სოფიკო ჭიაურელს უკვე სწავლების წლებში მიეცა შესაძლებლობა თეორია პრაქტიკით განემტკიცებინა. ინსტიტუტის დამთავრებისას კი ზედიზედ მიიღო მონაწილეობა ჯერ ფილმებში: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (რეჟ. მიხეილ ჭიაურელი) და „ენგურის ნაპირებზე“ (რეჟ. დავით რონდელი), ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში „ბაფთიანი გოგონა“ (რეჟ. ანზორ ქუთათელაძე).
ახალგაზრდა მსახიობმა ორივე ფილმში თანამედროვე ქალიშვილის როლი განასახიერა და თითოეული ხასიათის თავისებური სხვაობით წარმოაჩინა ეკრანზე.
ხასიათის მერყევი ბუნებით და ევოლუციური ჩამოყალიბების სირთულით განსაკუთრებით გამოირჩევა მისი ლალი ფილმში „ამბავი ერთი ქალიშვილისა“. ხალისიანი ციცინოს წმინდა, ახლობელი, ნათელი გრძნობებისაგან განსხვავებით, მსახიობისთვის რამდენადმე უცხო და შეუთავსებელი აღმოჩნდა ლალის არამტკიცე, მერყევი ბუნება და მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგიული მასალა ნაკლებად აძლევდა საშუალებას გმირის ხასიათის ხორცსავსე ჩამოყალიბებისათვის, სოფიკო შეეცადა, თავის გმირს სწორ გზაზე გასვლაში რაც შეიძლებოდა დახმარებოდა. თქვას უფრო მეტი, ვიდრე ეს ტექსტშია, საერთოდ სოფიკოს მსახიობური ოსტატობის ერთი თავისებური ღირსებაა, რომელიც არც სხვა შემთხვევაში რჩებათ ხოლმე მხედველობიდან რეცენზენტებს.
მაყურებელმა ირწმუნა მის მიერ შექმნილი სახის ფსიქოლოგიური სიზუსტე, ირწმუნა ისიც, რომ ლალი აუცილებლად განახორციელებს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება სოფელს, სადაც ადრე სამუშაოდ გაგზავნეს, მაგრამ ამაოდ მიატოვა ქალაქური „ტკბილი ცხოვრების“ მაცდუნებელი იმედით.
ასე, თანდათან, სულ უფრო მკაფიოდ იჩენდა თავს მსახიობის შემოქმედებითი ინდივიდუალობა - გულწრფელობა, მომხიბვლელი არტისტიზმი, შინაგანი სიფაქიზე, პლასტიკურობა, გრძნობად-ინტელექტუალური მთლიანობა, განცდების გადმოცემის უშუალობა, ემოციურობა და სხვა.
მართალია, თვითონ მსახიობი სცენას მეტ უპირატესობას ანიჭებს ეკრანთან შედარებით, მაგრამ უკვე ციცინოსავით ცხოვრების ფართე გზაზე გამოსვლისთანავე სოფიკო ერთნაირი გატაცებით ასახიერებს როლებს თეატრსა და კინოში.
იმავე 1961 წელს, როცა ეკრანზე გამოვიდა ფილმი „ენგურის ნაპირებზე“, რომელშიც სოფიკომ საინტერესოდ განასახიერა სათნო და შრომისმოყვარე სვანი ქალიშვილის - თამარის როლი, განსაკუთრებული ყურადღება ხვდა მის მიერ შექმნილ ჰარას სცენურ სახეს მარჯანიშვილის თეატრში ბერძენი დრამატურგის, პერეიალისის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში „ბაფთიანი გოგონა“ (რეჟ. ანზორ ქუთათელაძე); მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მსახიობს პირველად მუხდა ესოდენ ფართო აუდიტორიის წინაშე არაქართველი ქალიშვილის როლის განსახიერება, მან შეძლო ყველასათვის ახლობელ ადამიანად, მთელი თავისი სიკეთით წარმოედგინა მაყურებლისთვის ეს მომხიბლავი გოგონა. მაყურებელმა არა თუ უთანაგრძნო, მთელი არსებით შეიყვარა ღატაკტა უბანში აღზრდილი ჰარა, რომელმაც გულბოროტი და მუქთახორა ადამიანების მიერ შემოტავაზებულ ფუფუნებას მშრომელი და ალალმართალი ხალხის ერთგულება და სიყვარული ამჯობინა. და თუ სპექტაკლი განიტვირთა კიდეც პიესის რამდენიმე იაფფასიანი მელოდრამატული ინტონაციისა და სენტიმენტალობისგან, ამაში საგრძნობი წვლილი სოფიკო ჭიაურელსაც მიუძღვის.
მცირე დროის მანძილზე შეძენილი შემოქმედებითი არსენალიდან ახალგაზრდა მსახიობს თითქოს არაფერი დაუზოგია, თითქოს მთელი თავისი აქტიორული შესაძლებლობა ამ პოეტურად ამაღლებული სახის შექმნას მოახმარა, მაგრამ მისმა შემდგომმა სცენურმა და ეკრანულმა როლებმა ცხადყო, რომ მისი შესაძლებლობები ამოუწურავია. ყოველი როლის დამთავრების შემდეგ იწყება სრულიად ახალი შემოქმედებითი ცხოვრება. ასე შეიქმნა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული სცენური სახეები: თეკლა („ნოველების საღამო“), ჟანა დ’არკი („ტოროლა“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა"), კიტი („ქარიშხლიანი დღეები“), ანტიგონე („ანტიგონე“), ივდითი („ურიელ აკოსტა“), ნეგინა („ტალანტები და თაყვანისმცემლები“) და სხვა.
ასე დაიმკვიდრეს თავიანთი ღირსეული ადგილი ეკრანზე ზოსიამ („გენერალი და ზიზილები“), ტასიამ („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ელენემ („ვიღაცას ავტობუსზ ეაგვიანდება“), მზექალამ („ხევსურული ბალადა“), სოფიკომ („არ იდარდო“), საიათნოვამ („ბროწეულის ყვავილობა“), სიდონიამ („ წუთისოფელი“), ვარდომ („ვერის უბნის მელოდიები“) და სხვ.
აქედან, ცხადია, შეუძლებელია ყველა როლი ერთ სიმაღლეზე ყოფილიყო. მთავარი ისაა, რომ მათში მსახიობმა შეძლო დაერღვია ამპლუის ერთგვარი ზღუდე და მსახიობური ნიჭის მრავალმხრივობით გამოვლენილიყო.
კაბარეს მოცეკვავე ზოსიას დრამატული სახე არაფრით არა ჰგავს მხიარულ და ლაღ სოფლელ გოგონას - ტასიას, ელენეს ფსიქოლოგიურად რთული სახე სრულიად განსხვავდება სიცოცხლით სავსე, ამაყი და დამოუკიდებელი ხევსური მზექალასაგან. საკმარისია დავასახელოთ „ბროწეულის ყვავილობა“, რომელშიც მან, გარდა სიათნოვას ძირითადი როლისა, კიდევ ხუთი, ერთმანეთისაგან სტილით და ხასიათით განსხვავებული როლი განასახიერა.
სამართლიანად აღნიშნავენ, „ყველგან მის გმირებს თან ახლავა შინაგანი ძალა, ქალური ხასიათის რაღაც ჰეროიკული პირველადი საწყისი“. მისი დევიზი - მისივე პროფესიის, ბავშვების, ახლობლების, ხალხისა და მშობლიური მიწის სიყვარულში გამოიხატება. ქართული ბუნების სილამაზეც ყოველთვის მასშია და იგიც ყოველთვის ამ სილამაზეშია. შრომისმოყვარეობა, მომთხოვნელობა და სიმართლის სიყვარული მისივე პროფესიული სიმწიფისა და მოქალაქეობრივი მდგრადობის დამახასიათებელი თვისებებია. მის თვისებებს სრულიად ეწინააღმდეგება, - მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, - ზერელე დამოკიდებულება, სქემატიზმი, მანერულობა, პრიმიტივიზმი, ეპიგონობა, მხატვრულად გაუმართლებელი სტილიზაცია.