ლელა ოჩიაური

ქალი სიმბოლო

შტრიხები პორტრეტისათვის (დარეჯან ხარშილაძე)

ყველა პროფესიის წარმომადგენელთა შორის გამოირჩევა მსახიობი, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. თუ როლზე არ მიიწვევენ, ყოველთვის განზე მდგომი აღმოჩნდება, თავისით გზას ვერ გაიკვლევს.

მსახიობისთვის ყველაზე დიდ სასჯელად ბედს ლოდინი დაუწესებია. ახალი ფილმის, ახალი სპექტაკლის მოლოდინში კი დრო გადის. ბევრი როლი უბრალოდ ასაკის გამო ხდება მიუწვდომელი, ბევრიც - უკვე სხვის მიერ ნათამაშებია. ამაში თითქოს თანაბრად „მიუძღვის“ ბრალი რეჟისორსაც, მსახიობს რომ „ვერ“ აღმოაჩენს, და თავად მსახიობს, შესაძლებლობას რომ ხელიდან გაუშვებს. მსახიობისათვის აუცილებელ მოთხოვნილებას ხომ სცენური ან ეკრანული ცხოვრება წარმოადგენს, რომელსაც აუცილებლად თან უნდა ახლდეს წარმატება, მაყურებლის ტაში, აღფრთოვანება, დაფასება.

ყველაფერი ეს კონკრეტულად დარეჯან ხარშილაძის შესახებაც ითქმის. მისი შემოქმედებითი გზა სირთულეებით, წინააღმდეგობებით იყო აღსავსე. და აი, დღეს, როდესაც შვიდწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა თეატრსა და კინოს, როდესაც წარმატებით შეასრულა რამდენიმე როლი და აქტიურად მუშაობს ახლებზე, უფრო მძაფრად წარმოჩინდა დაკარგული წლების ტკივილი. ამდენი ხნის ინტერვალი ხელოვნებაში მსახიობისთვის ძალიან დიდია. პერიოდი, როდესაც ახალგაზრდა შემოქმედი პიროვნებად, მსახიობად ყალიბდება, როდესაც ცხოვრება და ხელოვნება ყველა საშუალებას აძლევს გაიზარდოს, განმტკიცდეს, ადგილი დაიმკვიდროს. ნაცვლად ამისა კი ეს შვიდი წელი მოლოდინის, მარტოობის, საკუთარ თავსა და ხელოვნებაში რწმენის დაკარგვის, დავიწყების წლებად იქცა მსახიობისთვის. წლებად, როდესაც პროფესიული დაუკმაყოფილებლობა ყველაზე მეტად აწვალებს, და როდესაც წყურვილი, ითამაშოს, იდგეს ყოველ საღამოს სცენაზე და ყოველი დღე გადასაღებ მოედანს დაუთმოს, მხოლოდ წყურვილად რჩება. როდესაც თვლის, რომ ყველაფერში თვითონაა დამნასავე: როდესაც შეუგნებლად გაუშვა ის ერთი წამი, ბედმა რომ არგუნა და რომელსაც, ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს უნდა ელოდოს!

არადა, ყველაფერი ხომ სულ სხვანაირად დაიწყო.

ჯერ კიდევ  თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას - შიდა საინსტიტუტო სპექტაკლები და მიწვევა მოზარდ მაყურებელთა თეატრში...

შემდეგ, ამავე თეატრში მსახიობობა, მარჯანიშვილის თეატრი, ტელესპექტაკლები... დიდი და პატარა როლები. წარმატებები, ზოგჯერ - ჩავარდნები, მერე ისევ ხალხით სავსე დარბაზები, დადებითი რეცენზიები, მაყურებლის სიყვარული. ოვაციები. ყვავილები.

მერე - რუსთაველის თეატრი. პირველი სპექტაკლი. პირველი წარუმატებლობა „დრაკონში“... იმედის გაცრუება საკუთარ თავში, თეატრში. უმოქმედობისაგან თავის დაღწევის ცდები და მაინც, ისევ თეატრი, „თეატრის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია“. მაგრამ ერთი წარუმატებლობა არასდროს გამხდარა მსახიობისთვის სრული მივიწყებისა და უარყოფის საფუძველი. ახლა ამის შესახებ საუბარი ადვილია.

„პრემიერის დროს მთავარი როლის შემსრულებელი გოგონა არ გამოცხადდა“ - ეს რეპლიკა დარეჯან ხარშილაძის გმირს ეხება რ.სტურუას სპექტაკლში „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, რომელიც მან სულ ახლახან ითამაშა. ანოსა და ოფელიას როლით დაუბრუნდა დარეჯან ხარშილაძე სცენას და პირველი პრემიერა დიდი  ხნის განშორების შემდეგ, პირველი მნიშვნელოვანი წარმატება... მაგრამ ეს დღეს ხდება.

მანამდე, ასევე დიდი ხნის წინ, დარეჯან ხარშილაძეს კიდევ ერთი წარმატება ხვდა ყველაზე მძიმე პერიოდში - სრული უმოქმედობის ჟამს.

ეს მოხდა კინოში, 1978 წელს. ა.რეხვიაშვილმა თავის „მე-19 საუკუნის საქართველოს ქრონიკაში“ ერთ-ერთი მთავარი გმირის, ინალის როლზე მიიწვია.

იმ გაუვალ, დაღუპულ და ნაცრისფერ სამყაროში, სადაც ყველა ადამიანური სიავე განურჩევლად გაბატონებულა, მოულოდნელად წარმოგვიდგება ინალი. მისი სახე ისევე, როგორც ყველაფერი ამ ფილმში, სიმბოლოა არამიწიერის, ამაღლებულის სიმბოლო!

მსახიობის წინაშე რთული ამოცანა იდგა:  უნდა ყოფილიყო  ყველასაგან განსხვავებული, კონტრასტული და, ამავე დროს, არ უნდა დაერღვია ფილმის საერთო გადაწყვეტა. გარემოს უნდა შერწყმოდა.

... მთავარი გმირი კარს აღებს და ამ მოძრაობით ეკრანზე შემოდის გოგონა, დიდი, სევდიანი თვალებით, შეშფოთებული იცქირება.

ეს ინალია - ჭუჭყსა და გულცივობაში ამოსული მცენარე. ინალი კონტრასტია ყველაფერთან, რაც ხდება. იგი ხელშეუხებელია. საოცარია მისი არსებობა ამ ქალაქში, ჩინოვნიკთა წრეში, და ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია მისი არსებობა, ორმაგად უფრო ლამაზიც და წმინდაც, რადგან ამ ჭუჭყს მისთვის ვერაფერი დაუკლია.

ინალი არამიწიერია, უცხოა და თან, საოცრად ნაცნობიც. იგი იმ სიკეთის განსახიერებაა, ბოროტებას რომ ებრძვის მარად და მუდამ იმარჯვებს. მისი უშველებელი, გაოგნებული, ფართო თვალები უცქერენ სამყაროს... მსახიობი თავისი შინაგანი ძალით ახერხებს იმის მიღწევას, რაშიც არავის ეპარება ეჭვი: დიახ, სწორედ იგია ერთადერთი ჭეშმარიტება. იგია ერთადერთი ჭეშმარიტება. იგია ერთადერთი ძალა, 9 ყველაფერს შეცვლის. იგია ნიშანი იმისა, რომ ერი, რაც უნდა ჩაგრული იყოს, თავისი სულის დამოუკიდებლობას მაინც შეინარჩუნებს და ვერავითარი ავი ძალა მას ვერ შეეხება. ინალი უნდა ცხოვრობდეს იქ, იმ სოფელში, სადაც ადამიანებს თავისი ეროვნული სახე არ დაუკარგავს, სადაც სიკეთე იბრძვის და ერთი მუჭა საღი, ნათელი ადამიანებისა, ჯერ კიდევ დარჩენილა.

ინალი, თანასოფლელთა მსგავსად, ამოიცნობს ნიკოში მხსნელს - სუფთა სულს, სიმამაცეს, და შემდეგ თვითონვე მოევლინება მას მხსნელად. შეშფოთებული გარბის ტყეში, ვითარცა მონადირისგან დევნილი შველი - დამფრთხალი სახით!.. ასეთივე შეშფოთებით იკითხავს სოფელში ნიკოს ამბავს და გაქრება ლანდივით, თავად დევნილი, კვლავ ტყეს უბრუნდება სხვის დასახმარებლად.

ინალი - ქართული ფრესკების გაცოცხლებული გამოსახულება, სიწმინდის სიმბოლო, კაცობრიობის ნათელი თვისებების მატარებელი. მსახიობს ხელს უწყობს ფაქტურული მონაცემები, - თხელი, ჩამოქნილი სახე, დიდი, სევდიანი თვალები. ჰაეროვანი პლასტიკა, გაუბედავი და, ამავე დროს, მოქნილი სიარული - დახვეწილი, აზიდული, თითქოსდა, უხორცო სულიერის ნიშანი!

ალბათ, ერთადერთი გმირი, რომელიც თავის აქტიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ამბისადმი მთელი ფილმის განმავლობაში - ინალია.

ინალი ამაღლებულია. მფარველი ანგელოზივით შეუძლია გადაეფაროს ნიკოსაც და გლეხებსაც, რომელთა დაცვა თვით ნიკოს უკისრია. ისევ  გაგრძელდა ის სიცარიელე, რაც „მე-19 საუკუნის საქართველოს ქრონიკას“ წინ უძღოდა. პირველი გამარჯვება კინოში და ისევ უმოქმედობა?!... არც ერთი მიწვევა ფილმზე! არც ერთი როლი თეატრში! კვლავ ერთმანეთს მიეწყო წინააღმდეგობებით სავსე წლები.

1982 წელი თითქოსდა გარდატეხის წელიწადად იქცა დარეჯან ხარშილაძისათვის. რეჟისორი ლანა ღოღობერიძე მას მიიწვევს ორსერიან მხატვრულ ფილმში, „დღეს ღამე უთენებია“, სადაც მთავარი გმირი ქალის როლის შესრულება დაეკისრა. ბუნებრივი იყო მსახიობის შიში, მორიდება და გაუბედაობა, რაც ამ წინადადებას მოჰყვა.

„გადაჩვეული ვიყავი მუშაობას, რეჟისორს... ხოლო ასეთი სერიოზული როლი კინოში ჯერ არ მეთამაშა“.

მისი გმირი, სახელად ევა, თავს უყრიდა ყველა საწყისს, ყველა იმ დადებით თვისებას,  რაც ქალშია გაერთიანებული. იგი უნდა ყოფილიყო უაღრესად ეროვნული და, ამავე დროს, ზოგადსაკაცობრიოს სიმბოლოც.

დარეჯანმა განასახიერა ევა ჩვიდმეტი წლის ასკიდან ოცდათხუთმეტ წლამდე, ე.ი. აჩვენა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი გოგონას ქალად ჩამოყალიბების გზა. აჩვენა მდიდარი ბუნების ყველა ასპექტი. მთლიანად გახსნა ამ პიროვნების შინაგანი სამყარო, მისი პოტენციური და გამოვლენილი შესაძლებლობები. აჩვენა იგი სხვადასხვა სოციალურ ფენაში, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, რევოლუციამდელი პერიოდიდან საბჭოთა წყობილების განმტკიცების წლებამდე.

ევას პიროვნება განცდებისა და ტკივილის, მრავალი დანაკარგის, იმედგაცრუების გავლით ყალიბდება.

რთული გზა, რაც მან სიცოცხლით აღსავსე, მხიარული და წმინდა გოგონადან ცხოვრების სიმძიმით დადინჯებული, გაციებული და მაინც შეუდრეკელი ამაყი ქალის პიროვნებამდე განვლო, დარეჯან ხარშილაძემ სიწრფელით, მთელი თავგანწირვით გვიჩვენა.

ეკრანზე ჯერ ხალისიან, ბედნიერ, უშუალო სოფლელ გოგონას ვხედავთ, რომელიც აქაც გამორჩეულია სისადავით, დახვეწილი გარეგნობით, ქცევით. იგი ყმაწვილი ქალისთვის დამახასიათებელი სიმორცხვით, სინორჩითა და სიმსუბუქით, ანთებული, ბედნიერი თვალებით ცხოვრობს გიორგის გვერდით. შემდეგ, გიორგის რომ მოკლავენ, ევაც შეიცვლება. შეშლილი სახით, გაოგნებული აწყდება აქეთ-იქით. მისი სახე სულიერი ტკივილის გამომხატველია!

ყველაფერი გათავდა. ცხოვრებამ ფასი დაკარგა. მზეს თალხი ჩამოეფარა. მაგრამ არასოდეს დაკარგავს ევა სიამაყეს. მაინც თავაწეული, წელში გამართული, მკაცრი ქალია! ცხოვრების ბოლომდე ასეთი რჩება და ყველა შემთხვევაში თავის ღირსებას, ქალობას და სიწმინდეს შეინარჩუნებს.

შემდეგ, კიდევ ერთხელ შეცვლის დარეჯან ხარშილაძე ევას ბუნებას. მას საყრდენი სჭირდება. იგი გადაარჩენს მამას და სპირიდონას ცოლი გახდება. მორჩილად შეასრულებს თავის მოვალეობას, ქმრის ბრძანებებს და ამით ყველაფერს ამოწურავს. იმ სიყვარულს, სითბოს, ვერაფრით რომ ვერ გაუყოფს ცბიერ და არაკეთილშობილ სპირიდონას, იგი სხვა ადამიანების მიმართ გამოხატავს. საოცრად გარდაიქმნება ხოლმე სხვებთან შეხვედრისას. ისევ ცოცხალი და მოქნილი გახდება მისი მოძრაობები, მოქმედება.

საგანგებო აღნიშვნის ღირსია ერთი ეპიზოდი.

ევა ბავშვს იშვილებს და ქუჩაში მოაბიჯებს. ისეთი საოცარი ღიმილი დასთამაშებს სახეზე, ენით აუწერელი ისეთი ბედნიერი ღიმილი, რომ მთლიანად გაიხსნება ამ ქალის ხასიათი, მისი საოცარი სიყვარულის უნარი ადამიანებისადმი. ის ქალური და უაღრესად დადებითი თვისებები, რომლებიც, თურმე, გიორგის სიკვდილს კი არ წაუყოლებია თან, არამედ, უბრალოდ გაუყინავს.

ევა ყველა ადამიანს განსხვავებულად უყურებს, სხვადასხვაგვარად აღიქვამს. ყველას ისე ექცევა, როგორც იმსახურებენ, და არც ერთი წამით არ იფარებს ნიღაბს.

გულწრფელია ყველასთან. ყველა მოვლენას ეკრანზე ევას მეშვეობით, სხვა პერსონაჟებთან მისი დამოკიდებულებით აფასებს მაყურებელი. თუკი გიორგისადმი სიყვარული ფეთქავდა, თუკი ახალგაზრდული ენერგია პირველადობით, განუმეორებლობით  გამოირჩეოდა, თუკი ევას პიროვნებასა და ამ სიყვარულში სუფევდა ჰარმონია, ევას არჩილი უკვე სხვაგვარად უყვარს - დინჯად, აუღელვებლად, მხოლოდ სულიერად!.. აღარასოდეს აღინთება არჩილისაგან ისე, როგორც გიორგისაგან. არასოდეს არ არის თავისუფალი და ლაღი ამ სიყვარულში. აქ სპირიდონას წინაშე  მოვალეობის გრძნობაც უშლის ხელს, გიორგის ხსოვნაც და, ბოლოს და ბოლოს ისიც, რომ ჭეშმარიტად მხოლოდ ერთხელ შეიძლება დაიწვას. დარეჯან ხარშილაძე ახერხებს ამ ქალის მრავალფეროვანი ბუნების ჩვენებას.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ევა საოცრად ლამაზია, ჰაეროვანი, ლირიული.

მისი თხელი სახე, ფიქრიანი, ღრმა თვალები, აზიდული და დახვეწილი სხეული სრულ ჰარმონიაშია ამ ქალის ბუნებასთან, ისეთი ქალისა, რომელმაც უპირველეს ყოვლისა, თავისი გარეგნობით, ფაქტურული მონაცემებით და ადამიანური თვისებებით მოხიბლა ყველა, ვისთანაც კი ურთიერთობა ჰქონია.

დიახ, იგია ქალი, რომლის სიყვარულმაც სპირიდონას მოაკვლევინა გიორგი, ქალი, რომელიც ბევრი სხვა მამაკაცის ოცნებად ქცეულა.

ევა თავისი სულიერი და ფიზიკური სილამაზით ერის სიწმინდის, ეროვნული სულის დამოუკიდებლობის, კეთილშობილი და ამაყი ბუნების სიმბოლომდე ამაღლდა.

ევას როლის შესრულების შემდეგ დარეჯან ხარშილაძეს კვლავ გაეხსნა გზა ფართო შემოქმედებისაკენ. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.

 

„ახალი ფილმები“, საქართველოს სსრ კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის სარეკლამო-საგამომცემლო განყოფილება. მთ.რედაქტორი: ვასილ მჭედლიშვილი. 1984, №9, გვ.14-15