უკვე „ბაფთიან გოგონაში“, ჰარას როლთან დაკავშირებით, ბევრი ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ თითქოს სოფიკოს მიერ განსახიერებულ ამ როლში ვერიკო ანჯაფარიძისგან ადრინდელი შემოქმედების მემკვიდრეობით გადმოცემული ნიშნებიც შეიმჩნეოდა. იგივეს ლაპარაკობდნენ სპექტაკლ „ურიელ აკოსტასთან“ დაკავშირებითაც, სადაც სოფიკომ ივდითის როლი განასახიერა, მაგრამ კინომცოდნე კორა წერეთლის მართებული თქმისა არ იყოს, „საქმე იმაშია, რომ სცენური საშუალებებისა და სტილის ფლობის მხრივ სოფიკოს შემოქმედება სცილდება ნათესაური კავშირის ჩარჩოებს და იგი უფრო ფართოდ, მასშტაბურად უნდა განიხილებოდეს. ამასთან დაკავშირებით თავიდანვე უნდა ითქვას, მარჯანიშვილელეთა პირველი თაობის მემკვიდრემ, სოფიკომ, დედის რძესთან ერთად შეისისხლხორცა ამ შესანიშნავი თეატრის ტრადიციები, სინთეზური სამსახიობო ხელოვნების მკაფიო თვითმყოფადი თვისებები.“
ასე რომ, შეიძლება მართლაც მემკვიდრეობითი იყოს სინთეზური მრავალმხრივობა, მაგრამ ის, რომ მას თავისი საკუთარი, მხოლოს მისთვის დამახასიათებელუ აქტიორული ინდივიდუალობა გააჩია, ეს მისივე სხვადასხვა ჟანრის, ხასიათისა თუ სტილის როლებმა დაადასტურა.
სამაგალითოდ გავიხსენოთ შოთა მანაგაძის ფილმი „ხევსურული ბალადა“, რომელშიც სოფიკომ ხევსური ქალიშვილის - მზექალას როლი განასახიერა. მაყურებელი მოხიბლა მისის გმირის ზნეობრივმა სიწმინდემ, ბავშვურმა მიამიტობამ, ლაღი ბუნების სადარმა მისმა შინაგანმა მგზებარებამ, რომელსაც მსახიობი დახვეწილი პლასტიკური შესაძლებლობებით გადმოგვცემს. სოფიკომ თავისი გმირით გვაგრძნიბინა, რომ იქ, მთაში, უფრო ამაღლებულია ადამიანის განცდა. იქ თითქოს არწივის ფრთები შეგსხმია და გალაღებული დაიარები. მაღალ და ჯანსაღ სამყაროში თითქოს უფრო სხვაგვარია სიყვარულიც, სწორედ ისეთი პოეტური და ურყევი, მზექალას რომ შეუძლია - ჩანჩქერივით დაუოკებელი, მთასავით ამაღლებული, იქაურივე ცის მრავალსახეობის გვარად, ხან ფაქიზი და დაწყნარებული, ხან კი მქუხარე და დაუცხრომელი. იმ მაყურებელს, რომელიც ეკრანზე მხოლოდ „კლასიკურად ჩამოყალიბებულ“ ფორმებს ეძებს, ერთი შეხედვით ვერ დააკმაყოფილებდა მზექალას გარეგნული სილამაზე, მაგრამ შეუძლებელია არ მოხიბლულიყო მისი დიდი სულიერი სილამაზით, სიფაქიზით.
სოფიკო ჭიაურელმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს, ისევე, როგორც სიძულვილს, ნიჭი სჭირდება. მისი მზექალას სიყვარულს კი გაორკეცებული ნიჭიერება ადიადებს: თავისივე გმირისადმი და თვით გმირის ამაღლებული სიყვარულის ნიჭი, გულწრფელობა, მთიელი ქალიშვილის ტემპერამენტი, ინტონაცია, დამახასიათებელ ყოფით ქცევებში ადამიანური განცდების სიღრმე მზექალას რომანტიკულ მომხიბვლელობას უნარჩუნებს. მსახიობმა ღირსეული წარმატებაც დაიმსახურა: 1966 წელს კიევის მეორე საკავშირო კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მეორე პრემია მიენიჭა.
ქართველი დედის რთული და დრამატული ცხოვრება გვიჩვენა სოფიკომ ფილმში „წუთისოფელი“, რომელშიც მან სიდონიას როლი განასახიერა; ახალგაზრდა ქალიდან ხანდაზმულობამდე განვლილ გზაზე ბევრი სიმწარისა და სიხარულის განცდა გვაგრძნობინა. გარდასახვის ესოდენ ხალასმა ნიჭმა მთელი სრულყოფით იჩინა თავი ამ როლში და მსახიობის ფართო აქტიორულ დიაპაზონზე მიგვითითა.
ამიტომაც, სოფიკო ჭიაურელმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ზედიზედ მიიღო ლაურეატის საპატიო წოდება საკავშირო ფესტივალებზე, თანაც ერთმანეთისფან ჟანრობრივად სრულიად განსახვავებულ როლებში: მზექალა („ხევსურული ბალადა“), სიდონია („წუთისოფელი“), ვარდო („ვერის უბნის მელოდიები“).
შემოქმედებითი პერსპექტივები კვლავაც დიდი იმედის მომცემი, ფართო და განუსაზღვრელია...
უფრო სრული შემოქმედებითი პორტრეტისთვის გათვალისწინებული რს ჩვენი ესკიზიც გვინდა ამჯერად უშუალოდ მსახიობთან გასაუბრებით დავამთავროთ:
შეკითხვა: ზოგჯერ, დროის მოთხოვნილებათა თუ მსახიობური გამოცდილების მიღების მიზნით საჭიროდ მიგაჩნიათ თუ არა, რომ მსახიობმა მოთმინება, ნიჭი და უნარი არ მოაკლოს ისეთ როლსაც, რომელიც მას არ იზიდავს, სულს არ წვდება და შემოქმედებითად არ აღელვებს?
პასუხი: ჩემი აზრით ხელოვანი არ უნდა უცდიდეს ხოლმე შთაგონებას. ჭეშმარიტი მსახიობი თვითონ უნდა იყოს შემოქმედი შთაგონებისა. პირადად მე, უკიდურესი გამონაკლისის გარდა, არ ვამბობ ხოლმე უარს როლებზე, რადგან ყოველ როლში შეიძლება აღმოჩნდეს ის მარცვალი, რომლიდანაც მეტ-ნაკლებად საინტერესო მხატვრული სახე უნდა აღმოცენდეს.
შეკითხვა: როდის დარწმუნდით პირველად, რომ მსახიობობაა თქვენი მოწოდება?
პასუხი: გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ მოწოდებაზე განზრახულად არასოდეს მიფიქრია. იგი თავისთავად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. შეუმჩნევლად სულ უფრო დიდ მოთხოვნილებად მექცა და ახლა მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ცხოვრება მის გარეშე წარმოუდგენელია.
შეკითხვა: რამდენადაც ვიცი, თქვენ უკვე გაქვთ გამოთქმული აზრი იმის შესახებ, რომ კინოსთან შედარებით თეატრს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებთ, რომ კინო უფრო რეჟისორის ხელოვნებად მიგაჩნიათ, ხოლო სცენა მეტ შესაძლებლობას გაძლევთ სახის გასახსნელად, ტიპის გამოსავლენად, ოსტატობის გამოსამუშავებლად და სხვა. მაგრამ კინოში თქვენი მოღვაწეობის საკმაო დროის მანძილზე შეუძლებელია არ დარწმუნებულიყავით იმაში, რომ თავის მხრივ ეკრანსაც გააჩნია ის უპირატესობანი, რომელსაც თეატრში ვერ მიაღწევთ. მხედველობაში მაქვს მსხვილი პლანი, გადაღების სხვადასხვა კუთხე, ისეთი დეტალები, ნიუანსების მაყურებლამდე მიტანის შესაძლებლობა, რომელსაც სცენაზე ვერ შეამჩნევენ. მაგალითისათვის თუნდაც თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ნატვრის ხე“ თქვენი ახალი როლი გავიხსენოთ, როცა საოცარი გარდასახვით წარმოდგენილი თქვენი ფუფალა, ხმამაღლა მოთქმითა და გოდების გარეშე გამოხატავს გულისტკივილს უკუღმართ ცხოვრებაში ჩაკარგული თავისი ახალგაზრდობის სილამაზეზე, მსხვილი პლანი საუკეთესო შესსაძლებლობას გაძლევთ, სახისა და თვალების გამომეტყველებით მაყურებელს განაცდევინოთ ის შინაგანი მრელვარება, რომელსაც სცენიდან ასეთი ძალით, ვერავითარი პლასტიკური ხერხით ვერ მიაღწევდით.
ბოლო ხანს ხომ არ შეცვლილა თქვენი შეხედულება თეატრისა და კინოს უპირატესობის შესახებ?
პასუხი: მართალი ბრძანდებით. ცოტა ავჩქარდი, როცა კინო და თეატრი ერთმანეთს დავუპირისპირე. ცხადია, თითოეულს თავისი უპირატესობა გააჩნია. იმის თქმა მსურს მხოლოდ, რომ ყოველ მსახიობს შემოქმედებითი იმპროვიზაციის პროცესი აინტერესებს. სცენა ამისათვის მეტ შესაძლებლობას იძლევა. კინოში ეს პროცესი ყოველთვის „დამთავრებული“ სახითაა წარმოდგენილი და ამ სახეს ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ვეღარც ვერაფერს დაუმატებ და ვერც მოაკლებ.