შეკითხვა: როგორი მრავალმხრივი ნიჭიერიც არ უნდა იყოს მსახიობი, მეტ-ნაკლებად ალბათ ერთი რომელიმე ჟანრი იტაცებს. თქვენ თვითონ გითქვამთ: - როდესაც ვსწავლობდი, ჰეროიკულ როლებზე ვოცნებობდი, ახლა კი ვფიქრობ, რომ ჩემი მასწავლებელი (ბიბიკოვი) სწორი იყო, როდესაც მარწმუნებდა, სახასიათო მსახიობი ხარო, მაგრამ იმავე მასწავლებელმა თქვენი ბოლო ნამუშევარი რომ ნახა, თქვა, რომ თქვენ ყველა შესაძლებლობა გაქვთ, ლირიკასა და რომანტიკასაც ეზიაროთ... სწორედ ამის გამო მინდა გკითხოთ: ხომ არ ვცდები, როცა ვფიქრობ, რომ თქვენ თქვენი მრავალმხრივი აქტიორული შესაძლებლობებით მიისწრაფვით კიდევაც გაარღვიოთ ამპლუის ზღუდე?
პასუხი: მსახიობი კიდევაც უნდა იყოს მრავალმხრივი. საკუთარ გატაცებებს, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ამ გატაცებებისადმი სერიოზული აყოლა მიზანშეუწონლად მიმაჩნია. ეს უკვე ჭეშმარიტი ხელოვნების შეზღუდვად გამოიყურება. ერთი ჟანრისადმი მიდრეკილება ტიპაჟების გამოყენების არც თუ სანაქებო ხერხია.
შეკითხვა: არც თუ იშვიათად, თანამედროვე კინემატოგრაფისტები უარს აცხადებენ ადრინდელ მონაპოვარსა და ხერხებზე. იდგმება ფილმები, რომლებშიც, მაგალითად, არაა გამოყენებული კინოს ადრინდელი დინამიკა. უფრო ფართო ადგილს იკავებს შინაგანი მონოლოგი, დუმილით მეტყველება და ფილოსოფიური გააზრება. გმირის სულიერი სამყაროს ამოძრავება („მარი ოქტომბერი“, „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“, „გასულ ზაფხულს მარიენბადში“, „შიშველი კუნძული“, „ფიროსმანი“, „ვედრება“, „დიდი მწვანე ველი“ და სხვა).
თქვენ, რომელსაც სტანისლავსკის სკოლის მასწავლებლისგან გაქვთ მიღებული გაკვეთილები, კინემატოგრაფისტების ეს თანამედროვე დამოკიდებულება თქვენი შემოქმედებითი პრინციპების საწინააღმდეგოდ მოგაჩნიათ თუ პირიქით?
პასუხი: ბევრი რამაა დამოკიდებული რეჟისორზე. როგორი გზით წარმართავს ფილმს. მსახიობი ამ შემთხვევაში დამხმარე ძალასაც უნდა წარმოადგენდეს და საკუთარი ინდივიდუალური მონაცემების ნიჭიერ გამომხატველსაც. თუ როგორი ვარ მე, ამის შესახებ მხოლოდ მაყურებელსა და კრიტიკოსს შეუძლია მსჯელობა.
კინო. 1979.
კინომასალების კრებული.
საქართველოს სსრ კინემატოგრაფიის სახ. კომიტეტი, საქართველოს სსრ კინემატოგრაფისტთა კავშირი
რედაქტორი აკაკი ძიძიგური. გვ. 132-141