როგორ ცხოვრობს დღეს მსახიობი შოთა ქრისტესაშვილი
"ყოველ დილას მივდივარ და ნერგს ვაკვირდები: აბა, რა ქნა, გაიხარა?"
შოთა ქრისტესაშვილის სამსახიობო კარიერა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, თუმცა ის თვლის, რომ "თეატრი არის აღმაფრენა, სპექტაკლის დღეს ცოცხლობ. პრემიერა ხომ სხვა განცდა და სხვა სუნთქვაა. სცენაზე ვის აღარ თამაშობ... თან, თუ ვერიკოს, სესილიას, გოძიაშვილის, ხორავას, ვასაძის გვერდით დგახარ, ეს საოცარი ემოციების მომტანია, რომელიც ჩემს ოჯახსაც გადაედებოდა ხოლმე. ამით ვცხოვრობდი", - მსახიობმა გაიხსენა კორიფეებთან ერთად გატარებული ბედნიერი დღეები, გულისტკივილით აღსავსე ზოგიერთ ამბავი და ახლანდელი გატაცების შესახებაც გვესაუბრება.
- რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა მსახიობობა. როცა ვასო გოძიაშვილი ესტრადაზე ვნახე, განვცვიფრდი, ისე მომეწონა მისი დახვეწილი მანერები, ხელის მტევნის მოძრაობა. მსახიობმა შესანიშნავად იმღერა და ატყდა ტაში. ჰოდა, მაშინ 10 წლისამ გადავწყვიტე, - ვასო გოძიაშვილი უნდა გამოვიდე-მეთქი. სკოლა დავამთავრე და მარჯანიშვილის თეატრის კონკურსში მივიღე მონაწილეობა. თეატრალურში არ მიგიღებდნენ, კულტურულ დაწესებულებაში მუშაობის სტაჟი თუ არ გქონდა. მე და გოგი ქავთარაძე თეატრში მიგვიღეს. 3 წელი შტატში ვიყავით, პატარ-პატარა ეპიზოდებს ვთამაშობდით. დასი არაჩვეულებრივად შეგვხვდა. დოდო ჭიჭინაძემ გულში ჩამიკრა და მეფერებოდა (იცინის). ყველანი უსაყვარლესები იყვნენ. დიდბუნებოვანი ხალხი იყო, ახალგაზრდებს გვპატრონობდნენ.
- ორჯერ ვერ გავიარე კონკურსი თეატრალურში, ბევრი გულისტკივილი ვნახე. კომისიის წევრმა მალიკო მრევლიშვილმა დააბარა ია ხობუას, - იმ ყმაწვილს უთხარი, წელს აუცილებლად მოვიდეს გამოცდაზეო. მხოლოდ ამიტომ ვცადე კიდევ ერთხელ მისვლა, თორემ ხელი მქონდა ჩაქნეული. ამის თაობაზე ქალბატონი სესილიაც ძალიან გაბრაზდა და იმათ შეუთვალა: ბიჭს მშვენიერი მეტყველება აქვს, თქვენ კიდევ ცხენივით უსინჯავთ კბილებსო. ფაქტობრივად, განადგურებული ვიყავი, გული მომიკლეს. ჩემს წინა კურსზე ჩარიცხულებიდან მხოლოდ თითო-ოროლამ თუ ითამაშა როლები, უმრავლესობა საერთოდ არ გამოჩენილა. ახლაც მიკვირს, ისეთი აბიტურიენტები ჩარიცხეს. სმენაში ოთხიანი დამიწერა მსახიობმა, რომელმაც წლების შემდეგ თქვა: არა მაქვს სმენა და თავი დამანებეთო.
- ჯერ კიდევ სტუდენტი იყავით, როცა ფილმის - "თოჯინები იცინიან" გადაღებაზე დაგიძახეს, ეს როგორ მოხდა?
- რამდენიმე სტუდენტი ინსტიტუტის გარეთ ვიდექით და ვცუღლუტობდით. ერთმა ქალბატონმა კატეგორიული ტონით მიგვიხმო თავისთან, თქვენთან საქმე მაქვსო. მაშინ გავიგეთ, რომ ბატონი კოლია სანიშვილი ფილმს იღებდა. დიდი სიხარულით წავედით კინოსტუდიაში. იქ გვკითხეს, გიტარაზე უკრავთო? ბიჭებმა, შოთა უკრავსო და ასე აღმოვჩნდით ფილმში, სადაც ვმღერით. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი. იმ დროს, ქართული ფილმების ჩვენებისას დარბაზში ტევა არ იყო, ახალ ფილმზე ბილეთს ვერ იშოვიდი. გამოვიდა "თოჯინები იცინიან" და ქუჩაში მცნობდნენ. ჩემზე რომ მიანიშნებდნენ, პირველკურსელს თავი ნამდვილი, ჩამოყალიბებული მსახიობი მეგონა (იცინის).
- ბატონო შოთა, რამდენიმე თეატრში მოღვაწეობდით. ალბათ, თითოეულმა კვალი დატოვა თქვენზე...
- მარჯანიშვილის თეატრზე დიდი სკოლა ვერც წარმომედგინა. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ სკოლის შემდეგ სამი წელი ბუმბერაზ არტისტებს ვუყურებდი. სპექტაკლში "დაჭრილი არწივი" ერთი ეპიზოდი ვითამაშე, ჟორა შავგულიძე დათიკო შევარდნაძის როლს ასრულებდა. თითქმის იარუსის სიმაღლემდე აღმართულ, საშინელ კიბეზე ავრბოდი, საიდანაც უნდა მეყვირა: ჩაფრები ცხენებიდან გადმოხტნენ, წინ ბავშვებსა და ლტოლვილებს მოირეკავენ, ვესროლო? - არა, არა, - მპასუხობდნენ ქვევიდან. ამ დროს თოფის გასროლის ხმა ისმოდა და განგმირული ბიჭი ესიკა კიბეზე ვარდებოდი, მაგრამ ისეთი თავგამეტებით ვეცემოდი, რომ მითხრეს: შვილო, აღარ შეგვიძლია, გულები გაგვისკდაო. მერე შავგულიძე ხელში ამიტაცებდა და შურს ვიძიებო, - ამბობდა. სხვათა შორის, ეს ეპიზოდი თეატრალურში მისაღებ გამოცდაზე მოვყევი. მკითხეს, შენი ცხოვრებიდან ყველაზე ღირსშესანიშნავი ფაქტი გვითხარიო. ეტყობა, მალიკო მრევლიშვილს დაამახსოვრდა ჩემი მონაყოლი.
თეატრალურის დამთავრების შემდეგ გიგა ლორთქიფანიძემ მითხრა: აბა, ძველო მარჯანიშვილელო, წამოხვალ რუსთავში, თეატრს რომ ვხსნითო? ყველა ჩემიანი იქ იყო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თენგიზ არჩვაძეს კუდში დავდევდი ხოლმე. სულ ერთად ვიყავით ლეო ანთაძე, თენგიზ მაისურაძე. სამი წელი ვიმუშავე, ნაკლებად გვწყალობდნენ ახალდამთავრებულებს. ცოტა როლები მქონდა, მე კი ვჩქარობდი, თამაში მინდოდა, ამიტომ სამი წლის მერე წამოვედი. მივედი მარჯანიშვილის თეატრში, იქ შტატები არ ჰქონდათ. მოზარდში თემურ ჩხეიძის დადგმულ სპექტაკლებში შემიყვანეს. ეს იყო ახალი იდეების, ახალი ხედვის და თამაშის ახალი წესების გაცნობის პერიოდი. თემური პროგრესული რეჟისორია, მასთან სადიპლომოზეც მიმუშავია. ამ თეატრში შალვა გაწერელიას არაჩვეულებრივი სეზონები ჰქონდა.
- მის დადგმულ "კუკარაჩაში" ითამაშეთ და პრიზიც დაიმსახურეთ.
- მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ავიღე პრიზი. ეს უკვე წარმატება იყო. ეპიზოდი მე და რეჟისორმა შალვა გაწერელიამ მოვიგონეთ. ერთხელ, მე და ჩემს მეუღლეს შეგვხვდა თეატრის მოყვარული ადამიანი და საყვედური მითხრა, - ჩემი შვილი "კუკარაჩაზე" სპეციალურად თქვენს სანახავად წამოვიყვანე და იმ დღეს არ თამაშობდითო. ერთხანს კინომ გამიტაცა და 35 როლი ვითამაშე ქართულ და სხვა კინოსტუდიების ფილმებში, მაგრამ ვიცი, რომ თეატრი უფრო ძლიერი და სერიოზული შემოქმედებაა. იქ დუბლები არ გიშველის, ფრაზა ერთხელ უნდა წარმოთქვა. თუმცა, პოპულარობის თვალსაზრისით, კინოს უპირატესობა აქვს.
- თქვენზე ამბობენ, ტექსტების დიდოსტატიაო, ეს საქმე ვისგან ისწავლეთ?
- არაჩვეულებრივ პიროვნებას, იაკობ ტრიპოლსკის ძალიან ახლოს ვიცნობდი. შექსპირს თარგმნიდა ინგლისურიდან, თეატრალური არ დაუმთავრებია, მაგრამ შესანიშნავი მსახიობი იყო. როცა ფილმი მთავრდება, საჭიროა "უკლადკა" ე.წ. ტექსტების ჩაწყობა. ზოგჯერ კადრში არის აცდენები, მსახიობი სხვა რამეს ამბობს, ანდა რეჟისორს ახალი ტექსტი სჭირდება, ამიტომ აუცილებელია გადახმოვანება. ტუჩების მოძრაობის მიხედვით სწორი ფრაზა უნდა იპოვო. ეს განსაკუთრებით რთული მისაგნებია ახლო კადრების დროს. ძალიან შრომატევადი და დაძაბული სამუშაოა. იაშა ტრიპოლსკი ამას ბრწყინვალედ აკეთებდა. ყველაფერი მისგან ვისწავლე და ბედნიერება მქონდა, რომ გავაგრძელე ეს საქმე. რეზო ჩხეიძის ბოლო ფილმზე "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი" ვიმუშავე და მან მადლიერების ნიშნად რამდენიმე წიგნი მაჩუქა, თბილი წარწერებით. სასიამოვნო განცდაა, როცა ამხელა რეჟისორი უზომოდ კმაყოფილია შენი ნამუშევრით. უნდა გენახათ, რა მეფერა, რამდენჯერმე რესტორანში დამპატიჟა. ოთარ იოსელიანთან ვიყავი პარიზში და მისი ფილმის - "შანტრაბას" ტექსტები ავაწყე. საინტერესო იყო მასთან მუშაობა... გოგა ხაინდრავას ფილმზე "ოცნებების სასაფლაო" დიდხანს ვიმუშავე, ტექსტებს ერთად ვიგონებდით. სამუშაო რომ დავამთავრეთ, გადამეხვია, ეს იყო ჩემთვის ჯილდოც და მედალიც. თამარ სხირტლაძემ მითხრა: ფრთხილად იყავი, იაშას რა მოუვიდა, გახსოვს (ტრიპოლსკი გადაიღალა და ჯანმრთელობა შეერყა)? ბევრს მუშაობ და გონება ხანდახან შეასვენეო. ზოგჯერ დილას შევსულვარ სტუდიაში და გვიან ღამე გამოვსულვარ. ათასობით ფილმის ხან "დუბლიაჟი", ხან ტექსტების ჩაწყობა მიკეთებია. გიორგი ოვაშვილმა პრეზიდენტი გამახმოვანებინა ფილმში "ხიბულა". გამიხმოვანებია გურამ ფირცხალავა, კარლო საკანდელიძე, რამაზ ჩხიკვაძე... ზოგი მსახიობი თავად მთხოვდა გახმოვანებას.
- კინოროლებზე მოგონებებსაც გადავხედოთ...
- რეზო ესაძესთან "ნეილონის ნაძვის ხეში", ჩხუბის სცენაში ყელი კინაღამ გამოვგლიჯე პარტნიორ ბაია დვალიშვილს. მარინა თბილელმა მითხრა: ბიჭო, ჩემი "დუბლიონკაა" და არ დაუხიოო (იცინის). კაკო დვალიშვილი, ბაიას მამა მაშინ კულტურის მინისტრის მოადგილე იყო. პრემიერაზე ვსხედვართ და როცა ვამბობ ფრაზას "მამაშენი დეგენერატი და იდიოტია", გავხედე ბატონ კაკოს და იმანაც შემომხედა. ფერი წამივიდა, ვიფიქრე, ესაა ჩემი ბოლო როლი-მეთქი... ფილმმა "ცარიელი სივრცე" რამდენიმე გრან-პრი მიიღო. თბილისის კინოფესტივალზე ჩვენების შემდეგ დამაჯილდოეს, პრიზის სახით იაპონური ხმალი გადმომცეს. სიმართლე გითხრათ, ცოტა კიდეც გამიკვირდა... ლენინგრადში გურამ პეტრიაშვილის ფილმს "ელისა და რარუს თავგადასავალს" ვიღებდით. მთიდან მოტოციკლით ვეშვებოდი. ქვიშიანი ადგილი იყო და კასკადიორმა გამაფრთხილა, მუხრუჭი არ გამოიყენოო. ჩაირთო კამერა და გამოვქანდი, ქვიშამ მოტოციკლი მარჯვენა მხარეს წაიღო, ინერციით ფეხი მუხრუჭს დავაჭირე და ჰაერში ავვარდი. იმას ვცდილობდი, რომ ზედ არ დამცემოდა, მაგრამ ერთ ადგილზე მაინც გამკრა და ტრავმა მივიღე. ჩემი მეგობარი ბერტა ხაფავა არყის საფენებს მადებდა. ლაგოდეხში "ნისლის" გადაღებაზე, ერთ მსახიობს სთხოვეს, ცოტა უკან დაიხიეო. იმანაც დაიხია, მერე კიდევ ცოტაო, უთხრეს და მესამედაც რომ დაიხია, აღმოჩნდა, რომ ხრამში გადავარდა. კიდევ კარგი, პატარა მდინარე იყო... მოჭადრაკეების მწვრთნელ ვახტანგ ქარსელაძეზე ფილმს იღებდნენ. გადაღებული სინჯების სანახავად შეიკრიბნენ: ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია და სხვები. ჩემზე თქვეს, ეს უფრო ახლოსაა გმირთანო, მაგრამ ერთმა სცენარისტმა ბრძანა, - შოთა კომედიაში თამაშობდა და ის მიშლის ხელს, ამ როლში დავინახოო. არ ამიყვანეს... ბოლოს ვითამაშე თორნიკე ბურდულის ფილმში "გაყინული შადრევნების ქალაქი" [ უნდა იყოს ვანო ბურდულის "გაყინული შადრევნების წელიწადი"მ.ლ.]. ნუცა კუხიანიძის გმირის მამა ვარ. ფილმის პრემიერა თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართა. რა ვიცი, ჩემი ნამუშევარი ძალიან შეაქეს.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ჩემს უსაყვარლეს ქვიშხეთში ვარ უმეტესად. ყოველ დილას მივდივარ და ნერგს ვაკვირდები: აბა, რა ქნა, გაიხარა? უნდა მორწყვა თუ არა? მაგალითად, ვაშლმა გაიხარა, ულამაზესი ყვავილები აქვს და მეც გახარებული ვარ. პატრიარქის ნაჩუქარი რამდენიმე ქართული სოჭი გავახარე. ჩემი შვილები პატარები რომ იყვნენ, ქვიშხეთში ვისვენებდით ხოლმე. მერე, სახლი შევიძინე და იმ დღიდან, უკვე 30 წელი გავიდა. იქ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს, საოცრად გულწრფელები არიან. ჩვენი სახლი ორსართულიანია და ხომ იცით, როგორც ხდება, გაუთავებლად სულ რაღაცას ვაკეთებ... ბედის მადლიერი ვარ, რომ ჩემს მეუღლეს, თინა გელაშვილს შევხვდი. ცოტა ხნის წინ, ქორწინებიდან 50 წელი შეგვისრულდა. ორი შვილი და ორი შვილიშვილი გვყავს. იზრდება პატარა შოთიკო ქრისტესაშვილი, რომელსაც ვატყობ, კარგი სმენა აქვს და ძალიან მიხარია.
ესაუბრა ნანული ზოტიკიშვილი
ჟურნალი "გზა" 19.06.2018