ვიქტორ ჭანკვეტაძე
მსახიობი, რეჟისორი
27. X. 1904, თბილისი -21. XII. 1984, თბილისი
1924-1926 წლებში სწავლობდა თბილისის "სახკინმრეწვისა" და "პროლეტკულტი" ორწლიან სამსახიობო სტუდიაში. სწორედ ამ სტუდიის აუდიტორიაში შენიშნა კოტე მარჯანიშვილმა იგი და ინგლისელი ოფიცრის როლი შესთავაზა თავის ფილმში "ამოკი" (1927). წარმატებული კინოდებიუტის შემდეგ მონაწილეობდა მარჯანიშვილის მომდევნო ფილმშიც "კრაზანა" ( ჯოვანი ბოლა, 1928).
როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა, "სახკინმრეწვმა" ის გააგზავნა მოსკოვის კინოტექნიკუმში (შემდგომში საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი) სასწავლებლად (1929-1931). მოსკოვში სწავლის პერიოდში რამდენიმე ფილმში გადაიღეს. თბილისში დაბრუნების შემდეგ ჩაირიცხა კინოსტუდიის შტატში რეჟისორის ასისტენტის თანამდებობაზე (1931). მუშაობდა ასისტენტად ფილმებზე: "დაკარგული სამოთხე" (1938); "მოუხელთებელი იანი (1942); "ჭირვეული მეზობლები" (1945); "აკაკის აკვანი"(1947); "ქეთო და კოტე" (1948); "ჭრიჭინა"(1953); "ეთერის სიმღერა" (1955); "აბეზარა" (1956) და სხვ.
1959 წელს მიიღო მეორე რეჟისორის კვალიფიკაცია და იმუშავა მხატვრულ ფილმებზე: "მამლუქი" (1958), "ამბავი ერთი ქალიშვილისა", "გლახის ნაამბობი" (1961), "თოჯინები იცინიან" (1963). მან აღმოუჩინა ქართულ კინოშს ისეთი სახელები, როგორიცაა დოდო ჭიჭინაძე, ლია ელიავა, ლალი ბადურაშვილი, კახი კავსაძე, იმედო კახიანი, ოთარ კობერიძე, გოჩა აბაშიძე და სხვ.
მუშაობდა დუბლიაჟის რეჟისორად.
გახმოვანებული და დამონტაჟებული აქვს თავისი ძმის, მხატვარ ნიკოლოზ (კოლია) ჭანკვეტაძის მიერ გადაღებული ანიმაციური ფილმები.
პარალელურად ნაყოფიერად მუშაობდა როგორც მსახიობი. სპეციფიკური გარეგნობის, მკაფიო პლასტიკური სურათის შექმნის უნარის გამო კინოდებიუტიდან მოყოლებული ჩამოუყალიბდა ერთგვარი ამპლუა - უცხოელი და, შესაბამისად, უარყოფითი პერსონაჟების შემსრულებელი.
იგი ავტორია მოგონებებისა კოტე მარჯანიშვილზე, კირა ანდრონიკაშვილზე, ნატო ვაჩნაძეზე და სხვ.
ფილმოგრაფია
ამოკი (1927) - მსახიობი (ინგლისელი ოფიცერი)
კრაზანა (1928) - მსახიობი (ჯოვანი ბოლა, რევოლუციონერი)
შაქირი (როტე ფანე, 1932) - (გერმანელი კულაკის, ვალტერის შვილი)
უკანასკნელი მასკარადი (1934) - მსახიობი (მენშევიკი ოფიცერი)
მესამე დილა ("სოვკინო", 1929) - მსახიობი (მხატვარი)
ქალაქები და წლები ("ლენფილმი", 1930) - მსახიობი
რწყილი და ჭიანჭველა (ანიმაც. 1937) - გახმოვანება, მონტაჟი
გაიძვერა (ანიმაც. 1938) - გახმოვანება, მონტაჟი
თბილისის ზოოპარკი (დოკ. 1939) - სცენარისტი, რეჟისორი
რუსთაველის თეატრი (დოკ.1940) - სცენარისტი, რეჟისორი
ქალიშვილი გაღმიდან (1941) - მსახიობი (ინგლისელი ჯაშუში)
კინოკონცერტი ფრონტიდან (ანიმაც. 1941) - გახმოვანება, მონტაჟი
ცისკარა (1955) - მსახიობი (ჯადოქარი)
ნინო (1959) - სცენარისტი
იხ. ნ. ჩიხლაძე. კინემატოგრაფიის ღვაწლმოსილი ოსტატი - ჟურნ. "საბჭოთა ხელოვნება, N2, 1972.