არკადი ხინთიბიძე
მსახიობი, რეჟისორი
08.01.1898-04.08.1963
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958).
ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად განაწესეს ნაგომარის სასოფლო სკოლაში, აქვე ადგილობრივ სასცენო მოყვარეთა შორის დაიწყო მსახიობობა. სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ მსახიობის ოსტატობას ეუფლებოდა აკაკი ფაღავას სტუდიასა და პროლეტკულტის ტექნიკუმში (1923). დაამთავრებული აქვს თსუ იურიდიული ფაკულტეტი (1928).
შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო თბილისის ,,წითელ თეატრში’’ (1924). მონაწილეობას იღებს თეატრის პირველ დადგმაში “რიჟრაჟი”. მისი დებიუტი აღინიშნა. სულ მალე თეატრის წამყვანი მსახიობი ხდება. პარტნიორობას უწევს ალ.წუწუნავას, ნ.გოცირიძეს, მ.ჭიაურელს, ვ.არაბიძეს... მის ჭეშმარიტ თეატრალურ დებიუტად შეიძლება ჩაითვალოს აზნაურ ივანეს როლი სპექტაკლში “ჯანყი”. მის მიერ შესრულებული სახე იმდენად კოლორიტული იყო, რომ უარყოფითი პერსონაჟი მაყურებელთა საყვარელ სახედ იქცა. მომდევნო როლი _ ყარამანი (ნ.ნაკაშიძის “ვინ არის დამნაშავე?”) საბოლოოდ უმკვიდრებს მას აზნაურთა უნიჭიერესი შემსრულებლის სახელს.
სულ მალე უწევს იგივე როლების კინოში შესრულება, თუმცა პოულობს ახალ შტრიხებს მათ დასახასიათებლად: ყარამანის როლში (,,ვინ არის დამნაშავე?’’,1925) ის ქმნის დინჯი, საქმიანი, სიტყვის კაცის ზომიერ, სკულპტურულ სახეს; სხვაგვარია ივანე (“ჯანყი გურიაში’’,1928) _ ორპირი, გაქნილი “კუდა აზნაურის” ტიპი, რომელიც მიზნის მისაღწევად მზად არის დაივიწყოს მორალურ-ეთიკური ნორმები; კინოროლს მსახიობმა ჩამოაცილა თეატრალური კომედიური დეტალები და უფრო ფსიქოლოგიით დატვირთული, დრამატული სახე შექმნა. მსახიობი თუნდაც მცირე როლში ახერხებს, დასამახსოვრებელი სახე შექმნას. ასეთია მისი დარდიმანდი აზნაური ჭიჭიკო (“ნახვამდის”, 1934), ენაბლუ პატიმარი (“უკანასკნელი მასკარადი”,1934), ზომიერად კომიკური შტრიხებით შექმნილი მუნჯი სახე (“ჟუჟუნას მზითევი”, 1934) და სხვა. აქტიორული შესრულების შედევრია რბილი იუმორით, ბუნებრივი უდარდელობის გრძნობით გამოძერწილი მიქელა კალმახელიძე ფილმიდან ,,დაკარგული სამოთხე’’ (1937).
1949 წლიდან ა.ხინთიბიძე მულტიპლიკაციაში მიდის. იგი 10 ანიმაციური ფილმის ავტორია და ქართული მულტიპლიკაციური კინოს კლასიკოსის სახელი დაიმკვიდრა. მისი პირველი ფილმი ,,მამაცი მთამსვლელები’’ (1950) და ნაწილობრივ ,,ცელქი ჯაფარაც’’ (1951) შეიძლება მივაკუთვნოთ ათვისების პერიოდს, სადაც ის თავს იკავებს შემოქმედებითი ინიციატივის გამოჩენისგან, მომდევნო ფილმებში “ღარიბის ბედი” , ,,წავი ჩუკა ‘’ (1953), “ნიკო და ნიკორა’’ {1954) რეჟისორი ეძებს საკუთარ ხელწერას. ფილმებში ,,ჩხიკვთა ქორწილი’’ (1957), ,,მტრობა’’ (1959, ლოკარნოს მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, 1960), ,,წუნა და წრუწუნა’’ (1961), ,,ნახევარწიწილა’’ (1962), ,,ქორბუდა’’ (1963) იგი უკვე ჩამოყალიბებული ხელწერის მქონე ოსტატად გვევლინება. ის უოლტ დისნეის მიერ დამკვიდრებული და საყოველთაოდ აღიარებული გმირების გაადამიანურების მეთოდის მიმდევრია, თუმცა ეროვნული კოლორიტის წინ წამოწევა, ხალხური კულტურის და კლასიკური ლიტერატურის ახლებური ინტერპრეტაცია განუმეორებელი თვითმყოფადობის ხიბლს ანიჭებს მის ფილმებს, რომლებმაც საყოველთაო აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს.. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფია
ათასის ფასად (დაჰკრა ჟამმა, წარსულის საშინელებანი, მეორე სერია, 1925) - მსახიობი
ვინ არის დამნაშავე? (1925) - მსახიობი (ყარამანი)
კრაზანას ბუდე (1927) – მსახიობი
ახალგაზრდობა იმარჯვებს (1928) - მსახიობი (ისმაილი)
ჯანყი გურიაში (1928) – მსახიობი (აზნაური ივანე)
უსინათლო (1930) – მსახიობი
ამერიკანკა (1930)– მსახიობი (არალეგალური სტამბის მუშა გრომოვი)
ლურსმანი ჩექმაში (1931) – მსახიობი (ჯავშნოსანი მატარებლის უფროსი)
დამკვრელი (1931) – მსახიობი (მუშის მეგობარი)
შაქირი (როტე ფანე) (1932) – მსახიობი
უდაბნო (1932) – მსახიობი (კოჩია)
უკანასკნელი მასკარადი (1934) – მსახიობი (ენაბლუ ტუსაღი)
ჟუჟუნას მზითევი (1934) – მსახიობი (ყრუ-მუნჯი)
ნახვამდის (1934)– მსახიობი (ჭიჭიკო)
დარიკო (1936) – მსახიობი (ტიტიკო)
დაკარგული სამოთხე (1937) – მსახიობი (მიქელა კალმახელიძე)
მეგობრობა (1940) – მსახიობი (ფოსტალიონი)
ქალიშვილი ხიდობნიდან (1940) – მსახიობი (ლომკაცა)
ცელქი ჯაფარა (1951), ანიმაციური - სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი
წავი ჩუკა (1953, ანიმაციური – დამდგმელი რეჟისორი
ჩხიკვთა ქორწილი (1957) , ანიმაციური – დამდგმელი რეჟისორი
მტრობა (1959) , ანიმაციური – სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი
წუნა და წრუწუნა (1961) , ანიმაციური - სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი
ნახევარწიწილა (1962) , ანიმაციური – დამდგმელი რეჟისორი
ქორბუდა (1963), ანიმაციური – დამდგმელი რეჟისორი
იხ. შოთა სალუქვაძე.სახასიათო როლებიდან ნახატ ფილმამდე - ჟ."საბჭოთა ხელოვნება", 1959, 6
აპოლონ მონიავა. ქართული კინოს ამადგარი - ჟ."საბჭოთა ხელოვნება", 1964, 3
დოდო თოფურია. ალექსანდრე მანწკავა. არკადი ხინთიბიძე. - ჟ. “საბჭოთა ხელოვნება” 1984. N1