მანანა ლეკბორაშვილი
ნათელი ტკივილი
80-იანი წლები ქართული კინემატოგრაფისათვის ღირსშესანიშნავი აღმოჩნდა არა მარტო იმით, რომ ქართულ კინოში მოვიდა ახალი თაობა, და არც იმით, რომ ეს თაობა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის აღზრდილია; უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახალი თაობის მოსვლასთან ერთად ქართულმა კინომ რადიკალურად იცვალა სახე.
შეიცვალა თემატიკა, პრობლემატიკა, ჟანრობრივი სტრუქტურა, გმირი. ახალგაზრდებმა ქართულ კინოში მისთვის აქამდე უცნობი პესიმისტური განწყობა, გამოუვალობის ატმოსფერო მოიტანეს. ავანსცენაზე გამოვიდა ცხოვრებასთან შეუწყობელი და მოუწყობელი, მუდამ რაღაცით შეწუხებული, მუდამ საკუთარ ფიქრებში ჩაძირული გმირი. უფროსი თაობის „პატარა საქმეების“პოლიტიკას ახალგაზრდების გმირებმა განზე გადგომა, პასიური, მაგრამ მაინც პროტესტი არჩიეს, რაც ამ დროისათვის უკვე სითამამედ აღიქმებოდა.
შემდეგ ახალგაზრდებს „გარდაქმნაც“ წამოეწიათ. ბევრ აქამდე აკრძალულ თემას, პრობლემას, გმირს ტაბუ მოეხსნა. მოიხსნა „ცალკეული ნაკლოვანებებისა“ და სავალდებულო „ნათელის“ დაუწერელი კანონებიც და ჯერ კიდევ არსებული საკავშირო ეკრანი ლამის წალეკა ცხოვრების ჭუჭყმა, შავმა რეალობამ.
ეს ტალღა გარკვეულწილად ქართულ კინოსაც შეეხო, თუმცა ოდნავ მოგვიანებით და შედარებით ზომიერად. შეიძლება ამაში როლი იმანაც ითამაშა, რომ ქართველმა კინემატოგრაფისტებმა საერთო ტალღას გაუსწრეს და არსებული რეალობისადმი საკუთარი პოზიციის გამოხატვა გაცილებით ადრე შეძლეს („მოგზაურობა სოპოტში“, „ლაქა“ და სხვა).
ასეა თუ ისე, ყოფილ საბჭოთა კინოში მკვეთრად შემცირდა ღიმილის, რბილი იუმორის, ლირიზმის ხვედრითი წილი; მკაცრი მხილების, სასოწარკვეთის ატმოსფერო იშვიათი გამონაკლისისდან თითქმის სავალდებულო წესად იქცა.
ერთი შეხედვით ამ საერთო დინების ჩარჩოებში თავსდება ახალგაზრდა კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის საკუთარი სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმიც „იქ, ჩემთან“; მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში ფილმი არსებიტად განსხვავდება როგორც რუსული „ჩერნუხისაგან“, ისე ქართველ ოთხმოციანელთა შემოქმედების მთავარი ხაზისგან.
ქართველ კინემატოგრაფისტთა ახალგაზრდა თაობა ძირითადად ურბანისტული პრობლემებით შემოიფარგლა. მათი კვლევის საგანი ურბანისტული მენტალიტეტი გახდა. დამახასიათებელია ისიც, რომ მათი გმირიც უფრო ხშირად ავტორის „ალტერ ეგოს“ წარმოადგენს.
თვითგამოხატვა დღევანდელ კინემატოგრაფში და საერთოდ ხელოვნებაში პატივისმისაგებ მოვლენად ითვლება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თვითგამოხატვის აუცილებელ წინაპირობად უნდა ჩაითვალოს ავტორის სულიერი სამყაროს სიღრმე (რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა კომპონენტებზე), რათა მიღებული შედეგი ღირებულებას წარმოადგენდეს არა მხოლოდ ავტორისათვის.
სამწუხაროდ, 80-იანი წლების ბოლოს ქართულ კინოში მომრავლდა ფილმები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ბევრმა ახალგაზრდა რეჟისორმა ვერა და ვეღარ შეძლო საკუთარი სამყაროდან გამოსვლა და ფართო რეალობაში შებიჯება. ამიტომ თავად ფაქტი, რომ ზაზა ხალვაშის ფილმის მოქმედება მაღალმთიანი აჭარის სოფელში ხდება, რომ ფილმის გმირები ამ, ქართული კინოსათვის უცნობი, მიწის მკვიდრნი და მისი ღვიძლი შვილები არიან; რომ თუმცა ავტორი თავად აჭარიდანაა და ძალიან კარგად იცნობს მის გასაჭირს, ეს მაინც არ არის მისი პირადი გამოცდილება - იგი სხვისი ტკივილის, სხვისი პრობლემების მოტანას ცდილობს მაყურებლამდე, უკვე ინტერესს და სიმპათიას იწვევს ფილმისა და თვით რეჟისორის მიმართ.
მარადმოგრუხუნე მთის ძირში განაბულა გამუდმებული საფრთხის შიშით დაზაფრული საუკუნეს მიტანებული სახლი, რომელშიც აჭარლების მრავალრიცხოვანი ოჯახი შეხიზნულა: მოხუცი მამა, ხუთი ძმა, სამი რძალი, მათი შვილები. საქმეში ჩაუხედავი კაცი ამ ოჯახს პატრიარქალურსაც უწოდებდა, მაგრამ მოცემულ ვითარებაში ეს სიტყვაირონიულადაც შეიძლება აჟღერდეს. მხოლოდ წევრტა რაოდენობა თუ შერჩენია ამ ოჯახს პატრიარქალური, რადგან მათი თანაცხოვრება არა ბუნებრივი ცხოვრების წესია, არამედ სოციალურ გარემოებათა და ეკონომიური სიდუხჭირით განპირობებული იძულება.
არც სიტყვა „შეხიზნული“ არის ნახმარი შემთხვევით. თუმცა ეს სახლი ფილმის პერსონჟებისათვის სამკვიდროა, ის მაინც დროებით თავშესაფრად ქცეულა მათთვის, საძულველ თავშესაფრად, რომლიდანაც თითოეული გაქცევას ლამობს, ოღონდ ვერ უპოვიათ, საით გაიქცნენ და როგორ.
ხიზნები არიან, რადგან მუდამ გაკრული აქვთ ბარგი ოჯახისათვის ყველაზე აუცილებელით და ძვირფასით - ვინ იცის, როდის წამოყრით შუაღამისას ფეხზე მუქარით წამომართული მთის ჩვეულად ქცეული და მაინც ყოველთვის შემზარავი გრუხუნი.
რა შორს დგას ამ ადამიანების სატკივარი 80-იანელთა „საშუალო არითმეტიკული“ გმირის პრობლემებისგან. მისთვის დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა მატერიალური ყოფის საკითხი. იგი მას ან უგულებელყოფდა, ან ამ მხრივ უზრუნველყოფილი იყო. ახალგაზრდა შემოქმედთა სფერო ზნეობრივი და სულიერი საკითხებით შემოიფარგლა. ამ საკითხების გადაჭრის გზების ძიებისას 80-იანი წლების გმირებმა მათთვის მიუღებლისგან განდგომა არჩიეს და ამით პროტესტი გამოუცხადეს არსებული ცხოვრების წესს.
ზაზა ხალვაშის ფილმის გმირებს ძნელია პროტესტანტები ვუწოდოთ. ისინი არაფერს უცხადებენ პროტესტს და მოხარულნიც კი იქნებოდნენ, თუ შეძლებდნენ არსებულ ყოფასთან შეგუებას; მაგრამ თავად ყოფაა იმგვარი, რომ შეგუება საფასურად ადამიანური სახის, ადამიანური ღირსების დაკარგვას ითხოვს.
განსხვავებით 80-იანელთა გმირისგან, რომელსაც ხშირად თვითონაც ვერ გაუგია, რა აწუხებს და რას ეძებს, ფილმის პერსონაჟებისათვის ყველაფერი გაცილებით ხელშესახები და კონკრეტულია. დუხჭირი ყოფა, უღიმღამო არსებობა, მძიმე და უსიხარულო შრომა, რომელიც მხოლოდ თავის გატანის საშუალებას იძლევა, მუდმივი შიში და უსუსურობის გრძნობა მრისხანე სტიქიის წინაშე, მხრებში ამაყად გაშლის, თავისუფლად ამოსუნთქვის შეუძლებლობა - ეს ფილმის გმირების საერთო სიმძიმილია; გარდა ამისა, თითოეულს თავისი კერძო გაჭირვება და დარდიც აქვს, გულში ღრმად ჩამარხული, გამოუთქმელი, მხოლოდ აფეთქების წუთებში ან მოქმედებებში უნებურად გამომკრთალი.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეჟისორი ახერხებს ეკრანზე მოიტანოს რეალური განცდა და არა მხოლოდ მისი დეკლარირება მოახდინოს. ქართულ კინოში, განსაკუთრებით ხალგაზრდების ნამუშევრების განხილვისას ხშირია შემთხვევა, როცა ქების, წახალისების, მხარდაჭერის საგანი ხდება ფილმის ჩანაფიქრი, მიზანდასახულება და არა მისი ხორცშესხმა, რომელიც შეიძლება ძალიან შორს იდგეს პირველისაგან.
ხალვაშის ნამუშევარი ამგვარ რევერანსებს არ საჭიროებს. ფილმში ვერ შევხვდებით არაფრისმთქმელ ეპიზოდებს, თითქმის ვერცერთ ზედმეტ კადრს თითქმის ვამბობ, რადგან პირადად მე ცუდად მეცა თვალში კანტორაში ობობას ქსელში გაბმული მწერის ახლო ხედი, როგორც ბიუროკრატიის წინაშე უმწეობის სტერეოტიპული სიმბოლო.
უმაღლესი ნიშნით შეიძლება შეფასდეს მსახიობთა ნამუშევარიც. მსახიობების ნინო კობერიძის, ნატა შენგელაიას, ლალი მესხის, ბერდია ინწკირველის, გივი ჩუგუაშვილის, ზურაბ ცინქილაძის, ზურაბ სტურუას, გია ბართაიას არა მხოლოდ ტალანტის, არამედ თავდადებული შრომის შედეგიცაა, რომ ისინი უაღრესად ორგანულად ეწერებიან ამ გარემოში, ამ ყოფაში; ძუნწი ჟესტით, გამოხედვით, შიგნით, საკუთარ სულში მიმართული მზერით ახერხებენ მრავლისმომცველად წარმოგვიდგინონ თავიანთი გმირები.
სწორედ მსახიობებისა და რეჟისორის საერთო ძალისხმევის შედეგია, რომ საკმაოდ მცირე ეკრანული დროის განმავლობაში, სიუჟეტის ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებული პერიპეტიებისა და კოლიზიების გარეშე ვითარდება, ჩვენს თვალწინ იხსნება ხასიათები, იკვეთება ცოცხალი სახეები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ რეფლექსიებში კი არ არიან ჩაძირულნი, არამედ მოქმედებენ, იბრძვიან ბიოლოგიური არსებობის შენარჩნებისათვის, მაგრამ არა მხოლოდ ამისათვის - არაადამიანურ ყოფასთან გარდაუვალ კონტაქტში ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ ადამიანური ღირსება.
სწორედ აქ არის ალბათ განსხვავება აღნიშნულ ფილმსა და ე.წ. „ჩერნუხას“ შორის. თუმცა კინოსურათის პირველივე კადრებიდან ეკრანზე მძიმე, მე ვიტყოდი, პირქუში რეალობა ბატონობს - ბნელი, სულისშემხუთველად ვიწრო ინტერიერები, უღიმღამო ცა, მრუმე ფერები, უბადრუკი ყოფა, მაგრამ სავსებით მიზანდასახულად შექმნილი კინოსამყარო არსად იძენს თვითმიზნურ ხასიათს. აქ ვერ ვიპოვით ცხოვრების ლაფით, ლექით ტკბობის ელემენტებს, რითაც ესოდენ მდიდარია „გარდაქმნის“ პერიოდის რუსული კინო.
და თუ ამგვარ კინოში საბჭოთა ყოფის ამაზრზენი დეტალების ხაზგასმული გამოყოფა ხშირად უწყვილდება იმ აზრის ხაზგასმულადვე გამოკვეთას, რომ ადამიანი ყველაფერს ეგუება, ამ პირობებთან შეგუება კი ადამიანის ცხოველის დონემდე დეგრადირებას ნიშნავს - ზაზა ხალვაშის გმირები თავისი არსებობით ამტკიცებენ, რომ ჭაობში ცხოვრება ყოველთვის არ ნიშნავს ამ ჭაობის სამოთხედ წარმოდგენას.
ფილმის პერსონაჟებისათვის წარმოუდგენელი გამხდარა შეგუება. მათ არ დაუკარგავთ ოცნების, უკეთესის იმედის, გამოსავლის ძიების სურვილი. ეს ძიება ხშირად უმწეოა და უშედეგო - როგორც ხელისუფლებისაგან მიწის ნაკვეთის მიღების მცდელობა, უნებართვოდ აშენებული და უმოწყალოდ განადგურებული სახლი-ხუხულა თუ ზურაბ სტურუას გმირის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა, მაგრამ თავად ძიების ფაქტი უკვე გამორიცხავს ცხოველურ კმაყოფილებას და ადამიანური მეობის შენარჩუნების დასტურია.
მხოლოდ ზურაბ ცინცქილაძის პერსონაჟი და მისი ოჯახი პოულობს თითქოს რეალურ გამოსავალს ამ გამოუვალი არსებობიდან. სხვა ოჯახებთან ერთად ისინი ბარში, მესხეთში მიდიან დასასახლებლად. მათი გამგზავრებით მთავრდება ფილმი, მაგრამ ეს აშკარად არ არის „ჰეფი ენდი“.
სამწუხაროა, რომ მხოლოდ მშობლიური მიწისგან, ახლობლებისგან მოწყვეტის ფასად არის შესაძლებელი ნანატრი საკუთარი კუთხის მოპოვება, ან პოვებს კი ეს ახალგაზრდა ოჯახი აღთქმულ მიწაზე ადამიანური არსებობის შესაძლებლობას?
ჩაფიქრებულები, სევდიანები, თუმცა მაინც იმედიანები ტოვებენ ახალგაზრდები საპყრობილედ ქცეულ სამკვიდროს. მიდიან და თან მიყვებათ სახლიკაცების ასევე სევდიანი თვალები, მათი აუხდენელი ოცნებები, გულში ჩაკლული სურვილები. მიდიან და სიმძიმილის გრძნობას, ტკივილს ტოვებენ მაყურებლის გულში.
მაგრამ ეს არ არის შავი უიმედობის სიმძიმილი. იმედი არის, არის, სანამ ამ ადამიანებს კიდევ შერჩენიათ ერთმანეთის მხარში დგომის, ურთიერთგაგების, თანაგრძნობის, მიტევების ნიჭი, სიკეთის უნარი. ეს უნარია ფილმის ის ნათელის სხივი, რომელი საბოლოოდ ეკრანიდან წამოსულ მძიმე ტკივილს და უარყოფით განცდებს დადებით ენერგიად გარდაქმნის.
ძნელია გულგრილად უყურო ამ ფილმს. მასში ჩადებული ჭეშმარიტი ტკივილის გამო ის ან აქტიურ პროტესტს, ან სევდანარევი განწმენდის გრძნობას იწვევს მაყურებელში.
დღეს, როცა მაღალმთიანი აჭარის ჭირ-ვარამი არსებითად გააფერმკრთალა ტრაგედიების წყებამ, როცა ჩვენს მიწაზე ომია და ყოველდღიური ცხოვრების მწარე თანამდევად იქცა რჩეული ბიჭების გმირულად დაღუპვის ცნობები, როცა მათ გვერდით უაზროდ იღუპებიან თანამოძმის ხელით განგმირული თანამემამულენი, როცა გაჭირვებამ თითოეულის კარს მიუკაკუნა და ბიოლოგიური არსებობის შენარჩუნება ბევრი ჩვენთაგანისთვის რეალურ პრობლემად ქცეულა, ტკივილის აღქმის ზღვარიც ბუნებრივად გაზრდილია. ამიტომ სამწუხაროა, მაგრამ არა გასაკვირი, რომ ფილმის „იქ, ჩემთან“ მანობა და გაღიზიანება სჭარბობს.
გავა დრო. ქართველი ერიც მოიშუშებს იარებს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ ქართული კინოს არსენალში არსებობს ერთი სადა, მოკრძალებული, მაგრამ მძაფრი განცდებით დატვირთული ფილმი - „იქ, ჩემთან“ („მეწყერი“), რომელმაც ქართული კინოწარმოებისათვის დამახასიათებელი დაბრკოლებების გამო დაიგვიანა, არახელსაყრელ დროსა და გარემოში მოუხდა დღის სინათლეზე გამოსვლა, ამის გამო მხოლოდ საზღვარგარეთის საფესტივალო საზოგადოებაში მოპოვებული წარმატებით მოუხდა დაკმაყოფილება, მაგრამ მას თურმე დღესაც არ დაუკარგავს თავისი ძალა, არ მოძველებულა, რადგა ის პუბლიცისტიკა კი არა, ხელოვნებაა, მისი ბირთვი არა პრობლემები, არამედ ცოცხალი ადამიანები არიან - შეჭირვებულნი, ტკივილიანნი, მაგრამ მაინც შეუპოვრად კეთილნი და ადამიანურნი.
1992 წელი, დეკემბერი
გაზეთი „ქართული ფილმი“, 21.01.1993.N3 (285)