ლელა ოჩიაური. ეს ვარსკვლავი კი . . . მუდამ იარსებებს

ლეილა აბაშიძეს გაზვიადების გარეშე შეიძლება კინოვარსკვლავი ვუწოდოთ, ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული არტისტი, რომლის კინოში საქმიანობის ძირითადი მონაკვეთი საქართველოს ისტორიის უმძიმეს პერიოდს და, შესაბამისად, ქართული კინოს რთულ და წინააღმდეგობრივ პროცესებს დაემთხვა. შემდეგ კი, როდესაც დროება შეიცვალა და ქართულმა კინომაც სახე იცვალა, როდესაც უახლოესი წარსულის წამყვანი, მთავარი და სპეციფიკური ხელწერის არტისტების დიდი ნაწილი ახალი თაობის რეჟისორებმა თანადროულად აღარ ჩათვალეს, ახლისა და „ახლების“ ძიებაში ვერ ან არ დაინახეს ის მთავარი, რაც არც დროს ექვემდებარება და არც „კანონებს“, ლეილა აბაშიძის კინობიოგრაფიაც, ფაქტობრივად, შეწყდა. მსახიობი, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ შეთავაზებებს ვერ აუდიოდა, კინოს გარეშე და სრულფასოვანი ცხოვრების მიღმა აღმოჩნდა. თუმცა, მის სახელსა და განსახიერებულ როლებს ელვარება არ დაუკარგავს. და დღემდე ძალიან ცოტაა ქართულ კინოში, ქართულ კულტურაში ისეთი ხელოვანი, ისეთი მსახიობი, როგორიც ლეილა აბაშიძე იყო და რომლის დიაპაზონის განსაზღვრა თუ ჩარჩოებში მოქცევა ფაქტობრივად შეუძლებელია.

ის იყო ჭკვიანი, ლამაზი, განათლებული, ნიჭიერი (არა მხოლოდ როგორც მსახიობი) ძალიან ცოცხალი ბუნების, საღი, ლაღი და თავისუფალი ადამიანი, რომელიც ბევრი ნიშნით უსწრებდა კიდეც დროს, როგორც ადამიანი, როგორც არტისტი, როგორც მოქალაქე.

მსახიობის ოსტატობას თეატრალურ ინსტიტუტში დოდო ალექსიძესთან, შემდეგ მიხეილ თუმანიშვილთან სწავლობდა. შემდეგ რუსთაველის თეატრში გაანაწილეს, მაგრამ კინოგადაღებების გამო თეატრი დატოვა და კინომსახიობად და კინოვარსკვლავად იქცა. მიხეილ თუმანიშვილს ყოველთვის უნდოდა მასთან სპექტაკლზე ემუშავა, მაგრამ ეს სურვილი აუსრულებელი დარჩა.

საქართველოს ხელოვნების სასახლის კულტურის მუზეუმის არქივში ლეილა აბაშიძის რამდენიმე (ხელნაწერი) განცხადება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტი ინახება. მათგან ერთ-ერთი ავტობიოგრაფიაა (სტილი აქ და ყველგან დაცულია).

ავტობიოგრაფია

მე, ლეილა მიხეილის ასული აბაშიძე დავიბადე 1929 წლის 1 აგვისტოს ქალაქ თბილისში. პირველდაწყებითი განათლება მივიღე შორეულ აღმოსავლეთში, ქ. მაგადანში, სადაც დროებით გვიხდებოდა ცხოვრება 1936-1940 წლამდე, რადგან დედა ხელშეკრულებით გაემგზავრა სამუშაოდ. ხელშეკრულების ვადის გათავების შემდეგ კვლავ დავბრუნდი საქართველოში. საშუალო სასწავლებელი დავასრულე 1946/47 სასწ. წ. ამჟამად ვსწავლობ თეატრისმცოდნეობის ფაკულტეტზე. ვარ კომკავშირელი. მამა არა მყავს. მყავს ორი მცირეწლოვანი ძმა. დედა მუშაობს ფიზიო-თერაპევტიულ ინსტიტუტში.

ლ. აბაშიძე. 22/IV – 1948 წ.“ (სათეატრო მუზეუმი, #15092)

კიდევ ერთი განცხადება, კულტურის სასახლის ფონდიდან, ასეთი მინაწერითაა:

ლეილა მიხეილის ასული აბაშიძე, განცხადება ხელოვნების სამმართველოს უფროსისადმი [თხოულობს სამმართველოში სამუშაოდ მიიღონ სტატისტად]

ავტოგრაფი ქართულ ენაზე. 1948 წ. 1 გვ.

„საქ. სსრ ხელოვნების სამმართველოს უფროსს

ლენინის ქ. N45 მცხოვრები ლეილა მიხეილის ასულ აბაშიძის

                                                                                    განცხადება

მსურს ვიმუშავო თქვენს მიერ რწმუნებულ ხელოვნების სამართველოში სტატისტიკოსად.

ვსწავლობ თეატრალურ ინსტიტუტთან არსებულ თეატრისმცოდნეობის ფაკულტეტზე, სადაც ლექციები მეწყება 4 საათიდან. გთხოვთ მიმიღოთ აღნიშნულ სამუშაოზე და თუ შესაძლებელი იქნება მომცეთ საშუალება პარალელურად სწავლისა.

ლ. აბაშიძე, 22/1V. 1948 წ.“ (ბეჭედი - თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი. ფონდი #1, საქაღალდე 1220)

ლეილა აბაშიძის მამა მიხეილ აბაშიძე, რომელსაც მოსკოვში მაღალი თანამდებობა ეკავა, 1930-იან წლებში დააპატიმრეს, ციმბირში გადაასახლეს და შემდეგ დახვრიტეს. ეს ამბავი, როგორც წითელი ტერორის წლებში ხშირად ხდებოდა, ოჯახმა დიდხანს არ იცოდა. დედამ, მეუღლესთან სიახლოვის მიზნით, საკუთარი თავი, შეიძლება ითქვას, თვითონ „გაიციმბირა“, მაგადანში მუშაობის უფლება ითხოვა და შვილებიანად იქ გადასახლდა, წლები გაატარა ჩრდილოეთში, ფიზიკურად და მორალურად მძიმე პირობებში, ქმრის სიკვდილით დასჯის ცნობის მიღებამდე და შემდეგ საქართველოში დაბრუნებამდე.

ლეილა აბაშიძემ კი, იმის მიუხედავად, რომ ხალხის მტრის შვილი იყო და სახელმწიფოსთვის არასაიმედო ოჯახის წევრად ითვლებოდა, შეძლო, უპირველესად, კონსტანტინე პიპინაშვილის წყალობით, და საკუთარი ბიოგრაფია და კარიერა, გარკვეული პერიოდით, ისე ააწყო, როგორც სხვამ ვერავინ ვერც მაშინ შეძლო და დღემდეც ვერავინ გაიმეორა. შემდეგ ყველაფერი ისევ საბედისწეროდ შეიცვალა და ლეილა აბაშიძე ამ მხრივაც გამორჩეული აღმოჩნდა.

ყველაფერი კი 1941 წელს, კონსტანტინე პიპინაშვილის „ქაჯანათი“ დაიწყო, რომელშიც ლეილა აბაშიძემ კატოს როლი შეასრულა, თან ქართული კინოს ვარსკვლავების ნატო ვაჩნაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სპარტაკ ბაღაშვილის გვერდით. და თუმცა, წარმატებული ნამუშევრის მიუხედავად, 11-12 წლის ბავშვის კარიერის განსაზღვრა თითქოს შეუძლებელია, ისე მოხდა, რომ სწორედ კატომ და კონსტანტინე პიპინაშვილმა „გადაწყვიტეს“ ლეილა აბაშიძის მომავალი.

რამდენიმე წლის შემდეგ კონსტანტინე პიპინაშვილმა კვლავ მიიწვია ლეილა აბაშიძე ფილმში „აკაკის აკვანი”, ნაზიბროლას როლზე. აქ პირველად გამოიკვეთა კონტურები, რომლებიც შემდგომში მსახიობის შემოქმედების მთავარ მახასიათებლებად იქცა. ლირიკული, მოკრძალებული, თვინიერი და თან ლაღი, თამამი ნაზიბროლა მსახიობმა დამაჯერებლად და მყარი ნიუანსების ერთიანობით შექმნა. და პოპულარობასაც მიაღწია. მაგრამ ჯერ კიდევ ადრე იყო. ვარსკვლავი შემდეგ დაიბადა, 1953 წელს.

სიკო დოლიძისა და ლევან ხოტივარის “ჭრიჭინამ” არნახული პოპულარობა მოუტანა ლეილა აბაშიძეს. მარინეს სახე მსახიობმა კომიკურისა და ლირიკულის ზღვარზე შექმნა. ეს ცოცხალი, ტემპერამენტით აღსავსე პერსონაჟი სრულიად გახსნილია, შინაგანად თავისუფალია და ეპოქის სტანდარტებისგანაც თავისუფალი.

ჭრიჭინას” შემდეგ უცხოურმა პრესამ მსახიობს ქართველი მერი პიკფორდი უწოდა. 1956 წელს კი, ნიკოლოზ სანიშვილის „აბეზარამ“კინოვარსკვლავის ამერიკული დიდებაც უკან „ჩამოიტოვა“ და ლეილა აბაშიძე არა მხოლოდ სამსახიობო წარმატების, არამედ სილამაზის, სტილის, პიროვნული თვისებების, საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი ქალის ეტალონად აქცია.

შემდეგი და ასევე თავბრუდამხვევი წარმატება მოჰყვა ლეილა აბაშიძის მაია წყნეთელს, რეზო ჩხეიძის ამავე სახელწოდების ფილმში. ვაჟად გადაცმული მსახიობი გარდასახვის გასაოცარ უნარს ამჟღავნებს. დამაჯერებელია მისი ყოველი მოქმედება, მიმიკა, მოძრაობის მანერა. მარტო ისინი კი არა, რომლებისთვისაც ისედაც საიდუმლო იყო მათე-ბიჭის ვინაობა, არამედ მაყურებელიც ივიწყებდა, მის წინაშე ქალი იყო თუ ვაჟი...

1950-1960-იან წლებში ლეილა აბაშიძეს წელიწადში რამდენიმე ფილმში ერთდროულად იღებდნენ. 60-იანების მეორე ნახევრიდან ფილმების რაოდენობა მცირდება, შემდეგ იშვიათობად იქცევა, თუ რამდენიმე მეორეხარისხოვან როლს არ ჩავთვლით. შემდეგ ესეც აღარ იყო. 1980 წელს, უფუნქციოდ და კინოს გარეშე დარჩენილმა, სასოწარკვეთილმა და გამოსავლის მაძიებელმა, გადაიღო კომედია „თბილისი-პარიზი-თბილისი“, ლევან ჭელიძის სცენარის მიხედვით და მასთან თანაავტორობით. რეჟისორებს იშვიათად ახსენდებოდათ და მეორეხარისხოვან და ეპიზოდურ როლებზე იწვევდნენ. ისიც თანხმდებოდა, რადგან სხვა გამოსავალი და ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა.

მთლიანობაში ლეილა აბაშიძის ფილმოგრაფია ასე გამოიყურება: „ქაჯანა“, „აკაკის აკვანი“, „ჭრიჭინა“, „აბეზარა”, „ჩვენი ეზო”, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან”, „გაზაფხული საკენში“, „მაია წყნეთელი”, „სად არის შენი ბედნიერება, მზია?”, „ხევისბერი გოჩა”, „ავარია“, „მე ვიცეკვებ” (ჩეჩნეთ-ინგუშეთი), „შეხვედრა წარსულთან”, „შეხვედრა მთაში”, „მოლოდინი”, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „დიდოსტატის მარჯვენა”, „სინემა“, „ნამდვილი თბილისელი და სხვები“, „ყველა კომეტა როდი ქრება“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ლეგენდა სურამის ციხეზე“.  სრულიად სხვადასხვა ხასიათის, ბიოგრაფიის, ასაკის, ეპოქის, სოციალური მდგომარეობის პერსონაჟები, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ მეორდებიან და არცერთ შემთხვევაში არ იქცევიან შტამპად და ბანალობად, გარკვეულ პერიოდში კინოში არსებული კლიშეებისა და სტერეოტიპების მიუხედავად.

თამაშობდა ეპოქ(ებ)ის, ფაქტობრივად, ყველა „მთავარ“ რეჟისორთან, ესენი არიან: კონსტანტინე პიპინაშვილი, სიკო დოლიძე, ნიკოლოზ სანიშვილი, თამაზ მელიავა, მიხეილ ჭიაურელი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, შოთა და ნოდარ მანაგაძეები, რეზო ჩხეიძე, ლიანა ელიავა, ლანა ღოღობერიძე, გენო ჩირაძე, ტოფიკ ტაგიზადე, სერგო ფარაჯანოვი, ნანა მჭედლიძე და სხვები.

ლეილა აბაშიძის გმირები სრულიად სხვადასხვა ხასიათის კინონამუშევრებში − კომედიიდან დრამამდე, მელოდრამიდან ტრაგედიამდე, თანამედროვიდან ისტორიულ პერსონაჟამდე − თვისებრივად, ჟანრობრივად იცვლებოდნენ და მსახიობიც ზუსტად და ძალიან მკაფიოდ გრძნობდა ყველა იმ მოცემულობას, ყველა იმ დეტალსა და ელემენტს, რომელიც საჭირო იყო ისეთი კონტრასტული და არაერთგვაროვანი სახეების დამაჯერებლად შესაქმნელად, როგორებიც იყვნენ მისი გამორჩეული სამსახიობო ოსტატობით შესრულებული პერსონაჟები ფილმებიდან: „სად არის შენი ბედნიერება, მზია“ − მზია, „დიდოსტატის მარჯვენა“ − ვარდისახარი, „ხევისბერი გოჩა“ − ძიძია, „მოლოდინი“ − ქეთევანი, „შეხვედრა წარსულთან“ − ნინო, „შეხვედრა მთაში“ − მზევინარი/ლალი და სხვა.

შემდეგ ეს წარმატებული და აღმავალი კარიერა, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ნელ-ნელა და საბოლოოდ შეწყდა. მხოლოდ ხანგრძლივი პაუზის, 20-წლიანი სიცარიელის შემდეგ ლეილა აბაშიძე ლანა ღოღობერიძემ მთავარ როლზე მიიწვია ფილმში „ორომტრიალი“, ზაირა არსენიშვილის სცენარის საფუძველზე. და არ შეცდა.

ავტორების ჩანაფიქრით, მანანა იაშვილის როლი თავიდანვე ლეილა აბაშიძისთვის იყო გამიზნული და მრავალი დეტალი მსახიობის ბიოგრაფიას ეყრდნობა, რაც მეტ დამაჯერებლობას აძლევს პერსონაჟს და, ამავე დროს, ბევრი ქალის ბიოგრაფიის, ბევრი ადამიანის მეტაფორად აქცევს, რომლებსაც არც პირად ცხოვრებაში და არც საქმიანობაში, მიზეზთა და გარემოებათა გამო, არ გაუმართლათ. რთული და მრავალფეროვანია მანანას ბუნება. წინააღმდეგობებით, მოვლენებითაა აღსავსე მისი ცხოვრება. ხშირად მძაფრ სიტუაციებში უხდება ყოფნა, ხშირად არჩევნის წინაშე დგას, ხშირად გამოცდას უწყობს ბედი და სიხარული კი არ მოაქვს.

ლეილა აბაშიძე საქართველოში უყვარდათ, ეჭვიანობდნენ მასზე, აკონტროლებდნენ მის ყველა ნაბიჯსა და საქციელს, კიცხავდნენ, გმობდნენ, ლეგენდებს თხზავდნენ, ხან რას მოუგონებდნენ და ხან რას. ერთი სიტყვით, გასაქანს არ აძლევდნენ, მაშინაც კი, როდესაც, როგორც მსახიობი, აღარ ახსოვდათ და მისი არსებობა აღარ „აწუხებდათ“. მაშინაც, როდესაც მორალურად და ეკონომიკურადაც ძალიან უჭირდა და მარტოსულს თანადგომას არავინ უცხადებდა. საუბრობდნენ, განსჯიდნენ და არ ზრუნავდნენ.

კულტურის სასახლის არქივში ასეთი, ურთიერთდაკავშირებული დოკუმენტებიც ინახება. (01/1178 080690)

დახასიათება

აბაშიძე ლეილა მიხეილის ასულიდაბადებული 1929 წელს, ქართველი, უპარტიო, უმაღლესი განათლებით, 1952 წელს დაამთავრა . რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, მუშაობს კინოსტუდიაში 1955 წლიდან დღემდე მსახიობად.

ამხ. . აბაშიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული 22 მხატვრული ფილმის შექმნაში. შესრულებული აქვს უმთავრესად მთავარი როლები ფილმებში: „ქაჯანა”, „ჭრიჭინა”, „აბეზარა”, „მაია წყნეთელი”, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან”, „შეხვედრა წარსულთან”, „შეხვედრა მთაში”, „ორომტრიალიდა სხვა. გარდა ამისა მის მიერ შექმნილია სცენარები: „მოლოდინი”, „თბილისი-პარიზი”, რომლის მიხედვითაც მან თვითონ დადგა ფილმი როგორც დამდგმელმა რეჟისორმა. . აბაშიძეს 1958 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1964 წელს საქ. სსრ სახალხო არტისტის საპატიო წოდებები. ამავე წელს კი ჩეჩენო-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტის საპატიო წოდება. ამხ. . აბაშიძე აქტიურ მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივ საქმიანობაში, არის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. კინოსტუდიის კოლექტივში სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტით.

კინოსტუდიაქართული ფილმისდირექტორი . ჩხეიძე“.

ცნობა

აბაშიძე ლეილა მიხეილის ასული დაბადებული 1929 წელს, . თბილისში, უმაღლესი განათლებით, 1952 წელს დაამთავრა . რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, მუშაობს კინოსტუდიაში 1955 წლიდან დღემდე მსახიობად... . აბაშიძეს 1958 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1964 წელს საქ. სსრ სახალხო არტისტის საპატიო წოდებები. ამავე წელს კი ჩეჩენო-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტის საპატიო წოდება.

მას დაენიშნა მოხუცებულობის პენსია 131 მან. და 25 კაპ. თვეში. არის უპარტიო, კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი...

კინოსტუდიაქართული ფილმისკადრების განყოფილების უფროსი .ზანდუკელი“.

ამხ. ლეილა მიხეილის ასულ აბაშიძისათვის რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობს საქ. სსრ კულტურის სამინისტროს კოლეგია“.

ვარსკვლავ ლეილა აბაშიძეს დაენიშნა მოხუცებულობის პენსია − 131 მანეთი და 25 კაპიკი!

ლეილა აბაშიძე დაიბადა 1929 წლის 1 აგვისტოს, თბილისში, გარდაიცვალა 2018 წლის 8 აპრილს, 88 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მიღებული წოდებები, ჯილდოები: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965), ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო არტისტი (1964), შრომის წითელი დროშის ორდენი (1961), ღირსების ორდენი (1999), საპატიო ვარსკვლავი კინოთეატრრუსთაველისწინ და თბილისის საპატიო მოქალაქე (2009); სხვადასხვა წლებში პრემიები ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის თბილისის, ტაშკენტის, ლენინგრადის, ტოკიოს კინოფესტივალებზე.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე, 2009 წელს, ლეილა აბაშიძემ თქვა: „ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის ნატო ვაჩნაძის ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს, ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს“.(https://burusi.wordpress.com/2010/01/03/leila-abashidze-3/).

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. თბილისი. 2024