ქეთი პატარაია. ლიტერატურა, მწერლები, ეკრანიზაციები
ქართულმა კინომ ლიტერატურას არსებობის პირველივე წლებიდან მიმართა. XX საუკუნის 60-იან წლებამდე კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გადაღებული ფილმების მესამედზე მეტი ეკრანიზაციაა.
ლიტერატურული ნაწარმოების გამართული დრამატურგიული კონსტრუქცია, პერსონაჟთა ჩამოყალიბებული სახეები, მკაფიო და გასაგები კონფლიქტი და მოტივაციათა მწყობრი სისტემა საშუალებას აძლევდა რეჟისორებს, ამბის თხრობის დროს ფილმის კინემატოგრაფიული ხერხებისთვის მიექციათ მეტი ყურადღება, რადგან სცენარი შედარებით ადვილად ასაწყობი იყო და ძირითადად პირველწყაროს დრამატურგიას იმეორებდა.
ეს ტრადიცია გაგრძელდა XX საუკუნის 40-50-იან წლებშიც. ამ პერიოდში კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გადაღებული 53 ფილმიდან (2 ფილმი ორსერიიანია) 20 (მესამედზე მეტი) ეკრანიზაციაა, აქედან ქართული ლიტერატურის მიხედვით გადაღებულია 15 (ნახევარზე მეტი).
კინოდრამატურგიის განვითარება ზოგადად კინემატოგრაფის განვითარების გზას მიჰყვებოდა. ხმოვანმა კინომ მონტაჟურ-პოეტური კინოსგან განსხვავებული კინოდრამატურგია მოითხოვა. ამასთან, კინოში ხმის მოსვლასთან ერთად უფრო გაიზარდა სცენარის შექმნის პროცესში ლიტერატორების ჩარევის საჭიროება. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ხმოვან ფილმში დიდი ადგილი დაიკავა დიალოგებმა, რომლების დაწერასაც მწერლის ხელი დასჭირდა.
ქართული კინოში თავიდანვე მუშაობდნენ ქართველი მწერლები, როგორც კინოსცენარისტები. მათგან პირველი მწერალი-დრამატურგი შალვა დადიანი იყო, რომლის სცენარით 5 ფილმია გადაღებული.
40-50-იან წლებში, როგორც სცენარის ავტორებმა ან თანაავტორებმა, თითო ფილმზე იმუშავეს მწერლებმა: პოლიკარპე კაკაბაძემ („ქალიშვილი ხიდობნიდან“, მისივე პიესის „კოლმეურნის ქორწინება“ მიხედვით); ანა ანტონოვსკაიამ („გიორგი სააკაძე“, მისივე რომანის „დიდი მოურავი“ მიხედვით); გიორგი ლეონიძემ („ჯურღაის ფარი“); პოეტმა სიმონ ჩიქოვანმა („დავით გურამიშვილი“); ლიტერატურათმცოდნე ლევან ასათიანმა („აკაკის აკვანი“, აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის“ მიხედვით); მარიკა ბარათაშვილმა („ჭრიჭინა“, მისივე პიესის მიხედვით). სცენარისტებად მათ მეტი არ უმუშავიათ, თუმცა, ზოგი მათგანის ლიტერატურული ტექსტის მიხედვით გადაღებული გაცილებით მეტი ეკრანიზაცია არსებობს. ორ-ორი ფილმის სცენარზე იმუშავეს გრიგოლ ჩიქოვანმა („კოლხეთის ჩირაღდნები“ და „პაპა გიგია“ საკუთარი ნაწარმოებების მიხედვით) და აკაკი ბელიაშვილმა („ცანის ხეობის საუნჯე“ და „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“).
ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მწერალი კონსტანტინე ლორთქიფანიძე. ის ხუთი ფილმის სცენარის ავტორია: „მეგობრობა“ (რეჟისორი სიკო დოლიძე); „სადარაჯო ჯიხური“ (რეჟისორი დიომიდე ანთაძე); „ის კიდევ დაბრუნდება“ (რეჟისორები ნიკოლოზ შენგელაია და დიომიდე ანთაძე); „ჩრდილი გზაზე“ (რეჟისორი დავით რონდელი); „შეწყვეტილი სიმღერა“ (რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი). 60-იანი წლების დასაწყისში კონსტანტინე ლორთქიფანიძეს ჟურნალ „ცისკრის“ მთავარ რედაქტორად დანიშნავენ და ის კინოს აღარც დაუბრუნდება.
40-იანი წლების დასაწყისში თბილისის კინოსტუდიაში ეკრანზე სამი ნაწარმოები გადაიტანეს. პირველია პოლიკარპე კაკაბაძის ზემოთ ნახსენები პიესა: „ქალიშვილი ხიდობნიდან“ („კოლმეურნის ქორწინება“, რეჟისორი დიომიდე ანთაძე, 1940), სტახანოველი მეჩაიე ქალიშვილის ბედნიერი სიყვარულის ამბავი, ორი ნაწარმოები კი II მსოფლიო ომის (სამამულო ომის) პერიოდში გადაიღეს. ესენია: ნიკო ლომოურის მოთხრობა „ქაჯანა“ (რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი, 1942), სადაც ცრუმორწმუნეობას, უწიგნურობასა და უსამართლობას განათლება და სამართალი სჯობნის; ანა ანტონოვსკაიას რომანი „დიდი მოურავი“ („გიორგი სააკაძე“, 2 სერია, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, 1943), რომელიც გვიჩვენებს მსოფლიო ასპარეზზე გასულ, უბრალო წარმოშობის გმირს, რომელსაც წუთითაც არ ავიწყდება თავისი სამშობლო - საქართველო. მაყურებელს გიორგი სააკაძის სახეში სტალინის ისტორიული პარალელი უნდა დაენახა, რომელიც უპირისპირდება თავის ქვეყანას, რათა გადაარჩინოს იგი.
საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება ომის პერიოდში კინოსტუდიაში შეტანილი სცენარებიც, რომელთაც ასევე ლიტერატურული საფუძველი უდევს, თუმცა მათი ფილმებად რეალიზება არ მომხდარა. ესენია: პოეტ კალე ბობოხიძის ლიბრეტო „სტუმარ-მასპინძელი“ (1941) და მწერალ პოლიკარპე კაკაბაძის და რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის სცენარი „ყვარყვარე თუთაბერი“ (1944). სავარაუდოდ, კინოსტუდიაში მიიჩნიეს, რომ ფილმი, სადაც მთავარმა გმირმა (ჯოყოლამ) უნდა გადააფასოს ღირებულებები და თავისი დამოკიდებულება საზოგადოებასთან, ან გმირი (ყვარყვარე), რომელიც მედროვეა და ყველა ხელისუფლებას ერგება, იმ პერიოდში, ომის დროს, მაყურებელს არ სჭირდებოდა. ის, რომ ნახსენები სცენარები სისუსტის გამო დაიწუნეს, დამაჯერებელი არგუმენტი ვერ იქნება, რადგან ისინი სხვა, მიღებული სცენარების მსგავსია, თუმცა იმ დანარჩენებს განვითარების შესაძლებლობა მისცეს და მათი სამი-ოთხი ვარიანტი არსებობს.
ომის შემდგომ, კვლავ სტალინის გადაწყვეტილებით, დადგა მხიარული, სათავგადასავლო, ოპტიმისტური ფილმების დრო, რომლებიც სრულიად არ ასახავდა ომისგან დაზარალებული, დასახიჩრებული, გაღატაკებული, მგლოვიარე ადამიანების რეალობას და მხოლოდ მათ გამხნევებას ისახავდა მიზნად.
იმ პერიოდის ეკრანიზაციები: ანტონ ჩეხოვის ვოდევილი „ქორწინება“ (რეჟისორი ისიდორე ანენსკი, 1947), აკაკი წერეთლის მოთხრობა „ჩემი თავგადასავალი“ („აკაკის აკვანი“, რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი, 1947), დანიელ დეფოს რომანი „რობინზონ კრუზო“ (რეჟისორი ალექსანდრ ანდრიევსკი, 1947), ავქსენტი ცაგარლის პიესა „ხანუმა“ („ქეთო და კოტე“, რეჟისორები: ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი, 1948) ამ შეხედულების მკაფიო დადასტურებაა.
ოდნავ მოგვიანებით გადაიღეს გიორგი გულიას მოთხრობა „გაზაფხული საკენში“ (რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი, 1951), მარიკა ბარათაშვილის პიესა „მარინე“ („ჭრიჭინა“, რეჟისორები სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი, 1954).
ამავე პერიოდში შევიდა სტუდიაში სანდრო შანშიაშვილის, გიორგი ცაგარლის და მიხეილ ჭიაურელის სცენარი „ვეფხისტყაოსანი“ (1951 წელი), რომელიც ფილმად არ ქცეულა.
1953 წლიდან, სტალინის სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყო. საბჭოთა ხელოვნებაში ახალმა სიომ დაუბერა. შესაძლებელი გახდა ახალი ფორმების ძიება.
პირველი ქართული ფილმი, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიოში მეტად პოპულარული იტალიური ნეორეალიზმის (1943-1952) გავლენით შეიქმნა, იყო თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის „მაგდანას ლურჯა“ (გადაღებული ეკატერინე გაბაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, სცენარის ავტორი კარლო გოგოძე, 1955). „მაგდანას ლურჯამ“ ახალი კინოენის ჩამოყალიბების პროცესში ახალი სიტყვა თქვა და ამაში ქართველმა მწერლებმაც შეიტანეს მცირე წვლილი.
„არანაირი მოვლენა ცარიელ ადგილზე არ ამოდის, ნეორეალიზმის ძირები ქართულ ნიადაგში იდო. მუშაობა რომ დავიწყეთ, სხვა მწერლებიც ამოგვიდგნენ გვერდში. სიკო ფაშალიშვილმა კარგად იცოდა ქალაქური ფოლკლორი და დიალოგები გაგვიმართა, ცნობილი ფრაზა − შე მართლა ვირო! − დემნა შენგელაიამ შემოგვთავაზა“, - იხსენებს ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი რეზო ჩხეიძე (ჯანელიძე ნანა. თენგიზ აბულაძე. ანარეკლები, თბ., 2014, გვ. 22).
როცა „მაგდანას ლურჯას“ გადაღების გრაფიკთან ჩამორჩენის გამო პრობლემები შეექმნა და ახალგაზრდა რეჟისორებისთვის ფილმი უნდა ჩამოერთვათ, გადაღებული მასალა ისევ მწერლებმა ნახეს, მოიწონეს და დაიცვეს.
ეს მწერლები იყვნენ: აკაკი ბელიაშვილი, მიხეილ მრევლიშვილი, გიორგი შატბერაშვილი, მარიამ გარიყული, დემნა შენგელაია და გალაკტიონი. მათი შეფასება გასათვალისწინებელი გახდა კინოსტუდიის იმდროინდელი ხელმძღვანელობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.
სტალინის პერიოდის იდეოლოგიური მარწუხები მოიხსნა, მაგრამ „მაგდანას ლურჯა“ გამონაკლისი აღმოჩნდა. სტალინური პერიოდის სოცრეალიზმისთვის დამახასიათებელი, სოციალური ქვეტექსტებით გაცოცხლებული გმირები, რომლებიც 30-იან წლებში კლასობრივ მტრებს, შემდეგ კი გარე მტრებს ებრძოდნენ, 50-იან წლებში ე. წ. უკონფლიქტობის თეორიას მიუსადაგეს და ხშირ შემთხვევაში სქემატურ პერსონაჟებად აქციეს.
აკაკი ბაქრაძე წერს, რომ კინოსტუდია „წელიწადში ორ ფილმს იღებდა და ისიც „ბობოლებს“ ეკუთვნოდათ. 1957 წელს კინოწარმოება გაზარდეს და „ქართულმა ფილმმაც“ შვიდი ფილმის გადაღების დაკვეთა მიიღო. ამით საშუალება იმათაც მიეცათ, ვინც მანამდე ფილმს ვერ იღებდა, მაგრამ მათ არანაირი სიახლე არ მოუტანიათ, ისევ ძველ ტრადიციას მისდევდნენ. სიახლე, რომელიც „მაგდანას ლურჯამ“ მოიტანა, მათთან არ გაგრძელებულა“ (ჯანელიძე ნ. თენგიზ აბულაძე. ანარეკლები, თბ., 2014, გვ.49).
ამ პერიოდში ეკრანზე გადააქვთ ნაწარმოებები: გრიგორი ადამოვის რომანი „ორი ოკეანის საიდუმლოება“ (2 სერია, რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი, 1956), აკაკი წერეთლის მოთხრობა „ბაში-აჩუკი“ (რეჟისორი ლეო ესაკია, 1957), ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, 1958), მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „ქალის ტვირთი“ (რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი, 1958), ორდე დგებუაძის მოთხრობა „მეორედ დაბადება“ („მე ვიტყვი სიმართლეს“, რეჟისორი ლევან ხოტივარი, 1958), კოსტა ხეთაგუროვის პოემა „ფატიმა“ (რეჟისორი სიკო დოლიძე, 1959), უიარაღოს მოთხრობა „მამლუქი“ (რეჟისორი დავით რონდელი), ვლადიმერ მაიაკოვსკის ავტობიოგრაფიული მოთხრობის „მე თვითონ“ მოტივებზე („მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“, რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი, 1959), ოთარ ჩიჯავაძის მოთხრობა „ზვიგენის კბილი“ (რეჟისორი შალვა გედევანიშვილი, 1960), ვალერიან კანდელაკის პიესა „მაია წყნეთელი“ (რეჟისორი რეზო ჩხეიძე, 1960).
გადაღების უფლება არ მისცეს: რევაზ ებრალიძის სცენარს „კოლხეთის ცისკარი“ (კონსტანტინე ლორთქიფანიძის რომანი); ნ. კევლიშვილის სცენარს „ღვინია გადაიჩეხა“ (ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა); ს. ახაპკინის და ი. სტრელნევის სცენარს „სპარტაკი“ (რაფაელო ჯოვანიოლის რომანი).
ამ პერიოდში არის განაცხადებიც, რომელთაც მაშინ უარი ეთქვათ, თუმცა მოგვიანებით სხვა ავტორებს გადააღებინეს. ასეთია შალვა ხუსკივაძის 1955 წლის განაცხადი ფილმისთვის „მაცი ხვიტია“ (ანტონ ფურცელაძის რომანი). ამავე სახელწოდების ფილმს 1966 წელს გადაიღებს გიორგი შენგელაია (სცენარის ავტორები გურამ ასათიანი და გიორგი შენგელაია); აგრეთვე შალვა გედევანიშვილის და ვასილ ყუშიტაშვილის 1957 წელს კინოსტუდიაში წარდგენილი სცენარი „კაცია - ადამიანი?!“ (ილია ჭავჭავაძის მოთხრობა). ფილმს 1979 წელს გადაიღებენ სიკო და ქეთი დოლიძეები (სცენარის ავტორი სიკო დოლიძე, ზაირა არსენიშვილის მონაწილეობით).
ისევ არ ჩანს ახალი სახელები, ახალი ტენდენციები, რეალობის ახლებური ხედვა. იმის მიუხედავად, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ეკრანიზაციებს (მათ ნაწილს მაინც) საკმაოდ სერიოზული ლიტერატურული ნაწარმოებები უდევს საფუძვლად და გამართული დრამატურგიული სქემა აერთიანებს, სცენარებში მაინც არის უკონფლიქტობის თეორიის გატარების მცდელობა. მაგალითად მოვიტანთ თავადაც მწერლის, აკაკი ბელიაშვილის, სცენარს ფილმისათვის „ოთარაანთ ქვრივი“ (სცენარის თანაავტორი მიხეილ ჭიაურელი). ილია ჭავჭავაძის მოთხრობას სრულიად ჩამოყალიბებული დრამატურგიული კონსტრუქცია აქვს და, ერთი შეხედვით, ძნელია, აქ რაიმე შეცვალო. ეროვნული არქივის კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ფონდში ინახება ამ ფილმის სცენარის 4 ვარიანტი, ასევე, რედაქტორ აკაკი ბაქრაძის 1957 წლის 6 მარტით დათარიღებული სცენარის შეფასება და დასკვნა.
აკაკი ბაქრაძე იწუნებს აკაკი ბელიაშვილის სცენარს და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ავტორმა გვერდი აუარა ნაწარმოების ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც „ხიდჩატეხილობის პრობლემაა“, კლასთა შორის შეურიგებლობის პრობლემა. ამით დიდი სოციალური კონფლიქტის ნაცვლად მივიღეთ სასიყვარულო სამკუთხედის კონფლიქტი, რომელიც სრულიად უინტერესოაო. რედაქტორს კიდევ რამდენიმე სერიოზული და დასაბუთებული შენიშვნა აქვს სცენარის მიმართ, ბოლოს კი ასკვნის, რომ თუ ეს შენიშვნები არ იქნება გათვალისწინებული, „ოთარაანთ ქვრივის“ ეკრანიზაციას გამართლება არ აქვსო. რედაქტორს ეთანხმება სასცენარო განყოფილების უფროსი რეზო თაბუკაშვილი.
სცენარის მომდევნო და საბოლოო ვარიანტებში შენიშვნები მხოლოდ მეტ-ნაკლებადაა გათვალისწინებული.
ასევე, აღსანიშნავია ფილმი „ქალის ტვირთი“ (სცენარის ავტორი და რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი), რადგან ის პირველი ნაწარმოებია, რომელიც სტალინის სიკვდილის შემდეგ ჯავახიშვილის რეაბილიტაციის (ისევე, როგორც სხვა რეპრესირებულთა რეაბილიტაციის) შედეგად აქციეს ფილმად. „ქალის ტვირთი“ მიხეილ ჯავახიშვილის ბოლო რომანია. ის 1936 წელს შეიქმნა.
აქაც ლიტერატურულ პირველწყაროში უხეში ჩარევაა. „რომანისა და ფილმის შინაარსობრივი შედარებისას ჩანს, რომ ნიკოლოზ სანიშვილი ფილმში ავტორის საწინააღმდეგო სვლებს აკეთებს. სრულიად უარყოფილია მწერლის მსოფლმხედველობა და იდეა, რისთვისაც შეიქმნა ეს რომანი − ბოლშევიზმის მემკვიდრის აღსასრული შეცვლილია ბოლშევიზმის იდეის გამარჯვებით. მწერლის ეროვნული სატკივარი სრულიად უგულებელყოფილია. მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟების ტრაგიკულ ბედს ყალბი ფასეულობების მსახურება განაპირობებს. ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში სწორედ ეს ფასეულობებია გაიდეალებული“ (წიფურია ლელა. ქართული პროზის ინტერპრეტაცია აუდიოვიზუალურ ხელოვნებაში (მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებების საფუძველზე), თბ. 2012, გვ. 84).
40-50-იანი წლების ეკრანიზაციებით მთავრდება ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანზე გადატანის ტრადიციული მიდგომა და მალე კინოდრამატურგიაში დაიწყება ფორმების ძიება ტექსტის თავისუფალი ეკრანული ინტერპრეტაციისათვის.
ქართული კინო.1940-1960. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. თბილისი. 2024