ლანა ღოღობერიძე

კინორეჟისორი

      დაიბადა თბილისში, 1928 წლის 13 ოქტომბერს.
     საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1979).

15 წლის იყო, როცა საშუალო სკოლის დამთავრების შენდეგ შევიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში – სარეჟისორო ფაკულტეტზე – გ. ტოვსტონოგოვის კლასში, რამდენიმე ხნის შემდეგ ტოვსტოგონოვი ლენინგრადში გადავიდა სამუშაოდ და ჯგუფი, რომელსაც ის თეატრალურ ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა დაიშალა. ლანა ღოღობერიძე შუა სასწავლო წელს მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც IV კურსიდან დასავლეთ ევროპის ენათა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. 1950 წელს დაამთავრა ინგლისური ენისა და ლიტერატურის განყოფილება. სტუდენტობის დროს თარგმნიდა ფრანგულ, ინგლისურ პოეზიას – მათ შორის ვერლენს, ბერნს, უიტმენს, თაგორს. განსაკუთრებით დაინტერესებული იყო უიტმენის შემოქმედებით, მის რთულ შემოქმედებას მიუძღვნა სადიპლომო ნაშრომი _ "უიტმენის ლექსის სოციალური და ესთეტიკური ბუნება". უიტმენის შემოქმედება იყო მისი საკანდიდატო დისერტაციის თემაც, რომელიც მან 1954 წ. დაიცვა. 1956 წ. გამომცემლობა "სახელგამში" გამოიცა ლანა ღოღობერიძის მონოგრაფია უ. უიტმენის შესახებ, ხოლო გამომცემლობა "საბჭოთა მწერალმა" გამოსცა ლანა ღოღობერიძის მიერ ნათარგმნი უიტმენის და თაგორის ლექსები.

1954-55 წწ. ლანა ღოღობერიძე ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა – კითხულობდა ანტიკური ლიტერატურის და დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას.

1955 წ. ლანა ღოღობერიძე მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტია (ს. გერასიმოვის და თ. მაკაროვას კლასი) -   დაამთავრა  1959 წელს. 1958 წ. მან გადაიღო საკურსო ფილმი "გელათი", იმავე წლის მიწურულს სადიპლომო ფილმი " თბილისი – 1500 წლისაა". 

არის ქალი რეჟისორების მსოფლიო ასოციაციის პრეხიდენტი (1988). იყო საქართველოს პარლამენტის წევრი (1992-1998), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე (1996-1999), ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი (1999- 2006).

2008 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი "რაც მაგონდება".

ფილმოგრაფია

მწვერვალთა დამპყრობნი (1952) - მსახიობი

 გელათი (დოკ.  საკურსო, 1958) -  რეჟისორი

 თბილისი 1500 წლისაა (დიპლომი, 1959) - რეჟისორი

 ერთი ცის ქვეშ (1961) - რეჟისორი, სცენარისტი

 მე ვხედავ მზეს (1965) - რეჟისორი, სცენარისტი

 ფერისცვალება (1968) - რეჟისორი, სცენარისტი

 როცა აყვავდა ნუში (1972) - რეჟისორი, სცენარისტი

 აურზაური სალხინეთში (1975) - რეჟისორი, სცენარისტი

 რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1979)  - რეჟისორი, სცენარისტი

 წერილები შვილებთან (1981), სატელევიზიო - რეჟისორი, სცენარისტი

 დღეს ღამე უთენებია (1983) - რეჟისორი, სცენარისტი

 ორომტრიალი (1986) - რეჟისორი, სცენარისტი

 ვალსი პეჩორაზე (1992) - რეჟისორი, სცენარისტი

 ოქროს ძაფი (2019) - რეჟისორი, სცენარისტი

 

 დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი (დოკ.2023) - რეჟისორი, სცენარისტი, მონტაჟი

 

 

იხ. კორა წერეთელი.ლანა ღოღობერიძე - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1982 №1 გვ.102-117

      სალომე კიკალეიშვილი. სტუმრად ლანა ღოღობერიძესთან  -  ჟურნალი ”კინო. ცხელი შოკოლადი"  2006 გაზაფხული № 1 

      ლელა ოჩიაური. ქალებზე - პირად და არაპირად საკითხებზე -  კინ-O 2021/1