ზაზა შათირიშვილი    

ოთარ იოსელიანის ბაღები და მოცალეობა


ოთარ იოსელინის ბოლო ფილმის სათაური jardins en automne ქართულად ასე ჟღერს - "შემოდგომის ბაღები". გეცნობათ, არა? - ეს ხომ ნამდვილი გალაკტიონია - სექტემბრის ბაღები, 'ნოემბრის ბაღები, ზამთრის ბაღები...

სერ აისაია ბერლინი ამბობდა, რომ მოაზროვნეები და მწერლები ორ კატეგორიად იყოფიან - მელა და ზღარბი. მელამ უამრავი რამ იცის, ხოლო ზღარბმა - ერთი მნიშვნელოვანი რამ. შექსპირი, მაგალითად მელაა, ხოლო მილტონი - ზღარბი. ქართულ პოეზიაში ნამდვილი მელა რუსთაველია, ასევე, - გალაკტიონი. ზღარბი დავით გურამიშვილია, ასევე, - ნიკო სამადაშვილი.

ოთარ იოსელიანი მელაა, რომელიც თავს ისე გვაჩვენებს, რომ, თითქოს, ზღარბია. ამას თავისი მიზეზები აქვს.

ოთარ იოსელიანი იღებს ერთსა და იმავე ფილმს - ეს მისი რეცეპციის "საერთო ადგილია". ნაწილს ამის გამო ის არ მოსწონს, ნაწილს - პირიქით. მაგრამ ყველა აღიარებს, რომ იოსელიანი ნამდვილი რეჟისორია.

მე კი მიმაჩნია, რომ იოსელიანი ნამდვილი პოეტია. ოღონდ პოეტი, რომლსაც გალაკტიონის შემდეგ მოუწია დაბადება. გალაკტიონი ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორია. მისი მონტაჟი უბადლოა: გაიხსენეთ "შემოდგომა "უმანკო ჩასახების" მამათა სავანეში" - როგორი გადასვლაა სასახლიდან მონასტერში! გაიხსნეთ "საუბარი ედგარზე", სადაც ლექსის ბოლოს "ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი" და სადაც "ფარდა - ჰიჩკოკისებურად - შეირხევა - როგორც ყრუ ფოთოლი".

მაგრამ იოსელიანი მართლაც თითქოს ერთსა და იმავეს გვეუბნება: როგორ იკავებს ადამიანის ადგილს ნივთები ("აპრილი"), ინსტიტუციები ("გიორგობისთვე"), სისტემები და წარმოდგენები ("პასტორალი"), კაპიტალი ("მთვარის ფავორიტები", "და იქმნა ნათელი", "პეპლებზე ნადირობა")...

და რა რჩება? სად არის ჩვენი ადგილი? - "ორშაბათის დილა" გვეუბნება, რომ ეს ადგილი არის იმ ფლორენციაში, რომელსაც ვერ ხედავენ ტურისტები, რომ ეს ადგილი არის ჭეშმარიტი მოლხენა, რომ ეს ადგილი არის მეგობრობა...

"
შემოდგომის ბაღები" იოსელიანის ყველაზე სადა, ქართულად ასკეტური და ყველაზე ზუსტი ფილმია - ადამიანის ადგილი არის ბაღი - ბაღი, რომელიც მოცალეობის სივრცეა, ხოლო მოცალეობა ის სივრცეა, სადაც შეიძლება ჭვრეტა. ადამიანი ხომ იმისთვის შეიქმნა, რომ მოცალეობაში უჭვრიტოს მას, ვინც ის შექმნა - აბა, რა არის სამოთხე თუ არა მოცალეობისა და ჭვრეტის მარადიული ბაღი - "სამუდამო სადგური".

იოსელიანი ეძებს ამ ადგილს - ამიტომაც იღებს ისეთ ფილმს, როგორიცაა "პატარა მონასტერი ტოსკანაში". საქართველოც იოსელიანისთვის ჯერ კიდევ ის ადგილია, სადაც შესაძლებელია "უმიზნო" მეგობრობა, მოლხენა და ჭვრეტა. ამიტომაც, მისთვის .. "ვარდების რევოლუცია" მეტაფიზიკურადაა მიუღებელი - იოსელიანისთვის ეს იგივეა, რაც ტრანსნაციონალური კორპორაციების შეჭრა იმ პატარა ქალაქში, სადაც უკვე ადგილი აღარ რჩება ლოთებისა და ბომჟებისათვის...

ოთარ იოსელიანი არის მეტაფიზიკური ლოთი და ბომჟი ანუ - პოეტი. ის გვეუბნება, რომ მონასტერი აქვეა, ახლოა, რომ ბაღი ახლოა, აქვეა, რომ ადამიანი დაბადებულია არა ილუზორული "შრომისთვის", არამედ - ჭვრეტისა და პოეზიისათვის. ადამიანი სამოთხის მკვიდრია დღესაც. მას მუდამ შეუძლია ამ მოქალაქეობის აღდგენა, თუკი ამას მოისურვებს. ამიტომაც, სამოთხის ბაღს სხვაგვარად "უფლის ქალაქიც" (ავგუსტინე) ეწოდება, რომლის მოქალაქეობა ერთი მარადიული კაცის სიკვდილმა და აღდგომამ დაგვიბრუნა.

სამოთხის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია, რადგან ის "მოვალს, მაგრამ აწვე არს"- ამას გვუბნებოდა მერაბ მამრდაშვილიც, რომელიც მთელი ცხოვრება ერთსა და იმევე ლექციას გვიკითხავდა.

სწორედ ამისათვის არსებობს პატარა მონასტერი ტოსკანაში, გალაკტიონის ლექსები და შემოდგომის ბაღები.

 

11/02/2011 23:13

 

 

                                                                           http://kalmasoba.com/component/content/article/87.html