ლელა ოჩიაური. მიხეილ ჭიაურელი და მითები ღმერთკაცზე

ზუსტად იმ წელს, 1938-ში, როდესაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში რეპრესიებმა კულმინაციას მიაღწია, როდესაც დახვრეტილების, საპყრობილეებში გამომწყვდეულების, „გულაგის“ ბანაკებში გადასახლებულების, მორალურად განადგურებულების, ხალხის მტრების, მათი ოჯახების წინააღმდეგ მიმართულმა წითელმა ტერორი უკიდურესად გამწვავდა მიხეილ ჭიაურელმა გადაიღო ფილმი „დიადი განთიადი“ და ამით კინოსტალინიანას მთავარ მიმართულებას, სტალინის მითის შექმნას, „გაღმერთებასა“ და განდიდებას დაუდო სათავე. რეჟისორმა, რომელიც ისევე აღზევდა და ისევე დაემხო, როგორც მისი მონაწილეობით შექმნილი „ბელადის ხატი“ და, შემდეგ, სსრკ, რომლის ისტორიაც სტალინმა და ჭიაურელმა მის (სტალინის) პირად ისტორიად აქციეს.

მიხეილ ჭიაურელი საბჭოთა კინოში სტალინის მითის, ხელთუქმნელი ხატის, „დიადი მეგობრისა და ბრძენი მასწავლებლის“ იმიჯის, როგორც მითური პერსონაჟის, ოღონდ მუდამ არსებულის, თანამედროვესა და რეალურის მთავარ შემოქმედადაა აღიარებული „სტალინის ტრილოგიის“ საფუძველზე, თუმცა, სტალინზე მას მეტი ფილმი აქვს გადაღებული.

ზოგადად, სტალინის მითოლოგიზების კამპანია 1934 წელს, პარტიის XVII ყრილობის წინ იწყება. ყრილობის, რომელიც ორი სახელითაა ცნობილი - „გამარჯვებულთა ყრილობა“ და „დახვრეტილთა ყრილობა“, რომლის მონაწილეთა უმეტესობა დიდი ტერორის წლებში გაანადგურეს.

სტალინიანას საფუძვლად დაედო თეზისი „სტალინი - ეს ლენინია დღეს“ და მითოლოგიზებისთვის შეიქმნა სტალინის ხატი, რომელიც მოექცა ფორმულაში „უბრალო დიდი ადამიანი“. წითელი რევოლუციის სხვა ბელადები და იდეოლოგები − ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი, ტროცკი − ხალხის მტრებად გამოაცხადეს და გზიდან ჩამოიშორეს. ისინი ისტორიის შექმნაში აღარ მონაწილეობდნენ, რადგან მის განვითარებას უშლიდნენ ხელს.

ცნობილია, რომ თავისი ეკრანული სახეებისა და, ზოგადად, ბიოგრაფიის (საიმიჯო-პროპაგანდისტულის) შექმნაზე სტალინი ბევრს მუშაობდა, ასწორებდა ტექსტებსა და სცენარებს. მოკლედ, თავადვე ქმნიდა „სტალინის მითს“.

ლენინსა და სტალინზე პირველი ფილმი იყო მიხაილ რომის „ლენინი ოქტომბერში“ (1937). შემდეგი, ასევე ლენინსა და სტალინზე, „დიადი განთიადი“ იყო. აქ სტალინი ყველა ეპიზოდში, ანუ ისტორიის ყველა პუნქტში, ლენინთან თანასწორუფლებიანი მონაწილეა, თან − მონუმენტური ფიგურა. ნახევრადღმერთი. ან ღმერთკაცი. ლენინი (როგორც სხვა, წინამორბედ თუ მომდევნო ფილმებში) უფრო ადამიანურია, უშუალო და უბრალო. შემდეგ „პროლეტარიატის დიდი ბელადი“ ნელ-ნელა მეორე პლანზე ინაცვლებს. ლენინის სიკვდილის შემდეგ კი სტალინი კინოშიც ერთპიროვნული ლიდერი ხდება.

იმავე 1938 წელს სტალინის რედაქციით გამოდის „საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის მოკლე კურსი“, რომელიც საბოლოოდ ამტკიცებს სტალინის პერიოდის ისტორიოგრაფიულ კანონს: რევოლუციის ისტორია ლენინ-სტალინის პარტიისა და „მოღალატეებთან“ ბრძოლის ისტორიაა.

„... ვინ, თუ არა პარტიამ და მისმა ბელადმა სხვაზე უკეთ იციან, თუ როგორი ხელოვნება გვჭირდება? ხომ სწორედ პარტიას მივყავართ მიზნისკენ მარქსიზმ-ლენინიზმის, ხომ სწორედ ის ცხოვრობს და შრომობს ღმერთთან მუდმივი კავშირით. აქედან გამომდინარე, მისი და მისი წინამძღოლის სახით, ჩვენ გვყავს გამოცდილი და ბრძენი დამრიგებელი, კომპეტენტური ყველა სფეროში... იგი ჩვენი მხედართმთავარიცაა, და მმართველიც, უზენაესი ქურუმი, რომლის სიტყვებში დაეჭვება ისეთივე ცოდვაა, როგორც ღმერთში ეჭვის შეტანა“, - წერია ამ საბედისწერო დოკუმენტში.  სტალინის სიკვდილამდე ყველა ისტორიული ფილმი  აზუსტებდა და ავითარებდა მის მიერვე დამტკიცებულ მეტასიუჟეტს.

ასე იძენს საბჭოთა კინო − „ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებათა შორის“ − ჟამთააღმწერლის უნიკალურ სტატუსს, რომლის მიხედვითაც მითს დოკუმენტის ხარისხი ენიჭებოდა და გამონაგონი ეჭვგარეშედ ცხადდებოდა.

მკვეთრი საავტორო სტილის მიუხედავად, ჭიაურელის სტალინიანა ასევე მკვეთრად გამოხატული სოცრეალიზმის იდეალური ნიმუშია. სოცრეალიზმი, როგორც საბჭოთა კინოს ისტორია გვიჩვენებს, არა მხოლოდ მხატვრული მეთოდია, არამედ მხატვრის უნარიც, არაწინააღმდეგობრივად შეათავსოს მითები რეალობასთან და ისაუბროს პოლიტიკის ენაზე.

დიადი განთიადის“ შემდეგ, II მსოფლიო ომის დროს, სტალინის დაკვეთით მიხეილ ჭიაურელმა ორსერიიანი, მასშტაბური „გიორგი სააკაძე“ გადაიღო, ანა ანტონოვსკაიას რომანის „დიდი მოურავი“ მიხედვით, რომელიც ისევ სტალინს ეძღვნება − გიორგი სააკაძის სახე სტალინის მითის კიდევ ერთი და მონუმენტური წახნაგია. საქართველოს XVI-XVII საუკუნეების ისტორიული ამბავი და ისტორიული პერსონაჟები, როგორც იმ პერიოდის რამდენიმე საბჭოთა ფილმში (მაგალითად, სერგეი ეიზენშტეინის „ივანე მრისხანე“, „ალექსანდრე ნეველი“), თანადროულობისა და ერის (ერების) ფსიქოლოგიური და მორალური გამხნევებისკენ იყო მიმართული და წარსულის გმირობები, გმირული ბრძოლა და დიდი გამარჯვებები აწმყოსა და მომავლის გამარჯვებას მოასწავებდა. ვინ, თუ არა სტალინი იყო (უნდა ყოფილიყო) ფაშიზმის გამანადგურებელი და თან ერთადერთი, ომში ჩაბმული ყველა სახელმწიფოს ლიდერთა შორის.

მითის შექმნა ომის შემდეგაც გრძელდება (უფრო ზუსტად, ღრმავდება) ფილმებში „ფიცი“ (1946, თბილისის კინოსტუდია), „ბერლინის დაცემა“ (1949, „მოსფილმი“) და „დაუვიწყარი 1919“ („მოსფილმი“) − აქედან ორი უშუალოდ ომს ეძღვნება, მესამე წარსულში, დასაწყისში აბრუნებს ისტორიას. ამ კინოსურათებში სსრკ ისტორიის სხვადასხვა ეტაპია ნაჩვენები − რევოლუცია, ინდუსტრიალიზაცია, ომის ცენტრალური მოვლენები და გამარჯვება და სხვა. ოღონდ, სტალინურ-ჭიაურელური ინტერპრეტაციითა და მითის ლოგიკით.

დიად განთიადში“ (1941) მოქმედება 1917 წლის ზაფხულში ხდება. ოქტომბრის რევოლუციის წინ. აჯანყებისთვის ემზადებიან. იწყება მუშათა გამოსვლები. ყველაფერი ზამთრის სასახლის შტურმით მთავრდება, რომელშიც ფილმის მთავარი გმირებიც მონაწილეობენ.

ფიცში“ (სცენარის ავტორები პეტრე პავლენკო და მიხეილ ჭიაურელი) ამბავი 1924-1945 წლებში იშლება, ანუ სსრკ-ის ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან ეტაპსა და ფაქტს ასახავს, სწორედ იმ ჭრილში და იდეოლოგიური საფუძვლით, როგორც მიღებული იყო. ომის ისტორიაც სტალინის „გეგმის“ მიხედვითა და კარნახით იყო დაწერილი და წარმოდგენილი.

ფილმი ჩაიფიქრეს, როგორც საბჭოთა კავშირის ისტორიის „მოკლე კურსი“ − ეს იყო ზეამოცანა. სტალინის ეპოქის ყველა პერიოდი სიმბოლიზებულია, საბჭოთა რიტორიკის ყველა ნიშანი − კინოს ენაზე გადატანილი. სიუჟეტი ერთი ტიპური საბჭოთა ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომდგენლების საბჭოთა ცხოვრების გამჭოლ ხაზზეა აგებული.

მთავარი სიმბოლოა საბჭოების საკავშირო II ყრილობაზე (1924 წლის 26 იანვარი; ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ყრილობა) სტალინის მიერ დადებული ფიცი, რომელშიც ლენინსა და პარტიას ერთგულებას ჰპირდება და რომელსაც წითელ მოედანზე წარმოთქვამს.

ერთ-ერთი ცენტრალური და ზოგადმეტაფორული ეპიზოდის აღწერას, ფაქტობრივად, სტალინზე ფილმების ყველა მკვლევრის ნაშრომში ვხვდებით. სტალინი გადის წითელ მოედანზე და ხედავს ტრაქტორისტებს, რომლებიც გაჩერებულ ტრაქტორს შემოხვევიან. „რა თქმა უნდა, სანთლები“, − ამბობს სტალინი, ტრაქტორს ქოქავს და ხედავს მომავალს, რომელშიც ათასობით ტრაქტორი საბჭოთა მიწებს ხნავს. მას ღმერთკაცის თვისებები აქვს − უბერებელია, მომავალს ჭვრეტს, შეუძლია ტრაქტორის შეკეთება − მაგიურ ძალას ფლობს.

ვენეციის ფესტივალზე, 1946 წელს, „ფიცი“ პირველი პრემიით დაჯილდოვდა, ომში გამარჯვებული ქვეყნის აღიარებისა და მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ახალი როლისთვის (!). შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა კი სტალინის I ხარისხის პრემიები და 100000 მანეთი (თითოეულმა) ფულადი ჯილდო მიიღეს, სტალინის გადაწყვეტილებით.

„ფიცმა“ ომისშემდგომი სტალინიანას ახალი ეტაპი მოამზადა, რომელიც ბელადის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა და რომელიც 1949 წელს აღინიშნა.

ამ წელს გამოვიდა მიხეილ ჭიაურელისა და პეტრე პავლენკოს ორსერიიანი ფერადი მხატვრული ფილმი-ეპოსი II მსოფლიო ომზე „ბერლინის დაცემა“ (რომელზეც სცენარის ავტორები, ისევე როგორც „ფიცზე“, რამდენიმე წელი მუშაობდნენ და რომლის გადაღების დაკვეთა ჭიაურელმა პირადად სტალინისგან მიიღო, „ფიცისა“ და ომის დასრულების შემდეგ). სტალინის მიერ საბოლოოდ დამტკიცებული ვარიანტი შეიცავდა ომის მისეულ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც „მშვიდობის ორგანიზატორი“ მხოლოდ თავად იყო. ფილმიც მისივე პროექტის ნაწილი იყო − „სტალინის 10 დარტყმა“ – ათფილმიანი ციკლის, რომელსაც გენერალისიმუსის საბრძოლო სიბრძნე უნდა აესახა და რომლიდანაც სამი „დარტყმა“ განხორციელდა: იგორ სავჩენკოს „მესამე დარტყმა“ (1948), ვლადიმირ პეტროვის „სტალინგრადის ბრძოლა“ (1949) და „ბერლინის დაცემა“. ამ ფილმებს საბჭოთა კრიტიკოსებმა „დოკუმენტური დრამა“ უწოდეს. რაც ნიშნავდა, რომ ისინი ასახავდნენ „სიმართლეს ომზე“, მხატვრული კინოს ხერხებით.

ბერლინის დაცემაც“, როგორც „ფიცი“, საბჭოთა კინოს ტრადიციულ სქემაზეა აწყობილი − გმირების პირადი ბედი ქვეყნის ისტორიის ფონზე ვითარდება და მისი გაგრძელება თუ სიმბოლური გამოხატულებაა. იდეოლოგიური ფორმულები დრამატულ სიტუაციებზეა მორგებული და, ერთი მხრივ, ემოციურ გავლენას ახდენდა მაყურებელზე, რომელიც საკუთარ თავს პერსონაჟებთან აიგივებდა. მეორე მხრივ კი, სინამდვილის მითოლოგიზება, რაც საბჭოთა პროპაგანდის განუყოფელი ნაწილი იყო, სწორედ ამ შეგრძნებების გამოწვევის წყალობით დამაჯერებელ და რეალურ შეფერილობას იძენდა.

ფიცში“ მთავარი გმირი ქალი (რომლის ბედის გარშემო ეწყობა ამბავი და რომელიც მოსე თოიძის ცნობილი პლაკატის „დედა-სამშობლო გვიხმობს“ გამოსახულებასთან იგივდება) საბჭოთა კავშირის ისტორიის ყველა ეტაპზე ოჯახის თითო წევრს კარგავს − ქმარს კულაკი უკლავს, ქალიშვილი დივერსიის შედეგად ქარხანაში „ტროცკისტის“ მიერ გაჩენილი ხანძრის დროს იღუპება, ვაჟი სტალინგრადის ბრძოლაში ეცემა გმირულად.

ასეთივე დედა-სიმბოლოა დედა „ბერლინის დაცემაში“, რომლის შვილიც, დაბადებული 1917 წლის 25 ოქტომბერს, ჯერ სტახანოველია და შემდეგ − ომის გმირი, რომელიც ბერლინში რაიხსტაგის თავზე დროშას აღმართავს. აქ მითის კიდევ ერთი სახეობაა − მათგან, ვინც ომის დასაწყისში ფრონტზე წავიდა, ცოცხალი ძალიან ცოტა გადარჩა.

სიყვარულის ხაზი ასევე ტრადიციულია საბჭოთა კინოსთვის. პარადოქსი ისაა, რომ მიხეილ ჭიაურელის ფილმის მთავარი გმირი სიყვარულს შეყვარებულს კი არ უხსნის, არამედ თეთრ ფრენჩში გამოწყობილ სტალინს, რომელიც წითელი დროშის ორდენს გადასცემს მას აყვავებული ხეხილის ბაღში. სტალინი, როგორც ყველა „საბჭოთა მოქალაქის მამა“, სიყვარულის ამ „ფიცს“იბარებდა და ჭკუას არიგებდა თავის მრავალრიცხოვან შვილებს.

ფინალში ქათქათა თეთრკიტელიანი (რომელიც ფილმში მუდმივად აცვია) სტალინი პოტსდამში ჩადის უზარმაზარი თეთრი თვითმფრინავით და ადამიანები, რომლებიც გამარჯვებას მოესწრნენ, როგორც ღვთაებას, მას ისე ეგებებიან. ეს სცენა უშუალოდ სტალინის შეთხზული იყო, როგორც ამბობენ. საკუთარი კულტი კინოში სტალინს საკუთარი უკვდავების შეგრძნებისთვისაც სჭირდებოდა და არა მხოლოდ პროპაგანდისთვის. ლეგენდა სინამდვილედ იქცეოდა და უკვდავების მითად გარდაიქმნებოდა. რეჟისორმა, სცენარის ავტორმა და მიხეილ გელოვანმა სტალინის როლისთვის სტალინის I ხარისხის მორიგი პრემიები მიიღეს. ფილმი 1950 წელს ჩეხოსლოვაკიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. ამ ფაქტს აღტაცებული წერილები მიუძღვნეს გაზეთებმა სსრკ-ში და უკვე ჩამოყალიბებული სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, რომლებშიც სტალინს სიყვარულს ეფიცებოდნენ.

ტრილოგიის მომდევნო, ორსერიიანი ფილმი „დაუვიწყარი 1919“ (1952, მიხეილ ჭიაურელის, ალექსანდრ ფილმონოვისა და ვსევოლოდ ვიშნევსკის სცენარით) „მცირეფილმიანობის“ პერიოდის ყველზე ძვირადღირებული კინოსურათია და სტალინის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ჭიაურელისეული (და საერთოდაც) ბოლო გამართლება. იმ ეპოქის ბოლო მხატვრული ფილმი სტალინზე.

მოვლენები პეტროგრადში ვითარდება. ლენინი (რომელიც კომიკურად გამოიყურება) ფილმში იშვიათად ჩნდება. ერთ-ერთი ეპიზოდი შაბათობაა, როდესაც ლენინი მორს მიათრევს. სტალინის ბრწყინვალე სტრატეგია კი თეთრგვარდიელების კონტრრევოლუციისთვის მზადებასა და წინააღმდეგობას ამარცხებს.

ახალგაზრდა სტალინს მიხეილ გელოვანი ასახიერებს. ესაა მონუმენტური, აუღელვებელი, გაწონასწორებული და „უბრალო“ ადამიანი. მთავარსარდალი, რომელსაც ლენინი უფლებამოსილებით აღჭურავს ინტერვენტებისა და თეთრგვარდიელების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ დასასჯელად, სასამართლოსთვის გადასაცემად.

იმის მიუხედავად, რომ ოფიციოზმა საბჭოთა კინემატოგრაფის განვითარების ახალ ნიმუშად დაასახელა, „დაუვიწყარმა“ სტალინის პრემია ვერ მიიღო. სტალინს თავისი ახალგაზრდობის პერიოდი და გელოვანი არ მოეწონა.

მიხეილ ჭიაურელი, როგორც სტალინის საყვარელი რეჟისორი, სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წელს, გრიგორი ალექსანდროვსა და სერგეი გერასიმოვთან (კომუნისტებისა და ხელისუფლების მიერ ასევე აღიარებულ რეჟისორებთან) ერთად სტალინზე ბოლო ფილმს იღებს − „დიადი გამოთხოვება“ − დაკრძალვის ქრონიკის მასალებისა და მსოფლიოს მგლოვიარე მუშათა კლასის დადგმული სცენების გამოყენებით.

მიხეილ გელოვანმა, რომელიც სტალინის როლებს 15 წლის განმავლობაში ასრულებდა და რომელიც სტალინმა მხოლოდ „დაუვიწყარი 1919-ის“ შემდეგ გაიცნო, თავი მოიკლა, ეკრანული „პროტოტიპის“, „სოციალისტური დიქტატორის“ დაბადების დღეზე, იმ დაუვიწყარ 1956 წელს, როდესაც, სკკპ XX ყრილობაზე „სტალინის კულტი“ ამხილეს.

ამის შემდეგ იწყება მიხეილ ჭიაურელის კარიერის დაღმავლობაც. სტალინის პრემიის ექვსგზის ლაურეატი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, „პირველი“ საბჭოთა რეჟისორი თამაშმიღმა აღმოჩნდა. ნიკიტა ხრუშჩოვმა ყრილობაზე, ცნობილ და საბედისწერო მოხსენებაში „პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ“ ფილმები „ბერლინის დაცემა“ და „დაუვიწყარი 1919“ გააკრიტიკა. ეს კი საკმარისზე მეტი იყო „კულტის“ ერთ-ერთი მთავარი შემქმნელისა და მასზე პასუხისმგებლის კარიერის დასასრულის დასაწყებად.

ლავრენტი ბერიასა და შემდეგ სტალინის სიკვდილის შემდეგ მიხეილ ჭიაურელის მდგომარეობა (ფიზიკურად, მატერიალურად, მორალურად) შეირყა. ხელისუფლებამ დიდი ხნით დაივიწყა (ალბათ, იმ დროში უკეთესიც იყო, რომ დაივიწყა). და თუ სხვა შერისხულების შეწყალების თხოვნით ხრუშჩოვთან ვიღაცები მიდიოდნენ, ამბობენ, რომ ჭიაურელის თანადგომის მთხოვნელიც აღარავინ დარჩა. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ თვითონაც დაიჯერა სტალინი-ღმერთის არსებობა და მისი უკვდავება ირწმუნა.

როდესაც „სტალინის კულტის“ ეპოქაში სტალინის სახელი საბჭოეთის ისტორიიდან გაქრა და მისი ხსენებაც აიკრძალა, მისმა თანამოაზრეებმა პრივილეგიებთან, თანამდებობებთან და ძალაუფლებასთან ერთად საზოგადოებაში ადგილებიც დაკარგეს. მიხეილ ჭიაურელი „მთავარი საბჭოთა რეჟისორის“ პიედესტალიდან ჩამოაგდეს. ჯერ სვერდლოვსკის დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში „გადაასახლეს“, შემდეგ თბილისის მულტიპლიკაციური კინოსტუდიის რიგით რეჟისორად „ჩამოაქვეითეს“. იღებდა ანიმაციურ ფილმებს. მოგვიანებით მხატვრულ კინოს დაუბრუნდა და დრამების („ოთარაანთ ქვრივი“, 1957), ყოფითი დრამების („გენერალი და ზიზილები“, „ამბავი ერთი ქალიშვილისა“) და კომედიების („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) გადაღებას შეუდგა, ისევ „რიგით მოკვდავთა“ ცხოვრებიდან. და ამ ფონზე, 1969 წელს, გადაიღო ანიმაციური ალეგორიული ფილმი, „როგორ მარხავდნენ თაგვები კატას“, რომლითაც, მეტაფორის ენით, თავისი კერპის უკანასკნელი მითი შექმნა, კიდევ ერთხელ დაემშვიდობა სტალინს და, ისევ კინოს მეშვეობით, სიყვარული ბოლოჯერ აუხსნა.

მიხეილ ჭიაურელი გარდაიცვალა 1974 წელს, პირველი მნიშვნელოვანი ფილმების, ქართული კინოშედევრების „საბა“ (1929), „ხაბარდა“ (1931) გადაღებიდან ოთხი ათეული წლის შემდეგ. მის კინოსურათებს, ბიოგრაფიასა და როლს საბჭოთა კინოს ისტორიასა და სტალინის მითის შექმნაში კვლავ იკვლევენ და ახალ-ახალ ვერსიებს ქმნიან. მისი ფილმები, მათ შორის, „ტრილოგია“, საერთაშორისო ფორუმების, კინოჩვენებების, მსოფლიოში ქართული კულტურის დღეების პროგრამების განუყოფელი ნაწილია. და აღიარებულია, როგორც მაღალმხატვრული ქმნილებები. ქართული კინოს „მეფისტო“ კვლავ დაუბრუნდა პიედესტალს და იოსებ ბესარიონის ძის აჩრდილიც თან მოიყოლა. 

  ქართული კინო.1940-1960. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. თბილისი. 2024