სერგო ზაქარიაძე
მსახიობი
1. 07. 1909, ბაქო - 12. 04. 1971, თბილისი
საქართველოს სახალხო არტისტი (1946), სსრკ სახალხო არტისტი (1958). ლენინური პრემიის ლაურეატი (1966). რუსთაველის სახელობის პრემია (1971). დაჯილდოებულია ლენინისა და შრომის წითელი დროშის ორდენით.
სასცენო ნათლობა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს ფილიალის ქართულ სკოლაში სწავლისას, მოყვარულთა დასის სცენაზე მიიღო. შემდგომში სამსახიობო ხელოვნებას აკაკი ფაღავას სტუდიაში დაეუფლა, მუშაობდა სტატისტად რუსტაველის სახელობის თეატრში (1926). 1927-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1928 წელს კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია ქუთაისში დაარსებული თეატრის დასში. 1932-1937 წლებში მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვში", პარალელურად მონაწილეობდა ქუთაისისა და თელავის თეატრების სპექტაკლებში. 1937-1956 წლებში მუშაობდა მარჯანიშვილის სახ. თეატრში (1937-1956); 1956 წელს გადავიდა რუსთაველის სახ. თეატრში, 1969 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო რუსთაველის სახ. თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. სცენაზე შეასრულა 100-ზე მეტი როლი ქართული, რუსული და დასავლეთევროპული კლასიკუირი თუ თანამედროვე რეპერტუარიდან. შესანიშნავად ფლობდა დეკლამაციის ხელოვნებას, მონაწილეობდა რადიოგადაცემებსა და ლიტერატურულ საღამოებში. ასწავლიდა სასცენო მეტყველებას თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში (1955-1960).
ფილმოგრაფია
კომუნარის ჩიბუხი (1929) - მსახიობი (ეპიზოდური როლი)
უკანასკნელი ჯვაროსნები (1934) - მსახიობი (ხევსური თორღვაი)
დარიკო (1937) - მსახიობი (სიმონა )
სამშობლო (1939) - მსახიობი (სარდიონი)
მეგობრობა (1940) - მსახიობი (ვარდენი)
გიორგი სააკაძე (1942-1943) - მსახიობი (შადიმან ბარათაშვილი)
კუტუზოვი (რუსეთი, 1944) - მსახიობი (ბაგრატიონი)
ქეთო და კოტე (1948) - მსახიობი (ყარაჩოხელი)
ალბნეთის დიდი გმირი სკანდერბეგი (რუსეთი, 1953) - მსახიობი (ლაკონიუსი)
დღე უკანასკნელი, დღე პირველი (1959) - მსახიობი (მოხუცი ფოსტალიონი გიორგი)
ზღვის ბილიკი (1962) - მსახიობი (მოხუცი მეზღვაური)
პალიასტომი (1962) - მსახიობი (ივანე)
ჯარისკაცის მამა (1964) - მსახიობი (გიორგი მახარაშვილი)
არ იდარდო (1966) - მსახიობი (ექიმი ლევანი)
შეხვედრა წარსულთან (1966) - მსახიობი (ალმასხანი)
მალე გაზაფხული მოვა (1967) - მსახიობი(მინაგო)
ვატერლოო (რუსეთი-იტალია, 1970) - მსახიობი (ფერდმარშალი გებჰარტ ფონ ბლუჰერი)
იხ. М.Левин, «Серго Закариадзе», М., 1973
კორა წერეთელი. სერგო ზაქარიაძე - კინო. 1980. კინომასალების კრებული. გვ. 159-173
ტატა თვალჭრელიძე. სერგო ზაქარიაძე - კრებული "სიმართლე ეკრანზე", თბილისი, 1981