აკაკი ბაქრაძე

უგზოობის გზა

("ნეილონის ნაძვის ხე")

 

  და მიდიოდნენ ისინი სოდომისაკენ. მაშინ გაბედა და ჰკითხა აბრაჰამმა უფალს თავისას:

- ნუთუ მტყუანსა და მართალს ერთნაირად გაანადგურებ? თუ ორმოცდაათი მათ შორის მაინც იქნება პატიოსანი და ღმრთისმოსავი,მათაც წარწყმედ?

          მიუგო უფალმა პასუხად:

            - თუ ერგასისნი იქნებიან მართალნი,გადარჩება ქალაქი იგი.

          გათამამებულმა აბრაჰამმა კვლავ შებედა უფალს:

           -  მიწა ვარ და ნაცარი შენი. თუ ორმოცდახუთი კაცი იქნება ღმრთისმოსავი და პატიოსანი, მაშინ?

           -  თუ ორმოცდახუთი იქნება, არც მაშინ გავანადგურებ.

           -  თუ ორმოცი?

           -  არ მოვსპობ.

           -  თუ ოცდაათი?

           -  შეწყალებული იქნება ქალაქი.

           -  თუ ოცი?

           -  ოციც საკმარისია შესაბრალებლად.

           -  თუ ათი?

           -  ათი მართალი და ღმრთისმოსავი კაცისთვის ვაპატიებ მთელ ქალაქს დანაშაულს.

          და მიდიოდა უფალი სოდომისაკენ.

 

                           * * *

         რასაც ეკრანზე ვუყურებთ, უბრალოა, ჩვეულებრივი. მგზავრები სხდებიან ავტობუსში და მიემგზავრებიან შინ. ყველა ჩქარობს. ყველას ერთი სურვილი აქვს: საკუთარ ჭერქვეშ გაითენოს ახალი წელი. გზადაგზა, თანდათან ვლინდება მათი ბუნება, ხასიათი, თვისება. სცენარის ავტორები რეზო ესაძე და ამირან დოლიძე მიმართავენ დრამატურგიულ ხრიკსაც: მაყურებელს რომ არ მოსწყინდეს, მოულოდნელსა და უცნაურს რომ ელოდეს, ავრცელებენ ხმებს —– ვიღაც დამნაშავენი გაქცეულან საპატიმროდან, მათ ეძებენ. მართლაც, გზაში მილიცია რამდენჯერმე აჩერებს ავტობუსს. ასეთ облава-ს ჯერ არ მოვსწრებივარო, —– ამბობს კიდეც ხანდაზმული, ჩაბალახიანი მგზავრი (შალვა ხერხეულიძე. ისიც უნდა გითხრათ,რომ პერსონაჟებს სახელები არა აქვთ. ამიტომ როცა გამიჭირდება, პროტაგონისტებს მსახიობთა სახელით მოვიხსენიებ). შეიძლება გაქცეულნი ავტობუსშიაც იყვნენ თავშეფარებული. საეჭვოდაც იქცევა ორი ახალგაზრდა მგზავრი (გივი ჩუგუაშვილი,  მერაბ ნინიძე). ისინი მილიციას პირს არიდებენ. დამფრთხალი იყურებიან აქეთ-იქით. „ვოლგითაც“ მოსდევენ ვიღაც-ვიღაცეები ავტობუსს. ისვრიან კიდეც. ერთი სიტყვით, დრამატურგიული ზამბარა დაჭიმულია. მართალია, ბოლოს გაცუცურაკებული ვრჩებით (დრამატურგიული ფანდი რეჟისორის ირონიითაც არის განპირობებული), მაგრამ ეს უკვე აღარ გვწყინს, რაკი ფილმმა აგვაფორიაქა და მრავალნაირი საფიქრალი გაგვიჩინა. თურმე ავტობუსში არავითარი რეციდივისტი არ იმალება. შეყვარებული ქალ-ვაჟი (ნინო ბრეგვაძე, მერაბ ნინიძე) მშობლებს გამოპარვიან და სხვა ქალაქში აპირებენ ჯვრისწერას. თურმე იმ „ვოლგაში“ ქალის გაბრაზებულ-განრისხებული მშობლები და ნათესავები სხედან. აყალმაყალისა და ჩხუბის მიუხედავად, მაინც არაფერი გამოსდით. ქალიშვილი მტკიცედ აცხადებს: შინ აღარ დავბრუნდებიო და ნანდაურთან ერთად მიდის.

        მაგრამ, როგორც გითხარით, ეს მხოლოდ დრამატურგიული ფანდია, მთავარი სხვა რამ არის. მთავარია საზოგადოება, რომელსაც ავტობუსში თავმოყრილი ადამიანები ქმნიან.

        ხელოვნების სხვადასხვა დარგში გზა ხშირად ყოფილა გამოყენებული ამა თუ იმ საზოგადოების სურათის საჩვენებლად, მისი ბუნების, ხასიათის, თვისების გამოსავლინებლად. ასეა რეზო ესაძის ფილმშიც „ნეილონის ნაძვის ხე“. ავტობუსიც სიმბოლოა, რაკი იგი გარკვეულ სამყაროს ხატავს. რა შთაბეჭდილებას ახდენს ეს სამყარო და საზოგადოება? როგორია იგი?

        მარინა ცვეტაევა კრიტიკოსებს ეხვეწებოდა: იმის ამოცნობას ნუ ცდილობთ, მე რა მინდოდა მეთქვა. ის მითხარით, თქვენ რა წაიკითხეთო.

        ან სხვანაირად რომ ვთქვათ, ხელოვნების ყოველი ნაწარმოებისადმი შეიძლება ისეთივე დამოკიდებულება იქონიო, როგორითაც ბიბლიას უყურებდა გერმანელი მეცნიერი კარლ ბარათი:        
        „ბიბლიაში ჩვენ ვიპოვნით ყოველთვის სწორედ იმდენს, რამდენსაც ვეძებთ: დიადსა და ღვთაებრივს, თუ დიადსა და ღვთაებრივს ვეძებთ; მნიშვნელოვანსა და ისტორიულს, თუ მნიშვნელოვანსა და ისტორიულს ვეძებთ; და სრულებით არაფერს, თუ არაფერს ვეძებთ“.

        ასე რომ, მე არ ვაპირებ ამოვიცნო, რა უნდოდათ ეთქვათ ფილმის ავტორებს. მე მინდა გითხრათ, რა ამოვიკითხე „ნეილონის ნაძვის ხეში“.

         ახლა ავტობუსის საზოგადოებას გავეცნოთ.

        მიმავალი ავტობუსი გზად შეჩერდება და შიგ ვიღაც მგზავრი (გურამ პეტრიაშვილი) ამოვა, წვერგაბურძგნული, ჩია, გამხდარი. ხელში ხერხი უჭირავს. შეგვიძლია ვიფიქროთ, დურგალია ან ხურო. ავი, გაბოროტებული, აგრესიული აღმოჩნდა ეს კაცი. თვალებს მწყრალად აბრიალებდა და იმუქრებოდა... ბოლოს, არც აცია, არც აცხელა და ყველას მოურიდებლად და უბრალოდ მიახალა —– ქურდები ხართო თქვენ. მოელით, რომ საზოგადოება აღშფოთდება, შეურაცხმყოფელს საკადრის პასუხს გასცემს. ამაო მოლოდინია. თითო-ოროლამ წამოიყვირა: —– რას ჰგავს ეს, როგორ ბედავსო!.. დანარჩენებმა კი ან საერთოდ არ მიაქცია ყურადღება შეურაცხყოფას, ან სიცილით შეხვდა მას. ზოგიერთმა თავიც კი დაიმშვიდა: რა მოხდა მერე, აღელვებულია კაცი და უნებლიეთ წამოცდაო. ის, ვითომცდა გამწყრალი ნაწილიც, მალე დამშვიდდა და ჩირქის მოცხება დაივიწყა. ხოლო ხერხიანმა მგზავრმა მშვიდად გააკეთა დასკვნა: —– ისეთი რა გითხარით, რაც თქვენთვის არ უკადრებიათო.

        ამ საზოგადოების ერთ-ერთი თვისება უკვე გამოიკვეთა: თავსლაფის დასხმას მორჩილად და თვინიერად იტანს. აქტიური პროტესტის გრძნობა არ უჩნდება.

        ცოტა ხნის მერე ხერხიან მგზავრს ავტობუსიდან გააგდებენ. არ იფიქროთ, რომ შეურაცხყოფა გაახსენდათ და ახალი ძალით იფეთქა გულისწყრომამ. არა, იგი წამდაუწუმ პაპიროსს ეწეოდა და ბოლი ვერ აიტანეს. ამიტომ გააძევეს.

        მეორე თავისებამაც იჩინა თავი: უბრალოსა და უმნიშვნელოს გამო შეუძლიათ ადამიანი გაიმეტონ. არსებითი და მნიშვნელოვანი კი დიდად არ აწუხებთ. ბრალიან და უბრალო მოვლენას ერთმანეთისგან ვერ არჩევენ.

        ამ საზოგადოების სიჩუმე და მოთმინება საკუთარი დანაშაულის გრძნობითაც არის გამოწვეული. ამა თუ იმ დოზით, ნებით თუ უნებლიეთ, ყველას რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი.

        ავტობუსის შოფერი (რუსლან მიქაბერიძე) ავტომანქანის ერთ საბარგულს არ ხსნის. თავისათვის აქვს დაკეტილი. რატომ? იმიტომ, რომ ძმაკაცებმა ნაქურდალი ყველი უნდა მოიტანონ და ჩუმად რაიონში წაიღონ გასაყიდად. ვერ ვიტყვით იმას, რომ მგზავრებს არ დაუნახავთ, როგორ გადმოზიდეს ერთი ავტომობილიდან ყველი და მეორეს საბარგულში შეინახეს, მაგრამ კრინტი არავის დაუძრავს. ისინი უფრო მეტად ავტობუსში ადგილის პოვნითა და ნებისმიერი მოკალათებით იყვნენ დაკავებულნი, ვიდრე დანაშაულის დანახვით.

        კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, სანამ ავტობუსი გავიდოდა. ზღვა ხალხის თვალწინ, იქვე, ფარდულში, ნოქარმა ურცხვად მოატყუა მუშტარი. ორი კილოგრამი ვაშლის ნაცვლად ერთი თუ ერთნახევარი აუწონა. მუშტარი გამწარდა. ნოქარს ზუსტი წონა მოსთხოვა. შენ ვაშლი არ გდომებიაო, —– გამოგლიჯა გამყიდველმა მყიდველს ხელიდან სასწორის პინა და ვაშლი ისევ ყუთში ჩაყარა. ეს უკვე ვეღარ აიტანა მუშტარმა და ნოქარზე საცემად მიიწია. მოვალეობის შესრულების დროს გინდა გამლახოო, —– იბღავლა ნოქარმა, დახლიდან გამოვარდა და მუშტარს მუშტები დაუშინა. ხალხი აჩოჩქოლდა. შეიქმნა ერთი ვაიუშველებელი. აშოშმინებდნენ მოჩხუბრებს. ამასობაში მილიციაც მოვარდა. სტაცა ხელი და მილიციის განყოფილებაში დაზარალებული მუშტარი წააბრძანა. ქურდი ნოქარი კი ისევ მიუბრუნდა დახლს და არხეინად შეუდგა სხვათა მოტყუება-ყვლეფას. არც აქ გამოუდვიათ თავი დიდად მგზავრებსა და ავტოვაგზლის მოედანზე თავშეყრილ ხალხს.             თითო-ოროლა საპროტესტო წამოძახილით დაკმაყოფილდნენ და ყველამ ისევ თავის საქმეს მიჰყო ხელი. თურმე სიმართლე და კეთილსინდისიერება მარტო დაზარალებულის საზრუნავი ყოფილა.

        თუმცა ბუნებრივია: დანაშაულს შეთვისებულ-შეგუებული ხალხი ღირსების დასაცავად იარაღს არ სტაცებს ხელს, დამცირება-დაცინვასაც იოლად აიტანს.

        მათი შემგუებლობა-შეთვისება იმით არ არის გამოწვეული,რომ ყოფის წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევენ. არა, უფრო მაღალსა და მნიშვნელოვანს არ დაუპყრია მათი გონება. ავტობუსში თავშეყრილი ადამიანები სწორედ ისინი არიან, რომელთა არსებობა განსაზღვრული და შემოფარგლულია ყოველდღიური სინამდვილის პაწია-პაწია ამბებით და რომელსაც ერთი ვაშლი თუ მოპარე, ცასა და მიწას შეძრავს ყვირილით, მუქარით, გულში ხელის ბაგუნით.

        მამაკაცი (შოთა ქრისტესაშვილი) გარინდებული ზის. ცოლს (ბაია დვალიშვილი) გაებუტება და იმიტომ. მაგრამ დამდურება არ არის მისი პასიურობის საფუძველი. როცა მის ცოლს უტიფარი მოარშიყე არ მოეშვა, მაშინ ხომ მარდად წამოხტა და ლაზათიანი ალიყურიც აჭამა მოძალადეს! მაგრამ მაშინ კი, როცა მთელი საზოგადოება შეურაცხყვეს და მპარავი უწოდეს, მაინცდამაინც დიდად თავი არ შეუწუხებია, არ აღელვებულა, არ განაწყენებულა. მისი სული არ შეძრულა, რაკი ისიც უღირსებო ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნის. ჩვენმა მწერლობა-ხელოვნებამ უღირსებო ადამიანთა მთელი გალერეა შექმნა. ახლა მათი გახსენება-ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა,მაგრამ იმას კი ვიტყვი,რა არის უ ღ ი რ ს ე ბ ო   ა დ ა მ ი ა ნ ი ს ა თ ვ ი ს   დამახასიათებელი: პ ი რ ო ვ ნ უ ლ ი   დ ა ე რ ო ვ ნ უ ლ ი    თ ა ვ მ ო ყ ვ ა რ  ე ო ბ ი ს    დ ა კ ა რ გ ვ ა,  ბ ი დ ე რ მ ა ი ე რ უ ლ  ი * (იდერმაიერ - მეშჩანია,ობივატელი).   მ ო რ ჩ  ი ლ ე ბ ა, მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ ი ს ა    დ ა     უ მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ოს , ა რ ს ე ბ ი თ ი ს ა   დ ა        ა რ ა ა რ ს ე ბ ი თ ი ს    ვ ე რ გ ა რ ჩ ე ვ ა, მ ე -ს   მ ჯ ო ბ ი ნ ე ბ ა    ჩ ვ ე ნ ს ა ზ ე, თ ვ ა ლ თ მ ა ქ ც ო ბ ა  (ე რ თ ს   ფ ი ქ რ ო ბ ს , მ ე ო რ ე ს   ლ ა პ ა რ ა კ ო ბ ს), ს ა კ უ თ ა რ ი    ლ ა ჩ -რ ო ბ ი ს    გ ა მ ა რ თ -  ლ ე ბ ა    კ ე თ ი ლ გ ო ნ ი ე რ ე ბ ი თ , ყ ვ  ე ლ ა ფ რ ი თ   კ მ ა ყ ო ფ ი ლ ე ბ ა.

        ამ თვისებებს ავლენს ავტობუსის ყოველი მგზავრი.

        როცა ავტობუსს დადევნებული „ვოლგა“ დაინახა და სროლის ხმა გაიგონა, ერთ-ერთი მგზავრი

(პავლე ნოზაძე) შიშით წახდა, ისტერიკაში ჩავარდა, მუხლებზე ხოხვა დაიწყო და დასაკლავი საქონელივით აზმუვლდა: —– მეშინია, მეშინიაო. მას გარეგნულად ვაჟკაცური იერი აქვს. თუმცა ზორბა, ღონიერი, ძლიერი მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, შინაგანად ცარიელი ფიტული აღმოჩნდა. პირველი საფრთხისთანავე (თან მოჩვენებითი საფრთხისა) არარაობად იქცა.

         ზის წყნარად, მშვიდად ასაკიანი კაცი (ედიშერ მაღალაშვილი). ჩაცმულობით, გარეგნობით, სიდინჯით იგი პატივისცემის გრძნობას იწვევს. სახეზე ეტყობა, წარსულში მსუყედ უცხოვრია. არც დღეს განიცდის ხელმოკლეობას. მისი ხორცი მოვლილ-ნალოლიავებ-ნაპატრონებია. გეიმედება, ამ კაცის სხეულში მაინც იქნებაო დასადგურებული კეთილშობილი სული,  ნუ მოტყუვდებით. მას თურმე საერთოდ არ გააჩნია სული. ავტობუსში, გვერდით, ერთი ენაწყლიანი მგზავრი (გოვენ ჭეიშვილი) მიუჯდება. მას ენა ექავება და ჩუმად ჯდომა არ შეუძლია. ნაირ-ნაირ კითხვებს დააყრის მეზობელს და ბოლოს ჩააცივდება: —– თვალი დახუჭეთ და ოცნების სურათი წარმოიდგინეთო. მოვლილ-ნალოლიავებ-ნაპატრონები მგზავრი თვალებს კი დახუჭავს ,მაგრამ, ოცნების სურათის წარმოდგენის მაგიერ, მაშინვე ჩაეძინება. მერე მოიბოდიშებს, დაღლილი ვარო. თურმე ამ კაცს ოცნებაც კი არ შეუძლია, იმდენად დუხჭირია მისი გონება.

         არც ამ ენააქავებულ მგზავრს სჭირდება ოცნება ახალი სამყაროს დასანახად, სულის გასაახლებლად, ეს ოდენ თამაშია, დროის მოსაკლავად მოგონილი თამაში. იგი იმ კატეგორიის ადამიანებს ეკუთვნის, რომელთაც არ იციან, რომ დროის მოკვლა თვითმკვლელობის ფორმაა. თან ყველაზე საზიზღარი ფორმა, როცა თან არსებობ და თან არ არსებობ, რამეთუ დროს უმიზნოდ ფლანგავ, იმ დროს, რომელსაც არავინ არასოდეს აღარ დაგიბრუნებს.

         ავტობუსში ერთი მგზავრიც არის (დავით დვალიშვილი), რომელიც უსაზღვროდ და უზომოდ „დამფასებელია“ დროისა. საერთოდ ძუნწად ლაპარაკობს, მაგრამ საკმარისია ვინმემ იკითხოს, —– რომელი საათიაო,  —– რომ მაშინვე უპასუხოს. თან ზუსტად აღნიშნოს საათი, წუთი, წამი. მისთვის სეკუნდიც წმიდათაწმიდაა. ეს უბრალოდ აკვიატებული ჩვევაა, თორემ წამს კი არა, წელიწადებს არა აქვს მისთვის ფასი. იმდენად უდარდელი, უზრუნველი და ზანტია.

         მგზავრთა შორის ყველაზე მეტად ერთი ახალგაზრდა ქალი (რუსუდან ქველივიძე) ჩქარობს. ლამის შეიშალოს, ისე ეშინია დაგვიანების,ისე უნდა დროულად მივიდეს შინ. ვერ ისვენებს, კივის, ჩხუბობს. მისმა სულისწრაფობამ ყველას მოსვენება დაუკარგა. იქნებ იგი იმიტომ ჩქარობს, რომ ოჯახი ელის, სიყვარული, სათნოება, მყუდროება უცდის შინ. არა, ქმრის ეშინია. თუ დააგვიანდა, ცემით ამოხდის თამანეცხედრე სულს.

         რა უნდა შეძლოს, რაზე უნდა იოცნებოს, რა უნდა აკეთოს ნარკოტიკებით გამოთაყვანებულმა ყმაწვილმა (გია ხიხაძე)? იგი წესიერად ვეღარც მეტყველებს, დაცემულა, გადაგვარებულა. კიდევ კარგი, რომ ჯერ კიდევ იმდენი ნამუსი შერჩენია, რომ ღარიბ-ღატაკ დედას (ეთერ გელოვანი) სამი თუ ხუთი მანეთი არ მოპაროს. თუმცა ცდუნება დიდი იყო და დედის ჩანთა კარგა ხანს ატრიალა ხელში. ისე, კაცმა რომ თქვას, ცდუნების ამ ძლევას ფასი აღარ აქვს. ეს როგორღაც დღეს მოახერხა, რომ ღვიძლი დედა არ გაძარცვა, თორემ უეჭველია, ხვალ, ზეგ, იგი ამას უკვე ვეღარ შეძლებს.

         თავდაპირველად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სხვებთან შედარებით, ავტობუსის შოფერი უფრო მტკიცე ბუნების ადამიანია, მართალია, უხეში, ხეპრე და უზრდელი, მაგრამ ნებისყოფიანი. მალე ეს მცდარი შთაბეჭდილება გაიფანტება.—– რა გინდათ, ხალხო, განა მე კი არა მაქვს ოჯახი, განა მე არ ვარ მამა, განა მე არ მიმელიან შინ, განა მე არ მეჩქარება? —– საწყალობლად ემუდარება იგი თანამგზავრებს, როცა ავტობუსიდან ჩაგდებული მგზავრის მოძებნა მოსთხოვეს, მყისვე გაქრა უხეშობაც, უზრდელობაც, ხეპრეობაც. მაყურებლის თვალწინ დაიშალა კაცი. დარჩა ერთი საცოდავი, შესაბრალისი, ბეჩავი არარაობა.

         უცნაურია ადამიანი, მას იმედს მეორე ადამიანის გარეგნობაც კი აძლევს. თუ ვაჟკაცური გარეგნობის ადამიანი დაინახა, ასე ჰგონია, სულიერადაც ღირსეული იქნებაო იგი. ხშირად ტყუვდება, მაგრამ ამ გინცს მაინც ვერ ელევა. ამგვარი შეცდომა „ნეილონის ნაძვის ხეშიც“ შეიძლება მოგივიდეთ, ფიქრობ, რომ ეს, მართალია, უკვე გალოთებული, მაგრამ ჯერ კიდევ მამაკაცური ხიბლით სავსე კაცი (ზურაბ ყიფშიძე) მაინც არ ემსგავსება სხვას. მას მაინც ექნება, თუნდაც ლოთის თავზეხელაღებულობა,ზრდილობა, შეუპოვრობა, სადღაც სულის კუნჭულში შერჩენილი რაინდობა. იმედგაცრუებული დარჩებით. საკმარისია ავტობუსში, სკამზე მოხერხებულად მოთავსდეს, რომ გარემომ მისთვის არსებობა შეწყვიტოს. მის მიერვე გამოგონილ სოროში შეძვრეს და ენერგიული ჟესტიკულაციით მოჩვენებებს ემასლაათოს.

         ვერც მოჩვენებითი აქტიურობა გააჩენს სიახლეს ერთფეროვნების ატმოსფეროში. ეს ხმელ-ხმელი, კაფანდარა კაცი (მანუჩარ შერვაშიძე), რომლის მთელ სხეულს ძარღვებაშლილი ცხოვრების დიდი დაღი აზის, ამაოდ ცდილობს ნაკლებ შეეგუოს გარემოს, არ შეეთვისოს დამცირება-დაცინვას. ამისათვის მისი აქტივობა საკმარისი არ არის. მით უმეტეს, რომ მას საკუთარი ბორკილიც ადევს საზოგადოებრივთან ერთად. ეს ბორკილი მისი ცოლია (ჯანიკო ახალაია). ქმრისადმი ურწმუნო და ირონიული დამოკიდებულებით ცოლი ცივ წყალს ასხამს იმ მცირე ცეცხლსაც, რაც საბოლოოდ ჯერ არ ჩამქრალა კაცში. ეს ქალი ყოველთვის ბოჭავს მას. სულ კალთაზე ჰკიდია. ცოლს მდუმარება, სიჩუმე, პასიურობა ცხოვრების უფრო შესაფერის ფორმად მიაჩნია, რაკი მას უკვე აქტიურობის იმედი სრულიად წარკვეთილი აქვს. ცხადია, ცოლ-ქმრის ამ ჭიდილში გამარჯვება ქალს დარჩება.

         მართალია, რეჟისორი არც ერთი პერსონაჟის ბიოგრაფიას არ გვიყვება, არ გვაცნობს მათი ცხოვრების გზას, მაგრამ ზედმიწევნით კარგად გვიხატავს მათი სულის თვისებას. იგი ამას, ერთი შეხედვით, უბრალო საშუალებებით ახერხებს. რეჟისორიცა და მსახიობებიც ძირითადად აზროვნებენ პორტრეტით (გარეგნული ხატით) და კონკრეტული საქციელით (ამა თუ იმ ქმედების უშუალო რეაქციით). ზოგჯერ კონტრასტულად არის დაპირისპირებული პორტრეტი და საქციელი. ზოგჯერ კი ისინი ერთმანეთს ერწყმიან. მაგრამ ორივეჯერ უტყუარად ამჟღავნებენ პერსონაჟის სულის თვისებას.

         მოხდენილად და საკმაოდ მდიდრულად ჩაცმულ-დახურული, შესახედავად მომხიბლავი ახალგაზრდა ქალის (მანანა გამცემლიძე) დანახვისას ერთბაშად ვერ წარმოიდგენთ როგორი სულის პატრონია იგი. მაგრამ საკმარისია წამდაუწუმ მისი უდგილო და უაზრო კისკისი მოისმინოთ, რომ მაშინვე ცხადი გახდეს ამ ქალის შინაგანი ფუქსავატობა, ჩიტირეკიაობა. ამ პერსონაჟის გარეგნულ და სულიერ პორტრეტთა შორის დიდი კონტრასტია. ეს დაპირისპირება კიდევ უფრო მძაფრს და მტკივნეულს  ხდის სულიერ სიცარიელეს.

         სამაგიეროდ, არავითარი კონტრასტი, დაპირისპირება არ არსებობს ბატკნიანი მგზავრის (ლერი ზარდიაშვილი) გარეგნულ და სულიერ პორტრეტს შორის. აქ სრული ჰარმონიაა. ამ პერსონაჟის ხორციელი ხატი სულიერს არ ებრძვის. ისინი ერთსა და იმავეს ამბობენ: მთელ ქვეყანას ურჩევნია ერთი ნოყიერი ჭამა-სმა, მხარ-თეძოზე წამოგორება და უდრტვინველი ძილი.

         ფილმში არის ერთი ფრიად საყურადღებო პერსონაჟი, რომლის როლს მსახიობი არ თამაშობს. ეს გახლავთ სიცივე, ოპერატორი ლევან პაატაშვილი და რეჟისორი რეზო ესაძე სიცივის ატმოსფეროს, მის აშკარად გამოკვეთილ სახეს მარტო იმიტომ არ ქმნიან, რომ ფილმში აღწერილი ამბავი  ზამთარში ხდება, დეკემბრის ბოლო დღეს. ეს სიცივე უფრო ვრცელი, ალეგორიული შინაარსის შემცველია, იგია უსიყვარულობის სიცივე, მარტოობის, გათიშულობის, უსულობის, უმიზნობის, ურწმუნობის, თავისთავში ჩაკეტილობის სიცივე. ამგვარ სიცივეს ვერ გაათბობს, ამგვარ ყინულს ვერ გაალღობს უბრალო ადამიანური გულთბილობა. ავტობუსში უშურველად აფრქვევს ალერსს, სითბოს, გულითადობას ერთი ხანდაზმული ქალი (ნაზი კეჭეღმაძე), მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს. მას არ უნდა ჩხუბი, აურზაური, აყალმაყალი, უსიამოვნებანი. ყველას დაშოშმინებას, შერიგებას, დამეგობრებას ცდილობს. პირიდან შაქარი ამოსდის, მაგრამ რა? მას არავინ უგდებს ყურს. მისი ხმა ცალკეა, რაც ავტობუსში ხდება —–  ცალკე. მან მისი თანამგზავრები ვერ შეკრა, ვერ შეაკავშირა. ერთი ადამიანის სითბოს მრავალთა სიცივემ აჯობა. სიცივეში კი არაფერი იბადება, არაფერი ხარობს.

         მგზავრებს შორის სულ ნორჩი გოგო და  ბიჭია (სოფიკო გორგაძე, კოტე ჭანტურიშვილი). ისინი ერთად სხედან სკამზე, მათ შორის თითქოს სიყვარულიც იბადება. ბიჭი აკოცებს კიდეც გაუბედავად გოგოს. მერე თავს ჩაქინდრავს მორცხვად. როცა თავს აწევს, გოგო უკვე აღარ ზის მის გვერდით. ის ადგილი მოხუც კაცს დაუკავებია. ბიჭი იკითხავს: —– გოგო სად არისო? —– მოხუცი პასუხობს: —– ფაფუ გაქრა.

         გაქრა, რადგან ამ სიცივეში სიყვარული ვერ დაიბადება, ვერ გაიხარებს. ნორჩი სიცოცხლის ადგილს დაიკავებს სიბერე, ანუ სიკვდილი. ეს სიცივეში არსებობის კანონზომიერებაა.

         იმ გარემოებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ფილმში დახატული —– წარმოდგენილი  საზოგადოების მეტყველება ჭრელია.

         საერთოდ,  ამ საკითხზე საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ. დღეს კინოში, თეატრში, ლიტერატურაში თანდათანობით იკიდებს ფეხს მეტყველების სიჭრელე. ერთდროულად რამოდენიმე ენაზე საუბარი, დიალექტების მომატებული (ზოგჯერ უკონტროლოც) გამოყენება. ამის გამო პრესაში გამოითქვა კიდეც აზრი. მაგრამ პრობლემა ასე დაისვა —– კარგია ეს თუ ცუდი? ზოგიერთმა დასაგმობად მიიჩნია, ზოგიერთმა დასაშვებად. ვფიქრობ საკითხს უნდა შევხედოთ არა იმ კუთხით —– კარგია ეს თუ ცუდი, არამედ სხვა პოზიციით: რას ნიშნავს ეს? რატომ გაჩნდა მიდრეკილება მეტყველების სიჭრელისადმი?

         მეტყველების სიჭრელე  ყოველთვის გვაუწყებდა მხოლოდ ერთს —– როგორც პიროვნული, ისე ეროვნული ცნობიერების  მთლიანობა-ერთიანობის დაშლას, კომუნიკაბელობის რღვევას.

         ამის დამადასტურებელი საბუთი ბევრი შეიძლება მოვიტანოთ.

        უპირველესად მოვიგონოთ უძველესი პარაბოლა ბაბილონის გოდოლისა, მის შინაარს აღარ მოვყვები, რაკი  მჯერა, რომ იგი ყოველმა წიგნიერმა კაცმა იცის.

         შემდეგ კი გავიხსენებთ ერთ უაღრესად მკაფიო ნიმუშს ქართული მწერლობის ისტორიიდან. თერგდალეულებმა სწორედ ერთიანი ლიტერატურული ენისათვის ზრუნვით დაიწყეს ბრძოლა ერთიანი ეროვნული ცნობიერების  აღსადგენად.

         უნდა ითქვას ისიც, რომ გიორგი ერისთავის შემოქმედება იმითაც არის საყურადღებო, რომ მან ძალიან ნათლად და აშკარად გამოხატა ჩვენი ეროვნული ცნობიერების დაშლილობა, თუმცა ამაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს. გამოხატა სწორედ იმით, რომ მისი პერსონაჟები მეტყველებენ ჭრელი ენით. ეს არ არის მარტო მაშინდელი ყოფის რეალისტური სურათი. იგი არის იმმდროინდელი ცხოვრების შინაარსიც. გიორგი ერისთავის პერსონაჟებს შორის, თუ ერთის მხრივ არ არის სოციალურ-კლასობრივი ერთიანობა, მეორე მხრივ, არ არსებობს ეროვნული მთლიანობა. დრამატურგი წარმოგვიდგენს დაშლილ საზოგადოებას. არისტოკრატია მიდის და უკვე აღარ შეუძლია გამაერთიანებელის როლის შესრულება. პლუტოკრატია მოდის, მაგრამ ჯერ კიდევ არა აქვს ის ძალა, რომ გამაერთიანებელი გახდეს. სოციალურად ეს საზოგადოება არც ფეოდალურია, არც ბურჟუაზიული და არც სხვა რამ. ეროვნულად არც ქართულია, არც სომხური, არც რუსული, რაღაც ნარევი, გარდამავალი საფეხურია. მოვა ახალი თაობა. იგი სწორედ ამ გარემოებას მიაქცევს ძირითად ყურადღებას. ენობრივ  ერთიანობას დაუდებს საფუძვლად ეროვნული ცხოვრების მთლიანობას.         

        ამ ბრძოლის ეროვნულ-კულტურული ღირებულება და მნიშვნელობა კი ყველასათვის კარგად არის ცნობილი.

        მესამე მაგალითიც მოვიშელიოთ. დღეს უცხოეთში ფართოდ არის გავრცელებული დიალექტებით წერა. მაგრამ როდის მიმართავენ მას? სწორედ მაშინ, როცა სურთ წარმოადგინონ, აჩვენონ თანამედროვე ადამიანის იზოლირებულობა, განმარტოებულობა, არაკომუნიკაბელურობა. დიაალექტით წერა კიდევ ერთი, დამატებითი ხერხია, საშუალებაა, იარაღია ამ აზრის გამოსათქმელად.

        ამჟამად უცხოეთში, განსაკუთრებით გერმანულენოვან სამყაროში, ძალიან პოპულარულია პიესები (მაგალითად, დიტერ ფორტესი, პიტერ ჰანდკესი), რომლის პროტაგონისტია კასპარ ჰაუზერი. თავად კასპარ ჰაუზერის ტრაგიკული თავგადასავალი ძველია. იგი პირველად 1828 წლის მაისში გამოჩნდა ნიურნბერგში, ბაზრის მოედანზე. მან მაშინვე მიიპყრო იურისტების, ფსიქოლოგების, ლინგვისტების ყურადღება, თუმცა ზუსტად არავინ იცოდა მისი ვინაობა. ხმები დადიოდა, რომ იგი ზეპური საზოგადოებიდან იყო. ჰაუზერი ჯერ კიდევ სრულიად უსუარი ჩაამწყვდიეს გალიაში (ვარაუდობდნენ, დინასტიური მოსაზრებითაცო), სადაც გამართული დგომაც კი არ შეიძლებოდა. ასე ჰყოლიათ იგი ადამიანებისგან მოცილებული და იზრდებოდა როგორც მხეცი. როცა იგი პირველად საზოგადოებაში გამოჩნდა, შესახედავად 16-17 წლისას ჰგავდა. არ შეეძლო მეტყველება, ძლივს ამოძრავებდა კიდურებს, წარმოდგენა არ ჰქონდა სრულიად უბრალო საგნებზე და, საერთოდ, თავზარდამცემი შესახედავი იყო. მისი სულიერი და ხორციელი მდგომარეობის სრული აღწერილობა დატოვა ცნობილმა იურისტმა ანსელმ ფონ ფოიერბახმა. კასპარ ჰაუზერი 1833 წლის დეკემბერში მოკლეს. ვინ და რატომ, ესეც უცნობია.

        ეს საცოდავი ყმაწვილი დღეს უცხოეთში საერთო ლიტერეტურული ყურადღების ცენტრშია. მისდამი მიძღვნილ ნაწარმოებებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მეტყველების კუთხით, ადამიანის საზოგადოებისგან განცალკევება - იზოლაციის პრობლემას, მისი ცნობიერების დაშლას, ამ გზით დანაშაულს ადამიანის სულიერი ცხოვრების მიმართ ( იხ. "Nunschkonzent" მოსკოვი, 1983 წ.).

        მართალია, ხერხიანი მამაკაცის თანმხლები მგზავრის (იური ვასაძე) ლუღლუღი კასპარ ჰაუზერის სიმუნჯე არ არის, მაგრამ ამ კაცსაც ძალიან უჭირს აზრის ჩამოყალიბება, მკაფიოდ მეტყველება, ვინმესთვის რისიმე გაგებინება. ისიც ისე ლაპარაკობს, თითქოს ენა ახლა ამოიდგა და ვაი-ვაგლახით ცდილობს სიტყვების წინადადებად შეკოწიწებას. ცხადია, ამ კაცს ცხოვრების ის მძიმე გზა არ გაუვლია, რაც კასპარს, მაგრამ რაც უნახავს, ისიც საკმაო აღმოჩენილა მისი სულიერი დაგონჯებისთვის.

        მსჯელობამ შორს გამიტყუა. უცხოური ნიმუშების მოუშველიებლადაც ძნელი მისახვედრი არ არის, რისი თქმაც მინდა: მეტყველების სიჭრელე რთული, ღრმა და სერიოზული პრობლემაა. ყოველი შემოქმედი მას დიდი გულისყურითა და დაკვირვებით უნდა მოეკიდოს.

"ნეილონის ნაძვის ხეში" მეტყველების სიჭრელე ფილმში დახატული საზოგადოების დაშლილობას მოწმობს.

        ერთ ახალგაზრდა მგზავრ ქალს (ირინა კალინოვსკაია) სამტრედიაში მიეჩქარება. პაემანი აქვს დანიშნული. დაგვიანება შეუძლებლად მიაჩნია. მაგრამ არავითარი პირი არ უჩანს, რომ თავის დროზე ჩავა სამტრედიაში. ამ ქალმა მისი თანამგზავრების ენა არ იცის. ვერ გარკვეულა, რა ამბავი ტრიალებს მის გარშემო, რა აურზაურია. როცა შინიდან გამოპარულ ქალ-ვაჟს მშობლები წამოეწივნენ და მომავალი სიძის თანმხლებსა და ქალის ნათსავებს შორის ცემა-ტყეპა ატყდა, გაოცებულმა უცხო ქალმა იკითხა:  —–  რა ხდება, რაშიაო საქმე? ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად განუმარტეს:  —–  ნიშნობაა, ჩვენში ასე იციან, როცა ქალს ნიშნავენ ერთმანეთს ურტყამენო.  —–  ახ, რა საინტერესოა, ოხ, რა საინტერესოა, უხ, რა საინტერესოა, —–  ატიკტიკდა უცხო ქალი. ის კი აღარ უკითხავს:  —–  მართლა ასეთი ზნე-ჩვეულება არსებობს თუ ხუმრობით ატყუებენ? რატომ უნდა სცემდნენ ერთმანეთს თუ დამოყვრებას აპირებენ? რატომ უნდა დაუსისხლიანონ ერთმანეთს ცხვირ-პირი მომავალმა სიძე-სიმამარმა, სიძე-ცოლისძმებმა? არსის წვდომა არ არის საჭირო. საკმარისია ტყული და გარეგნული ეგზოტიკა.

        ამ საზოგადოებას არაფერი აერთიანებს  —–  არც რწმენა, არც ზნეობა, არც იდეალი, არც სიყვარული, არც მრწამსი, არც მიზანი. ისინი შემთხვევამ შეჰყარა ერთ ავტობუსში და როგორც კი ეს (შემთხვევა) გაქრება, ისინიც ისევ დაიფანტებიან. ერთადერთხელ აკიაფდა მათი ერთი მიზნით გაერთიანების იმედი. მაშინ, როცა ავტობუსიდან გაძევებული ხერხიანი მგზავრის მოსაძებნად უკან დაბრუნდნენ.

        ხერხიანი მგზავრი კარგა ხნის გაგდებული იყო ავტობუსიდან, მთვრალმა მგზავრმა (ზურაბ ქაფიანიძე) რომ გამოიღვიძა. მიმოიხედა და ის, გაავებულ-გაბოროტებული, ხერხიანი კაცი მოინაკლისა. შოფერს წაეკიდა  —–  როგორ გაბედე და ღამით, შუაგზაზე, ტყეში ადამიანი უსულგულოდ, უპატრონოდ მიატოვეო. ახლავე უკან დაბრუნდი, ის კაცი მოვძებნოთო. მოულოდნელად ავტობუსში მსხდომთა უმრავლესობა ნამთვრალევი მგზავრის მოთხოვნას მიემხრო. გაძევებულის მოძებნა გადაწყვიტა. შოფერიც მათ დამორჩილდა. ავტობუსი უკან გაბრუნდა ძებნად.

თითქოს ეს დაფანტული ადამიანები ერთი მიზნით შეიკრნენ. მათში მოყვასის სიყვარულმა გაიღვიძა და კეთილი საქმის სამსახურში ჩადგნენ. შეიძლება მკითხველმა მკითხოს:  —– რატომ თითქოს? მართლაც ასე მოხდაო. ფაქტი კი მოხდა, მაგრამ ერთი ეჭვი მაინც გაწვალებს: რა არის მათი საქციელი? წამიერი კეთილშბილების, სიყვარულის აფეთქების შედეგი თუ ღრმა რწმენის, მტკიცე კრედოს რეზულტატი? წუთიერი ბიძგის, იმპულსის კარნახი თუ ურყევად ჩამოყალიბებული შეხედულებებით გადადგმული ნაბიჯი? განა ეს კონკრეტული კეთილი საქციელი მათ ბუნება-თვისებაში რაიმეს შცვლის, სხვანაირს გახდის? რა თქმა უნდა, არა. ისინი ისეთივე დარჩებიან, როგორც აქამდე იყვნენ. თუ მათ სულში არაფერი შიცვლება, რაღა აზრი და მნიშვნელობა აქვს მათ საქციელს, მიუხედავად იმისა, რომ იგი კეთილის  გამოფხიზლებას გვაუწყებს. ახლა კეთილის იმპულსმა გააბრუნა ისინი ავტობუსიდან ჩაგდებული მგზავრის საძებნელად. გავა ცოტა ხანი და ბოროტის იმპულსი ისევ უკან გააძევებინებს მას ან რომელიმე სხვას. იმპულსი მათ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდუროსებისაკენ აქანავებს, ვერსად მოუკიდებიათ ფეხი მტკიცედ.

        ბოროტებაც მიწიერი არსებობის ღვთაებრივი კანონზომიერების აუცილებელი ნაწილია. იგი არასოდეს გაქრება. შესაძლებელია მხოლოდ მისი შეზღუდვა-შევიწროება. ისიც მაშინ, თუ მას გამუდმებით და ნტკიცედ ებრძვის კეთილი. ამ ბრძოლაში კეთილი ურყევ მსოფლმხედველობრივ საძირკველს უნდა ეყრდნობოდეს, უდრეკ რწმენას უნდა ეფუძნებოდეს. ავტობუსში მსხდომთ სწორედ ეს ურყევი მსოფლმხედველობა და უდრეკი რწმენა აკლიათ. ამიტომ მათ არავინ გაუღებს ოცნების ავტობუსის კარს. ეს კარი ძალით უნდა შელეწო, სხვანაირად შეუძლებელია.

        როცა ფილმში ოცნების ავტობუსი ჩაივლის, რეალური ავტობუსის მგზავრები სიხარულით აყიჟინდებიან. ზოგიერთი ოცნების ავტობუსის კარსაც მივარდება. კაკუნს ატეხს, ევედრებიან კიდეც, გაგვიღეთ კარი, მაგრამ ოცნების ავტობუსი თავის გზას აგრძელებს და მახვეწართ ყურადღებასაც არ აქცევს.

        მაყურებელმა არ იცის, როგორი ადამიანები სხედან ოცნების ავტობუსში, მაგრამ იქიდან სითბო, სინათლე, სიმშვიდე და სიხარული მოდის. აქ ნაძვის ხეც ჩახჩახებს და თაფლის სანთლებიც ციმციმებენ. ოცნების ავტობუსი კი არ მიდის, არამედ მიცურავს, ჯადოსნური ნისლით გარემოსილი. იგი უსასრულო სივრცეს შერწყმის. როგორც  მოულოდნელადაც გამოჩნედება, ისევე უცბად გაქრება.

        რეალური ავტობუსი კი ღამით, ტყეში, სიცივესა და მარტოობაში დაეძებს გაძევებულ მგზავრს. ამ ძებნას მხნეობა სჭიდება. გასამხნევებლად გუგუნებს ფილმში "ჩაკრულო": " ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია". ოღონდ მაყურებელს აქვს უფლება იკითხოს: რატომ არ დაუკვენსია  —–  მიტომ, რომ გაჭირვებას შეეგუა-შეეთვისა (ადამიანი ყველაფერს ეგუება-ეთვისება, მათ შორის, გაჭირვებასაც) თუ გაჭირვების გაჭირვების გაძლება-ატანა შეუძლია? თუ გაძლება-ატანა ძალუძს, მაშინ იმის დაჯერების უფლებაც გვაქვს, რომ ბოროტებას სულ ერთიანად მოამკევინებენ, რაც მათზე დაუთესია. თორემ თუ ადამიანი ვერ გაუმკლავდა ბოროტებას, მაშინ...

                           

* * *

             აწვიმა უფალმა ქალაქს ცეცხლი და წუწუბაი. დააქცია ყოველი სანახები. ამოწყვიტა ყოველნი მცხოვრებნი, ყოველნი ცხოველნი და ყოველნი მცენარენი.

და მიჰხედა აბრაჰამმა პირსა ქვეყნისასა და იხილა: აღვიდა ცეცხლის ალი, ვითარცა არმური სახმილისა.                                                                              

                                   

1986 წ.   

        აკაკი ბაქრაძე. კინო.თეატრი. „ხელოვნება“ თბილისი.1989. გვ.225-239