ლანა ღოღობერიძე. ისევ კინოცხოვრება, რომელიც ყველაფერს მოიცავს, ცეკას პირველ მდივანთან საგანგებო შეხვედრასაც კი
იანვარში დამთავრდა ჩვენი პარიზული ეპოპეა. დავბრუნდით თბილისში... ისევ დაიწყო თავაუღებელი მუშაობა.
60-იანი წლების დასაწყისში ქართული კინოს ისტორიაში დიდი ამბავი მოხდა: დაარსდა საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი და ზემელზე, რუსთაველის ძეგლის პირდაპირ, გაიხსნა კინოსახლი, რომელიც მაშინვე ყველა ჩვენი თავშეყრის, პრემიერისა და დისკუსიების ად-გილად იქცა. ამ მოვლენების სულისჩამდგმელი სიკო დოლიძე იყო, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის პირველი თავმჯდომარე – დიდი, ლამაზი, მოღიმარი, კეთილგანწყობილი, ახალგაზრდობაში დედას მეგობარი და კოლეგა.
[...]
1971 წელს ლიტერატურული საქართველოს 26 თებერვლის ნომერში დაიბეჭდა ჩემი სტატია: ქართული კინოს ზოგიერთი ტენდენცია. დღეს მე მინდა მოვიყვანო ნაწყვეტი იმ წერილიდან, ვინაიდან მისი არსი დღესაც ახლოა ჩემთვის.
...დაბოლოს, საჭიროა ნათლად გავიაზროთ ჩვენი მიზანი. საკითხის ერთი მხარე ასეთია: მცირერიცხოვანი ერი და მისი ხელოვნება. რა პრეტენზიები გვაქვს, რისკენ მივისწრაფვით? ნუთუ ჩვენს შემოქმედებაში ხელოვნურად უნდა შევიზღუდოთ თავი იმის გამო, რომ ფიზიკურად მცირერიცხოვანი ერის შვილები ვართ? ამ საკითხის გადაწყვეტისას თავს იჩენს ორი ტენდენცია, ერთი – საკუთარ თავთან პირუთვნელი ლაპარაკი, მეორე – რას იტყვიან ჩვენზე სხვები და აქედან – შელამაზების, შეფერადების წყურვილი. ერთი მხრივ, ილია ჭავჭავაძისეული ჩვენის-თანა ბედნიერი განა არის სადმე ერი – დიდი მწერლის გულისტკივილითა
317
და ირონიით დატვირთული, და, მეორე მხრივ, სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა...
ჩვენ გვაქვს ისეთი ეროვნული თვისებები, რომელთაც აუცილებელია ვებრძოლოთ და ვებრძოლოთ, პირველ რიგში, ხელოვნების საშუალებით. ამ თვისებებიდან მე გამოვყოფ თვითკმაყოფილებას და პირადი კეთილდღეობისკენ ჰიპერტროფირებულ სწრაფვას, საზოგადოებრივი ინტერესების ხარჯზე.
ჩემი ერი – ეს თვითონ მე ვარ. და თუ მე ვხედავ ჩემს თავში არა მარტო იმას, რაც სხვებს შეიძლება მოეწონოთ, არამედ იმასაც, რაც არ მოსწონს არავის და, პირველ რიგში, მე თვითონ, ეს მხოლოდ ჩემი პოტენციური სიძლიერისა და ჯანმრთელობის ნიშანია. აქ დგება კიდევ ერთი საკითხი, საკითხი ჩვენი მაყურებლისა. რა მოსწონს, რა სიამოვნებს ქართველ მაყურებელს? ქათინაური სიამოვნებს ყველას, მით უმეტეს, თუ ქათინაური ჭკვიანურად და ოსტატურად არის ნათქვამი. ასეა ხალხიც. ხალხსაც უყვარს ჭკვიანურად და ოსტატურად ნათქვამი ქათინაური, მით უმეტეს, ჩვენ, ქართველებს, ვისაც დედის რძესთან ერთად გვაქვს შესისხლხორცებული სადღეგრძელოს სტილი. ქათინაური ყოველთვის ტყუილი კი არ არის, ის მხოლოდ სიმართლის ერთი მხარეა. როგორია დღევანდელი ქართველი კაცი? არის თუ არა ის მართალი, მამაცი, გულწრფელი, თავგანწირული? რა თქმა უნდა, არის. მაგრამ არის თუ არა ის, ამავე დროს, თვითკმაყოფილი, ეგოისტურ ინტერესებში ჩაფლული, პირად კეთილდღეობაზე გადაჭარბებით მზრუნველი? ვფიქრობ, ესეც უდავოა. ჩვენი მიზანია ავსახოთ კინოხელოვნებაში ეს ადამიანი თავის მრავალფეროვნებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაში მეტი სიყვარული იქნება ჩვენი ერისადმი, ვიდრე ყველაზე ჭკვიანურ, ნიჭიერ, მაგრამ ყბადაღებულ ქება-დიდებაში.
ჩვენი შინაგანი ლოზუნგი უნდა იყოს – გავთავისუფლდეთ პატარა ერის კომპლექსისგან, რადგანაც ჩემი ღრმა რწმენაა – ჩვენ პატარა ვართ მხოლოდ რიცხობრივად და არა ჩვენი შესაძლებლობებით, ჩვენი სულით, ჩვენი ხელოვნებით.
317
ამ წერილს დიდი აურზაური მოჰყვა. ლიტერატურული საქართველოს რედაქტორი – რევაზ მარგიანი – დაიბარეს ცეკაში, სულ მაგიდაზე ურტყეს ხელი, თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.
დღეს ამ მოგონებებში ეს წერილი მოვიყვანე იმიტომ, რომ ვფიქრობ: უკვე მაშინ, 70-იან წლებში, მომწიფდა ჩემში ის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისადმი, რომელიც გამძაფრდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა დამოუკიდებლობის მოპოვების მერე.
გარდაიცვალა თამაზ მელიავა. ეს იყო პირველი მეგობარი, რომელიც დავკარგე. თამაზი, რომელიც ასე ტკბებოდა სიცოცხლით, რომელიც ასეთ განსაკუთრებულ გემოს ატანდა თავისი არსებობის ყოველ წუთს, ყოველ წამს! ჭეშმარიტი ჰედონისტი, მე ის დაცემის ეპოქის რომაელ პატრიცის მაგონებდა და არაერთხელ წარმომედგინა ტოგამოსხმული და ფეხმორთხმული, მის მიერვე საგულდაგულოდ შერჩეული კერძებით უხვად გაწყობილი სუფრის თავში.
და მაინც, თამაზთან დაკავშირებული მოგონებები, უმთავრესად, პოეზიის სფეროს განეკუთვნება. ჩვენ ერთდროულად ვყოფილვართ გატაცებული ერთი და იმავე პოეტებით. ჯერ იყო გალაკტიონი, მერე – ანა კალანდაძე, უიტმენი, პასტერნაკი, ცვეტაევა. მოსკოვში ძალიან ხშირად მოდიოდა ჩემთან, და ახლაც ვხედავ, როგორ მოიჩრდილავდა ხოლმე თვალებს და კარიდანვე დაიძახებდა:
В кашне, ладонью заслонясь,
Сквозь фортку крикну детворе –
Какое, милые, у нас
Тысячелетье на дворе? (ამიერიდან არ ვიქნები სხვათა საძრახი,არც უთვისტომო სული ეული,კაშნეს მოვიგდებ და სარკმლიდან ბავშვებს გავძახებ,რა დროა გარეთ ან რომელი ათასწლეული?)
ის ნამდვილი რომანტიკოსი იყო. ამ პრაგმატულ საუკუნეში არ რცხვენოდა სინაზის, გულის აჩუყების, უბრალო სიკეთის. ძახილის ნიშ-ნების არ რცხვენოდა, თუმცა ნამდვილად ინტელექტუალი იყო და გონებით იცოდა, რომ სენტიმენტალიზმი და რომანტიზმიც კი უცხოა ამ აჩქარებული
319
და ზუსტი მეცნიერებებით გაზავებული ეპოქისთვის. მე მგონია, რომ კინემატოგრაფის უხეში, მოძრავი და დაუნდობელი სამყარო ვერ გახდებოდა (და ვერც გახდა) მისი სულის ნავსაყუდელი.სწორედ ამიტომ მისი ფაქიზი დამოკიდებულება სამყაროსადმი ყველაზე მეტად მის ჩანაწერებსა და წერილებშია ჩაქსოვილი.
ცხოვრობდა ისე, როგორც გული უკარნახებდა. როგორც იზრდება ბალახი, როგორც მოდის წვიმა...
კინოცხოვრება კი კვლავ აქტიურ და ინტენსიურ სახეს იღებდა. ზაირა არსენიშვილთან ერთად დავიწყე მუშაობა ახალგაზრდულ პრობლემებზე, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა ფილმთან როცა აყვავდა ნუში.
ნაწყვეტი მაშინდელი ჩანაწერებიდან:
მე ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდები თბილისის სიცოც-ხლითა და ადამიანური ურთიერთობებით სავსე ქუჩას და ყოველთვის მეჩვენება, რომ ის მალავს თავის წიაღში რაღაცას, უხილავსა და იდუმალს, რისი ამოცნობაც შეუძლებელია. როცა სულ ახალგაზრდები ვიყავით, ჩვენთვის რუსთაველის გამზირი – ეს მთელი სამყარო იყო: აქ დავდიოდით, ვსეირნობდით, ვხვდებოდით და ვშორდებოდით ერთმანეთს, აქ გვიყვარდა და გვძულდა... ვინაიდან რუსთაველი ყოველთვის ახალგაზრდების ქუჩა იყო. და აი, დღესაც მოაბიჯებენ აქ გოგონები და ბიჭები, ლამაზები, მაღლები, დაუდევრად ელეგანტურები და უშუალოები. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული სახეა, ის, რაც იკითხება საერთო პლანზე, – გოგო-ბიჭები, თითქოს გათქვეფილნი ბრბოში და მაინც თავის თავში ჩაკეტილები. მივუახლოვდეთ მათ მსხვილ პლანამდე, მივუგდოთ ყური საუბრებს, ყურადღებით დავაკვირდეთ სახეებს... და მაშინ ყველაზე მეტად მათი ირონიულობა მოგხვდებათ თვალში. ისინი ირონიულნი არიან უფროსების, ერთმანეთის, საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ არის თუ არა ეს მათი ძირეული თვისება, თუ ირონიულობა მხოლოდ ნიღაბია, რომლის იქითაც ხმამაღალი სიტყვებისა და გულწრფელი ემოციების შიში იმალება? ისინი ლაპარაკობენ წყვეტილად და დაუდევრად, არ ამთავრებენ ფრაზებს, არ ადარდებთ ფორმულირებათა სიცხადე. მაგრამ
320
თვალები დაფიქრებული აქვთ და აზრიანი. რაზე ფიქრობენ, რისკენ მიისწრაფვიან, სად მიიყვანენ ხვალ ჩვენს ქვეყანას? აქ აღარ არის საკმარისი მსხვილი პლანი, საჭიროა შეისწავლო ხასიათები, ჩაუკვირდე მათ ზნეობრივ არსს, გაარკვიო სიღრმისეული კავშირები ერთმანეთთან და გარემოსთან...
ძალიან სახალისო იყო ამ გოგო-ბიჭების შერჩევა. ვფიქრობ, რომ შეიქმნა მშვენიერი გუნდი: გოგა ფიფია, თინა ვარდანაშვილი, ეკა მაღალაშვილი და, ამ გუნდის ცენტრში – 16 წლის ზურა ყიფშიძე, ნამდვილი აღმოჩენა ჩემთვის. ლამაზი, ენერგიული, ნერვიული. ის უკვე მაშინ ჩამოყალიბებული მსახიობი იყო და ზუსტად გამოხატავდა თავისი თაობის არსს.
და მაინც, ყველაზე ღრმა შთაბეჭდილება, რომელიც ფილმიდან გამომყვა, სესილია თაყაიშვილთან არის დაკავშირებული. მე ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე სურათის გადაღებისას მომიხდა მუშაობა ამ უნიკალურ მსახიობთან; მაშინ, როცა ახალგაზრდა ვიყავი, უბრალოდ მიხაროდა, დღეს კი ნამდვილად მიკვირს, რომ სესილია თანხმდებოდა ეთამაშა ჩემს ფილმებში – მეორე და მესამე კი არა – მეათეხარისხოვანი როლები, მაგალითად, ერთ-ერთი გლეხის ქალი მე ვხედავ მზეში, ან შეშლილი მოხუცი ფერისცვალებაში. დაბოლოს, ითამაშა ლექსოს ბებია!
სესილია – დამცინავი და მორიდებული. სესილია – ყველა ცრურწმენას აყოლილი და შეშინებული. სესილია – ყოველთვის უკმაყოფილო თავისი თავით. სესილია – უაღრესად დახვეწილი პროფესიონალი, ყოველთვის პირველი გადასაღებ მოედანზე. სესილია, მისი მხიარული ბილწსიტყვაობა. ღმერთო, რა გატაცებით ხმარობდა ცუდ სიტყვებს და როგორ იცინოდა თვითონ! სესილია – ბავშვურად გულუბრყვილო. სესილია – თავით ფეხებამდე მსახიობი. როგორ იჯდა კადრში მკაცრი და გარინდებული, როგორ შეკრთა, მთელი არსებით, როცა გაიგონა ნაბიჯების ხმა ადამიანებისა, რომელთაც მისი ლექსოს კუბო მოჰქონდათ. შეკრთა ისე, რომ მე შემეშინდა, გული არ წაუვიდეს-მეთქი. სესილია – დიადი.
320
ვფიქრობ, რომ სესილია თაყაიშვილისა და დოდო აბაშიძის დუეტი – სცენა ლექსოს პანაშვიდის წინ – უმაღლესი მსახიობური კლასის ნიმუშია.
ფილმს ჯერ კიდევ გადაღების პროცესში დიდი დაბრკოლებები შეხვდა. ერთი თვის გადაღების მერე ის დახურეს რაღაც გაუგებარი მოთხოვნებით, მათგან ერთ-ერთი იყო სპორტის სახეობის შეცვლის მოთხოვნა! დღეს ძნელია ამის გაგება, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ გავლენიან ადამიანებს იმდენი რამ შეეძლოთ, რომ ერთმა ასეთმა, სხვათა შორის, უაღრესად საინტერესო და ძლიერმა პიროვნებამ, ნიკოს სახეში თავისი თავი დაინახა (მისი თვალსაზრისით, მსგავსებას ისიც ამაგრებდა, რომ მისი შვილიც მოთხილამურე იყო) და ფილმის წინააღმდეგ ცეკას კულტურის განყოფილება დარაზმა. ამას, ცხადია, მოსკოვის სახკინოც შეუერთდა, ფილმი გააჩერეს და მას რეალურად დაემუქრა საბოლოო დახურვის საფრთხე. ჯერ არგადაღებულ ფილმზე სტატიებიც დაიბეჭდა და მას წინასწარ მიაკერეს იარლიყი – ანტისაბჭოთა. დათმობები გარდაუვალი იყო და მე იძულებული გავხდი მიმეღო მტკივნეული გადაწყვე-ტილება და ჩემთვის ისეთი ნაცნობი და მშობლიური სპორტი – თხილამურები – ველოსპორტით შემეცვალა! ჩვენი ცენზურის პარადოქსულობა კი ის გახლდათ, რომ სპორტის სახეობის შეცვლით ფილმი, როგორც ჩანს, ნაკლებად ანტისაბჭოთა გახდა, რაც იმით დადასტურდა, რომ სურათი ისევ ჩაუშვეს წარმოებაში.
სურათის გადაღებისა და ჩაბარების პერიოდში კიდევ ბევრი ვნებათაღელვა დამატყდა თავს. იმისათვის, რომ მკითხველმა კარგად წარმოიდგინოს, რას ნიშნავდა იმდროინდელი ცენზურა, მინდა მოვიყვანო რამდენიმე ნაწყვეტი ჟურნალ ხელოვნებაში დაბეჭდილი სარედაქციო წერილიდან:
მთავარი ბრალდებები ასეთია: მოსწავლეები არც ზღვის ნაპირზე ეროტიკულ ცეკვას იკლებენ, არც ტყეში მიჯნურებივით სეირნობას ან გახდომის მიზნით კოსმონავტების დიეტასა თუ მასაჟს (რაც, სტატიის ავტორის აზრით, ასეთი შეუფერებელია საბჭოთა მოსწავლეებისთვის!).
322
ასეთი მასწავლებელი (ლაპარაკია დიმა თაყაიშვილის გმირზე) საზოგადოებრიობის აღშფოთებას ვერსად გაექცევა.
განა შეიძლება ასე ბრმად გადმოტანა თანამედროვე სოციალისტურ სინამდვილეში იმისა, რამაც ფეხი მოიკიდა შორეულ ცარისტულ წარსულში? (ავტორი ე.წ. მამათა და შვილთა კონფლიქტს გულისხმობს!)
დაბოლოს: რატომ აიგივებენ ფილმის ავტორები სოციალიზმის კანონზომიერებას მონარქიული წყობის კანონებთან?
დღეს ეს ბრალდებები აბსურდულად და სასაცილოდაც ისმის, მაგრამ იმ დროს ფილმი გადაარჩინა მხოლოდ იმან, რომ საქართველო-ში 1972 წლის მერე საგრძნობლად შეიცვალა პოლიტიკური გარემო.
საბოლოოდ კი, ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ფილმი როცა აყვავდა ნუში ალმა-ათის საკავშირო ფესტივალზე მიიწვიეს, სადაც ის დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო რეჟისურისთვის.
1972 წელს ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დანიშნეს. ელდარ შენგელაიამ და მე მასთან მისვლა გადაწყვიტეთ. ეს ის დრო იყო, როცა ჩვენ ორივე ძალზე აქტიურად ვიყავით ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისიც სათქმელია, რომ ჩვენი დამოკიდებულება სულ სხვადასხვაგვარი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოვლენების მიმართ ყოველთვის ემთხვეოდა ერთმანეთს. ელდარი თითქმის ყოველდღე მოდიოდა ჩემთან, ჩემი შვილების გამზრდელმა დუდამ – სასაცილო, მეტიჩარა ბერძენმა გოგომ – Синеглазенький დაარქვა. მას მერე ჩვენს სახლში ყველა მხოლოდ ასე იხსენიებდა. ვისხედით ხოლმე ჩვენთან და ვაწყობდით სხვადასხვა, ჩვენი აზრით, ქვეყნის თუ კინოს განვითარებისთვის აუცილებელ გეგმას. ეს ლამის ყოველ საღამოს ხდებოდა, იმდენად, რომ ლადო, სახლში შემოვიდოდა თუ არა, კარიდანვე იძახდა: სინეგლაზენკი, შენ კიდევ აქა ხარ?
და აი, ერთ დღეს გადავწყვიტეთ ცეკას ახალ მდივანთან მისვლა. ჩვენ იმედით და ეჭვით ვიყავით შეპყრობილი. იმედით, რომ რაღაც შე-იძლებოდა შეცვლილიყო, ეჭვით, რომ არაფერი ეშველებოდა დიქტატორულ
323
რეჟიმს. უამრავი რამ გვაღელვებდა – კინოში, საერთოდ, ცხოვ-რებაში. პირველად გაგვიჩნდა სურვილი, ყველა პრობლემაზე ქვეყნის ხელმძღვანელთან გვესაუბრა, ალბათ იმიტომაც, რომ ის ჩვენი თაობისა იყო.
მიგვიღო ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
ვისხედით დიდხანს, დაახლოებით ორ საათს. ახალი თვით ის ფაქ-ტი იყო, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ქვეყნის პირველ პირს ვესაუბრებოდით, რაც სრულიად არ შეესატყვისებოდა საბჭოთა კავშირში მყარად დამკვიდრებული სუბორდინაციის სტილს. შეხვედრა უჩვეულოდ წარიმართა. ვლაპარაკობდით ხან მე, ხან – ელდარი, ის გვისმენდა და რაღაცას ინიშნავდა (მას მერე უამრავჯერ მინახავს, როგორ იწერდა შევარდნაძე სხვათა აზრებს ხალხმრავალ შეხვედრებსა თუ ვიწრო წრეში საუბრის დროს, და არაერთხელ გაუელვია აზრს, რომ, თუ მას ეს ჩანაწერები შენახული აქვს, მათ მიხედვით ჩვენი ეპოქის თავისებური მატიანე შეიქმნებოდა). ჩვენ ისევ ვლაპარაკობდით. მაშინ პირველად გამაოცა შევარდნაძის მოსმენის უნარმა. ეს მით უფრო თვალში საცემი იყო, რომ, ჩვეულებრივ, თანამდებობის პირებს ჭირივით სძულთ სხვათა მოსმენა და, ძირითადად, საკუთარი აზრების გამოხატვა ატკბობთ.
ვცდილობდით გვეთქვა ყველაფერი, რაც გვაღელვებდა; გვინდოდა, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი წუხილი პირველ კაცამდე მიგვეტანა. ჩვენი გამოსვლების არსი ასეთი იყო: რაც თავი გვახსოვს, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებასა და ხელისუფლებას ერთმანეთისგან უღრმესი უფსკრული ჰყოფს. დღეს გაჩნდა პატარა იმედი იმისა, რომ შესაძლებელია ამ უფსკრულის ამოვსება. მაგრამ ამისთვის აუცილებელია სიმართლის თქმა, საზოგადოებრივ ტკივილებზე გულახდილი ლაპარაკი. ჩვენ კი არ გვშორდება ეჭვი, რომ პირველი მდივნის გარშემო ისევ შეიკვრება მლიქვნელთა და მედროვეთა წრე, რომლის გარღვევა ისევ შეუძლებელი გახდება და ის, ქვეყნის მეთაური, ისევე როგორც ყველა მისი წინამორბედი, ვაკუუმში აღმოჩნდება. ეს კი საბოლოოდ დამანგრეველი იქნება ქვეყნისთვის.
324
ჩვენ ვლაპარაკობდით, შევარდნაძე გვისმენდა. ბოლოს, როცა ვიგრძენით, რომ ვთქვით ყველაფერი, რაც გვინდოდა და იმაზე მეტიც, ვუთხარით: ჩვენ თქვენთან მონოლოგების სათქმელად არ მოვსულვართ, ჩვენთვის მთავარია თქვენი აზრი გავიგოთო. გაეცინა: იმისათვის, რომ გიპასუხოთ, ჯერ ხომ თქვენთვის უნდა მომესმინაო.
და, მართლაც, გვიპასუხა. ლაპარაკობდა ჩანაწერების მიხედვით, არც ერთი პრობლემა არ გამორჩენია. ყველაზე მეტად ეს სიტყვები დამამახსოვრდა: თუ მაქვს რაიმე გამორჩეული თვისება, ეს მლიქვნელთა და მედროვეთა მიმართ სიძულვილია. შემიძლია მოგცეთ პირობა, რომ უახლოეს ოთხ წელიწადში, სანამ ჩემი მოქმედების გაკონტროლება შემეძლება, მათი აღზევება არ მოხდება.
ამ იმედით დავშორდით შევარდნაძეს.
[...]
ჩემი შემდეგი ფილმი იყო აურზაური სალხინეთში, რომლის გადაღებაც მახსენდება როგორც უსასრულო, გიჟური მხიარულება და დღესასწაული.
ჩაპლინი ამბობს: ტრაგედია – ეს არის ცხოვრება, გადაღებული მსხვილი პლანით, კომედია – ცხოვრება, გადაღებული საერთო პლანით. მე მაშინ ჩაპლინის ეს სიტყვები წაკითხული არ მქონდა, მაგრამ აურზაური სალხინეთში, ძირითადად, საერთო პლანებზე გადავიღეთ.
ვიღებდით ჩემს უსაყვარლეს ქალაქში, თელავში, რომლის ქუჩები და მოედანი ჩვენი გადაღების ობიექტებად ვაქციეთ. მე ბავშვებთან ერთად ზაირას სახლში ვცხოვრობდი, ნადიკვართან; ხშირად ჩამოდიოდნენ ლადო და შალმანის წევრები.
თელავთან და ამ ქართული აგურით ნაშენებ ერთსართულიან მყუდრო სახლთან იმდენი მოგონება მაქვს დაკავშირებული, რომ ხანდახან მგონია, წინა ცხოვრებაში სწორედ თელავი იყო ჩემი მშობლიური ქალაქი, ეს სახლი – ჩემი დაბადების ადგილი და ზაირას მამიდა ტატანო – ჩემი საკუთარი მამიდა.
ამ სახლის დიდ, მაღალჭერიან ოთახში, სადაც დგას როიალი და მშვენიერი ძველებური ავეჯი, საღამოობით მთელი ჯგუფი იკრიბებოდა
327
და გავდიოდით რეპეტიციებს, ანუ ყველა ერთად ვცეკვავდით, დავხტოდით, ვმღეროდით, ვიმეორებდით ტექსტებს, ვხარხარებდით, და ამ დღესასწაულის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ფილმის მთავარი გმირი ნადია ხარაძე იყო. მე არაერთხელ შემიმჩნევია, აქტიური მხიარულება ავადმყოფობასავით გადამდებია, და ეს ისე ნათლად გამოჩნდა თელავში, როცა მთელ ჯგუფს მართლაც შეეყარა ჩვენზე ბევრად უფროსი ქალბატონი ნადიას მომხიბლავი სიხალისე. ჯგუფი კი ნამდვილად განსაკუთრებული ინდივიდებისგან შედგებოდა: კინოში მუსიკის სამყაროდან მოსული ზაირა, ქორეოგრაფი – იურა ზარეცკი, თავისი საქმის კიდევ ერთი თავგადაკლული ენთუზიასტი, კომპოზიტორი – ნოდარ გაბუნია; 11 წლის ნინო ანანიაშვილი, რომელიც მოიყვანეს სინჯზე და ის მაშინვე გამობრწყინდა ასობით გოგონას შორის, როგორც ოქრო ქერის ორმოში; ლომერ ახვლედიანი, შესანიშნავი ოპერატორი, კეთილი, გულგახსნილი და მუშაობაში თავდაუზოგავი; მშვენიერი და ნიჭით გასხივოსნებული პატარა ბიჭი – გეგა კობახიძე; და კიდევ – მთელი პლეადა ვარსკვლავებისა: სოფიკო ჭიაურელი, გოგი გეგეჭკორი, კახი კავსაძე, მარია ბაუერი, ზურა კიკალეიშვილი, გურანდა გაბუნია, მხატვრიდან მსახიობად ქცეული დიმა თაყაიშვილი, რომელიც გატაცებით ჩაეწერა ე.წ. ჭორიკანათა გუნდში.
მკაცრი და იშვიათად მომთხოვნი იურა ზარეცკი დილაადრიანად იწყებდა რეპეტიციებს, ანუ მსახიობთა შეუბრალებელ წვრთნას, რასაც ხშირად მეც ვუერთდებოდი და დიდი გატაცებით ვცდილობდი ცეკვის ურთულესი ილეთების ათვისებას, რისთვისაც სრულებით არ ვიყავი მომზადებული. მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ ყველანი, მსახიობებიც და გადამღები ჯგუფიც, ერთნაირი ენთუზიაზმით ვქმნიდით ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებულ მიუზიკლს; ეს კი ნიშნავდა, რომ თელავში, ამ მშვიდ და მყუდრო ქალაქში, დილიდან საღამომდე ისმოდა ნოდარ გაბუნიას მუსიკის ჰანგები და ეს საიდანღაც მოსული, უცნაურად აღტყინებული ადამიანები მუსიკის რიტმში ცეკვა-ცეკვით დადიოდნენ თუ დაქროდნენ აღმა-დაღმა!
328
მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს თავისი ბოლო აქვს და ეს მშვენიერი ავანტიურაც დასრულდა. ფილმი ჩავაბარეთ პრობლემების გარეშე და ამ სურათით მე საკავშირო კინოდელეგაციის შემადგენლობაში შემიყვანეს და გამგზავნეს იტალიაში.
ფრაგმენტები წიგნიდან "რაც მაგონდება და როგორც მაგონდება". გამომცემლობა ,,ფავორიტი პრინტი’’ 2018