სტატიის სარჩევი

გივი ბარამიძე

სოფიკო ჭიაურელი

მსახიობისთვის არაფერია იმაზე უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე შეგრძნება საკუთარი შემოქმედების სახალხო აღიარებისა.

დამსახურებული აღიარება!

ეს ყველაზე დიდი ჯილდო, სიცოცხლისა და შემოქმედებითი რწმენის განმამტკიცებელი ელექსირია ყოველი ჭეშმარიტი ხელოვანისათვის.

სოფიკო ჭიაურელი ერთი იმათგანია, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება - ორი ათეული წლის ნაყოფიერი შემოქმედებით სწორედ ასეთი აღიარება დაემსახურებინა ხალხისგან.

როგორც აღნიშნავენ, შთამომავლობისათვის გენებს შეიძლება მართლაც ჰქონდეს გარკვეული ზემოქმედებითი მნიშვნელობა. მაგრამ ისტორია იმასაც ცხადყოფს, რომ დიდ ხელოვანთ იშვიათად თუ ჰყოლიათ თავიანთი მსგავსი მემკვიდრენი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამგვარ იშვიათობას წარმოადგენს სოფიკო ჭიაურელიც, რომელიც ღირსეული მემკვიდრე აღმოჩნდა ჩვენი სახელგანთქმული მსახიობის - ვერიკო ანჯაფარიძისა და საყოველთაოდ  ცნობილი რეჟისორის - მიხეილ ჭიაურელისა.

თუმცა, თავიდან უცებ და იოლად როდი გამომჟღავნებულა ეს მემკვიდრეობითი უნარი. მშობლებს კიდეც გაუკვირდათ, გოგონამ მოულოდნელად საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში რომ გადაწყვიტა სასწავლებლად შესვლა. მანამდე მას არასოდეს გამოუვლენია განსაკუთრებული მიდრეკილება სამსახიობო ხელოვნებისადმი. მართალია, იგი ბავშვობიდანვე ეზიარა სცენასა და ეკრანზე მშობლების შემოქმედებითი წარმატებებით გამოწვეულ სიხარულს, მაგრამ ეს  იყო მხოლოდ მშობლების დასახურება, დაუფარავ სიამაყეს რომ აგრძნობინებდა არც თუ მთლად გაბედულ და თამამ გოგონას. ეს იყო და ეს. და მაინც, მტკიცე და შეურყეველი აღმოჩნდა მისი გადაწყვეტილება. მით უმეტეს, მისადმი სიფრთხილე გამოიჩინეს მშობლებმაც და შესამოწმებლად თავიანთ კოლეგებს წარუდგინეს.

ძნელი შეიქნა მორცხვი და მკრძალებული გოგონას სულში დაფარული არტისტული ნიჭის აღმოჩენა, მაგრამ თეატრის გამოცდილ და ალღოიან მსახიობებს - ოლღა პიჟოვასა და ბორის ბიბიკოვს ენიშნათ, რომ „მასში არის ის რაღაც“ - სამსახიობო მონაცემების  ნაპერწკალი, რომელსაც გაღვივება და ცეცხლად დანთება სჭირდებოდა. სოფიკო მათსავე სახელოსნოში ჩაირიცხა. 1955 წელს დაიწყო სწავლების რთული და საინტერესო ძიებებით სავსე წელი და უცებ იგი რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ მიიწვია თავის ფილმში „ჩვენი ეზო“ ციცინოს როლზე.

ფილმი „ჩვენი ეზო“ 1957 წელს ოქროს მედლით იქნა დაჯილოებული ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე მოსკოვში და ამ დიდ წარმატებაში სოფიკო ჭიაურელსაც გარკვეული წვლილი მიუძღვის. გიორგი მდივნის სცენარის მიხედვით შექმნილ ამ ფილმში უხვადაა ცხოვრების ფართო გზაზე მოზარდი თაობის გასვლის ამსახველი პოეტურად ამაღლებული დეტალები. საგულისხმოა ისიც, რომ ფილმის მთავარი გმირების - ციცინოსა და დათოს ყმაწვილურ სულში განმასახიერებლების - ახლად დაქორწინებული სოფიკო ჭიაურელისა და  გიორგი შენგელაიას პირადი ცხოვრება ერთგვარ ავტობიოგრაფიულ გამოძახილად იქცა. გიორგისთან ერთად სოფიკომაც საკუთარი თავი განასახიერა მისთვის ჩვეული გულწრფელობითა და უშუალობით და სწორედ მისი გულწრფელობისა და უშუალობის გამოკვეთაში გამოვლინდა მსახიობის შემოქმედებითი თავისებურების „ის რაღაც“ მარცვალი, რომელმაც შემდგომ სცენასა და ეკრანზე თანდათან სულ უფრო მრავალმხრივ განშტოებული, უხვი ნაყოფი გამოიღო. „ის რაღაც“ სოფიკომ სასწავლო როლში, იაპონური პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლ „წეროების სიმღერაშიც“ გამოავლინა, როცა თავისებური პლასტიკურობითა და სინარნარით განასახიერა წეროს როლი.


სოფიკო ჭიაურელს უკვე სწავლების წლებში მიეცა შესაძლებლობა თეორია პრაქტიკით განემტკიცებინა. ინსტიტუტის დამთავრებისას კი ზედიზედ მიიღო მონაწილეობა ჯერ ფილმებში: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (რეჟ. მიხეილ ჭიაურელი) და „ენგურის ნაპირებზე“ (რეჟ. დავით რონდელი), ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში „ბაფთიანი გოგონა“ (რეჟ. ანზორ ქუთათელაძე).

ახალგაზრდა მსახიობმა ორივე ფილმში თანამედროვე ქალიშვილის როლი განასახიერა და თითოეული ხასიათის თავისებური სხვაობით წარმოაჩინა ეკრანზე.

ხასიათის მერყევი ბუნებით და ევოლუციური ჩამოყალიბების სირთულით განსაკუთრებით გამოირჩევა მისი ლალი ფილმში „ამბავი ერთი ქალიშვილისა“. ხალისიანი ციცინოს წმინდა, ახლობელი, ნათელი გრძნობებისაგან განსხვავებით, მსახიობისთვის რამდენადმე უცხო და შეუთავსებელი აღმოჩნდა ლალის არამტკიცე, მერყევი ბუნება და მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგიული მასალა ნაკლებად აძლევდა საშუალებას გმირის ხასიათის ხორცსავსე ჩამოყალიბებისათვის, სოფიკო შეეცადა, თავის გმირს სწორ გზაზე გასვლაში რაც შეიძლებოდა დახმარებოდა. თქვას უფრო მეტი, ვიდრე ეს ტექსტშია, საერთოდ სოფიკოს მსახიობური ოსტატობის ერთი თავისებური ღირსებაა, რომელიც არც სხვა შემთხვევაში რჩებათ ხოლმე მხედველობიდან რეცენზენტებს.

მაყურებელმა ირწმუნა მის მიერ შექმნილი სახის ფსიქოლოგიური სიზუსტე, ირწმუნა ისიც, რომ ლალი აუცილებლად განახორციელებს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება სოფელს, სადაც ადრე სამუშაოდ გაგზავნეს, მაგრამ ამაოდ მიატოვა ქალაქური „ტკბილი ცხოვრების“ მაცდუნებელი იმედით.

ასე, თანდათან, სულ უფრო მკაფიოდ იჩენდა თავს მსახიობის შემოქმედებითი ინდივიდუალობა - გულწრფელობა, მომხიბვლელი არტისტიზმი, შინაგანი სიფაქიზე, პლასტიკურობა, გრძნობად-ინტელექტუალური მთლიანობა, განცდების გადმოცემის უშუალობა, ემოციურობა და სხვა.

მართალია, თვითონ მსახიობი სცენას მეტ უპირატესობას ანიჭებს ეკრანთან შედარებით, მაგრამ უკვე ციცინოსავით ცხოვრების ფართე გზაზე გამოსვლისთანავე სოფიკო ერთნაირი გატაცებით ასახიერებს როლებს თეატრსა და კინოში.

იმავე 1961 წელს, როცა ეკრანზე გამოვიდა ფილმი „ენგურის ნაპირებზე“, რომელშიც სოფიკომ საინტერესოდ განასახიერა სათნო და შრომისმოყვარე სვანი  ქალიშვილის - თამარის როლი, განსაკუთრებული ყურადღება ხვდა მის მიერ შექმნილ ჰარას  სცენურ სახეს მარჯანიშვილის თეატრში ბერძენი დრამატურგის, პერეიალისის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში „ბაფთიანი გოგონა“ (რეჟ. ანზორ ქუთათელაძე); მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მსახიობს პირველად მუხდა ესოდენ ფართო აუდიტორიის წინაშე არაქართველი ქალიშვილის როლის განსახიერება, მან შეძლო ყველასათვის ახლობელ ადამიანად, მთელი თავისი სიკეთით წარმოედგინა მაყურებლისთვის ეს მომხიბლავი გოგონა. მაყურებელმა არა თუ უთანაგრძნო, მთელი არსებით შეიყვარა ღატაკტა უბანში აღზრდილი ჰარა, რომელმაც გულბოროტი და მუქთახორა ადამიანების მიერ შემოტავაზებულ ფუფუნებას მშრომელი და ალალმართალი ხალხის ერთგულება და სიყვარული ამჯობინა. და თუ სპექტაკლი განიტვირთა კიდეც პიესის რამდენიმე იაფფასიანი მელოდრამატული ინტონაციისა და სენტიმენტალობისგან, ამაში საგრძნობი წვლილი სოფიკო ჭიაურელსაც მიუძღვის.

მცირე დროის მანძილზე შეძენილი შემოქმედებითი არსენალიდან ახალგაზრდა მსახიობს თითქოს არაფერი დაუზოგია, თითქოს მთელი თავისი აქტიორული შესაძლებლობა ამ პოეტურად ამაღლებული სახის შექმნას მოახმარა, მაგრამ მისმა შემდგომმა სცენურმა და ეკრანულმა როლებმა ცხადყო, რომ მისი შესაძლებლობები ამოუწურავია. ყოველი როლის დამთავრების შემდეგ იწყება სრულიად ახალი შემოქმედებითი ცხოვრება. ასე შეიქმნა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული სცენური სახეები: თეკლა („ნოველების საღამო“), ჟანა დ’არკი („ტოროლა“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა"), კიტი („ქარიშხლიანი დღეები“), ანტიგონე („ანტიგონე“), ივდითი („ურიელ აკოსტა“), ნეგინა („ტალანტები და თაყვანისმცემლები“) და სხვა.

ასე დაიმკვიდრეს თავიანთი ღირსეული ადგილი ეკრანზე ზოსიამ („გენერალი და ზიზილები“), ტასიამ („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ელენემ („ვიღაცას ავტობუსზ ეაგვიანდება“), მზექალამ („ხევსურული ბალადა“), სოფიკომ („არ იდარდო“), საიათნოვამ („ბროწეულის ყვავილობა“), სიდონიამ („ წუთისოფელი“), ვარდომ („ვერის უბნის მელოდიები“) და სხვ.

აქედან, ცხადია, შეუძლებელია ყველა  როლი ერთ სიმაღლეზე ყოფილიყო. მთავარი ისაა, რომ მათში მსახიობმა შეძლო დაერღვია ამპლუის ერთგვარი ზღუდე და მსახიობური ნიჭის მრავალმხრივობით გამოვლენილიყო.

კაბარეს მოცეკვავე ზოსიას დრამატული სახე არაფრით არა ჰგავს მხიარულ და ლაღ სოფლელ გოგონას - ტასიას, ელენეს ფსიქოლოგიურად რთული სახე სრულიად განსხვავდება სიცოცხლით სავსე, ამაყი და დამოუკიდებელი ხევსური მზექალასაგან. საკმარისია დავასახელოთ „ბროწეულის ყვავილობა“, რომელშიც მან, გარდა სიათნოვას ძირითადი როლისა, კიდევ ხუთი, ერთმანეთისაგან სტილით და ხასიათით განსხვავებული როლი განასახიერა.

სამართლიანად აღნიშნავენ, „ყველგან მის გმირებს თან ახლავა შინაგანი ძალა, ქალური ხასიათის რაღაც ჰეროიკული პირველადი საწყისი“. მისი დევიზი - მისივე პროფესიის, ბავშვების, ახლობლების, ხალხისა და მშობლიური მიწის სიყვარულში გამოიხატება. ქართული ბუნების სილამაზეც ყოველთვის მასშია და იგიც ყოველთვის ამ სილამაზეშია. შრომისმოყვარეობა, მომთხოვნელობა და სიმართლის სიყვარული მისივე პროფესიული სიმწიფისა და მოქალაქეობრივი მდგრადობის დამახასიათებელი თვისებებია. მის თვისებებს სრულიად ეწინააღმდეგება, - მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, - ზერელე დამოკიდებულება, სქემატიზმი, მანერულობა, პრიმიტივიზმი, ეპიგონობა, მხატვრულად გაუმართლებელი სტილიზაცია.


უკვე „ბაფთიან გოგონაში“, ჰარას როლთან დაკავშირებით, ბევრი ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ თითქოს სოფიკოს მიერ განსახიერებულ ამ როლში ვერიკო ანჯაფარიძისგან ადრინდელი შემოქმედების მემკვიდრეობით გადმოცემული ნიშნებიც შეიმჩნეოდა. იგივეს ლაპარაკობდნენ სპექტაკლ „ურიელ აკოსტასთან“ დაკავშირებითაც, სადაც სოფიკომ ივდითის როლი განასახიერა, მაგრამ კინომცოდნე კორა წერეთლის მართებული თქმისა არ იყოს, „საქმე იმაშია, რომ სცენური საშუალებებისა და სტილის ფლობის მხრივ სოფიკოს შემოქმედება სცილდება ნათესაური კავშირის ჩარჩოებს და იგი უფრო ფართოდ,  მასშტაბურად უნდა განიხილებოდეს. ამასთან დაკავშირებით თავიდანვე უნდა ითქვას, მარჯანიშვილელეთა პირველი თაობის მემკვიდრემ, სოფიკომ, დედის რძესთან ერთად შეისისხლხორცა ამ შესანიშნავი თეატრის ტრადიციები, სინთეზური სამსახიობო ხელოვნების მკაფიო თვითმყოფადი თვისებები.“

ასე რომ, შეიძლება მართლაც მემკვიდრეობითი იყოს სინთეზური მრავალმხრივობა, მაგრამ ის, რომ მას თავისი საკუთარი, მხოლოს მისთვის დამახასიათებელუ აქტიორული ინდივიდუალობა გააჩია, ეს მისივე სხვადასხვა ჟანრის, ხასიათისა თუ სტილის როლებმა დაადასტურა.

სამაგალითოდ გავიხსენოთ შოთა მანაგაძის ფილმი „ხევსურული ბალადა“, რომელშიც სოფიკომ ხევსური ქალიშვილის - მზექალას როლი განასახიერა. მაყურებელი მოხიბლა მისის გმირის ზნეობრივმა სიწმინდემ, ბავშვურმა მიამიტობამ, ლაღი ბუნების სადარმა მისმა შინაგანმა მგზებარებამ, რომელსაც მსახიობი დახვეწილი პლასტიკური შესაძლებლობებით გადმოგვცემს. სოფიკომ თავისი გმირით გვაგრძნიბინა, რომ იქ, მთაში, უფრო ამაღლებულია ადამიანის განცდა. იქ თითქოს არწივის ფრთები შეგსხმია და გალაღებული დაიარები. მაღალ და ჯანსაღ სამყაროში თითქოს უფრო სხვაგვარია სიყვარულიც, სწორედ ისეთი პოეტური და ურყევი, მზექალას რომ შეუძლია - ჩანჩქერივით დაუოკებელი, მთასავით ამაღლებული, იქაურივე ცის მრავალსახეობის გვარად, ხან ფაქიზი და დაწყნარებული, ხან კი მქუხარე და დაუცხრომელი. იმ მაყურებელს, რომელიც ეკრანზე მხოლოდ „კლასიკურად ჩამოყალიბებულ“ ფორმებს ეძებს, ერთი შეხედვით ვერ დააკმაყოფილებდა მზექალას გარეგნული სილამაზე, მაგრამ შეუძლებელია არ მოხიბლულიყო მისი დიდი სულიერი სილამაზით, სიფაქიზით.

სოფიკო ჭიაურელმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს, ისევე, როგორც სიძულვილს, ნიჭი სჭირდება. მისი მზექალას სიყვარულს კი გაორკეცებული ნიჭიერება ადიადებს: თავისივე გმირისადმი და თვით გმირის ამაღლებული სიყვარულის ნიჭი, გულწრფელობა, მთიელი ქალიშვილის ტემპერამენტი, ინტონაცია, დამახასიათებელ ყოფით ქცევებში ადამიანური განცდების სიღრმე მზექალას რომანტიკულ მომხიბვლელობას უნარჩუნებს. მსახიობმა ღირსეული წარმატებაც დაიმსახურა: 1966 წელს კიევის მეორე საკავშირო კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მეორე პრემია მიენიჭა.

ქართველი დედის რთული და დრამატული ცხოვრება გვიჩვენა სოფიკომ ფილმში „წუთისოფელი“, რომელშიც მან სიდონიას როლი განასახიერა; ახალგაზრდა ქალიდან ხანდაზმულობამდე განვლილ გზაზე ბევრი სიმწარისა და სიხარულის განცდა გვაგრძნობინა. გარდასახვის ესოდენ ხალასმა ნიჭმა მთელი სრულყოფით იჩინა თავი ამ როლში და მსახიობის ფართო აქტიორულ დიაპაზონზე მიგვითითა.

ამიტომაც, სოფიკო ჭიაურელმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ზედიზედ მიიღო ლაურეატის საპატიო წოდება საკავშირო ფესტივალებზე, თანაც ერთმანეთისფან ჟანრობრივად სრულიად განსახვავებულ როლებში: მზექალა („ხევსურული ბალადა“), სიდონია („წუთისოფელი“), ვარდო („ვერის უბნის მელოდიები“).

შემოქმედებითი პერსპექტივები კვლავაც დიდი იმედის მომცემი, ფართო და განუსაზღვრელია...

უფრო სრული შემოქმედებითი პორტრეტისთვის გათვალისწინებული რს ჩვენი ესკიზიც გვინდა ამჯერად უშუალოდ მსახიობთან გასაუბრებით დავამთავროთ:

შეკითხვა:   ზოგჯერ, დროის მოთხოვნილებათა თუ მსახიობური გამოცდილების მიღების მიზნით საჭიროდ მიგაჩნიათ თუ არა, რომ მსახიობმა მოთმინება, ნიჭი და უნარი არ მოაკლოს ისეთ როლსაც, რომელიც მას არ იზიდავს, სულს არ წვდება და შემოქმედებითად არ აღელვებს?

პასუხი: ჩემი აზრით ხელოვანი არ უნდა უცდიდეს ხოლმე შთაგონებას. ჭეშმარიტი მსახიობი თვითონ უნდა იყოს შემოქმედი შთაგონებისა. პირადად მე, უკიდურესი გამონაკლისის გარდა, არ ვამბობ ხოლმე უარს როლებზე, რადგან ყოველ როლში შეიძლება აღმოჩნდეს ის მარცვალი, რომლიდანაც მეტ-ნაკლებად საინტერესო მხატვრული სახე უნდა აღმოცენდეს.

შეკითხვა: როდის დარწმუნდით პირველად, რომ მსახიობობაა თქვენი მოწოდება?

პასუხი: გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ  მოწოდებაზე განზრახულად არასოდეს მიფიქრია. იგი თავისთავად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. შეუმჩნევლად სულ უფრო დიდ მოთხოვნილებად მექცა და ახლა მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ცხოვრება მის გარეშე წარმოუდგენელია.

შეკითხვა: რამდენადაც ვიცი, თქვენ უკვე გაქვთ გამოთქმული აზრი იმის შესახებ, რომ კინოსთან შედარებით თეატრს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებთ, რომ კინო უფრო რეჟისორის ხელოვნებად მიგაჩნიათ, ხოლო სცენა მეტ შესაძლებლობას გაძლევთ სახის გასახსნელად, ტიპის გამოსავლენად, ოსტატობის გამოსამუშავებლად და სხვა. მაგრამ კინოში თქვენი მოღვაწეობის საკმაო დროის მანძილზე შეუძლებელია არ დარწმუნებულიყავით იმაში, რომ თავის მხრივ ეკრანსაც გააჩნია ის უპირატესობანი, რომელსაც თეატრში ვერ მიაღწევთ. მხედველობაში მაქვს მსხვილი პლანი, გადაღების სხვადასხვა კუთხე, ისეთი დეტალები, ნიუანსების მაყურებლამდე მიტანის შესაძლებლობა, რომელსაც სცენაზე ვერ შეამჩნევენ. მაგალითისათვის თუნდაც თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ნატვრის ხე“ თქვენი ახალი როლი გავიხსენოთ, როცა საოცარი გარდასახვით წარმოდგენილი თქვენი ფუფალა, ხმამაღლა მოთქმითა და გოდების გარეშე გამოხატავს გულისტკივილს უკუღმართ ცხოვრებაში ჩაკარგული თავისი ახალგაზრდობის სილამაზეზე, მსხვილი პლანი საუკეთესო შესსაძლებლობას გაძლევთ, სახისა და თვალების გამომეტყველებით მაყურებელს განაცდევინოთ ის შინაგანი მრელვარება, რომელსაც სცენიდან ასეთი ძალით, ვერავითარი პლასტიკური ხერხით ვერ მიაღწევდით.

ბოლო ხანს ხომ არ შეცვლილა თქვენი შეხედულება თეატრისა და კინოს უპირატესობის შესახებ?

პასუხი: მართალი ბრძანდებით. ცოტა ავჩქარდი, როცა კინო და თეატრი ერთმანეთს დავუპირისპირე. ცხადია, თითოეულს თავისი უპირატესობა გააჩნია. იმის თქმა მსურს მხოლოდ, რომ ყოველ მსახიობს შემოქმედებითი იმპროვიზაციის პროცესი აინტერესებს. სცენა ამისათვის მეტ შესაძლებლობას იძლევა. კინოში ეს პროცესი ყოველთვის „დამთავრებული“ სახითაა წარმოდგენილი და ამ სახეს ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ვეღარც ვერაფერს დაუმატებ და ვერც მოაკლებ. 


შეკითხვა: როგორი მრავალმხრივი ნიჭიერიც არ უნდა იყოს მსახიობი, მეტ-ნაკლებად ალბათ ერთი რომელიმე ჟანრი იტაცებს. თქვენ თვითონ გითქვამთ: - როდესაც ვსწავლობდი, ჰეროიკულ როლებზე ვოცნებობდი, ახლა კი ვფიქრობ, რომ ჩემი მასწავლებელი (ბიბიკოვი) სწორი იყო, როდესაც მარწმუნებდა, სახასიათო მსახიობი ხარო, მაგრამ იმავე მასწავლებელმა თქვენი ბოლო ნამუშევარი რომ ნახა, თქვა, რომ თქვენ ყველა შესაძლებლობა გაქვთ, ლირიკასა და რომანტიკასაც ეზიაროთ... სწორედ ამის გამო მინდა გკითხოთ: ხომ არ ვცდები, როცა ვფიქრობ, რომ თქვენ თქვენი მრავალმხრივი აქტიორული შესაძლებლობებით მიისწრაფვით კიდევაც გაარღვიოთ ამპლუის ზღუდე?

პასუხი: მსახიობი კიდევაც უნდა იყოს მრავალმხრივი. საკუთარ გატაცებებს, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ამ გატაცებებისადმი სერიოზული აყოლა მიზანშეუწონლად მიმაჩნია. ეს უკვე ჭეშმარიტი ხელოვნების შეზღუდვად გამოიყურება. ერთი ჟანრისადმი მიდრეკილება ტიპაჟების გამოყენების არც თუ სანაქებო ხერხია.

შეკითხვა: არც თუ იშვიათად, თანამედროვე კინემატოგრაფისტები უარს აცხადებენ ადრინდელ მონაპოვარსა და ხერხებზე. იდგმება ფილმები, რომლებშიც, მაგალითად, არაა გამოყენებული კინოს ადრინდელი დინამიკა. უფრო ფართო ადგილს იკავებს შინაგანი მონოლოგი, დუმილით მეტყველება და ფილოსოფიური გააზრება. გმირის სულიერი სამყაროს ამოძრავება („მარი ოქტომბერი“, „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“, „გასულ ზაფხულს მარიენბადში“, „შიშველი კუნძული“, „ფიროსმანი“, „ვედრება“, „დიდი მწვანე ველი“ და სხვა).

თქვენ, რომელსაც სტანისლავსკის სკოლის მასწავლებლისგან გაქვთ მიღებული გაკვეთილები, კინემატოგრაფისტების ეს თანამედროვე დამოკიდებულება თქვენი შემოქმედებითი პრინციპების საწინააღმდეგოდ მოგაჩნიათ თუ პირიქით?

პასუხი: ბევრი რამაა დამოკიდებული რეჟისორზე. როგორი გზით წარმართავს ფილმს. მსახიობი ამ შემთხვევაში დამხმარე ძალასაც უნდა წარმოადგენდეს  და საკუთარი ინდივიდუალური მონაცემების ნიჭიერ გამომხატველსაც. თუ როგორი ვარ მე, ამის შესახებ მხოლოდ მაყურებელსა და კრიტიკოსს შეუძლია მსჯელობა.

 

კინო. 1979.

კინომასალების კრებული.

საქართველოს სსრ კინემატოგრაფიის სახ. კომიტეტი, საქართველოს სსრ კინემატოგრაფისტთა კავშირი

რედაქტორი აკაკი ძიძიგური. გვ. 132-141