ქეთი პატარაია. კინო ბავშვებისთვის

 

„ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს“

 (საბჭოთა პერიოდის ლოზუნგი)

 

რუსთაველის გამზირი ნომერი 6. მე-19 საუკუნის გამორჩეული შენობა. მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენცია. 1941 წლის 2 მაისს, რეკონსტრუქციის შემდეგ, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1937 წლის გადაწყვეტილებით, შენობა ხელახლა გაიხსნა, როგორც სკოლისგარეშე სპორტულ-სასწავლო დაწესებულება − პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე.

მომავალი თაობის „სწორი“ იდეოლოგიით აღზრდა მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა ხელისუფლებისთვის. ამაში კინოს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ტყუილად ხომ არ ამშვენებდა საბჭოთა კავშირის ალბათ ყველა კინოთეატრის ფოიეს ლენინის სიტყვები: „ხელოვნების დარგებიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კინო“.

რას იღებდნენ უფროსები ბავშვებისთვის? ან ბავშვების შესახებ?

1940-1950-იან წლებში გადაღებულია ათამდე ისეთი ფილმი, სადაც ეკრანზე ბავშვები ჩანან, თუმცა, ეს საბავშვო ფილმები არაა.

ასეთი კინოსურათია მიხეილ ჭიაურელისგიორგი სააკაძე“ (1942-1943). აქ სააკაძის ვაჟებს (სხვადასხვა ასაკში) განასახიერებენ მერაბ კოკოჩაშვილი, მ. შარაშიძე, ყარამან მგელაძე, ზურაბ ლეჟავა. განსაკუთრებულად შთამბეჭდავია სამშობლოს შეწირული პაატას პერსონაჟი, რომელიც თავადაც გააზრებულად მიდის ამ თავგანწირვაზე.

ასეთივე ფილმია „ორი ოკეანის საიდუმლოება“ (1957). ერთ-ერთი პერსონაჟია 8-9 წლის ინტერესიანი, მამაცი, მხიარული, ამავე დროს გულუბრყვილო ბიჭი, პავლიკი, გემის კაპიტნის შვილი (პავლიკის როლში იგორ ბრისტოლი). მას ჯერ ხალხის მტერი ჯაშუში მოატყუებს და ინფორმაციას დასტყუებს, თუმცა, საბოლოოდ, მის დაჭერასა და დივერსიის აღკვეთაში სწორედ ბიჭი დაეხმარება უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს.

„ქართველ დედას არ უხაროდა შვილის დაბადება“ − ასე იწყებს მთხრობელი მონათა ბაზარზე გაყიდული ბიჭის ამბავს. კიდევ ერთი არასაბავშვო კინოსურათი, სადაც მაყურებელი ნახევარი ფილმის განმავლობაში პატარა ხვიჩას (ხვიჩას როლში დათო დანელია) გულშემატკივრობს, „მამლუქია“ (1959). ფილმის მეორე ნახევარი მაჰმუდად ქცეული ხვიჩას ტრაგიკული (და არასაბავშვო) ისტორიაა.

ამავე პერიოდში გადაღებულია ისეთი ფილმებიც, სადაც ბავშვები უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სიუჟეტის განვითარებაში.

ასეთი ფილმია „ქაჯანა“ (1941). ბავშვების როლებს ასრულებენ: თენგიზ ამირანაშვილი, ლეილა აბაშიძე, გიორგი მჭედლიშვილი. მწვავე სოციალური დრამა იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს გაუნათლებლობა და ცრუმორწმუნეობა ყველა მჩაგვრელს, საკმაოდ დრამატულია და მოზრდილი მაყურებლისთვის არის განკუთვნილი.

დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ფილმ „აკაკის აკვნის“ (1947) შესახებაც. აქ გლეხის ოჯახში გაზრდილი, კეთილი, გონიერი, სამართლიანი ბიჭის ამბავია მოთხრობილი, რომელსაც საფუძვლად აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ და „გამზრდელი“ უდევს. ერთი შეხედვით, ფილმი ბავშვზეა (აკაკის როლში ომარ ჩიტაია), მაგრამ „გამზრდელის“ სიუჟეტურ ხაზს ფილმი სხვა შინაარსობრივ სიბრტყეში გადაჰყავს. ადამიანის ზნეობრივი სიწმინდის და აღმზრდელის როლისა და პასუხისმგებლობის საკითხი ყმაწვილის აღზრდის საქმეში საბავშვო ფილმის თემატიკას სცილდება.

ასევე რთულია, საბავშვო უწოდო ფილმს „მაგდანას ლურჯა“ (1956). ღარიბი ქვრივის შვილები (როლებში: მიხო ბორაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, ლიანა მოისწრაფიშვილი) სოციალური უსამართლობის მსხვერპლნი არიან. ლიტერატურული პირველწყაროსგან განსხვავებით, სადაც სამართალი იზეიმებს, ისინი დედასთან ერთად გამოცდიან უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღებულ ფსიქოლოგიურ და ემოციურ დარტყმას.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ფილმის „ზვიგენის კბილი“ (1956) პერსონაჟები − უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები (მთავარ როლში საბრი ჩოლოევი), რომლებიც კუნძულზე გამოქვაბულში ცხოვრობენ და თავს ზღვის არსებების დაჭერა-გაყიდვით ირჩენენ. „ბავშვებო, თქვენ უნდა იცოდეთ ჩვენი ცხოვრების მწარე სინამდვილე. უცხოელმა დამპყრობლებმა სისხლში ჩაახშეს ჩვენი ქვეყანა. წაგვართვეს მიწა, გაგვაძევეს სახლებიდან. 100 წელიწადზე მეტია, მონებად ვართ გადაქცეული. და ეს ყოველივე თითქოს მოყვასის სიყვარულისათვის, ჩვენი სიყვარულისათვის ჩაიდინეს“ − საიდუმლოდ ატარებს მათთან გაკვეთილებს მასწავლებელი და ბავშვებიც წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაერთვებიან. ეს ტრაგიკული და მძიმე ფილმი ნამდვილად არ არის საბავშვო.

ბავშვებისთვის ასევე მძიმე საყურებელია კინოსურათი „ორი ოჯახი“ (1957). ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ აიყვანა ქალმა უპატრონო ბავშვთა სახლიდან ჩვილი (ბავშვის როლში დავით სოხაძე) და რამდენიმე წლის შემდეგ დააბრუნა, რადგან ვერ შეიყვარა, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე არასაბავშვო ფილმია ბავშვის მონაწილეობით, იმის მიუხედავად, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად მთავრდება და ბავშვს ახალი დედა გამოუჩნდება.

საბავშვო ფილმის ფუნქციას მხოლოდ 1955 წელს გადაღებული ერთი ფილმი-ზღაპარი ასრულებს, რომელშიც არცერთი ბავშვი არ ჩანს ეკრანზე. ასეთი ფილმია „ცისკარა“. ფილმის სცენარის ავტორია კოტე მიქაბერიძე, რეჟისორი − სერგო ჭელიძე. იგი ფანტასტიკურ ამბავზე აგებული ნაწარმოებია, რომელიც დაკავშირებულია სინამდვილესთან იდეით, მოტივებით, ეროვნული კოლორიტით და შინაარსობრივ დონეზე, როგორც ყველა ზღაპარი, გასაგებია უფროსებისთვის და ბავშვებისთვისაც.

ჩამოთვლილი ფილმები ერთმანეთისგან განსხვავდება მხატვრული ღირებულებით, თუმცა ჩვენ ახლა ამას არ განვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ აქ ნახსენები ფილმების აბსოლუტური უმრავლესობა ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგენს. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ლიტერატურა უფრო ინტერესდება ბავშვებით, რადგან ორიგინალური სცენარების მიხედვით გადაღებულ ფილმებში ბავშვის პერსონაჟი საერთოდ არაა.

თუმცა, 1953-დან 1958 წლამდე სამი ორიგინალური სცენარის ლიბრეტო და განაცხადია შესული კინოსტუდიაში, რომლებიც ნამდვილად საბავშვო ფილმის საფუძვლად შეიძლებოდა ქცეულიყო. ამ სცენარებში მცდელობაა, გამოაჩინონ ბავშვები, მათი პრობლემები, დაამუშაონ სიუჟეტი ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე და საინტერესო გახადონ ბავშვებისთვის.

ერთ-ერთი ასეთია 1953 წელს დრამატურგ გიორგი ნახუცრიშვილის მიერ წარმოდგენილი ლიბრეტო „მცირემეტრაჟიანი საბავშვო ფილმის სცენარისათვის“ „პატარა მეგობრები“. ლიბრეტო შექმნილია ნახუცრიშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, რომელიც იმ პერიოდში წარმატებით იდგმებოდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე. მოქმედება თანამედროვე დროში ვითარდება, მოქმედი პირები არიან მოსწავლეები, პიონერები, რომლებიც ერთმანეთს ეპაექრებიან, ორ ბანაკად გაყოფილები: ვასიკოს ბანაკი ტექნიკითაა გატაცებული, ნიკოს ბანაკის წევრებს კი დიმიტრი ფურმანოვის რომანის, „ჩაპაევის“, გმირებად წარმოუდგენიათ თავი.

„აღნიშნულ მასალაზე შესაძლებელია შეიქმნას ლიტერატურული სცენარი მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ფილმისათვის, რითაც ასე ღარიბია ჩვენი კინოხელოვნება“ − ასეთი დასკვნა ახლავს ლიბრეტოს, რომელსაც ხელს აწერენ: სასცენარო განყოფილების უფროსი შალვა აფხაიძე, უფროსი რედაქტორები: კარლო გოგოძე და ნ. ნიკოლაძე. დადებითი დასკვნის მიუხედავად, ლიბრეტო ფილმად არ ქცეულა.

 ასევე არ ქცეულა ფილმად საბავშვო ფილმის სცენარის შემოქმედებითი განაცხადი „დიდი სახლის პატარა მობინადრენი“ (ავტორები: გურამ პატარაია, ა. აღლაძე, 1955).

სცენარი მიგვითხრობს 10 წლის ანდროს და მისი თანატოლების შესახებ, რომლებიც თბილისში ახალ, მრავალსართულიან, დიდ სახლში ცხოვრობენ და ერთ ეზოში თამაშობენ. ანდრო, რომელიც გმირობაზე ოცნებობს, სახლიდან ბაკურიანში გაიპარება თოვლში დაკარგული მოთხილამურეების მოსაძებნად და თავის გამოსაჩენად. სცენარის ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება და ანდროც იგებს, რომ ბავშვის ნამდვილი გმირობა სწავლასა და შრომაშია. ფინალში იგი ხელს აწევს პიონერული სალუტისთვის და შესძახებს: „მზად ვარ, ვემსახურო მშრომელ ხალხს!“ როგორც ვხედავთ, განაცხადი „იდეოლოგიურადაც გამართულია“, თუმცა, ფილმად მაინც ვერ იქცა.

ასევე გამართულია იდეოლოგიურად ვლადიმერ დუდინცევის საბავშვო მოთხრობა „ონავარი ბიჭი“, რომელიც კინოსტუდიის სასცენარო ფონდში ინახება (ის 1958 წლის დეკემბერში, საკავშირო გაზეთ „კომსომოლსაკაია პრავდაში“ დაიბეჭდა). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ინფორმაციის გარდა, არაფერია მითითებული − ვინ შემოიტანა (თავად დუდინცევმა თუ ვინმე სხვამ) და როდის შემოიტანა (მხოლოდ გაზეთში დაბეჭდვის თარიღი აწერია). მასალის გაცნობა ცხადყოფს, რომ ეს ნამდვილი საბავშვო მოთხრობაა და იმის მიუხედავად, რომ მოქმედება მოსკოვის ახალ რაიონში, ახალაშენებული კორპუსის ეზოში ხდება, მისი გადმოტანა თბილისის ასეთივე უბანში თავისუფლად შეიძლება. მოქმედი გმირები ბავშვები არიან.

 როგორც ჩანს, ეს პროექტი დაიწუნეს, მეტიც, სავარაუდოდ ის არც წაუკითხავთ. ამ მოსაზრებას ადასტურებს მოთხრობის სათაური და მისი ქართული თარგმანი. მოთხრობას ჰქვია „Бешеный мальчик“ („ცოფიანი ბიჭი“), რაც გამართლებულია შინაარსით. ამბავი სწორედ იმის შესახებაა, თუ როგორ უკბინა ეზოს ბავშვების მიერ გამოზრდილმა ძაღლმა ერთ ბიჭს, რომელიც გამუდმებით აწვალებდა მას. არავის ეცოდება ეს ბიჭი, როცა მას ცოფის საწინააღმდეგო აცრას უკეთებენ, პირიქით, ბავშვები მას აბრაზებენ და ცოფიან ალექსს ეძახიან.

 განაცხადის წაკითხვის და განხილვის გარეშე უარყოფა, რასაც ადასტურებს სათაურის არასწორად თარგმნა („ონავარი ბიჭი“ შინაარსს არ შეესაბამება) და ის, რომ არქივში მას არ ახლავს არანაირი სხვა დოკუმენტი, სავარაუდოდ, მისი ავტორის ვინაობითაა გამოწვეული. 1956 წელს ჟურნალ „ნოვი მირში“ დაბეჭდილი ვლადიმერ დუდინცევის რომანი „არა მხოლოდ პურითა“ მწვავე კრიტიკისა და თავდასხმის ობიექტი გახდა. „რეალობის გაუკუღმართებული ჩვენება“ და „მრუდე სარკეში ასახვა“ ასეთი სიტყვებით გააკრიტიკა რომანი ნიკიტა ხრუშჩოვმა, იმდროინდელი კომუნისტური პარტიის პირველმა მდივანმა და 1965 წლამდე დუდინცევის არცერთი ნაწარმოები აღარ დაბეჭდილა (იგი მხოლოდ ახალგაზრდული გაზეთის კორესპონდენტად მუშაობდა).

თუკი შეიძლება, 40-50-იან წლებში საქართველოში გადაღებული ფილმებიდან რომელიმეს ვუწოდოთ საბავშვო, ეს კინოსურათი „მანანაა“ (1958). სცენარის ავტორია ელიზბარ გედევანიშვილი, რეჟისორები: ზაქარია გუდავაძე და შალვა მარტაშვილი. მთავარ როლს ასრულებს ნანული სარაჯიშვილი.

ეროვნულ არქივში შენახულია დასკვნა ფილმის შესახებ, სადაც სასცენარო განყოფილების უფროსი ალექსანდრე მახარაძე და რედაქტორი ა. დარახველიძე იწონებენ მას, ამბობენ, რომ სიუჟეტი ძალდაუტანებლად, უბრალოდ, დამაჯერებლად და ლოგიკურად ვითარდება, პერსონაჟები გააზრებულია. თუმცა, აქვთ რამდენიმე შენიშვნა: მანანას მამის ხასიათი ფილმის კომედიურ ჩანაფიქრთან შესაბამისობაში ვერ მოდის; წარუმატებლადაა დახატული პიონერების პერსონაჟები. მათ აკლიათ ბავშვური უშუალობა და იქცევიან, როგორც უფროსები. ფილმში დიალოგები დიდაქტიკური ხასიათისაა და ბავშვების საუბარი მოკლებულია სიცოცხლეს და სიხალასეს; ფილმში ზედმეტი პერსონაჟებია, რომლებიც კავშირში არაა სიუჟეტურ ხაზთან. აქვე, დადებითადაა შეფასებული ოპერატორის ნამუშევარი, მსახიობთა გუნდის შერჩევა. „თუმცა, მთლიანობაში, რეჟისორებმა ზ. გუდავაძემ და შ. მარტაშვილმა შეძლეს შეექმნათ სახალისო საბავშვო კინოკომედია“.

სამწუხაროდ, ეს ფილმი გამონაკლისია. მაშინ, როდესაც დიდი ყურადღება ექცეოდა ნახატ, თოჯინურ თუ მულტიპლიკაციურ ფილმებს, საბავშვო მხატვრული კინო გერივით ფეხებში ედებოდა ქართულ კინოს. ის საბავშვო კინოს განვითარებით, მხატვრული დონის ამაღლებით, ბავშვების პრობლემების გამოკვეთით არც მომდევნო წლებში დაინტერესებულა.

ომისა და სტალინიზმის ეპოქის დასრულების შემდეგ, 1956 წელს, პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში ნორჩ კინომოყვარულთა წრე „პიონერფილმი“ გაიხსნება, სადაც ბავშვებს კინოს გააცნობენ, შეაყვარებენ, გადაღებას შეასწავლიან. წრეს ჟურნალისტი გულბაათ აბელიშვილი ჩაუდგება. აქ ბავშვებზე თვითონ ბავშვები გადაიღებენ ფილმებს.

  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. თბილისი. 2024