეთრი ან შავი, არამედ თეთრი და შავია.