ალექსანდრე წუწუნავა 

რეჟისორი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე.

დ.28.01.1881, ოზურგეთის რაიონის სოფ. ლიხაური - გ. 25.10.1955, თბილისი     

საქართველოს სახალხო არტისტი (1934). 

       1900 წელს მსახიობად ჩაირიცხა ქუთაისის თეატრის დასში. შემდეგ მუშაობდა თბილისის ქართულ თეატრში (1901-1905).  დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდია სარეჟისორო განხრით (1905-1910). ამავე წლიდან რეჟისორად მუშაობდა ბაქოში, საქართველოს და რუსეთის სხვადასხვა თეატრებში. 

       მიეკუთვნებოდა იმ მოღვაწეთა რიცხვს, რომელთაც სამხატვრო თეატრის რეალისტურ პრინციპებს და სტანისლავსკის თეატრალურ ესთეტიკას აზიარეს ქართული თეატრი. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული პროფესიული რეჟისორული ხელოვნების განვითარებაში.  მისი დადგმები დრამატულ  სცენაზე – გაბრიელ დ‘ანუნციოს "იორიოს ასული”, ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი”, ნ. გოგოლის "რევიზორი”, ა. ყაზბეგის "არსენა”, ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან”, ნ.ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?” და სხვა.  გამოირჩეოდა დიდი პროფესიული კულტურითა და ოსტატობით, საინტერესო ინტერპრეტაციით, ანსამბლურობით, მასობრივი სცენების გულმოდგინე დამუშავებით,სისადავით, პერსონაჟთა სახეებისა და ხასიათების ღრმა ფსიქოლოგიური გახსნით, შინაგანი დინამიკურობით.  

     წუწუნავა ქართული ეროვნული საოპერო რეჟისურის ფუძემდებელია. 1918–1955 წლებში იგი სათავეში ედგა თბილისის საოპერო თეატრს: იყო მისი დირექტორი, მთავარი რეჟისორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, აგრეთვე ეროვნული ოპერის შექმნის ერთ–ერთი ორგანიზატორი და პირველი ქართული ოპერების  – დ. არაყიშვილის "თქმულება შ. რუსთაველზე”, ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი”, ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე”, მ.ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი”, შ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა” (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1974)  –პირველი დამდგმელი. 

     უდიდესია  მისი წვლილი ქართული კინოხელოვნების განვითარებაში. იგი არის ქართული ეროვნული კინემატოგრაფის ფუძემდებელი.   მას ეკუთვნის პირველი ქართული მხატვრული ფილმი "ქრისტინე” (მისივე სცენარის მიხედვით, 1916).  მისი ფილმი "ვინ არის დამნაშავე?” (1925), რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ “ვაილდ-ვესტის მხედარის” სახელით გახდა ცნობილი  –  დიდი წარმატებით სარგებლობდა როგორც სამშობლოში, ისე მთელ საბჭოთა კავშირში,   ნაჩვენები იყო სხვა ქვეყნებშიც (გერმანია, ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ირანი, თურქეთი).

ფილმოგრაფია 

ქრისტინე  (1916) -  სცენარის ავტორი, რეჟისორი

ვინ არის დამნაშავე? (1925) -  სცენარის ავტორი, რეჟისორი

ხანუმა (1926)

ორი მონადირე (1927)

ჯანყი გურიაში (1928)

 

იხ.  დ.კასრაძე. ლიტერატურული პორტრეტები. თბ., 1962

      ვ.კიკნაძე. ქართველი რეჟისორები. თბ., 1969

      გიორგი დოლიძე. ალექსანდრე წუწუნავას "ვინ არის დამნაშავე?" – ალმანახი "კინო", 1980, გვ.196–210

     პირადი არქივის აღწერილობა